Menu
RSS

„ლიდერთა საბჭო“ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულო ნორმას ითხოვს

შუალედური არჩევნების წინ ოპოზიცია გააქტიურდა, „ლიდერთა საბჭომ“ ამჯერად არჩევნების სავალდებულო მონაწილეობის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა, თუმცა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. ოპოზიციონერთა მოსაზრებით, ეს უზრუნველყოფს არჩევნებში მაღალი გამოცხადების მაჩვენებელს, რის შედეგადაც გადაწყვეტილებას მიიღებს არა არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობა, არამედ ხალხის უმრავლესობა, რაც ოპოზიციონერების აზრით, დემოკრატიის უმთავრესი ამოცანაა. 

,,საქართველოს მივიდა იმ ისტორიულ ზღვარზე, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი საარჩევნო აბსენტეიზმის, ნიჰილიზმის, დეპრესიის სინდრომითაა შეპყრობილი, რადგან დაკარგულია ნდობა ობიექტური თანასწორი, სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნების მიმართ'', _ აცხადებენ ,,ლიდერთა საბჭოს'' წარმომადგენლები და ამტკიცებენ, რომ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის ნორმები თანაბრადაა გავრცელებული ძლიერ, საშუალო და სუსტი დემოკრატიის სისტემებში. ,,ამ პრინციპის იურისდიქციის ქვეშ ცხოვრობს 755 მილიონი ადამიანი. ეს ნორმა მოქმედებს არგენტინაში, ავსტრალიაში, ბელგიაში და ა.შ. რაც შეეხება სანქციებს არმონაწილეობის შესახებ, ბევრგან დაწესებულია ჯარიმა. მაგალითად, ავსტრალიაში 26 დოლარი, არგენტინაში კი იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, 3 წლით ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება. თურქეთში განმეორებითი შემთხვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.'' 

,,ლიდერთა საბჭოში'' აცხადებენ, რომ საქართველოში ამ ნორმის ამოქმედება დაძრავს ხალხს საარჩევნო უბნებისკენ; აღუდგენს ქვეყნის მართვა-გამგეობის განცდას; დაუკარგავს გადამწყვეტ ეფექტს ფულის დარიგებას, ,,კარუსელებს''; ე.წ. მომყვან-კოორდინატორების ინსტიტუტს, რაც დღემდე მიუღწეველია და საბოლოო ჯამში საფუძველს დაუდებს ევოლუციურ საარჩევნო რეფორმასა და ქვეყნაში ხელისუფლებათა ცვლის საარჩევნო, მშვიდობიან პროცესებს. 

,,ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა, რომ ახლოვდება ხონი-ვანის შუალედური არჩევნები და უნდა შემუშავდეს საერთო სტრატეგია: ,,შევიტანეთ წინადადება, რომ ,,ლიდერთა საბჭომ'' დაიწყოს მუშაობა არჩევნების სავალდებულოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით, რადგან სხვა გზით არჩევნების სისტემას საქართველოში აზრი არ ექნება. ამომრჩეველს გაუძლიერდება ნიჰილიზმი და დეპრესია და არმონაწილეთა რაოდენობას დაემატება მილიონობით ადამიანი, საბოლოოდ დაგვრჩება საარჩევნო ყუთთან ხმის ქურდი კომისიის წევრები, 15 ლარიანი ამომრჩევლები და სამსახურის გამო სამშობლოს გაყიდვაზე თანახმა კონტიგენტი. ძალიან პატარა პროცენტი უანგარო, ერთგული ადამიანებისა, რომლებიც ამინდს ვერ შექმნიან.'' 

კითხვაზე -რა ტიპის სანქცია უნდა დაეკისროს ამომრჩეველს, თუ ის არჩევნებზე არ გამოცხადდება? _ ლეიბორისტების ლიდერმა გვიპასუხა: ,,თუ ჩვენ არ მივალთ, სასამართლოს უწყების თანახმად, გაუპატიურების საქმეზე მოწმედ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგვეკისრება. ქვეყანა გაგვიუპატიურეს და აბა, არ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და არ უნდა იყოს სანქცია სიმბოლური, თუნდაც ერთი ლარი?!''

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში