Menu
RSS

რატომ დაემთხვა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და რა მნიშვნელობა ჰქონდა 31 მარტის რეფერენდუმს

თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა

მაშინ, შორეული 80-იანი და 90-იანი წლების გასაყარზე, როცა ლამის მთელი ერი ერთ მუშტად იყო შეკრული, სხვანაირი იმედი არსებობდა და ხალხს იმისიც სჯეროდა, რომ მალე, ძალიან მალე უკეთეს და, რაც მთავარია, დამოუკიდებელ ქვეყანაში იცხოვრებდა. 1991 წლის 31 მარტი ანუ დღე, როცა რეფერენდუმი ჩატარდა, ამ პატრიოტული სულისკვეთების ერთ-ერთ გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

ისე, ზოგი სკეპტიკოსი მხოლოდ მაშინ კი არა, ახლაც ქირქრილებს, რომ ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმი საკუთარ დაბადების დღეს მიზანმიმართულად დაამთხვია, მაგრამ მოგეხსენებათ, ენას ძვალი იმიტომ არ აქვს, რომ ყველაფერი თქვას. შესაბამისად, თითო-ოროლა გულღრძოს მოსაზრება ისეთ მნიშვნელოვან თარიღთან, როგორიც 31 მარტია, ცხადია, სახსენებელიც არაა. 

და მაინც, რატომაა მნიშვნელოვანი და რა კვალი დატოვა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა საქართველოს უახლეს ისტორიაზე?

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მთელი საქართველოს, მაშასადამე, აფხაზეთისა და ე.წ. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამაც მიიღო (როგორც საარქივო მასალები მოწმობს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი აფხაზეთში მცხოვრებმა 210 000 ხმის უფლების მქონე ქართველმა და აფხაზმა დაუჭირა. ასევე, აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმაც მიიღეს, რომლებიც საქართველოს მაშინდელი მოსახლეობის 32 პროცენტს შეადგენდნენ). 

 

საერთო ჯამში, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, ოფიციალური მონაცემებით, მხარი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98-მა პროცენტმა დაუჭირა. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო. 

სხვათა შორის, 31 მარტამდე კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდა. კერძოდ, საბჭოთა ხელისუფლებამ თოთხმეტივე მოკავშირე რესპუბლიკის მოსახლეობას ერთადერთი კითხვით მიმართა, საბჭოთა კავშირის შენარჩუნება გსურს თუ არაო. 

„ამ რეფერენდუმში მონაწილეობა სხვა ყოფილმა რესპუბლიკებმა მიიღეს, ჩვენ კი უარი განვაცხადეთ და ამის საპასუხოდ ჩავატარეთ ჩვენი რეფერენდუმი, რაც ძალიან რთული თუნდაც მწირი ტექნიკური შესაძლებლობების გამო იყო, მაგრამ ყველაფერი სულ რაღაც ორ კვირაში მოვამზადეთ და ჩავატარეთ რეფერენდუმი, თუმცა მაშინ მოსახლეობის განწყობაც სხვანაირი იყო. 90 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და 97 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, _ იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე და დასძენს, _ შეუძლებელია, რომ წინააღმდეგობები არ ყოფილიყო, მაგრამ ამ რეფერენდუმმაც გამოაჩინა, რომ გინდა ცხინვალის რეგიონში და გინდ _ აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობა არ იყო სახალხო. ჩვენ გვიწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რუსეთთან, რომელიც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებს გვიქმნიდა. ცხადია, მოსახლეობის სეპარატისტულად განწყობილი ნაწილიც ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად, გუდაუთის რაიონში, მაგრამ ჩატარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ცხადია, თუნდაც მარტო რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება ბევრ რამეს ნიშნავდა. 

სხვათა შორის, 1991 წლის 31 მარტს არც ექსცესი მომხდარა და არც დაპირისპირება. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმის მისაცემად უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი მოვიდა, ასეთი რამ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს.“ 

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მომზადებაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობდა. რეფერენდუმიდან ორი ათეული წლის შემდეგ, „რადიო თავისუფლებასთან“ დავით უსუფაშვილი მაშინდელ ამბებს ასე გაიხსენებს: 

„სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურად ვიყავით ჩართულნი სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მაშინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიც გახლდით და ამ რეფერენდუმის ჩატარებასა და ორგანიზებაში უშუალო როლის თამაში მომიწია მეც და მოუწია ჩემს ბევრ კოლეგას. მაშინ არ იყო განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებები. ერთადერთი კომპიუტერი გვქონდა და მასზე ავაწყვეთ სარეფერენდუმო კითხვა, მერე ვიპოვეთ აფხაზურის სპეციალისტი და აფხაზურად ვათარგმნინეთ სარეფერენდუმო მოწოდებები...“ 

„რეფერენდუმი უდიდესი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი აქტი იყო, _ ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, _ 31 მარტს ადამიანები სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილეები გახდნენ. 

_ 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა... 

_ დიახ, შეიძლება მავანმა თქვას, ეს თარიღი დაამთხვიაო, მაგრამ მერაბ კოსტავას დაბადებაც 26 მაისს დაემთხვა. საერთოდ, იმ დროს თითოეულ დღეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ანუ იმის თქმა მინდა, რომ 1991 წლის გაზაფხული საოცარი მარათონი იყო, როცა გადაწყვეტილებები უსწრაფესად უნდა მიღებულიყო. ამიტომაც, კალენდარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოწინააღმდეგე _ შინ თუ გარეთ, გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. ჩვენ გულანთებულ პატრიოტთა არმია გვყავდა, სამოქალაქო საზოგადოება მაინც და მაინც არ არასებობდა, ან როგორ უნდა ეარსება სამოსდაათწლოვანი არათავისუფლების შემდეგ?!.“ 

31 მარტის რეფერენდუმამდე საქართველოში მოვლენები ასე ვითარდებოდა: 

1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს საქართველოს სსრ-ს უზენაესი საბჭო, იღებს დადგენილებებს, რომლებითაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება, პრაქტიკულად, უკანონოდ გამოცხადდა. კერძოდ, 9 მარტს მიღებული დადგენილებით აღიარებული იქნა, რომ 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოსვლა და ტერიტორიის დაკავება ინტერვენცია და ოკუპაცია იყო, რომელიც მიზნად არსებული პოლიტიკური წყობის დამხობას ისახავდა. ამავე დღეს, საქართველოს სსრ-ს უზენაესმა საბჭომ აღიარა მრავალპარტიული არჩევნები და მიიღო დადგენილება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დაკანონებული იქნებოდა არა როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფორმალური გამგრძელებელი, არამედ როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. 

 

არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა. პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ბლოკმა _ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, არნახული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს უზენაესი საბჭო, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი, ლეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მიზანმიმართულად შეუდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. საქართველოს უზენაესი საბჭოს ძირითადი ამოცანა საბჭოთა ინსტიტუტების გაუქმება და სანაცვლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დემოკრატიული სტრუქტურების ფორმირება გახლდათ. 

პარალელურად, მოკსოვში, კრემლში, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიმუშავეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად ანუ ახალ ნებაყოფლობით, დემოკრატიულ-ფედერაციულ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო. ახალი კავშირის პრინციპი ასეთი იქნებოდა: „ძლიერი ცენტრი _ ძლიერი რესპუბლიკები“, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა.

კრემლმა გამოსავალის ძებნა დაიწყო და გადაწყვიტა, 1991 წლის 17 მარტს, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პლებისციტი ჩაეტარებინა, თუმცა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოში საკავშირო რეფერენდუმის ჩატარება აკრძალა; მის საპირისპიროდ კი, ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო. რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა, რომლის თანახმადაც, გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. 

31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა. იმავე დღეს რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად სცნო აშშ-ს კონგრესმა. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე კი, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა აღიარეს. 

„1991 წლის 31 მარტის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ, მაგრამ 31 მარტის რეფერენდუმი მაინც მტკიცე იურიდიულ არგუმენტად რჩება. ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“. 

31 მარტის რეფერენდუმის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ღირებულება ისაა, რომ საქართველოს რესპულიკის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მთლიან ტერიტორიაზე ჩატარდა და ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში იქნება ბათილი, თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალობას, _ ამბობენ ისტორიკოსები და დასძენენ, _ ეს რეფერენდუმი მაშინ ჩატარდა, როცა საბჭოთა კავშირი დაშლილი არ იყო და რუსეთი სსრკ-ს შენარჩუნებას ცდილობდა. ამ რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობის რეკორდულმა ნაწილმა უარი თქვა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაზე. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველო სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე აღიარა იმ საზღვრებში აღიარა, რა საზღვრებშიც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამდე არსებობდა.“ 

ერთი სიტყვით, 31 მარტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია, თუმცა წლების განმავლობაში ეს დღე სათანადოდ არ აღინიშნებოდა. როგორც ჩანს, დღემდე არიან ძალები, რომელთაც 31 მარტის მნიშვნელობის დაკნინება სურთ. 

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ვინმეს მოსწონს თუ არა, ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტია და სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ეროვნული მოძრაობის აღმავლობა და ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. შესაბამისად, იმაში ცუდი და სათაკილო არაა, თუკი ქვეყანა თავისი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 31 მარტს სათანადოდ აღნიშნავს. 

სხვათა შორის, შარშან, 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია ჩატარდა, თუმცა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეში სიახლე არაფერია. ზვიად გამსახურდიას შვილებისა და მათი მხარდამჭერების ინიციატივით, 31 მარტს, შაბათს, 14:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია წელსაც ჩატარდება. 

შტრიხები ბიოგრაფიისთვის 

31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს 79 წელი შეუსრულდება. 

ზვიად გამსახურდია თბილისში, 1939 წლის 31 მარტს, გამოჩენილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა. მომავალი პრეზიდენტი თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით განაგრძო. უნივერსიტეტში სწავლა 1962 წელს დაასრულა. 1973 წელს გამსახურდიას ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, 1991 წელს კი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 

ზვიად გამსახურდიასა და მისი მეგობრების საბჭოთა რეჟიმთან აშკარა დაპირისპირება 1956 წელს გამომჟღავნდა, როცა მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959 წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს. 

1975 წელს, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციის _ „საერთაშორისო ამნისტია“ წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით, 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე იყო. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვ. 

გამსახურდიას ინიციატივითვე, თბილისში პირველად გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგი“. 

1978 წელს, ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა. 

მოგვიანებით, გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების წევრად. სხვათა შორის, გამსდახურდია აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ ჟურნალთან _ „მიმდინარე ამბების ქრონიკა“, რომელსაც კოვალიოვი რედაქტორობდა. 

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა 1977 წელს დააპატიმრა. 

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1979 წლიდან აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისაც, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ზვიად გამსახურდია კი, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს. 

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ, ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა...

ვანო პავლიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში