Menu
RSS

რა კავშირი აქვს ზურაბ წერეთელთან, რატომ უღალატა სააკაშვილს და რატომ ეძახიან გიგი უგულავას „მოდერნიზებულ კომკავშირელს“

უცნობი ფაქტები თბილისის ექსმერის X-ფაილისთვის

...ის იმთავითვე ზომიერად სიმპათიური და ასევე ზომიერად აგრესიული გახლდათ. მართალია, საბჭოთა საქართველოში დაიბადა და შანსი ჰქონდა, „წითელი ვირუსით“ „დაავადებულიყო“, მაგრამ პოლიტიკურმა ღმერთებმა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა ლიბერალობისთვის „გაწირეს“, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგი ამბობს, რომ პავლიკ მოროზოვის ჰიბრიდი ანუ მოდერნიზებული კომკავშირელია, რომელიც კარიერული მწვერვალების დასაპყრობად უკან არაფერზე იხევს. ახლა, ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ „მამა-მარჩენალს“, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილს ზურგს აქცევდა და იმის თქმასაც არ მოერიდებოდა, მიშა ჯართიაო. იმ დროს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტი ჯართს შეადარა, მის თავზე უკვე წისქვილის ქვა იყო დატრიალებული. ყოველ შემთხვევაში, „მატროსოვის სიმარტოვე“ გამოცდილი ჰქონდა. ამბობენ, საპყრობილეში ადამიანს ფიქრისთვის თავზესაყრელი დრო აქვსო. ჰოდა, ალბათ, საკანში ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ მიშასთან მეგობრობის გაგრძელება ხეირს აღარ მოუტანდა და ზურგი ამიტომაც აქცია... ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, მეგობარი დიდი ფულის სანაცვლოდ „გაყიდაო“. მოგეხსენებათ, ენას ძვალი არ აქვს და ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფული მხოლოდ ჯოჯოხეთს კი არა, პოლიტიკასაც ანათებს. ასე რომ, არსებობის უფლება ამ ვერსიასაც აქვს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ის ანუ თბილისის პირველი არჩეული მერი, ესე იგი, უგულავა ახალ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შუალედურ არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში უნდა ჩატარდეს, ნაპატიმრალი ექსმერი ხონისა და ვანი მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
„მინდა, ყველაფერი თავიდან დავიწყო“, _ განაცხადა მაჟორიტარად წარდგენისას წარსულში ნაცმოძრაობის და აწ უკვე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა. ამასთან, უგულავამ პირობა დადო, ცვლილებების მედროშე და ავანგარდი ვიქნებიო.
მათ, ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია კარგად ახსოვთ, უგულავას დანაპირების მაინცდამაინც არ სჯერა, თან ხალხური სიბრძნეა, არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო. ჰოდა, სანამ ქვიშას იშოვის და გათეთრებას დაიწყებს, „ვერსია“, პირად არქივზე, ხალხურ მითოსსა და სხვადასხვა დროს ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, თბილისის მერყოფილის X-ფაილს წარმოგიდგენთ.
გასუფთავებული ბიოგრაფია
„გიგი უგულავა 1975 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 2005-2014 წლებში იყო თბილისის მერი. უგულავა განათლებით ფილოსოფოსია, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კონსულტანტად. 2003 წლიდან ეწევა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
2013 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას დაკავების გარეშე წარუდგინა ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. თბილისის მერმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა. 2014 წლის 3 ივლისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში დააკავეს,“ _ მხოლოდ ამ მშრალ ინფრომაციას გვაწვდის ქართული „ვიკიპედია“ უგულავას ბეგრაუნდზე. არადა, ექსმერისა და საააკაშვილის ექსმეგობრის წარსული არაერთი საინტერესო ფაქტითაა „დახუნძლული“, თუმცა, როგორც ჩანს, „ვიკიპედიაში“ ვიღაცამ ინფორმაცია მიზანმიმართულად „გაფილტრა“ და იმის აღნიშნვაც დაავიწყდა, რომ სანამ ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერი გახდებოდა, უგულავა მგზნებარე ნაციონალი იყო. მეტიც, ის „ვარდოსანთა“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგადაც ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში ისინი, ვინც ნაცკულუარებში კარგად ერკვეოდნენ, ირწმუნებოდნენ, მიშა უგულავასთან შეთანხების გარეშე ერთ გადაწყვეტილებასაც არ იღებსო. ეს კი არადა, ის ცნობაც არსებობდა, რომ ყველა ან თითქმის ყველა გახმაურებული დაჭერისა და ქონების წართმევის საქმეში უგულავა „პირველი ვიოლინოსა“ თუ არა, „ზონდერების“ უსტაბაშის როლს ასრულებდა. ეს შესაძლოა, ხალხური მითოსია და მეტი არაფერი, მაგრამ ფაქტია: „ვარდების რევოლუცია“ დასრულდა თუ არა, უგულავამ უშიშროების სამინისტროში მაღალი თანამდებობა მიიღო. ერთხანობას სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც საქმიანობდა. მერე კი, თბილისის „მოურაობა“ გადაწყვიტა და სანამ თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები გაიმართებოდა, სააკაშვილმა დედაქალაქის თავად დანიშნა. ინტერვიუ, რომელიც ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება, სწორედ მაშინდელია. მახსოვს, თბილისის მერს ძველი მერიის შენობაში შევხვდი და 13 უხერხული კითხვა დავუსვი. ჩვენი საუბარი, ცხადია, სტენოგრაფიული სიზუსტით გამოვაქვეყნე. მართალია, მას შემდეგ, ლამის 13 წელი გავიდა დ ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ წინამდებარე ინტერვიუ უგულავას X-ფაილს, როგორც იტყვიან, დამატებით შტრიხებს შესძენს:
„_ ბატონო გიგი, სანამ მთავარზე გადავალ, ერთი მითხარით, ახალ ამპლუას უკვე შეეგუეთ?
_ ნელ-ნელა ვეგუები... მართალია, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის პრობლემები განსხვავებულია, მაგრამ მმართველობა ზოგადად ერთნაირია და აქაც მოსახლეობასთან გაქვს კავშირი. ასე რომ, შეგუება რთული არ არის, თან ამ საკითხებთან შეხება მაშინაც მქონდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი რომ ვიყავი...
_ თქვენს მერულ კარიერაში პირველი კვირა დღეა. ჰოდა, გადაკეტილ რუსთაველზე გაისეირნება უკვე მოასწარით?
_ დიახ და ეს მრავალფეროვნება ძალიან მომწონს...
_ მრავალფეროვნების საწინააღმდეგო მეც არაფერი მაქვს, მაგრამ იცით, დედაქალაქის მთავარი პროსპექტის გადაკეტვას რომელი კანონი ითვალისწინებს?
_ საამისოდ მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება არსებობს და პარლამენტის მხრიდან დამატებითი საკანონმდებლო აქტის მიღება არ სჭირდება.
_ შეიძლება, მაგრამ მოჭიდავეების ინციდენტის მერე, თუ არ ვცდები, ელენე თევდორაძემ განაცხადა, კვირაობით რუსთაველის გადაკეტვით სახელმწიფო კანონს თვითონ არღვევს და არ მესმის, მოჭიდავეებს რას ერჩიანო...
_ ელენე თევდორაძე, სამწუხაროდ, ცდება, რადგან რუსთაველის გადაკეტვა მერიის აქტით რეგულირდება, თან გზის გადაკეტვა, თუ შესაბამისი პროცედურები დაცულია, აკრძალული არაა. ამ შემთხვევაში პროცედურები დაცულია და ელენე თევდორაძემ ჯობია, იმ საკითხებს მიხედოს, რომელიც მას პირდაპირ ეხება.
_ გიგი ბატონო, ჯერ ერთი კვირაც არაა, მერი ხართ და ხელისუფლების წარმომადგენელთა მისამართით უკვე დიდაქტიკურ განცხადებებს აკეთებთ. მაშასადამე, უნდა ველოდოთ, რომ თბილისის რევოლუციონერი თავი სხვა რევოლუციონერებთან კონფლიქტს არ მოერიდება?
_ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. შეიძლება, ბევრი ცილისწამება და კრიტიკაც იყოს, მაგრამ თანამდებობის პირისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივია და ყველაფერს ღიმილით შევხვდები, თუმცა თუ კრიტიკა განსაკუთრებული იქნება, კანონის ფარგლებში გავითვალისწინებ...
_ ხმა დადის, რომ მიხეილ სააკაშვილის დედის ნათესავი ხართ და პრეზიდენტიც, თურმე ამიტომ არ გიცილებთ...
_ (აუღელვებლად) პრეზიდენტის დედის ნათესავი არ ვარ და ქალბატონ გიული საჯარო შეხვედრებზე სულ ერთიორჯერ ვნახე. ეს მორიგი ჭორია და სიმართლესთან კავშირი არ აქვს... მიხეილ სააკაშვილი 1999 წელს, ვაკის არჩევნების დროს გავიცანი. მაშინ მე ჟურნალისტი ვიყავი... არასამთავრობო სექტორში რომ გადმოვედი, საქმიანი შეხვედრები გვქონდა.
_ საზოგადოების ერთ ნაწილი იმანაც გააღიზიანა,¸რომ მამათქვენი უნივერსიტეტში ერთ-ერთი გაერთიანებული ფაკულტეტების ხელმძღვანელად დაინიშნა. ყოველ შემთხვევაში, უსამსახუროდ დარჩენილ პროფესორ-მასწავლებლებს არ სჯერათ, რომ მამათქვენის დაწინაურებაში თქვენი ხელი არ ურევია...
_ ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ...
_ რატომ?
_ პირველად თქვენგან გავიგე, რომ პრეზიდენტის ნათესავი ვარ და ამ სისულელეზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, სერიოზული ადამიანები არ ვიქნებით.
_ ბატონო გიგი, უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმები მამათქვენს არ შეხებია და სისულელე ისაა, ხალხს რაღაც ეჭვები რომ გაუჩნდა?
_ მამაჩემი ფიზიკა-მათემატიკის პროფესორია და ამ ფაკულტეტზე არ დაბადებულა, თორემ 35 წელიწადია, უნივერსიტეტში მუშაობს... შეგიძლიათ, დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ, მაგრამ გაერთიანებული ფაკულტეტების დეკანად მისი დანიშვნა ჩემი იდეა არ ყოფილა და ამის შესახებ ტელევიზიით გავიგე. მამაჩემის სამსახური ჩემთვის ხელისშემშლელი არაა, როგორც შვილმა ვურჩიე, რომ ეს მხოლოდ მისი თავისტკივილია და მეცნიერებისთვის დრო აღარ დარჩება...
_ ბატონო გიგი, ახლა, მეტყვით, ეს ჭორიც თქვენგან პირველად მესმისო, მაგრამ სამთავრობო წრეებიდან გამოსული ხმის თანახმად, არც ერთი ,,ნაციონალური სასტავის'' წევრი არ ხართ. იმასაც ამბობენ, პრეზიდენტს სიმართლეს მხოლოდ უგულავა ეუბნებაო...
_ ჯერ ერთი, პრეზიდენტის გარემოცვაში სიმართლისმთქმელი ძალიან ბევრია. მეორეც, ტყულის თქმას აზრი არ აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილი, წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია და ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანთან გადაამოწმოს. ასე რომ, რაღაცის შელამაზებას, პრაგმატიზმიდან გამომდინარე, აზრი არ აქვს...
_ ეს გასაგებია, მაგრამ კითხვის პირველ ნაწილს თავი რატომ აარიდეთ?
_ აბა, მითხარით, რა ,,სასტავები'' არსებობს?
_ წესით, ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ, მაგრამ რახან ასეა, გეტყვით: კულუარული ცნობით, თქვენ არც ,,ნაცმოძრაობის'' ,,თავისუფლების ინსტიტუტის'' ფრთის წევრი ხართ, არც _ მერაბიშვილის დაჯგუფებისა და არც _ ოქრუაშვილის. ისე, თქვენი წინამორბედის მოღვაწეობაც ნათელყოფს, რომ რევოლუციონერები ერთმანეთს ვერ იტანენ...
_ რომელ წინამორბედს გულისხმობთ, აქ თუ ადმინისტრაციაში?
_ რა, არ იცით, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაცმოძრაობის სახეებსა თუ მათი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა? ისე, საინტერესოა, ,,ჭიას'' პრაქტიკას თუ გააგრძელებთ და იმ დარღვევების ამოქექვას დაიწყებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობას უკავშირდება?
_ მიწების საკითხი სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობას არ ეხება და ჭიაბერაშვილმა ის საკითხი გააგრძელა, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ საკრებულოდან წამოსვლის მერე, გარკვეული ვაკუუმი იყო და ამ თემების ,,გაპრავება'' სწორედ მაშინ მოხდა.
რაც შეეხება გუნდის წევრობას, ეს ძალიან გადაჭარბებული შეხედულებაა, თუმცა როცა ერთიანი დიდი ორგანიზმია, შეიძლება ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონდეს და ეს ჩვეულებრივია, მაგრამ მთავარია, რომ ეს მუშაობაზე არ მოქმედებს. რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს საჯარო განხილვის თემა არასოდეს გახდება, რადგან ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავსხდეთ და პრობლემები შიგნითვე გადაიჭრას... ისე, მეგობრობა სხვა საკითხია და შეიძლება, ვინმესთან თანამშრომლობდე და არ მეგობრობდე, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ... სახელმწიფო სამსახურში წამოსვლის გადაწყვეტილება 2004 წლის იანვარში მივიღე, ჯერ ზურა ადეიშვილთან ვმუშაობდი, მერე _ ვანო მერაბიშვილთან... ირაკლი ოქრუაშვილიც ჩემი მეგობარია, ზურა ნოღაიდელიც და ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს...
_ მართალია, რევოლუციის დროს ძალიან აქტიურობდით და, როგორც მერე გაირკვა, ,,კმარას'' კონსულტანტიც იყავით, მაგრამ მაინც გაუგებარია, არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებაზე რატომ გაცვალეთ?
_ იმ პროცესში, რომლის დაგვირგვინებაც ,,ვარდების რევოლუცია'' იყო, აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩავთვალე, რომ პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა ამეღო, თან ძველი ხელისუფლება რომ წავიდა, ვაკუუმი შეიქმნა, თითქმის არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობდა და ეს დიდი მონაპოვარი საფრთხის წინაშე დადგებოდა, ბევრ ადამიანს სახელმწიფო სექტორში წამოსვლის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო.
_ სიტყვამ მოიტანა და, ,,ვარდების მონაპოვარი'', მგონი, ახლაც საფრთხეშია...
_ კონკრეტულად რა დგას საფრთხის წინაშე?
_ დემოკრატიული ღირებულებები. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დიქტატურისკენ მივდივართ...
_ ერთი წლის წინ ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდა. იყო წარმოდგენა, რომ ყველა სახელისუფლო რგოლს თავისი ოპოზიცია უნდა ჰყოლოდა, მაგრამ ოპოზიციას ხელოვნურად ვერ გამოიგონებ და თქვენ, რა, გინდათ, რომ ასეთი რამ ჩვენც შევქმნათ?.. ეს ჩვენი თამაშის წესი არაა. დღეს ოპოზიციის ხვედრითი წილი ძალიან მცირეა, თუმცა ერთი წლის წინ მეგონა, რომ ოპოზიცია ძლიერი იქნებოდა. ისე, შეგვეძლო, სიტუაცია დაგვეკონსერვებინა და თაფლი და შაქარი ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფო მმართველობაში, კულტურის სფეროსა და განათლებაში თუ სერიოზულ რეფორმებს არ გავატარებთ, ეს ქვეყანა დაინგრევა. რეფორმები ვიღაცის ჯიბეს ურტყამს და ვიღაც უკმაყოფილოა, მაგრამ ოპოზიცია აბსოლუტურად არაჯანსაღ აქცენტებს აკეთებს. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, სალაპარაკო უფრო მეტი მექნებოდა და ის, რაც ოპოზიციამ რუსთაველის მოვლენების დროს გააკეთა, მისი პოლიტიკური ხარაკირი იყო!
_ ვთქვათ, ხალხმა ,,ვარდოსნების'' ნდობა დაკარგა და თქვენც დაინახეთ, რომ საქმე უკან-უკან მიდის, ,,კმარას'' ისევ იტყვით?
_ (ხმას უწევს) ამ კითხვაზე თავმოყვარე ადამიანი პასუხს ვერ გაგცემთ!
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ არარსებულ რეალიებზე როგორ უნდა ვისაუბროთ? ნახევარი საათია, აქ ხართ და ეს დრო ,,ბალტავნიაში'' გავატარეთ, საგნობრივ თემაზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვსხედვართ და, პრაქტიკულად, ვჭორაობთ...
_ ამიხსენით, ხელისუფლებაში არსებულ ,,დაჯგუფებებს'' ჭორაობად რატომ თვლით და, საერთოდ, ,,საგნობრივი თემები'' რას ნიშნავს?
_ ქალაქის მერი ვარ და საგნობრივი თემა ისაა, რაც ქალაქშია გასაკეთებელი...
_ ბატონო გიგი, ამას წინათ მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, ჭერიდან მკვდარი ვირთხები როგორ ცვივა. ნაციონალებმა ხალხის გული სწორედ ამ თემით მოიგეთ, აი, მიწისძვრით დაზარალებულებს უნდა დავეხმაროთო, მაგრამ რევოლუციის მერე ეს ხალხი აღარ გაგხსენებიათ. მეტიც, გახსოვთ, ჭიაბერაშვილმა მოსახლეობა საჯაროდ აგინა?.. თუ გნებავთ, სხვა ,,საგნობრივ თემასაც'' შევეხები...
_ რაც თქვით, უტრირებული წარმოდგენაა, თუმცა კაპიტალური მშენებლობის მხრივ მერიაში ბევრი არაფერი შეცვლილა და კვლავ რჩება კორუმპირებულ სისტემად. ბევრი ადამიანი, ვინც ამ კუთხით აქტიურობდა, გარიგებაშია შემჩნეული.
_ რომელ ადამიანებსა და გარიგებაზე საუბრობთ, ბატონო გიგი?
_ ვთქვათ, სახლს ბზარი აქვს. წერილს გაამზადებენ, უიმე, ამ სახლს გამაგრება სჭირდებაო და თანხებსაც გამოყოფენ, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ამ სახლის მაგივრად დეპუტატის ან მერიის რომელიმე ჩინოვნიკის სახლი რემონტდება.
_ ასეთი გარიგებები რევოლუცის მერეც ხდება?
_ ეჭვი მაქვს, რომ ასეთი გარიგებები ქვედა დონზე ახლაც ხდება...
_ მაშასადამე, კორუფციასთან სერიოზული ბრძოლა მოგიწევთ...
_ დიახ და ამის გამოსასწორებლად მექანიზმიც მაქვს.
_ ბატონო გიგი, თქვენი მერობისასაც მოხდება, რომ გზას ჯერ დააგებთ, ერთი კვირის მერე აყრით და დაგებას ხელახლა დაიწყებთ?
_ ეს როდის მოხდა?
_ არ გახსოვთ, ,,პეროვსკაიასა'' და მეიდანზე გზა რამდენჯერ აყარ-დააგეს?
_ მეიდნის შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ პეროვსკაიაზე, როგორც ჩანს, ტექნიკური შეცდომა იყო დაშვებული...
_ შეიძლება, მაგრამ ეს შეცდომა სერიოზული თანხა დაჯდა. ჰოდა, დამნაშავეების დასჯას არ მოითხოვთ?
_ ჯერ არ დავინტერესებულვარ, პროკურატურაში რა საქმეებია, თუმცა მონაცემები მოვითხოვე და ამ თემებით აუცილებლად დავინტერესდები...
_ ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია ჭიაბერაშვილს უყენებდა, მერიის საატესტაციო კომისიის თავმჯომარეობა იყო და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ,,ჭია'' ლამის კორუფციაში დაადანაშაულეს. მოკლედ, მერის სავარძელთან ერთად, წინამორბედმა ზემოხსენებული კომისიის ხელმძღვანელობაც გადმოგილოცათ?
_ გადაწყვეტილი არ მაქვს, ამ კომისიის თავმჯოდმარე ვიქნები თუ არა, თუმცა აქ კორუფციაზე ლაპარაკი აბსურდია, რადგან თუ გინდა, რომ ტესტირება უკუღმართად წარმართო, ამის ბერკეტი მერს ყოველთვის ექნება... იმას, ვინც ამ თემაზე საუბრობს, მთელი ცხოვრება ,,ჩაწყობებით'' აქვს და არ სჯერა, რომ რამე შეიძლება, ,,არაჩაწყობით'' გაკეთდეს. მათ რომ უსმინო, ვერაფერს გააკეთებ. შემფასებელი საზოგადოებაა და არჩევნებზე ვნახავთ, ეს ხალხი რას შეგვთავაზებს.
,,მოსკოვური პაესტკა''
მართალია, 2005 წელს უგულავა პირობას დებდა, რომ კორუფციას „ცეცხლითა და მახვილით“ შეებრძოლებოდა ანუ ვერავინ გაბედავდა, რომ მისთვის ვთქვათ, ძვირადღირებული საათი ან სხვა ნივთი ეჩუქებინა, მაგრამ დღე დღეს მისდევდა, თვე _ თვე, წელიწადი _ წელიწადს და „კმარელყოფილი“ მერის „კორუფციულ ვნებებსა“ და შემოსავლებზე ფანტასმაგორიული ამბები ვრცელდებოდა. პარალელურად, იმასაც ამბობდნენ, სააკაშვილი უგულავას თავის შემცვლელად ამზადებსო. 2010 წელს, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში წერილი _ „ვიპიმ ზა ბუდუშეგო პრეზიდენტა გრუზიი გიგი უგულავა“ _ გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო:
„უგულავას მშრალი ბიოგრაფიული სტატისტიკა თითქოს არაფრისმთქმელია, მაგრამ დაკვირვებული ადამიანის თვალსა და გონებას, დამეთანხმეთ, რომ არ გამოეპარება მისი იერარქიული აღმასვლის უკან მდგომი უჩინარი, რომელიც მართალია, ჩრდილშია, მაგრამ დროდადრო გიგის თავზე მოგროვილ შავ ღრუბლებსაც უმალ ფანტავს და მის კარიერულ „წარმატებებსაც“ უზრუნველყოფს. და მაინც, ვინ არის გიგი უგულავა ისეთი, სააკაშვილი მისი ქოჩრიდან ბეწვსაც რომ ვერ აგდებს? თბილისში ბევრი ამბობს, რომ გიგი უგულავა არის კაცი არსაიდან, მაგრამ საქმეში უფრო ღრმად ჩახედულები ამბობენ, რომ იგი არის კაცი „ვიღაცისგან“ ანუ კაცის კაცი, რომელიც გარკვეული დირექტივებით იმართება და კაცი, რომელსაც ვერავინ ფეხებს ვერ მოსჭამს, მათ შორის, ვერც მიხეილიო. და მაინც, ვინ არის თეთრი პირსახის, ტანადშემცრობილი, მაგრამ ამბიციამომატებული, ბრიყვული გამომეტყველების დღევანდელი თბილისის მერი? სამღვდელოების წარმომადგენლებს ,,შეჩემას” დონეზე რომ ეურთიერთება და ეშმაკთან ძმაკაცობს?
...გიგი უგულავამ, როცა მიწაზე ვერ ნახა ადგილი, „ზეცას შეერკინა“ და სასულიერო სემინარიაში კობა სუბელიანსა და მამუკა ახვლედიანთან ერთად (ეს ორი პიროვნება მოგვიანებით მოადგილეებად გაიხადა) სცადა ჭეშმარიტებასთან მიახლოება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, პატრიარქის პირადი სტიქაროსანი იყო, თავხედობის მოთოკვა მაინც ვერ ისწავლა და რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი წირვის შემდეგ პატრიარქთან მიახლოებულ მანდილოსანს სახეში სთხლიშა, აქაოდა, მის უწმინდესობასთან ასე ახლოს მისვლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლიაო! ამის გამო (სტიქაროსანი უგულავას ამაზრზენ ქმედებას მრავალი ადამიანი შეესწრო) სტუდენტი გიგი სემინარიიდან გარიცხეს... საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ „თავისუფლების ინსტიტუტში“ იპოვა და „ენჯეოშნიკი“ გიგიც მთელი სიგრძე-სიგანით წარსდგა საქართველოს მოსახლეობის წინაშე, როგორც პირველი „კმარელი“...
მას შემდეგ, რაც თბილისის მერად დანიშნა, სააკაშვილმა გიგი მოსკოვს გააგზავნა „გამოცდილების“ მისაღებად და აი, აქ კი, შესაძლოა, სააკაშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა.… რატომ? რატომ და, ტანად და სახით შესახედი უგულავა, მოსკოვური პოლიტელიტისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და თანაც იმიტომ, რომ მის უკეთ წარმოჩინებაზე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთმა ქართველმა მილიონერმა იზრუნა, რაც დიდ მიღებასა და პურ-მარილში გამოიხატა! „ვიპიმ ზა ბუდუშეგო პრეზიდენტა გრუზიი“ _ შესთავაზა მილიონერმა მასპინძელმა რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებს უგულავას, როგორც მომავალი პრეზიდენტის სადღეგრძელო და დარცხვენილი, ლოყებღაჟღაჟა გიგიც თავდახრილი, მაგრამ ბედნიერი იხდიდა მადლობებს -ხან მარჯვნივ და ხან _ მარცხნივ! ამის შემდეგ, დაახლოებით 7-8 დღეში, „ბუდუში პრეზიდენტი“ სამშობლოში დაბრუნდა და კუდში მოიყოლა ზურაბ წერეთლის ერთ-ერთი „შედევრი“ -წმინდა გიორგისთან მებრძოლი გველეშაპის ქანდაკება, რომელიც _ არც მეტი, არც ნაკლები _ თავისი კაბინეტის მოპირდაპირედ, თავისუფლების მოედანზე, მაშინდელი მერიის წინ დაიდგა „კარგი და ღირებული“ მოგონებების აღსანიშნავად!
დიახ, სწორედ ზურაბ წერეთელმა გამართა დიდი ნადიმი გიგი უგულავას მოსკოვში ჩაბრძანებასთან დაკავშირებით და სწორედ მან მიიპატიჟა რუსი და ქართველი გავლენიანი პირები თავის სახლში „პატარა გიგის“ უკეთ გასაცნობად!
გიგის მერად არჩევას მთელი ნაცმოძრაობა კი არა, ოპოზიციაც მიესალმა, ხელიც ჩამოართვა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულ სახელისუფლებო კანდიდატს და დემოკრატიული ანტურაჟიც შეუქმნა ქალაქის საკრებულოში მრავალპარტიულობის თვალსაზრისით.
თბილისის საკრებულოში შესვლისთანავე რესპუბლიკურმა პარტიამ დოკუმენტების მთები დააყენა მერიის მიერ არამიზნობრივად გახარჯული მილიონობით ლარის შესახებ, მაგრამ „კორუფციასთან მებრძოლმა“ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილმა, ისევ სიბრმავის, სიყრუისა და სიმუნჯის პოზა დაიჭირა... გიგი უგულავა, ამგვარი დუმილით გაგულავებული, დიდი ცელით ცელავს ქალაქის ისედაც გაღატაკებული ოჯახების ფინანსებს და არც არავისი ეშინია. არა, განა იმიტომ არ ეშინია, რომ გულადი და უშიშარია? არამედ იმიტომ, რომ „კაცის კაცი“ და „საქართველოს მომავალი პრეზიდენტია“.
...სამარშრუტო ტაქსების ბიზნესიდან, ელიტური კორუფციის წყალობით, ისედაც შედიოდა „წილი“ მერიაში, მაგრამ უკვე დღეს მერიის სატრანსპორტო განყოფილება თავად ლობირებს ევროპიდან შემოყვანილი „ყვითელი მარშრუტკების“ ბიზნესს და „ვარდების რევოლუციის“ „შთაგონების ერთ-ერთი წყაროს“ ბათუმელ თენგიზ ასანიძის ვაჟთან, დათო ასანიძესთან ერთად, მგზავრობის 80 თეთრის საფასურის გაზრდით, თურმე, ნუ იტყვით და, მხოლოდ ერთ თვეში 13 მილიონ ლარამდე მოგებასაც ნახულობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნებისმიერი თბილისელი საკუთარ სახლში დამპალი ფანჯრის გამოსაცვლელად უნდა ქალაქის მერიაში მივიდეს და ფანჯრის გამოცვლის ნებართვაშიც 50 ლარი გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 000 ლარით დაჯარიმდება და ეს ფულიც ქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ იქნება გადახდილი! მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი უკვე რიგები დგას...
...კომუნისტურ ეპოქაში ასფალტს, ხუმრობით, „ჩორნაია იკრას“ ეძახდნენ და ამაში ის იგულისხმებოდა, რომ ამ საქმეში ძალიან დიდი ფული იშოვებოდა! დიახ, „ჩორნაია იკრას“ და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს არც დღეს დაუკაგავს აქტუალობა და ვითომ ხალხისთვის დაგებულ ასფალტში, დარგულ ყვავილებში, „გაკრასკულ“ ფასადებში უზარმაზარ მოგებას ნახულობს როგორც უგულავა, ასევე მისი ხელშეწყობით ტენდერებში „გამარჯვებული“ საეჭვო ფირმების მესვეურებიც.“
ავსტრიული სკანდალი
ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, რომელიც უგულავას მერობას უკავშირდება, იმხანად სააკაშვილის მეგობრის, გიგის მაშინდელი მეუღლის მშობიარობა იყო. კერძოდ, 2011 წელს, ქართულ ბეჭდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უგულავას მეუღლის ავსტრიაში მშობიარობა ქალაქის ბიუჯეტს 12 ათასი ლარი დაუჯდა.
„დედაქალაქის მერის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უგულავას ცოლის მშობიარობა 12 000 ლარი, ხოლო შვილების სწავლა 5555 ლარი დაუჯდა. დეკლარაციის მიხედვით, უგულავას ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ ერთი უძრავი ქონებაა _ მისი მეუღლის, ლელა კილაძის კუთვნილი ბინა წყნეთის გზატკეცილზე, რომელიც 50.0 კვ.მ-ია. მერის ოჯახს საკუთარებაში არ გააჩნია 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება. Mმას არც ფასიანი ქაღალდები აქვს და არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. უგულავას ოჯახის წევრებს შარშან 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღიათ.
დედაქალაქის მერს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი ბი სი ბანკის“ ანგარიშზე მხოლოდ 185 ლარი ჰქონდა, „საქართველოს ბანკში“ კი _ 10 000 ლარი. მის მეუღლეს, ლელა კილაძეს კი საქართველოს ბანკის ანგარიშზე 14 000 ლარი აქვს. დეკლარაციაში მისი კუთვნილი ნაღდი ფული _ 5 000 ლარიც არის აღნიშნული. რაც შეეხება სახელფასო შემოსავალს, გიგი უგულავამ შარშან, ხელფასის სახით, 92 362 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ ლელა კილაძემ კი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურული ღონისძიებების სამსახურის უფროსია, _ 40 023 ლარი,“ _ ნათქვამია „ნიუსში“, რომელიც 2011 წლის 10 მაისით თარიღდება. სხვათა შორის, მოგვიანებით, თბილისის მერიის მაშინდელმა პრესსამსახურმა ზემოაღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უგულავას მეუღლის ავსტრიაში მშობიარობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა. უგულავა ნაცმოძრაობის არამცთუ „რუხი კარდინალი“, არამედ ის იდეოლოგი გახლდათ, რომელიც მუდამ აქტიურობდა. მეტიც, იგივე 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში, უგულავას, თურმე ლოჯისტიკა ებარა. პერიოდულად ვრცელდებოდა ხმა, რომ თბილისის მერი, სოსო თოფურიძესთან ერთად, საპატრიარქოსთან ურთიერთობასაც ალაგებდა და სინოდის სხდომებსაც ესწრებოდა.
ბრძოლა ,,ოცნებასთან'' და მიშასთან გამიჯვნა
უგულავას აქტიურობა არც 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეუწყვეტია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხზე მზრუნველი ოპოზიციონერი ჩინოვნიკის როლი მოირგო და „ოცნებას“ სისხლს უშრობდა. ამ მხრივ კი ყველაზე დასამახსოვრებელი უგულავას კანცელარიაში მისვლა და მთავრობის სხდომაზე შეჭრა გახლდათ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ უგულავა ჯერ მერობიდან გადააყენეს, მერე კი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების საბაბით დაიჭირეს. დაკავების დროს უგულავა ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გახლდათ.
არავინ იცის, ციხეში რა მოხდა, მაგრამ სწორედ უგულავა იყო ის პირველი „მერცხალი“, რომელმაც ციხიდან „უსტარი“ აფრინა. „უსტარში“ მიხეილ სააკაშვილი არცთუ თბილად იყო ნახსენები. ეს კი არადა, ტუსაღი უგულავა უკრაინას თავშეფარებულ მიხეილს ურჩევდა, ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობა დატოვეო. ამავე წერილით ნათელი გახდა, რომ უგულავა პარტიულ ლიდერობაზე უარს ამბობდა ანუ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყოფილი მმართველი პარტიის დაშლა-დაქუცმაცება სწორედ ამ წერილით დაიწყო.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გიგი უგუალვამ, ყოფილი მეგობარი და ლიდერი სააკაშილი ჯართს შეადარა და, სხვებთან ერთად, ნაცმოძრაობას გაემიჯნა. დღეს უგულავა ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერია და ყველაფერს თავიდან იწყებს, თუმცა ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. არც იმის პირი უჩანს, რომ პოლიტიკური ღმერთები თბილისის მერყოფილს ისევ გაუღიმებენ და ხელისუფლებაში მოიყვანენ, თუმცა რამის ხელაღებით გამორიცხვა შეუძლებელია.
სხვათა შორის, მაშინ როცა თბილისის თავი იყო, უგულავა საკუთარ ფიგურაზეც ზრუნავდა _ იმხანად მთელი თუ არა, ნახევარი თბილისი „უგულავას დიეტაზე“ „იჯდა“. გიგის კილოგრამები საპყრობილემაც დააკარგვინა. „ექსკმარელი“ უგულავა პოლიტიკურ დიეტის დარღვევას ხონისა და ვანი მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობით აპირებს. დიეტოლოგების თქმით, დიეტის მყისიერი დარღვევა ორგანიზმისთვის საზიანოა. ჰოდა, ამ ალგორითმს, ვინ იცის, ეგებ პოლიტიკური დიეტის დარღვევაც ექვემდებარება?!.
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში