Menu
RSS

რუსული „მეხუთე კოლონა“ საქართველოს წინააღმდეგ

კრემლის იდეოლოგების საიდუმლო გეგმა და ნაციონალურ-რელიგიური გრძნობებით შენიღბული საფრთხე

ყველა ერთის წინააღმდეგ _ ეს მსოფლიოს ბოლოდროინდელი რეალობაა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ასევე, მათი პარტნიორი ქვეყნები რუს დიპლომატებს მასობრივად აძევებენ. ოფიციალური კრემლი დარწმუნებულია, რომ ამ „მასობრივი გაძევების“ უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ რუსული დერჟვა იმ სტატუს-ქვოს აღდგენა-დაბრუნებას ცდილობს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა _ მოგეხსენებათ, იმხანად მოსკოვი, ვაშინგტონთან ერთად, მსოფლიოს ცენტრად ითვლებოდა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას „გეოპოლიტიკური შეცდომა“ უწოდა. მოკლედ, მოსკოვი ძველ დიდებას მისტირის, მსოფლიოს კი, როგორც იტყვიან, „მოსკოვის ცრემლების არ სჯერა“. იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება დასავლეთ-ჩრდილოეთის „დიპლომატიური ომი“, ძნელია, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პუტინი დედამიწის ჰეგემონობისკენ ისწრაფვის და ყველაფერს გააკეთებს, რათა მთელ თუ არა, ნახევარ პლანეტას მაინც „რუსული ჩექმის გემო“ გააგებინოს. ამ მხრივ პოტენციური მსხვერპლი, რასაკვირველია, საქართველოა. ისინი, ვინც ჩრდილოეთის მიმართ მეტ-ნაკლები სიმათიით გამოირჩევიან, ამ მოსაზრებას, რასაკვირველია, აბსურდულად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ერთადერთი ხსნა და იმედი ერთმორწმუნეა რუსეთია და რომ არა რუსეთი, „გარყვნილი“ დასავლეთი ქართველობას წაგვართმევსო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რუსული დემაგოგიაა და მეტი არაფერი.

საერთოდ, კრემლს და მის ქვეშევრდომებს დემაგოგია კარგად გამოსდით. ასე, მაგალითად, ქართველი რუსეთუმეები მონდომებით ამტკიცებენ, რომ იგივე 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. ეს კი არადა, ზოგიერთი კრემლისტ-პუტინისტის ფანტაზია უფრო შორსაც მიდის და იმ აზრის განვითარებასაც ცდილობს, რომ 10 წლის წინ, აგვისტოში „დედა რუსეთი“ „ქართულ ოკუპაციას“ ძლივს გადაურჩა. ყველაფერი ეს, ბუნებრივია, დემაგოგია და რუსული „ჰიბრიდული ომის“ ნარატივია. ისე, სიტყვამ მოიტანა და, „ჰიბრიდული ომი“ შედარებით ახალი ტერმინია, რომელიც კარგად თუ ჩავუღრმავდებით, „მეხუთე კოლონის“ ფესვებზე აღმოცენდა. 

მართალია, გასული საუკუნიდან მოყოლებული, „მეხუთე კოლონას“ ყველაზე მოხერხებულად და ეფექტურად კრემლი ამუშავებს, მაგრამ კლასიკური „მეხეთუ კოლონა“ _ არც მეტი, არც ნაკლები _ დასავლური წამოშობისაა და, როგორც იტყვიან, საერთაშორისო ლექსიკაში ამ ტერმინის დამკვიდრებას ხელი ერნესტ ჰემინგუეიმ შეუწყო _ მოგეხსენებათ, ჰემინგუეის პიესა „მეხუთე კოლონაში“, რომელიც 1937 წელს, ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება, ჯაშუშების წინააღმდეგ რესპუბლიკელების. ბრძოლაა აღწერილი. 

სამოქალაქო განვითარების ლექსიკონის თანახმად, „მეხუთე კოლონა ხალხის ის ჯგუფია, რომელიც ქალაქზე ან სხვა ობიექტზე შტურმისას, დამცველებს შიგნიდან ჯაშუშური საქმიანობით ანადგურებს.“ 

ტერმინი „მეხუთე კოლონა“ პირველად 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, მეამბოხეების გენერალმა, ემილიო მოლამ გამოიყენა, რომელმაც განაცხადა, იმ ოთხი კოლონის გარდა, რომელიც მადრიდს უტევს, თვით ესპანეთის დედაქალაქში გენერალ ფრანკოს ჯარებს „მეხუთე კოლონაც“ ჰყავთ, რომელიც მზადაა, მადრიდის დამცველებს შეებრძოლოსო. 

 

აღსანიშნავია, რომ ტერმინ „მეხუთე კოლონას“ ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატებიც იყენებენ. ყოველ შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა აშშ-ის საგარეო დაზვერვის უფროსმა, უილიამ დონოვანმა ფრანკლინ დელანო რუზველტს აცნობა, ნაცისტები შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ რამდენიმემილიონიან გერმანულ თემს დაეყრდნონო, რუზველტმა განაცხადა, ესაა „მეხუთე კოლონა“, რომელიც სამშობლოს ღალატობს, მაგრამ სამშობლო ღალატის აღსაკვეთად მზად არააო. 

ინგლისელი ისტორიკოსი ჯონ ფულერი წიგნში „მეორე მსოფლიო ომი“ აღნიშნავს, რომ გერმანელებმა უაღრესად უხეში შეცდომა დაუშვეს რუსეთის რეზერვების შეფასებისას; გერმანიის სადაზვერვო სამსახურს „მეხუთე კოლონის“ იმედი გაუმტყუნდა. მისივე თქმით, მართალია, რუსეთში უკმაყოფილოები არსებობდნენ, მაგრამ „მეხუთე კოლონა“ არ არსებობდა. 

მოკლედ, „მეხუთე კოლონა“ ნეგატიური ტერმინია, რომელიც მტრის ფარული აგენტურულ-დივერსიული ქსელის სინონიმად გამოიყენება. ასეთი ქსელი, როგორც წესი, ქვეყანაში კომუნიკაციების მოშლით ან, სულაც, საზოგადოებრივი აზრის შექმნითაა დაკავებული. ამასთან, უშიშროების სპეციალისტები ამბობენ, რომ „მეხუთე კოლონამ“ შესაძლოა, საბოტაჟიც მოაწყოს და დივერსიაც. 

ის, რომ საქართველოში რუსული „მეხუთე კოლონა“ იმთავითვე „საქმიანობს“, დასამალი არავისთვისაა, თუმცა „მეხუთე კოლონის“ გამოაშკარავება არცთუ ადვილია, რამეთუ ასეთი ჯგუფების „მოღვაწეობა“ უმეტესად პატრიოტული მოტივებითაა შეფუთული. 

ახლა, პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ბოლო დროს მომრავლებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც თავს პატრიოტულ-მართლმადიდებლური იდეოლოგიის დამცველებს უწოდებენ, დავალებებს ჩრდილოეთიდან იღებენ, მაგრამ მაგალითად, ,,ქართული მარშის'' ქმედებებში რაღაცნაირად პრორუსული კვალი იგრძნობა. ამ თემაზე საუბრისას სპეცსამსახურის ყოფილი წარმომადგენელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ,,ვერსიას'' ეუბნება, რომ საქართველოში ახალი რუსული იდეოლოგიის შემოტანა ხდება, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიისგან იმით განსხვავდება, რომ ფარად ეკლესიას იყენებს! 

,,ამ დასკვნის საშუალებას თავად პუტინის განცხადება იძლევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთა. საერთოდ, პუტინი, რომელიც სპეცსამსახურის წიაღშია აღზრდილი, სულელი არაა და ძალიან კარგად იცის, რუსეთი ზესახელმწიფო რომ გახდეს, ე.წ. შიდა მოხმარებისთვის მტრის ხატი უნდა შექმნას. თავის დროზე ამ თემატიკაზე ,,კაგებე''-ს იდეოლოგიური კონტრდაზვერვა ანუ მე-5 სამმართველო მუშაობდა. დღეს კი ახალი რუსული პროპაგანდის საქართველოში კულტივირებას ის ახალბედა ქართველი პოლიტიკოსები ახდენენ, რომელთაც პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება სურთ… ზოგიერთ წრეში ლიბერალიზმი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხედ აღიქმება, რაც რუსული ,,სიმღერის'' გადმომღერებაა _ დღეს რუსეთი ნაციონალურ-კონსერვატორულ იდეოლოგიაზე დგას! ამ იდეოლოგიის შექმნის საფუძველი კი, რამდენიმე წლის წინ, პუტინის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება გახდა, თუმცა მაშინ ეს განცხადება ფართო საზოგადოებამ ,,გაატარა''. მაშინ პუტინმა ღიად თქვა, რომ კომუნისტური რეჟიმის მთავარი შეცდომა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა იყო, თუმცა ბევრი ვერ მიხვდა, რუსეთის უმაღლესი იერარქი ამ სიტყვებში რას გულისხმობდა. არადა, ეს სწორედ ის იდეოლოგიური ჩანასახია, რომელზეც ნაციონალურ-კონსერვატორული იდეოლოგია შენდებაა და რომელიც პუტინის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენია. ნაციონალურ-კონსერვატორულ იდეოლოგიაში ცუდი, ერთი შეხედვით, შეიძლება, არაფერია, მაგრამ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ და თავად განსაჯეთ, ყველაფერი ეს კარგია თუ ცუდი. 

დღევანდელი რუსეთი ნაციონალურ-კონსერვატორულ რელსებზე დგას, რომელიც სრულიად ანტიდასავლურია და ის რუსეთში ისე აღიქმება, როგორც რუსული სახელმწიფოებრიობის საფრთხე. შესაბამისად, პუტინის რუსეთში ლიბერალიზმი მთლიანად უგულვებელყოფილია ანუ ნაციონალურ-კონსერვატორული იდეოლოგიის ავანგარდისტები დასავლეთსა და ლიბერალიზმს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ და დასავლეთს ისე განიხილავენ, როგორც აბსოლუტურ ბოროტებას და რეალური ისტორიული ჯოჯოხეთის გეოგრაფიულ ადგილსამყოფელს. 

ამ რუსული იდეოლოგიის მთავარი იდეოლოგები ალექსანდრე შუმსკი, ჩაპლინი, გეორგი გოროდევცევი, პროხოროვი, დუგინი, მამონტოვი, დრუზდი და სხვები არიან. ისინი რუსულ სპეცსამსახურების მიერ წლების განმავლობაში შემუშავებულ-ჩამოყალიბებულ გეგმას მიჰყვებიან, რომლის მიზანიც დასავლური ლიბერალიზმის მთავარ მტრად წარმოჩენაა.

70 წლის განმავლობაში, დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელშიც დასავლეთმა გაიმარჯვა. შესაბამისად, საბჭოთა იდეოლოგიის დამარცხების შემდეგ, რუსეთი დილემის წინაშე დადგა ანუ მას იდეოლოგიური საფუძვლები აღარ ჰქონდა. ამიტომ, მთავარ მტრად ლიბერალიზმი გამოაცხადა ანუ კრემლი ღიად და პირდაპირ კი არ ამბობს, ჩვენი მტერი ევროპა და აშშ-აო, არამედ, ამბობს, ჩვენი პირველი მტერი დასავლური ლიბერალიზმია, რომლის შემოტანაც რუსულ სახელმწიფოებრიობას აბსოლუტურად დაანგრევს და დაშლისო. 

ამ ,,თამაშის'' გასამაგრებლად ბზეჟინსკის მიერ თითქოს 30 წლის წინ ნათქვამ ატავიზმს იშველიებენ, თუმცა სინამდვილეში არავინ იცის, ბზეჟინსკმა მართლა თქვა თუ არა, აშშ-ს მსოფლიო ბატონობას ხელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უშლისო. მოკლედ, ყველაფერ ამაში ყოფილი ,,კაგებე''-სა და მისი მემკვიდრის, ,,ფესბე''-ს ხელი თუ მუშაობის სტილი ნათლად ჩანს,'' _ აღნიშნავს ,,ვერსიასთან'' საუბრისას პროფესიონალი სპეცსამსახურელი და რამდენიმე წლის წინ რუსეთში მომხდარ სკანდალს იხსენებს, როცა ფემინისტი გოგონების პანკ-ვოკალისტურმა ჯგუფმა _ ,,პასირიოტი'' მოსკოვის წმინდა სამების ტაძარში ერთწუთიანი პერფორმანსი მოაწყო, რის შემდეგაც თითქმის მთელი რუსული საზოგადოება დაირაზმა და ამ ჯგუფის წინააღმდეგ გამოვიდა. 

,,მაშინ ეს ფემინისტები დააპატიმრეს, რასაც დასავლეთის ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა. რუსმა ნაციონალისტებმა კი ეს პერფორმანსი ბზეჟინსკის გეგმის შესრულების ერთ-ერთ მიმართულებად ანუ მართლმადიდებლობაზე ლიბერალიზმის შეტევად მონათლეს. ამ ამბავში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებიც ჩაერთვნენ. არკადი მამონტოვმა კი, ცნობილი დოკუმენტური ფილმი _ ,,პროვოკატორები'' გადაიღო, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ყველაფერი ეს ბზეჟინსკის გეგმის ნაწილია, თუმცა გაუგებარია, ,,ცივი ომი'' დამთავრებულია და აშშ 30 წლისწინანდელი სახელმწიფო მოღვაწის შეხედულებებით რატომ უნდა ხელმძღვანელობდეს? კითხვის ნიშნებიც ამიტომ ჩნდება და თუ მოაზროვნე ადამიანები ყველაფერ ამას ჩაჰყვებიან, აღმოაჩენენ, რომ ასეთი რაღაცების უკან შესაძლოა, თავად რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, რადგან მათ მტრის ხატის შექმნა უნდათ და ცდილობენ, საზოგადოებას ოპიუმი ,,გადაუგდონ'', აი, ლიბერალიზმი რა ცუდიაო. 

ეჭვს, რომ ყველაფერ ამას სპეცსამსახურები მართავენ, ერთი გარემოებაც აძლიერებს: არც რუსეთში და, სხვათა შორის, არც საქართველოში დასავლელი ლიბერალები არ ჩამოდიან და პროპაგანდას არ ეწევიან. 

ერთი სიტყვით, რუსეთში ანტივესტერნული პოლიტიკა მძვინვარებს, რომლის ღერძიც, ვიმეორებ, ისაა, რომ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თითქოს შეტევა ხორციელდება,'' _ აღნიშნავს ,,ვერსიის'' წყარო. 

რაც შეეხება ,,მეხუთე კოლონას'', სპეცსამსახურელი ამბობს, რომ ,,მეხუთე კოლონის'' წევრები ე.წ. პოლიტოლოგებიც არიან, რომლებიც რუსული კლიშეების დაამკვიდრებას ცდილობენ. 

,,რუსული ნაციონალ-კონსერვატორული იდეოლოგია მხოლოდ ბზეჟინსკის კი არა, იგივე კათოლიციზმსაც უპირისპირდება და ირწმუნება, რომ რომის ეკლესიას თითქოს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურება უნდა, რაც აბსოლუტური სისულელეა! 

ნებისმიერი ჭეშმარიტი მორწმუნისთვის ეს მკრეხელობაა, რადგან კათოლიკები და მართლმადიდებლები სულიერ ძმებად ითვლებიან. ამის ნათელი მაგალითია ბენედიქტ მე-16-ის განცხადება, რომლითაც ის რუსი ფემინისტების ზემოხსენებულ პერფორმანსს გამოეხმაურა და დაგმო. 

ვიღაცები ჩვენთანაც ცდილობენ, რომ ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენონ და ამით დასავლური ღირებულებების დევალვაცია მოახდინონ. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მართული პროცესია, რადგან ,,მტრის ხატის'' შექმნა დიდ იმპერიებს სჭირდებათ, თორემ საქართველოსნაირი პატარა სახელმწიფოებისთვის ,,მტრის ხატის'' შექმნა უცხოა. 

ისე, ,,პასირიოტის'' ფემინისტ გოგონებს შეიძლება, გაცნობიერებული არც ჰქონდათ, მათ ქმედებას რა რეაქცია მოჰყვებოდა. ალბათ, პოპულარობა უნდოდათ და მათი ეს სურვილი სპეცსამსახურებმა კარგად გამოიყენეს. სხვათა შორის, ამ პერფორმანსის შემდეგ, გოგონები პოპულარულები, მართლაც, გახდნენ, თუმცა ყველაფერი ეს სახელმწიფო მანქანამ იმისთვის გამოიყენა, რომ ხალხში ანტიდასავლური განწყობა დაეთესა. საქართველოშიც სწორედ ეს კვალი იკვეთება _ ანტიდასავლური განწყობა ნელ-ნელა ღვივდება და ამ პროპაგანდას ის პოლიტიკური ძალები ემსახურებიან, რომლებიც პოლიტიკაში დამკვიდრებას აპირებენ. 

რუსეთში ნაციონალურ-კონსერვატორული იდეების ერთ-ერთი მებაირაღე ალექსანდრე პროხანოვია, რომელიც ამბობს, საზოგადოებაში ჩაშვებულია გიგანტური პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლის მოშლისკენაა მიმართული ანუ ამ მანქანის მიზანია, ის საფუძვლები გაანადგუროს, რომელზეც რუსული სახელმწიფოებრიობა დგას. ამ საფუძვლებიდან ერთ-ერთი მთავარი მართლმადიდებლური ეკლესიაა და ამიტომ, გამანადგურებელი დარტყმები სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელ-მთავრებზე ხორციელდებაო. 

ანალოგიურ განცხადებებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ფიგურაც აკეთებს და ამით ქულების დაწერას ცდილობს'', _ ვარაუდობს ,,ვერსიის'' წყარო, რომლის თქმითაც, ლიბერალიზმის ჯოჯოხეთად წარმოჩენის სტერეოტიპი რუსეთში 150 წლის წინ, ტუჩევმა დაამკვიდრა, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ლიდერი იყო და აცხადებდა, დასავლეთი სხვა ხალხებს არსებობის უფლებას არ აძლევსო. 

,,ქართული მარშის'' გამოჩენამდე, პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ,,მეხუთე კოლონად'' ევრაზიის კავშირის მომხრეებს მიიჩნევდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ამ ადამიანების უმეტესობას იდეოლოგია კი არა, არამედ, ფული ამოძრავებს. 

,,ჩვენს საზოგადოებაში მტრულად განწყობილი ქვეყნის თუნდაც ერთი მხარდამჭერი უკვე ,,მეხუთე კოლონის'' არსებობაზე მეტყველებს, მით უმეტეს, როდესაც ეს ერთი კი არა, რამდენიმე ათეულია. ეს სერიოზულად მისაღები მოვლენა არაა, მაგრამ ყურადღების მიქცევა საჭიროა'', _ აღნიშნა რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა. 

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით კი, უშიშროება იმ ფინანსური წყაროებით დაინტერესდნენ, რომელიც ,,წვიმის მერე ამოსული სოკოების სიმრავლის მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ ასულდგმულებს.'' 

,,ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის მიზანი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა კი არა, არამედ, საქართველოს მუდმივი დისკრედიტაცია და ევროპისთვის იმის დანახვება სურთ, რომ საქართველო რუსეთზე ორიენტირებული სახელმწიფოა და მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვაგვარად. საქართველოში არეულობა რუსეთის ხელისუფლების ძირითადი მიზანია, რათა ქვეყანა არ იქნას წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიული გარდაქმნების ერთგული სახელმწიფო'', _ ამბობს ცისკარიშვილი. 

,,მეხუთე კოლონის'' არსებობას არც ექპსერტი გია ხუხაშვილი უარყოფს, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს თემა ,,ძალიან გაბერილია''. 

,,მხოლოდ ჰიტლერმა, ან გენერალმა მოლამ იცოდნენ მეხუთე კოლონის „ფასი“, არამედ ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ბოლშევიკებმაც. ოკუპაციამდე ერთი წლით ადრე პირველი ქართული რესპუბლიკის სათავეში მყოფმა მენშევიკებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი პოლიტიკური გამოუცდელობა და იმ იმედით, რომ რუსეთის მიერ აღიარება გაამყარებდა საქართველოს საერთაშორისო პოზიციას 1920 წლის მაისში საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელმაც ბოლშევიკებს საქართველოში სამოქმედოდ ხელ-ფეხი გაუხსნა. ხელშეკრულების საიდუმლო დამატება კომუნისტურ ორგანიზაციებს საქართველოში ლეგალურად საქმიანობის უფლებას აძლევდა, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა საქართველოს კომუნისტური პარტიის შექმნაში და რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის არაბუნებრივ ზრდაში. თუ მანამდე საბჭოთა მეხუთე კოლონა მეტნაკლებად დაფარულად ებრძოდა ქართულ სახელმწიფოს, 1920 წლის მაისიდან ის უკვე ღიად ცდილობდა არსებული მთავრობის დისკრედიტაციას და ზოგადად ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას წითელი არმიის შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეს ყველაფერი რომ საქართველოს ოკუპაციით დამთავრდა ცნობილია, ანუ ქართველების გარკვეული რაოდენობისთვის საყვარელი სტალინის და ზოგადად ბოლშევიკების მიერ ინსტალირებულმა მეხუთე კოლონამ დავალება პირწმინდად შეასრულა,'' _ ნათქვამია ,,რადიო თავისუფლების'' ერთ-ერთ სტატიაში. 

ისე, საქართველოს უახლეს ისტორიას თვალს თუ კარგად გადავავლებთ, ,,მეხუთე კოლონის'' კვალი შესაძლოა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაშიც აღმოვაჩინოთ ანუ ყველასთვის ცნობილია, რომ ტრაგედიის წინა დღეს, პარტაქტივის შეკრებაზე ნომენკლატურის ცალკეული წარმნომადგენლები მომიტინგეთა ძალის გამოყენებით დაშლას ითხოვდნენ. დღევანდელი გადასახედიდან, ამ მოითხოვნას შეიძლება, ,,მეხუთე კოლონის'' კვალიფიკაცია მიეცეს. 

ისე, 9 აპრილის ტრაგედია ანუ მაშინდელი ,,მეხუთე კოლონის'' აქტიურობა ერთგვარად იმის საფუძველი გახდა, რომ 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა აღედგინა. სხვათა შორის, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობას 26 მაისს კი არა, არამედ, 9 აპრილს უნდა აღნიშნავდეს. 

ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: საქართველოში რუსული ,,მეხუთე კოლონა'' არსებობს, რომელიც ხან აქტიურდება და ხანაც ფარულად მოქმედებს, თუმცა აქტიურზე საშიში შესაძლოა, უფრო ფარული მოქმედება იყოს, რადგან სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის ფარული მეთოდები არანაკლებ საშიშია.

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში