Menu
RSS

ივანიშვილის ფაქტორი

რატომ დააფრთხო ოპოზიცია „ოცნების“ დამფუძნებლის პოლიტიკაში დაბრუნებამ

ბოლო დღეების მთავარი კი არა, უმთავრესი ნიუსი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა. ისე, მოლოდინი, რომ ყოფილი პრემიერი აქტიურ პოლიტიკას, ადრე თუ გვიან, დაუბრუნდებოდა, იმ დღიდან არსებობდა, რაც მმართველობით რგოლს ჩამოსცილდა. რატომ წავიდა ან რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? _ ვიდრე თვითონ არ იტყვის, ამ თემაზე მსჯელობა მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება. სამაგიეროდ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ზემნიშვნელოვანი როლი 2011 წლიდან კი არა, არამედ, გაცილებით ადრინდელი პერიოდიდან აქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ ალბათ, კიდევ დიდხანს ექნება.

 

მართალია, პოლიტიკაში ოფიციალურად 2011 წლის შემოდგომაზე შემოვიდა, მაგრამ ხმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, პოლიტიკაში გამოჩენილიყო, მედიაში „ვარდების რევოლუციიდან“ ზუსტად სამი წლის შემდეგ გავრცელდა. კერძოდ, 2006 წლის აპრილის ბოლოს მეტროსადგურების ამოსასვლელებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში გამოჩნდნენ ადამიანები, როლებიც თავს „ბიძინა ივანაშვილის მხარდამჭერთა საზოგადოებრივი მოძრაობის“ აქტივისტებს უწოდებდნენ და მოსახლეობას ურჩევდნენ, რომ ხელისუფლების სათავეში ცნობილი ქველმოქმედის მოსვლისთვის მხარი ხელმოწერით დაეჭირა. 

ამავე პერიოდში ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ კვლევა გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა იუწყებოდა, კვლევაში მონაწილე 801 ადამიანს ერთადერთი კითხვა _ რომელი პერსონა იმსახურებს თქვენს ნდობას ყველაზე მეტად? _ დაუსვეს. 

„რესპოდენტებს თითოეული პოლიტიკოსისადმი ნდობა 1-დან 9-ქულამდე უნდა შეეფასებინათ. პირველ ადგილზე, 6,63 ქულით, მიხეილ სააკაშვილია, მეორეზე კი _ ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. ამასთან, რესპოდენტთა 29%-მა მას მაქსიმალური ქულა მიაკუთვნა _ ივანიშვილის ქულა 6,11 აღმოჩნდა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: 3. სალომე ზურაბიშვილი (5,81 ქულა), 4. ბადრი პატარკაციშვილი (5,66 ქულა), 5. ნინო ბურჯანაძე (5,62), 6. ირაკლი ოქრუაშვილი (5,03 ქულა), 7. კობა დავითაშვილი (4,88 ქულა), 8. კონსტანტინე გამსახურდია (2,78 ქულა), 9. შალვა ნათელაშვილი (2,48 ქულა),“ _ ნათქვამი იყო სტატიაში. 

საერთოდ, 2006 წელს ქართული ბეჭდური მედია ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა-არმოსვლაზე ბევრს წერდა. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი ხელისუფლება ანუ ნაცმოძრაობა, ელექტრონულისგან განსხვავებით, ბეჭდურ მედიას ვერ აკონტროლებდა. ყოველ შემთხვევაში, ნაციონალები იმას, რასაც გაზეთები წერდნენ, ყურადღებას დიდად არ აქცევდნენ და მიშას პოლიტიკური და-ძმები, როგორც იტყვიან, ორი ყურის პრინციპით იმიტომ მოქმედებდნენ, რომ დასავლეთისთვის ეჩვენებინათ -ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ჩვენზე ამბობს, ბლეფია, სინამდვილეში, მედია თავისუფალია და იმას ამბობს, რაც უნდაო. 

მაინც, რას ამბობდა მაშინდელი ბეჭუდური მედია? _ ამის საილუსტრაციოდ სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებული სტატიებიდან მცირე ამონარიდებს გთავაზობთ: 

*** 

ბიძინა ივანაშვილის მხარდამჭერთა საზოგადოებრივ მოძრაობის“ ხელმძღვანელი შალვა ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ აქციის მიზანი თავისებური საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და იმის განსაზღვრაა, „აქვს თუ არა საფუძველი იმას, რომ ეს ბიზნესმენები ხელისუფლების სათავეში მოვიდეს“. ცერცვაძე იქვე განმარტავს, რომ ყველაფერ ამის გაკეთებას მხოლოდ არჩევნების გზით აპირებენ. 

ხელმოწერები, თბილისის გარდა, რაიონებშიც გროვდება. „ხალხი სხვა გზას ეძებს, ამ ხელისუფლებამ არ გაამართლა, მხოლოდ ასფალტის დაგებითა და ფასადების შეღებვით ქვეყანას არაფერი ეშველება. ჩვენ ასი ათასობით ხელმოწერის შეგროვებას ვაპირებთ. ამ კაცმა იმდენი უკვე დაიმსახურა, რომ თავისი სიტყვა პოლიტიკაშიც თქვას. ვნახოთ, როგორც საზოგადოება გადაწყვეტს, მოვლენები ისე განვითარდება“, _ აღნიშნავს შალვა ცერცვაძე და იმასაც უმატებს, რომ საინიციატივო ჯგუფის საქმიანობით უშიშროებაც დაინტერესდა. 

 

„ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ მთელმა საქართველომ იცის, ყველა პატივს სცემს და ამიტომაც მათთვის საშიშია. პოლიტიკაში ამ პიროვნების გამოჩენა ბევრისთვის შოკი იქნება. უშიშროებაში ამიტომაც გამაფრთხილეს, არავითარი ხელმოწერები და არავითარი ბიძინაო. მათი აზრით, ეს პიროვნება საზოგადოებისათვის მიუღებელია“, _ ამბობს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი. 

*** 

„ბიძინა ივანაშვილის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, მართლაც, ყველამ იცის საქართველოში. ამავე დროს თავად ივანაშვილი მედიაში არ ჩანს და მისივე თქმით, ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს. ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახელით დაწყებული აქცია მაშინვე ბადრი პატარკაციშვილის მკაცრ განცხადებებს და „პოლიტიკაში მოსვლის“ თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განაცხადს დაუკავშირეს. მაშინვე გაჩნდა ვერსიაც, გამორიცხული არ არის, ამ ორ მეცენატს შორის რამე სახის შეთანხმება არსებობდესო. 

ცხადია, ქართულ პოლიტიკაში ორი მილიარდერის მოსვლა, თანაც ოპოზიციის რანგში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის მეტად სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.“ 

*** 

 

„ფაქტია, რომ საქართველოში ივანაშვილს უამრავი მადლიერი ადამიანი ჰყავს _ ერთ პარლამენტს ეყოფა საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე დიდებული სამების საკათედრო ტაძარი, ცალკე _ რუსთაველისა და მარჯანიშვილის გარემონტებული თეატრები, მუზეუმის თანამშრომლებისთვის თუ კულტურის მოღვაწეებისთვის წლების მანძილზე გადახდილი ხელფასები და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამ... პატარკაციშვილსგან განსხვავებით, იგი არასდროს ამას არ აპიარებდა და, პირიქით, მათაც უკრძალავდა სახელის ხსენებას... თუ ბატონი ივანაშვილი ამ ყველაფერს ასეთი ფორმით სწორედ იმიტომ აკეთებდა, რომ პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად გამოეყენებინა, პირდაპირ უნდა ითქვას, საკმაოდ ნიჭიერად გათვლილი პიარია.“ 

*** 

„ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისა და ანალიტიკოსებისთვისაც უცნაური ფიგურაა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა საქართველოში ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილის სახელი არ გაუგონია. მისი ამგვარი ცნობადობაა ფართო საქველმოქმედო საქმიანობითაა განპირობებული. მაგალითად, მის მიერ არის გარემონტებული რამდენიმე თეატრი, აშენებულია სამების საკათედრო ტაძარი და ა.შ. ბუნებრივია, ეს მისდამი საზოგადოების კეთილგანწყობას განაპირობებს. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლებისაგან ივანიშვილი დემონსტრაციულად დისტანცირდა. თავად ბიძინა ივანიშვილმა რუსულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლებაში ახალგაზრდა თაობა მოვიდა. მე არც მომხრე ვარ და არც _ მოწინააღმდეგე. სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია“. 

იმავე ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ამბიციები არ აწუხებს“. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გეგმების თაობაზე ქართულ მედიაში გახშირებული განხილვების საპასუხოდ კი საქართველოში მისი ბიზნესსტრუქტურის „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახური აცხადებს: 

„პრესსამსახური უფლებამოსილია, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელით კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს ჰქონია პოლიტიკური ამბიციები. შესაბამისად, არც დღეს და არც მომავალში არ აპირებს პოლიტიკასთან რაიმე კავშირს“. 

*** 

„ადგილობრივი ანალიტიკოსების დამოკიდებულება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერსპექტივების თაობაზე არაერთგვაროვანია.

„ბუნებრივია, რომ მაღალი რეიტინგი ექნება იმ კაცს, ვინც სამება ააშენა და თეატრები გაარემონტა, მაგრამ შეუძლებელია პოლიტიკური რეიტინგი ჰქონდეს, რადგან ამისთვის პოლიტიკაში რაღაცას უნდა აკეთებდეს. მის პრეზიდენტობაზე საუბარი ზედმეტია. ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს რუსეთზე, ამერიკაზე, როგორ ფიქრობს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტას“, _ აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი. 

მისი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის თემა ხელისუფლების მიერ არის შემოგდებული. სააკაშვილის რეიტინგი ეცემა, რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის რეიტინგი რომ არ გაიზარდოს, ხელისუფლებამ მონახა კაცი, რომელსაც პოლიტიკა არ აინტერესებს და ცდილობს, საზოგადოების ყურადღების მასზე გადართვას, მაგრამ ეს მთლად ასე არ უნდა იყოს. ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ეს ფაქტია. არ არის გამორიცხული, მას ქართულ პოლიტიკაში მოსვლისკენაც უბიძგონ... 

„ფორბსის“ მიერ 2006 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიო მილიარდერების სიაში ივანიშვილს 173-ე ადგილი უკავია. 2005 წლის რეიტინგში ის 228-ე ადგილზე იყო. რუსულ ჟურნალ „ფინანსებში“ გამოქვეყნებულ რუსეთის ყველაზე მდიდართა სიაში ივანიშვილი მე-17 ადგილზეა.“ 

მართალია, პოლიტიკური პროგნოზი ხშირად არ ამართლებს, მაგრამ ამჯერად ქართულმა მედიამ, როგორც იტყვიან, ათიანში გაარტყა. ყოველ შემთხვევაში, ზემოხსენებული სტატიების გამოქვეყნებიდან გავა ზუსტად ხუთი წელი და მსოფლიოში ცნობილი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს. 

„ამერიკის ხმის“ სტატიაში, რომელიც 2011 წლის 12 ოქტობრით თარიღდება, ვკითხულობთ: 

,,ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი ღიად გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს. მან 7 ოქტომბერს საზოგადოებას პოლიტიკური გეგმები გააცნო, რომელთა თანახმადაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს მისი პარტია (რომელიც ჯერჯერობით შექმნილი არ არის) აბსოლუტური უმრავლესობით მოიგებს, ხოლო თავად მილიარდერი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას პარლამენტის სპიკერის ან პრემიერის რანგში მიიღებს. 

ივანიშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, დემონსტრაციების აგრესიულ დარბევებში, „გაუგონარ“ ძალადობაში ბიზნესზე, და ხელისუფლების მონოპოლიზაციაში. ბიზნესმენის განცხადებით, ,,ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ შეურაცხმყოფელია'' მისივე თქმით, ,,საქართველოში ყველა ტელევიზიას სააკაშვილი აკონტროლებს, რომ ,,მაესტრო'' და ,,კავკასია'' ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ''. 

,,ბიძინა ივანიშვილს მეცენატის, წარმატებული ბიზნესმენის იმიჯი აქვს და საკმაოდ დიდ ნიშას დაიკავებს ელექტორატში საქართველოში. ეს ბევრ ოპოზიციურ პარტიას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თუ მთლიანად არ დაუკარგავს შანსს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. პირველი განცხადება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რატომ მოდის პოლიტიკაში: აქ არაფერი ახალი თქმულა იმ კონტექსტიდან, რომ ის ოპოზიციურ ნიშაში შემოდის და მკაცრად გააკრიტიკა სააკაშვილის ხელისუფლება. თუმცა ვფიქრობ, ამ განცხადებაში ცოტა ზედმეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტელევიზიების თემას, რომელზეც უკვე შემდეგ ცალკე განცხადება გააკეთა და ალბათ, პოლიტიკურ განცხადებას შეიძლება ამ თემაზე ნაკლები ყურადღება დაეთმო. 

ასევე აღსანიშნავია, რომ მის განცხადებაში არ არის ასახული ის ცვლილებები, რაც ბოლო 8 წელიწადში მოხდა საქართველოში. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამასაც უნდა შეხებოდა. მიმაჩნია, რომ ცვლილებები საქართველოსთან დაკავშირებით არის. პირველი რიგში, ეს არის გამოკვეთილი პოლიტიკური კურსი, რომელიც დასავლეთთან და ნატოსთან ინტეგრაციისკენ არის მიმართული, ეს არის უკვე მყარად ჩამოყალიბებული კურსი დღეს საქართველოში. თუმცა, ისევ და ისევ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი'', _ თვლის ექსპერტი ზურაბ ბენდიანიშვილი. 

როგორ პარტიას ქმნის და ვისთან ითანამშრომლებს ივანიშვილი? _ ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება. ბიზნესმენმა ამის შესახებ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ,,პარტიას ჯანსაღი ძალებით დააკომპლექტებს”. ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს: 

,,გლობალური პოლიტიკის ეპოქაში ისეთი პატარა ქვეყნები, როგორც საქართველოა, რა თქმა უნდა დამოუკიდებელ მოთამაშეებად ვერ გამოდიან, მათ ყოველთვის სჭირდებათ მძლავრი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ აშშ-ი იყო ასეთი მოკავშირე, ევროკავშირის მხარდაჭერასაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ახლა ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რომელ ველზე აპირებს თამაშს ბიძინა ივანიშვილი. ანუ, რა გარე პოლიტიკური შეთანხმებებით გადაწყვიტა მან ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ სად წავა ქართული პოლიტიკური ვექტორი და რა ძალებთან კავშირში განახორციელებს თავის საქმიანობას ივანიშვილი''. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ უკვე შეცვალა ქართული პოლიტიკა, _ თვლის სამართლის ექსპერტი კობა კაპანაძე: 

,,პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სიტყვა, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა ქართულ პოლიტიკაში უკვე შეცვალა ქართული პოლიტიკა. პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ ნიშა, რომელიც წლების განმავლობაში იყო თავისუფალი. ხშირ შემთხვევაში, ქართული ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ასრულებდა როგორც ფიზიკური, ასევე იდეოლოგიური ბუფერის როლს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დრომოჭმული და ეს კონტექსტი ამოწურულია. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის გამოჩენა უდავოდ გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ პროცესს, მინიმუმ იგი იძულებულს გახდის საქართველოს ხელისუფლებას მეტად გახდეს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში დემოკრატიულ რეფორმებზე ორიენტირებული“. 

ივანიშვილის განცხადებით, იგი ორმაგ მოქალაქეობაზე უარს ამბობს და უახლოეს დღეებში რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტებს ჩააბარებს.“ 

ყველაფერი ეს წარსულში იყო. რა ხდება დღეს ანუ გადის თუ არა ივანიშვილი იგივე გზას, რაც ერთხელ უკვე გაიარა? ზოგი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ერთ მდინარეში მეორედ შედის, თუმცა ეს, ცოტა არ იყოს, ხატოვანი ნათქვამია, რადგან დღევანდელი მდინარე, ესე იგი, პოლიტიკა 6 წლის წინანდელი პოლიტიკისგან რადიკალურად თუნდაც იმიტომ განსხვავდება, რომ მაშინ მთელი პოლიტიკური ველი ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ოკუპირებული. ახლა კი ნაცმოძრაობა ,,შორს, ბუზისტოლადაც'' აღარ მოსჩანს, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ,,მიშისტები'' გამოაცოცხლა. ყოველ შემთხვევაში, მიშამ თანამოაზრეები ევროპაში იხმო და პრინციპით _ ყველა ერთის წინააღმდეგ _ გაერთიანება შესთავაზა. 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, ,,ვერსიას'' პოლიტიკურ კულუარებში სააკაშვილის გააქტიურების რეალური მიზეზი აუხსნეს. კერძოდ, ჩვენი წყარო ამბობს, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, უკრაინულმა სამთავრობო ელიტამ სააკაშვილს სოლიდური თანხა მისცა და უთხრა, თავი დაგვანებეო. ახლა, ეს შესაძლოა, პოლიტფანტაზიაა და მეტი არაფერი, მაგრამ, როგორც ამბობენ, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, მიშას ,,უკრაინული მაყუთის'' ,,გაპრავების'' შანსი მიეცა ანუ ვიღაცებს ,,დააბოლებს'' -გვერდით დამიდექით, ხომ ხედავთ, ,,ოცნება'' იძირება და საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოვჩნდეთო, მაგრამ იქამდე, სანამ ,,ოცნება'' ჩაიძირება, ბევრი წყალი ჩაივლის და სააკაშვილიც ბევრჯერ დაგვპირდება, ზღვით, ხმელეთითა და ცით მოვდივარო. 

ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ათეულ წელზე მეტია, ქართული პოლიტიკის ნამდვილი მოტორია ანუ ყველა ჯურისა და ყაიდის პოლიტიკოსი სწორედ ივანიშვილზე ახდენს სწორებას. ავიღოთ, მაგალითად, შალვა ნათელაშვილი, რომელიც თავის დროზე ივანიშვილს ,,გალეიბორისტებას'' და ქვეყნის პრემიერობას სთავაზობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და პრემიერი გახდა, ნათელაშვილმა აითვალწუნა და დღემდე დასანახად ვერ იტანს. 

ასეა თუ ისე, ივანიშვილმა, როგორც 2011 წელს, ახლაც მდორე პოლიტიკური პროცესები გამოაცოცხლა. პოლიტიკას კი, ძალას, სიცოცხლესა და ენერგიას, დიდი ილიას თქმისა არ იყოს, მხოლოდ მოძრაობა აძლევს, თუმცა რაც უნდა გამოცოცხლდეს, ოპოზიციამ იცის, რომ ივანიშვილის ფონზე მისი არსებობა აზრს ჰკარგავს ანუ ვიღაცები კი ამბობენ, ,,ოცნება'' დაპაუზებულიაო, მაგრამ რაც უნდა იყოს, მოსახლეობის უმეტესობას მაინც ყოფილი პრემიერის იმედი აქვს და ამას, სხვა თუ არაფერი, რამდენიმე დღის წინ ვანსა და ხონში გამართული შუალედური არჩევნებიც მოწმობს _ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ,,ოცნების,, კანდიდატ გივი ჭიჭინაძესთან პაექრობაში დამარცხდა. NDI-ის ბოლო გამოკითხვებით კი, მოსახლეობის 26%-ის შეხედულებებთან ახლოს ,,ქართული ოცნება'' დგას, ნაციონალური მოძრაობის იდეებს მხოლოდ 9% იზიარებს, ევროპული საქართველოსი კი _ 4%. ასე რომ, ვინმეს უნდა თუ არა, ფაქტი სახეზეა _ ,,ოცნება'' ანუ ივანიშვილი ისევ ყველაზე რეიტინგული და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა...

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში