Menu
RSS

საქართველოს ბანკი ტურისტებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

Tourist Card _ დამატებითი კომფორტი უცხოელი ვიზიტორებისთვის!

უცხოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. უცხოელი ვიზიტორებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი 19 აპრილიდან, მათ სრულიად ახალ პროდუქტს სთავაზობს. ესაა Tourist Card (ტურისტ ქარდი), რომელიც ქვეყნის წამყვანი ბანკის _ საქართველოს ბანკის VISA პლასტიკური ბარათია.

19 აპრილს, ახალი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მიხეილ გომართელი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე უძღვებოდნენ. Tourist Card-ის საშუალებით, საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ ბარათით მგზავრობის საფასური გადაიხადოს როგორც მეტროში, ასევე ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას.

როგორც პრეზენტაციაზე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა აღნიშნა, ახალი ბარათით უცხოელი ვიზიტორები სხვადასხვა ობიექტებში, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ასევე მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში, ტურისტულ კომპანიებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში სპეციალური ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ: 

„ფაქტობრივად, ამ პროექტით სარგებლობა უკვე დღეიდან შეიძლება. თავისი შინაარსით, Tourist Card-ი საბანკო ბარათია და მისი მფლობელი თავისუფლად შეძლებს ანგარიშგებას ნებისმიერ სავაჭრო, ან თუნდაც მომსახურების ობიექტში. გარდა ამისა, ამ ბარათით ტურისტები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურსაც გადაიხდიან. რაც მთავარია, ახალი ბარათის მომხმარებლები 15%-დან 20%-მდე ფასდაკლებებს მიიღებენ სავაჭრო ობიექტებში. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ერთ დღეში, ტურისტები ჩვენი ბარათის საშუალებით, საშუალოდ, 50-დან 100 ლარამდე თანხასაც დაზოგავენ“. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გასულ წელს, ჩვენს ქვეყანას 6 მილიონი ტურისტი სტუმრობდა. წელს მათი რიცხვი 7.5 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა წლის ბოლომდე, საქართველოში, დაახლოებით, 8 მილიონამდე ტურისტს ელიან. ამიტომ მათთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: 

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში, ტურიზმის დინამიურ განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა ბიზნესები ახალ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან. მათ შორისაა საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი, რომელიც ტურისტული ბარათის შექმნას გულისხმობს. ამ ბარათის საშუალებით, უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ იმგზავრონ ტრანსპორტში და რაც მთავარია, ის სხვადასხვა ობიექტებში ფასდაკლებებისთვისაც გამოიყენონ“. 

საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით. Tourist Card-ის ღირებულება 10 ლარია, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა კი შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე, 50-დან 1 000 ლარამდე თანხის შეტანის ლიმიტით, როგორც ეროვნულ, ასევე დოლარისა და ევროს ვალუტაში. Tourist Card-ზე უცხოელი ვიზიტორები ნაშთს საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით შეამოწმებენ. 

რაც მთავარია, ტურისტები საქართველოს ბანკის Tourist Card-ით, მათთვის საჭირო არაერთი ბენეფიტითა და ფასდაკლებით ისარგებლებენ. Tourist Card-ის მფლობელი საჩუქრად მიიღებს ,,მაგთის'' სიმ-ბარათსა და 1 000 მეგაბაიტი მოცულობის ინტერნეტსაც. Tourist Card-ს უცხოელი ვიზიტორები საქართველოში ჩამოსვლისთანავე, საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვის-ცენტრებში შეიძენენ. 

Tourist Card-თან დაკავშირებული სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია ვებგვერდზე _ ტოურისტცარდ.გე. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში