Menu
RSS

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა _ მარგველაშვილის პოლიტიკური რექვიემი

რატომ იწყალებს პრეზიდენტი მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს და რა ინფორმაციები ვრცელდება კულუარებში _ მარგველას „შეწყალების სკანდალები“

13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილისთვის პოლიტიკურ რექვიემად იქცეს. საქმე ისაა, რომ გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე, როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიერაა შეწყალებული. ზოგი ამბობს, პრეზიდენტი რა შუაშიაო, მაგრამ თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს თვალს გადავავლებთ, პირდაპირ თუ ირიბად, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მინიმუმ, მორალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბატონ მარგველაშვილს მმართველი გუნდი, ასევე, ცალკეული ოპოზიციური სპექტრი შეწყალების კრიტერიუმებს უწუნებს.

ისე, ბარნოვის ქუჩის ტრაგედიის შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი რაღაცნაირად თვითგვემას მიეცემოდა, მაგრამ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულმა განცხადებამ, როგორც იტყვიან, შავ დღეში ისევ მარგველაშვილი ჩააგდო. 

„ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებები. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ _ განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 16 აპრილს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, რასაც 

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ისიც კი თქვეს, „მარგველას“ ოდნავი თავმოყვარეობა მაინც რომ ჰქონდეს, გადადგებოდაო, თუმცა ფილოსოფოსი მარგველაშვილი, რომელიც ერთ დროს „ოცნების“ „ამომავალ ვარსკვლავად“ ითვლებოდა და რომელიც სწორედ მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, თავს „პლასტელინს“ ეძახდა, არათუ გადადგომას აპირებს, არამედ ისეთი პირი უჩანს, პრეზიდენტობა მეორე ვადითაც მოინდომოს. 

მართალია, ექსპერტები ამბობენ, რომ მარგველაშვილს არჩევნების მოგება კი არა, თვალშისაცემი შედეგის „დადებაც“ კი გაუჭირდება, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დააპირებს, დიდი ალბათობით, ოპოზიციის ერთი ფრთის დასაყრდენი გახდება. 

მოვლენების ამ სცენარით განვითარებაზე ისიც მეტყველებს, რომ მარგველაშვილისადმი გარკვეულ სიმპათიას ცალკეული „ანტიოცნებელები“ ღიად გამოხატავენ. ასე, მაგალითად ლამის დაშლილი თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი სახე, ნონო გოგუაძე ამბობს, რომ მარგველაშვილის პიროვნული ფაქტორი საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია: 

„ძალიან მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლო ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არ დაიპყროს, რადგან დემოკრატია არ არის ყველა ინსტიტუტზე მონოპოლია. ისედაც ზედმეტი კონცენტრაცია აქვს ძალაუფლების და ეს ბოლო თავისუფალი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს „ოცნების“. გიორგი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც ერთადერთმა შეინარჩუნა „ქართული ოცნების“ პირობებში ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა, მისი ღირებულებები და პრინციპებისადმი ერთგულება ყოველთვის ემთხვეოდა თავისუფალი დემოკრატებისასა. ის ჩვენი დიდი ხნის თანამებრძოლია და რაც მთავარია, იყო ძალიან კარგი პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც ყველას პრეზიდენტი იყო და არა რომელიმე ერთი პარტიის, რასაც ასე საყვედურობდა „ქართული ოცნება“. თუ ბატონი პრეზიდენტი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, თავისუფალი დემოკრატები მას მხარს დავუჭერთ.“ 

კულუარული ინფორმაციით, „ვერსიისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მარგველაშვილის, როგორც მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ, დადებითი განწყობა აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც. არაა გამორიცხული, „მარგველას“ გვერდით „რესპუბლიკელებიც“ დადგნენ. მართალია, ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვერც თავისუფალი დემოკრატები ქმნის და ვერც _ რესპუბლიკური პარტია, მაგრამ სამაგიეროდ თავისი ელექტორატი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას. ასე რომ, სამი პარტიის „გამარგველაშვილისტება“ იგივე დასავლეთის თვალში ერთგვარ ილუზიას შექმნის, რომ ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად ერთიანი კანდიდატით იბრძვის. 

ამ ფონზე ყურადსაღებია ექსნაცების, ესე იგი ევროპულ საქართველოში დეპორტირებულთა პოზიცია. დღევანდელი მონაცემებით ნათელია, რომ ბოკერიას „სასტავი“ მარგველაშვილის „ფან კლუბის“ წევრი არ გახდება, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკურ დასაყრდენად ნაციონალური მოძრაობა მოგვევლინება. 

ისე, ზოგს ჰგონია, რომ ნაცებისა და ევროპული საქართველოს კინკლაობა თვალის ახვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ „ვერსია“, კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით, ადრეც წერდა, რომ ამ ორ გუნდს შორის სერიოზული განხეთქილება არსებობს. ახლა კი, კონფიდენციალურმა წყარომ ჩვენს გამოცემას მოაწოდა ინფორმაცია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო დასკვნაში ანუ დასკვნის დედანში უარყოფით კონტექსტში ნაციონალური მოძრაობა არაერთხელ არის მოხსენიებული და, როგორც კონფიდენტები ამბობენ, ყოფილ მმართველ გუნდზე გავლენიან საერთაშოიროს ორგანიზაციას მამხილებელი მასალები _ არც მეტი, არც ნაკლები _ ევროპულმა საქართველომ, კერძოდ, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა მიაწოდეს. 

მოგეხსენებათ, ეშმაკები დეტალებშია. ჰოდა, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა ის „ეშმაკური დეტალია,“ რომელსაც პოლიტიკური სპექტრი ანგარიშსწორებისთვის იყენებს. ამას, სხვა თუ არაფერი, იგივე ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის მიერ მარგველაშვილის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს: 

„მთავარია, პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავად შეწყალების პრეროგატივას და ამ კუთხით მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა გამოუშვას გარეთ, თუ არ არის მნიშვნელოვანი საგამონაკლისო ვითარება. მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, რაც შეწყალების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით დააზღვევს საზოგადოებას, ეს არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად და წელს იქნება ეს არჩევნები.“ 

პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკაში კახიძეს არც „ქართული ოცნება“ ჩამორჩა და მამუკა მდინარაძემ ბრძანა: „იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებდეს, მათ შორის ბაქრაძის გათავისუფლებაზე, ასეულობით შეწყალებაზე, რომელიც მან განახორციელა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ, ორი დღის განმავლობაში ვხედავთ ცინიკურ დამოკიდებულებას შეწყალების ფაქტის ახსნის პროცესში და ამ ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტის გადატანის მცდელობას. ვისმენთ ათას სისულელეს ორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის წარუმატებელი მცდელობა, სხვა თემაზე გადაიტანოს ყურადღება.“ 

„ორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებაზე“ აქცენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა: 

„საქართვველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი ევროპული საქართველოსა და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება“. 

არის თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ბინძური კამპანიის“ მსხვერპლი? _ საკითხის ასე დაყენება, ალბათ, პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, თორემ რა შუაშია „ბინძური კამპანია“, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი ე.წ. კრიმინალურ, შეწყალების სკანდალში აქამდეც არაერთხელ გახვეულა?! 

თავის დროზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან საკუთარი ცოლისძმა, მიხეილ მგალობლიშვილი შეიწყალა, რომელიც პასუხისგებაში 2011 წლის მაისში, მეგობართან ერთად, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო მიეცა და სასამართლომ 15 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. პრეზიდენტის ცოლისძმამ საპატიმროში 4 წელიც არ დაჰყო _ 2013 წელს, სასჯელი ჯერ მიხეილ სააკაშვილმა გაუნახევრა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილმა, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, მთლიანად შეიწყალა. 

2017 წლის დეკემბრის მიწურულს ანუ საახალწლოდ, გიორგი მარგველაშვილმა 187 პატიმარი შეიწყალა, აქედან 123 საპატიმროდან გათავისუფლდა, 64-ს სასჯელი შეუმცირდა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ამ 64 მსჯავრდებულიდან უმეტესობა სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულსთვის იხდის. 

,,პრეზიდენტის შეწყალება შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფ პირს, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ყაჩაღობის, თაღლითობის, ქრთამის მიცემისა და არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში ჩართვის ბრალდებით. 

შეწყალება, ასევე, შეეხოთ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს სხვა მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან, მათ შორის: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, თაღლითობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მითვისება-გაფლანგვა და ა.შ 

პრეზიდენტის შეწყალება შეეხოთ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანა-გასაღებაში მსჯავრდადებულ პირებსაც. პრეზიდენტის შეწყალება შეეხოთ ჯგუფურ ყაჩაღობებში მსჯავრდებულ პირებსაც. მათ შორს ქალს, რომელიც 2014 წელს თანამზრახველებთან ერთად, გორში, ოქროულის მაღაზიაზე შეიარაღებულ თავდასხმაში ამხილეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს,“ _ წერდა თავის დროზე ქართული მედია. 

ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, ადრე თუ გვიან, პოლიტიკურად შესაწყალებელი, შესაძლოა, თავად გიორგი მარგველაშვილი აღმოჩნდეს. ისე, მართლაც საინტერესოა, რატომ აწერს პრეზიდენტი მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულთა შეწყალებას ხელს? იმიტომ ხომ არა, რომ საზოგადოების ნაწილში ჰუმანისტის სახელი დაიმკვიდროს და ეს იმიჯი სამომავლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს? _ ამ კითხვას, ალბათ, დრო უპასუხებს...

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში