Menu
RSS

კახა კალაძის გადაწყვეტილებით, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა!

ვინ ჩაანაცვლებს ებრაულ კომპანიას და რას აპირებენ „სითი პარკის“ ხელმძღვანელები?

თბილისის მერმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო და¬პირება შეასრულა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან, ებრაულ კომპანია ,,სითი პარკთან'' გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლე¬ბამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. თბილისის მერის განმარტებით, პარკირების ახალი სისტე¬მის ჩამოყალიბებამდე, ,,სითი პარკის'' ფუნქციებს 10 აპრი¬ლიდან, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს!
თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია ,,სითი პარკი'' მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რის გამოც მოქალაქეების უფლებები შეილახა, ხოლო პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემები შეიქმნა. სწორედ ამ მიზეზით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა კომპანია ,,სითი პარკს'' ხელშეკრულება შეუწყვიტა: ,,თბილისელებისა და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და მიზანია, რომ თბილისი თანამედროვე, კომფორტული ქალაქი იყოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იქნება. ჩვენ ამ სულისკვეთებით მოვედით და თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, სამუშაო დღე, ამ მიზნის განხორციელებისკენაა მიმართული. ჩვენს მიერ დასახელებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი, კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე, ასევე მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემის მოგვარებაა''.
მისი თქმით, თანამედროვე და სამართლიანი პარკირების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქს საცობებისგან განტვირთავს და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
 
„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან, რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები, მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა! არანაირად არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობასა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას! ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ“, _ აღნიშნა კალაძემ.
ხელშეკრულება, რომელიც თბილისის მერიასა და კომპანია ,,სითი პარკს'' შორის, 2007 წელს გაფორმდა, ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე იყო. მას შემდეგ, რაც თბილისის ექს-მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, ამ ხელშეკრულებას ,,გრიფით _ საიდუმლო'' მოეხსნა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ წლების წინ, ქალაქის მუნიციპალიტეტმა ებრაულ კომპანიას მართლაც კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია კომპანიას ხელშეკრულებას გაუწყვეტდა, მუნიციპალიტეტს ჯარიმის სახით, 25 მილიონის გადახდა დაეკისრებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირობა გახდა მიზეზი, რის გამოც ნარმანიამ ,,სითი პარკის'' დედაქალაქიდან ,,გაძევება'' ვერ შეძლო. თუმცა თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს არავითარი ჯარიმა არ დაეკისრება. ხმალაძემ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდა იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც კომპანიასთან ხელშეკრულება უსაფუძვლოდ წყდება: „საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, როდესაც ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ წყვეტს, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, ყოველმხრივ შელახა საზოგადოებრივი ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ხელშეკრულება შევწყვიტეთ. ნამდვილად არ გვაქვს იმის დრო, რომ კომპანიას მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვასწავლოთ. კომპანია, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა მოქალაქეების უფლებებს არღვევს და ამას შესრულება სჭირდება, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს“.
რაც შეეხება დარღვეული ხელშეკრულების პირობებს, ვიცე-მერის განმარტებით, დედაქალაქში არსებული საპარკინგე ადგილების 30% მოუწესრიგებელია: „კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება, ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობაა. საპარკინგე ადგილების დაახლოებით, 30%-ზე მეტი, მოუწესრიგებელია. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რის გამოც, ჩვენ არანაირი ზიანის ანაზღაურება არ დაგვეკისრება. კომპანიას კი იმაზე მეტი ვადა მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. თუმცა სამწუხაროდ, ეს დრო უშედეგოდ გავიდა“, _ განმარტა თბილისის ვიცე-მერმა.
მისივე თქმით, გამორიცხული არაა, კომპანია ,,სითი პარკმა'' სასამართლოს მიმართოს. თუმცა ხმალაძემ იქვე დააზუსტა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორი იყო: „შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. შესაბამისად, არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში, რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს. შესაძლოა, კომპანიას პასუხისმგებლობაც კი დაეკისროს. საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით, დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც უკვე ორმხრივ რეჟიმში განვაგრძობთ მოლაპარაკებებს“, _ აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მისი განმარტებით, თბილისის ბიუჯეტში ,,სითი პარკის'' შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა, 60% კი კომპანიას რჩებოდა. ირაკლი ხმალაძის თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, „სითი პარკს“ მუნიციპალური კომპანია ჩაანაცვლებს და ქალაქში პარკირების ოპერირება უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. თუმცა იქვე დასძინა, რომ ,,სითი პარკის'' მიერ, უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა თბილისელებს მაინც მოუწევთ: ,,მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, რადგან ხელშეკრულების შეწყვეტას ამასთან კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მიუწევთ ამ ჯარიმის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა უკანონოდ არაა გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ამ შედეგამდე მივედით. ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქეების უფლებები სისტემატიურად დაირღვევა და არცერთ კომპანიას არ ვაპატიებთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი შელახოს'', _ განაცხადა ხმალაძემ.  იგი არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკის“ თანამშრომლების ნაწილი მერიის სატრანსპორტო სამსახურში დასაქმდეს. მისი თქმით, თუ იმის აუცილებლობა იქნება, რომ რესურსები გაძლიერდეს, შესაძლოა, გამოცდილმა ადამიანებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გააგრძელონ მუშაობა.
კომპანია ,,სითი პარკში'' აცხადებენ, რომ თბილისის მერის გადაწყვეტილება მათთვის წინასწარ არ იყო ცნობილი და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, კახა კალაძის ბრიფინგიდან შეიტყვეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თბილისის მერის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. მეტიც, შესაძლოა ამან საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებზეც იქონიოს გავლენა. ,,ვერსია'' ,,სითი პარკის'' იურისტს, ნანუკა ავალიანს დაუკავშირდა:
_ ნანუკა, როდის შეიტყო კომპანია „სითი პარკმა“, რომ თბილისის მერია ხელშეკრულების შეწყვეტას აპირებდა?
_ შპს ,,სითი პარკმა'' ეს გადაწყვეტილება მაშინ შეიტყო, როდესაც თბილისელებმა. იქამდე, ვიდრე თბილისის მერი, კახა კალაძე სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთებდა ამ განცხადებას, კომპანიისთვისაც უცნობი იყო, რომ მერია ხელშეკრულებას წყვეტდა.
_ როგორც ცნობილია, დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება თბილისის მერიისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, ვიცე-მერის განცხადებით, ,,სითი პარკს'' ვადაც კი მისცეს ხარვეზების გამოსასწორებლად, რატომ იყო თქვენთვის მოულოდნელი თბილისის მერის გადაწყვეტილება?
_ ზოგადად, კომპანია თანამშრომლობდა, როგორც წინა ხელისუფლებასთან, ასევე კახა კალაძის ადმინისტრაციასთან. იმ ვადებზე, რაც ქალაქის მერმა და ვიცე-მერმა განაცხადეს, აგიხსნით, რომ ეს ვადა განსაზღვრული იყო დარღვევების გამოსასწორებლად თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, მაგრამ შემდგომში, სწორედ ეს დარღვევები ,,სითი პარკის'' მიერ, სადავო გახდა. შესაბამისად, ამ დარღვევებთან დაკავშირებით, ,,სითი პარკს'' დღემდე აქვს სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში...
_ უკაცრავად, გაწყვეტინებთ, კონკრეტულად, რა სასამართლო დავას აწარმოებთ თბილისის მერიის წინააღმდეგ?
_ დეტალურად აგიხსნით, ,,სითი პარკმა'' მიიღო ორი გაფრთხილება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ იმის შესახებ, რომ კომპანია სათანადოდ არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ დარღვევების მიღებისთანავე, პირველი, რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მოვითხოვეთ შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ბატონმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ ,,სითი პარკის'' მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% უქმდება, რაც არასწორი ინფორმაცია იყო. ამ კონკრეტული საკითხისა და მათ მიერ, დარღვევად მიჩნეული სხვა საკითხების შესახებ, ახლადარჩეულ მთავრობას მივაწოდეთ ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, ამოწურულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოლაპარაკებების საშუალებები, კომპანიამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორივე დარღვევასთან დაკავშირები. ეს დავა დღემდე მიმდინარეობს, სასამართლოში საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა და ზუსტად ამიტომ აღვნიშნავთ ჩვენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. შესაძლოა, ეს არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებადაც კი შეფასდეს, რადგან შეუძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაწყვეტილება მიღებულ იქნას იმ დარღვევების საფუძველზე, რომელთა კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
_ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, მერია ჯარიმას არ გადახდის, ეს ასე იქნება?
_ რა თქმა უნდა, კომპენსაციის გადახდას კომპანია მოითხოვს, რადგან მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიამ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეგვიწყვიტა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და ამიტომ უფლება გვაქვს, რომ კომპენსაცია მოვითხოვოთ.
_ რას აპირებს „სითი პარკი“, თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს?
_ დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ორ დავასთან დაკავშირებით, რომელიც მერიის წინააღმდეგ გვაქვს. თუმცა რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, ცხადია, თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. გარდა ამისა, ინფორმაციის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს შეთანხმება, რასაც კომპანია ,,სითი პარკი'' გამოიყენებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო მექანიზმად, რათა დაიცვას მისი, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები საქართველოში.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში