Menu
RSS

რატომ გაყიდეს პატარკაციშვილებმა იმედი

ვინ არის ტელევიზიის ახალი მფლობელი და რა კრიმინალური ისტორია უკავშირდება ირაკლი რუხაძის კომპანიას

ის დემოკრატიული საქართველოს „გარდამავალ დროშად“ იქცა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ უკვე არაერთი „მშობელი“ გამოიცვალა. ისე, ოლიგარქი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ტელეკომპანია „იმედის“ ბედი, ალბათ, სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა _ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა და „იმედიც“ საჯილდაო ქვად იქცა.

სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ერთ-ერთი საბაბი, რის გამოც თავის დროზე ნაციონალებმა პატარკაციშვილზე იერიში მიიტანეს, სწორედ ტელეკომპანია იყო. ამბობენ იმასაც, რომ მოსკოვიდან პუტინის რეჟიმს გამოქცეულმა ბადრიმ ქართული მედიაბაზრის ათვისება თითქოს ჩვენებური პოლიტიკის სამართავად დაიწყო. საერთოდ, არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსია-მოსაზრებას აქვს, ამიტომაც წინამდებარე წერილშიც ვერსიები უხვად იქნება. ჯერჯერობით ისიც ვერსიაა, რომ რამდენიმე დღის წინ, პატარკაციშვილების ოჯახმა „იმედის“ 100-პროცენტიანი წილი გაასხვისა. 

 

„ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იანი წილის Hუნნეწელლ Pარტნერს-ის მმართველი პარტნიორის, ირაკლი რუხაძის მფლობელობაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

Hunnewell Partners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს, ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია „იმედისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. 

„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის დას, მზია პატარკაციშვილს ესაუბრა. 

„დეტალურ ინფორმაციას „იმედის“ 100%-იანი წილის გასხვისების შესახებ არ ვფლობ. ვერ გეტყვით, რომ უარვყოფ, მაგრამ ვერც დავადასტურებ“, _ განმარტა მზია პატარკაციშვილმა. 

რაც შეეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, როგორც „ბიზნესპრენიუსს“ კომისიაში განუცხადეს, ტელეკომპანიის ახალ მეპატრონეს მარუგულირებლისთვის წერილობით ჯერჯერობით არ მიუმართავს“, _ 

ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ქართულ ინტერნეტმედიაში 23 აპრილს გავრცელდა. 

იმაში გასაკვირი, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენისა და „იმედის“ გასხვისების საქმის კურსში არაა, არაფერია. ყოველ შემთხვევაში, „ვერსიას“ სანდო წყარო უყვება, რომ ბადრის დედას და დებს, რომლებიც ფორმალურად პატარკაციშვილის ქონების მემკვიდრეები არიან, ინა გუდავაძე ანუ ოლიგარქის ქვრივი არაფერში ახედებს და გადაწყვეტილებებს ავტონომიურ რეჟიმში იღებს. 

ამასთან წყარო იმასაც ამბობს, რომ რუხაძისთვის „იმედის“ 100-პროცენტიანი წილის მიყიდვა-გადაფორმება, უბრალოდ, ფორმალობაა და მეტი არაფერი, რადგან ტელეკომპანიის ფინანსებსა და სარედაქციო პოლიტიკას აქამდეც რუხაძე განკარგავ-განაგებდა. 

ვინ არის ირაკლი რუხაძე და რა კავშირი აქვს პატარკაციშვილების ოჯახთან? 

რუხაძე საზოგადოებრივი აქტიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა და, შესაბამისად, იგივე Gოოგლ-ის საძიებო სისტემაში მის შესახებ არათუ მწირი ინფორმაცია, არამედ, როგორც იტყვიან, ხარისხიანი ფოტოსურათიც კი არ მოიპოვება. ბატონი რუხაძე ტელეკამერების წინ წამიერად მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, ტელეკომპანია „მაესტროს“ სკანდალის დროს ანუ მაშინ გამოჩნდა, როცა ძმებმა გაჩეჩილაძეებმა აღნიშნული ტელევიზია მაკა ასათიანს „დააწერეს“. მაშინ ითქვა, რომ ინვესტორი, ვისაც შეიძლება, „მაესტროში“ ფული ჩაედო, სწორედ ირაკლი რუხაძე იყო. ეს პროგნოზი ახდა, რადგან დღევანდელი მონაცემებით, „მაესტრო“ „იმედის“ ჰოლდინგის ნაწილია. 

რუხაძე, როგორც „ვერსიას“ უყვებიან, პატარკაციშვილების ოჯახს ჯერ კიდევ ოლიგარქის სიცოცხლეში დაუახლოვდა და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისი „მარჯვენა ხელის“ ფუნქციასაც ასრულებდა. ამასთან, რუხაძე ანუ მისი კომპანია „სალფორდ ჯორჯია“ პატარკაციშვილის ქონების ნაწილს, როგორც ამბობენ, დღემდე მართავს. 

ცნობისთვის: „სალფორდ ჯორჯია“ დამოუკიდებელი კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ოფისები ლონდონში, მოსკოვში, კიევიში, ბელგრადსა და თბილისში აქვს. ბადრი პატარკაციშვილი ამ კომპანიის ერთ-ერთი კლიენტი იყო. 

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემოდგომაზე, კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გიორგი გიგინეიშვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება გიგინეიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც „წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებას გულისხმობს.“ 

არსებული ინფორმაციით, ირაკლი რუხაძე აშშ-ს მოქალაქეა. 

გასული წლის ოქტომბერში, ირაკლი რუხაძე, ორ პარტნიორთან ერთად, „ლიბერთი ბანკის“ მესაკუთრე გახდა. უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუხაძეს პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა ანუ ცდილობდა, რომ როგორმე „ოცნების“ სახე გამხდარიყო და, მინიმუმ, პრემიერის პოსტი „დაესაკუთრებინა“. 

რუხაძის პოლიტიკურ ამბციებს, როგორც ამბობენ, „მყარი ფესვები“ აქვს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს არაოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ის თავისუფალ დემოკრატებს აფინანსებდა. 

2016 წლის თებერვალში, ქართული საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ აქვეყნებს წერილს _ „ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად“. წერილში კონფიდენციალური წყარო ყვება: 

„რუხაძეს პოლიტკური ამბიციები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ რადგან პრემიერობა არ გამოუვიდა, ახლა, როგორც მე მითხრეს, ვიღაცებმა დაარწმუნეს, რომ მშვენერი საპრეზიდენტო კანდიდატია. დიახ, მე არ გამიკვირდება, რომ 2018 წელს, რუხაძე „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. ვთქვათ, რუხაძე პრეზიდენტობის კანდიდატად მართლა წამოაყენეს, ხალხი მას არ იცნობს. შეიძლება, ჟურნალისტებმა რაღაც-რაღაცები ამოუქექონ, მაგრამ ისეთ კომპრომატს ვერ დაუდებენ, რომ ქვეყანა დაიქცეს. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანს სახელმწიფო სამსახურში, როგორც მე გავარკვიე, არასოდეს უმუშავია. ასე რომ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მისაღები ფიგურაა, თან ახალი სახეა. ხალხს კი, მარგველაშვილის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, სწორედ ახალი სახეები მოსწონს.“ 

თავის დროზე რუხაძის პოლიტიკურ ამბიციებზე განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმაც გააკეთა: 

„ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახს საკმაოდ მძიმე წუთებში დაუდგა გვერდით და საკმაოდ დიდი პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარა. არ ვიცი, რუხაძე ალასანიას აფინანსებდა თუ არა, მაგრამ სხვადასხვა ეტაპზე მას ბევრ პოლიტიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, გიგი უგულავასთანაც. მოგეხსენებათ, ის პატარკაციშვილების ოჯახს წარმოადგენდა და მათი ინტერესების დაცვაც უწევდა.რაც შეეხება პოლიტიკურ ამბიციებს, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა პოლიტიკაში ჩართვა. ამ შემთხვევაში, პატარკაციშვილების ოჯახი არაფერ შუაშია, ეს მისი პირადი არჩევანი იქნება _ რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახის წევრი არ გახლავთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა მისი პროექტი მაინცდამაინც ამ ოჯახთანაა კავშირში.“

 

საერთოდ, პატარკაციშვილების ოჯახი ფიგურალური ნათქვამია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოლიგარქის ქვრივი პატარკაციშვილის დედასა და დებს ბიზნესის მართვაში არ ახედებს. სხვათა შორის, ორი წლის წინ, „ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენის დედამ, ქალბატონმა ნათელა პატარკაციშვილმა ასეთი ფრაზა თქვა: 

„ბედნიერი ვარ, რადგან კარგი შვილები და რძლები მყავს. აი, მაგალითად, სანდრო ამაშუკელის ცოლი კარგი გოგოა, ინაც გადასარევი რძალი და კარგი ადამიანია. ინას შეეძლო, ეთქვა ქმარი აღარ მყავს და ნეტავ, დედამთილი რაღად მინდაო, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, ჩვენი ურთიერთობა გაცივდეს.“ 

,,იმედი'' _ პოლიტიკისების საჯილდაო ქვა! 

„იმედი“ ქართული პოლიტიკის საჯილდაო ქვად 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის ანუ მას შემდეგ იქცა, რაც ანტისახელმწიფო პოლიტიკის საბაბით, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ესე იგი, ნაციონალურმა მოძრაობამ ტელევიზიაში სპეცრაზმი შეიყვანა და არხმა მუშაობა შეაჩერა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ კი, საზოგადოებამ „იმედის“ ახალი მფლობელის შესახებ შეიტყო. ეს ახალი მფლობელი ვინმე ჯოზეფ ქეი გახლდათ. 

2008 წლის 24 მარტს ქართული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია: 

„პიროვნებამ, რომლის თქმითაც, ის ტელეკომპანია „იმედის“ ახალი მფლობელია, განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ „უნდა აღიდგინოს მისი სახე, რომელიც მანამდე ჰქონდა, სანამ ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკაში წავიდოდა“. 

ჯოზეფ ქეიმ, იგივე იოსებ კაკიაშვილმა, პატარკაციშვილის დეიდის გერმა, 22 მარტს „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ მან „იმედის“ აქციები გოგი ჯაოშვილისგან იყიდა „უბრალოდ, ფულის გადახდის შემდეგ“. მან უარყო განცხადებები, რომ ამ გარიგების უკან ხელისუფლება დგას. მან ასევე განაცხადა, რომ „იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე, ამ უკანასკნელმა სთხოვა მას „მიეხედა „იმედისთვის“. ბიზნესმენმა იურიდიულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. 

გოგი ჯაოშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Mmedia-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. 

„იმედის“ მიერ დეკემბერში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, I-Media-ს აქციების დარჩენილი 35%-ის მფლობელია Universal-I _ კომპანია, რომელიც პატარკაციშვილის სამმა ნათესავმა დააფუძნა. 

,,civil.ge-''ს ცნობით, ჯოზეფ ქეი 22 მარტს თბილისში ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელებს _ ბიძინა ბარათაშვილს და ლუის რობერტსონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, ბიძინა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: 

„ჩვენ რაიმე დოკუმენტები ჯერ არ გვინახავს და ეს არ იყო ადგილი, სადაც ამგვარი საკითხები განიხილება. შესაძლოა, მომავალ კვირას უფრო სერიოზული საუბარი შედგეს ამ საკითხზე.“ 

ერთ-ერთ ინტერვიუში კი, ბიძინა ბარათაშვილი ამ შეხვედრის დეტალებზე უფრო კონკრეტულად საუბრობს. მისი თქმით, ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ მის მიერ „იმედის“ მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სახელმწიფო რეესტრში ინახება. 

„ამ შეხვედრის დროს დეკლარირება მოხდა. მთავარია არხი გავიდეს ეთერში. ჯოზეფ ქეი აცხადებს, რომ არხი იქნება ობიექტური, რომ ის არ აპირებს არხის საქმიანობაში ჩარევას და აპირებს ბადრი პატარკაციშვილის გზის გაგრძელებას...“, _ განაცხადა ბიძინა ბარათაშვილმა. ქეი მათ დაპირდა, რომ დაეხმარება ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ფინანსური საკითხების მოგვარებაში, ვალების გასტუმრებაში და ა.შ. 

„ჩვენ საკმაოდ ბევრი ვალი დაგვიგროვდა“, _ განაცხადა „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა. 

ბარათაშვილმა დასძინა, რომ ჯოზეფ ქეისთან შეხვედრა პატარკაციშვილების ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოხდა. პატარკაციშვილების ოჯახი „იმედის“ ჯოზეფ ქეისთვის გადაცემაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაყადაღებული ქონების იმ ადამიანისთვის გადაცემა, რომელსაც ოჯახიდან რწმუნებაც არ ჰქონდა, უკანონოა. 

23 მარტს ტელეკომპანიაში პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე მივიდა, რომელმაც ტელეკომპანიის თანამშრომლებს უთხრა, რომ საჭიროა, არხი ჩაირთოს და გავიდეს ეთერში, თუნდაც ჯოზეფ ქეის მფლობელობის ქვეშ. ამასთან, ინა გუდავაძემ განაცხადა, რომ ის სასამართლოს გზით შეეცდება წართმეული ტელეკომპანიის დაბრუნებას. „იმედის“ მაუწყებლობა 2007 წლის 26 დეკემბერს შეწყდა. 

ჯოზეფ ქეი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მფლობელია. ქეი საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და მის წინააღმდეგ რუსეთიდან დევნილი ოლიგარქი, პატარკაციშვიკლის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ბორის ბერეზოვსკი გამოდის. ჯოზეფ ქეიმ ბერეზოვსკის დაასწრო და ქართული პოლიტიკური მაგიდიდან გემრიელი „ტელე-ლუკმა“ ააცალა. პატარკაციშვილის ქვრივის უკან კი შესაძლოა, ბერეზოვსკი იდგეს.“ 

მოკლედ, 2007 წლის 7 ნომებრის შემდეგ, „იმედი“ ნაციონალების ნამდვილ რუპორად იქცა და ამას ისიც მოწმობდა, რომ არხის ხელმძღვანელად გიორგი არველაძე მოგვევლინა, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იყო ანუ არველაძე სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. სხვათა შორის, არველაძის ტელემოღვაწეობის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ მხარედ „მოდელირებული ქრონიკა“ ითვლება... 

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, „იმედის“ ერთპიროვნული მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი'' იყო. კომპანიის წილები კი ასე ნაწილდებოდა: გიორგი არველაძე – 45%, გიორგი კორახაშვილი _ 30%, გიორგი მიქელაძე _ 15% და ჯოზეფ ქეი _ 10%. 

მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე გიორგი კორახაშვილი თავის დროზე კომპიუტერული კომპანია „ალგორითმის“ პრეზიდენტი იყო, მამამისი გივი კორახაშვილი კი – ერთპიროვნული მფლობელი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, „ალგორითმმა“ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 50 ათასი ლარი შესწირა. მაშინდელი ხელისუფლების პროექტში _ „კომპიუტერი ყველასათვის“ მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ „ალგორითმი“ იყო. 

2011 წელს, კორახაშვილების კომპანია „ალგორითმის“ მიერ აშენებულ ქარხანაში დამზადდა პირველკლასელთათვის განკუთვნილი 60 ათასი „ნეტბუკი“. აწყობის პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, გიორგი კორახაშვილს ეკუთვნოდა შპს „ავტოგაზი პირველის“ 40 პროცენტი, რომელიც სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ შვილობილი კომპანია იყო. „ავტოგაზ პირველის“ 60%-ს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ფლობდა. 

მაშინდელი „იმედის“ 15%-ის მფლობელ გიორგი მიქელაძის უთვნილი „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი“ ერთპიროვნულად ფლობდა შპს „ბი ენდ ბი პროვიჟენსის“, რომელსაც 2010 წლის პირველ აპრილს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, შპს „სასათბურე მეურნეობა“-ს 100%-იანი წილი მართვის უფლებით, 35 წლის ვადით, გადაეცა. „სასათბურე მეურნეობის“ მფლობელი თბილისის მერია გახლდათ. გიორგი მიქელაძეს კიდევ ერთი კომპანიის _ შპს „გრატო პასაჟის“ 80% ეკუთვნოდა. „გრატო პასაჟი“ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო თბილისის ცენტრალურ უბანში. პროექტი „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალს“ უნდა განეხორციელებინა. 

„როგორც „გრატო პასაჟის'' ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, შპს „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი“ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში მოღვაწეობს. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო ფინანსები, მშენებლობა და უძრავი ქონების მართვაა. “ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალმა“ 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში ჰოლანდიური ყვავილების მოყვანა გადაწყვიტა. კომპანია პროექტს ჰოლანდიის მთავრობასთან ერთად ახორციელებდა,“ _ იუწყებოდა მაშინდელი ქართული მედია. 

მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, „იმედი“ კვლავ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, თავად „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხის მფლობელებსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის შეთანხმება შედგა და ტელეკომპანია „იმედი“ ადრინდელი მფლობელის ოჯახს დაუბრუნდა. 

პარალელურად გავრცელდა პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაც, სადაც ნათქვამი იყო: 

„ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მიაღწია შეთანხმება ტელეკომპანია „იმედის“ დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. „იმედის“ ოჯახისათვის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ „იმედი“ იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები.“ 

მოკლედ, ყოველივე ზემოთქმული აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ „იმედს“ ვიღაცები პოლიტიკური თუ ბიზნესთამაშებისთვის იყენებენ. ეს, შესაძლოა, ზერელე შეფასებაა, მაგრამ მფლობელის შეცვლას, როგორც წესი, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაც მოჰყვება ხოლმე, რაც მედიაგარემოზე გარკვეულ კვალს ტოვებს. ზოგადად კი, ალბათ, დროა, პოლიტიკურმა ან, სულაც, ბიზნესელიტამ მედიით მანიპულირებას თავი დაანებოს!..

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში