Menu
RSS

რა ხდება სამეგრელოში

„ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია თენგიზ გუნავას ბრალდებებს პასუხობს

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ,,ევროპული საქართველოს'' წევრმა თენგიზ გუნავამ, შინაგან საქმეთა მინისტრს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ ზუგდიდში, ,,ტყის ძმების'' დაჯგუფების ხელმძღვანელი, დათო შენგელია და მისი მეგობრები თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებენ. გიორგი გახარიამ იკითხა: ,,ზუგდიდს მაყურებელი ჰყავს და ვინ უყურებს ამ ზუგდიდს?'' _ გუნავამ სხდომაზე ღიად დაასახელა ვინმე ხვიჩა ცხაკაია, თუმცა სხვა კონკრეტული ფაქტები არ გაუჟღერებია და არც ის დააკონკრეტა, რის საფუძველზე აკეთებდა დეპუტატი ამ განცხადებას. ,,ვერსია'' სწორედ კონკრეტული ფაქტებით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია, ვინ არის ხვიჩა ცხაკაია და რა საფუძველი აქვს ოპოზიციის მხრიდან ესოდენ სკანდალურ განცხადებას. სწორედ ამ კითხვით მივმართეთ თავად თენგიზ გუნავას.

_ ხვიჩა ცხაკაია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია. იგი კანონიერი ქურდების _ ზვიად დგებუაძისა და ლევან მარღიას მარჯვენა ხელია. ისინი სწორედ ამ პიროვნების ხელით თურქეთიდან მართავენ სიტუაციას ზუგდიდში. ჩემი ინფორმაციით, ცხაკაია ერევა ყველანაირ დავაში, მათ შორის აკონტროლებს წილებს თხილის ბიზნესში. ხალხი ამაზე ღიად იმიტომ არ საუბრობს, რომ ეშინიათ, რადგან რამდენჯერმე ნახეს ეს პიროვნება სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად. ვფიქრობ, ამ ხელისუფლების გარკვეული ავტორიტეტია. ხელისუფლების პოლიტიკური ნება რომ არ იყოს, იგი ასე ვერ მოიქცეოდა. ცხაკაიას უსაუბრია ჩემს ინტერესებზე, მე არანაირი ინტერესი არ მამოძრავებს, პარლამენტის დეპუტატი ვარ და ვალდებული ვარ, ხალხის ნათქვამი გავაჟღერო.
_ ხვიჩა ცხაკაიას შესახებ რა იფორმაცია გაქვთ?
_ ჩვეულებრივი კრიმინალი იყო, ნასამართლევი და ქურდულ გარჩევებშია ძირითადად.
_ ნაციონალური მოძრაობის დროს რას საქმიანობდა?
_ მაშინ ციხეში იყო. იცით ჩვენი დამოკიდებულება ქურდული სამყაროს მიმართ...
_ ბიზნესდავებში რა ფორმით ერევა, ბიზნემენებს თანხას სძალავს?
_ რა თქმა უნდა. ეუბნება, ვიღაცას სჭირდება თანხა ზონაში, ციხეშიო და ისინიც აძლევენ. ადრე ,,შავ სამყაროში'' არ იყო მიღებული ინტერვიუს მიცემა, პოლიტიკაში ჩართულობა, ახლა კანონიერი ქურდების გარკვეული ნაწილი ერევა პოლიტიკაში ასეთი პიროვნებების მეშვეობით. შევარდნაძის პერიოდში ყველა სოფელს ჰყავდა მაყურებელი, ნაცმოძრაობის მიერ გატარებული პოლიტიკის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდნენ.
_ თუმცა, ნაციონალების დროს იმაზე იყო საუბარი, რომ ახალაიების კლანი აკონტროლებდა სამეგრელოს.
_ ზოგადი საუბარი არ მჩვევია, კონკრეტული ადამიანების გულისტკივილზე ვსაუბრობ ახლა. ქურდული სამყაროს კონტროლი სხვაა და ვიღაცის ჰაერზე ნათქვამი _ სხვა.
_ გახარიას უწყება დაინტერესდა თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით, დაგიკავშირდნენ დეტალური ინფორმაციისთვის?
_ არა. ისე, გახარიას ვუთხარი, რა გამოწვევებზეც ისაუბრა, ვეთანხმები და სწორია რეფორმის საჭიროება, მაგრამ შედეგებს უნდა დაველოდოთ. მე თუ ვიცი ცხაკაია და შენგელია რასაც აკეთებენ, არ მგონია, შს მინისტრს გაუჭირდეს ამის გარკვევა. მის ხელშია კრიმინალური პოლიცია და ყველა შესაბამისი სამსახური და თუ ასე არაა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე!
_ სერიოზულ ბრალდებებს აჟღერებთ, კონკრეტული ფაქტების დასახელება შეგიძლიათ, ამის შესახებ მიაწვდით ინფორმაციას შს მინისტრს?
_ სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა, მათ პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ვიცი ასეთი ფაქტი _ მეგობრებს შორის ბიზნესში მოხდა კონფლიქტი, რაშიც ჩაერია ცხაკაია, ერთ-ერთი ბიჭი გადაიყვანეს თურქეთში ქურდებთან, შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ ისევ ამ ორ მეგობარს შორის მოხდა კონფლიქტი, გასროლა, ერთი დაიჭრა, მეორე კი მიიმალა. ასეთ საკითხებში სახელმწიფო არ ერევა და მიშვებული ჰყავს ასეთი ტიპები. ეს იმიტომ ხდება, რომ არჩევნებში იყენებენ ამ ხალხს. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებზეც ყველა უბანზე იდგა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი. ცხაკაიას უთქვამს, ახლა ბათუმში ვარო, ალბათ, მე რომ დავიწყე საუბარი, სტრუქტურების თანამშრომლებმა უთხრეს, ცოტა ხანს გაერიდეო.
_ თქვენ კვლავ ვარაუდებით საუბრობთ. ხვიჩა ცხაკაიასთან რაიმე პირადი კონფლიქტი ხომ არ გქონიათ, თუნდაც თქვენი ყოფილი საქმიანობის დროს?
_ აბსოლუტურად არანაირი.
_ ბატონო თენგიზ, იმის თქმა გსურთ, რომ სამეგრელოში ქურდული მენტალიტეტი დაბრუნდა?
_ დიახ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ახლახანს ახალგაზრდებს ჩხუბი მოუვიდათ და ამ კატეგორიის ათობით ადამიანი ერთი თვის განმავლობაში იარაღებით დარბოდნენ, არავინ იყო ამის გამკითხავი. შემდეგ კრიმინალმა შეარიგა და დასრულდა კონფლიქტი, მაგრამ ბეწვზე გადარჩნენ.
_ ხელისუფლებას რატომ უნდა აწყობდეს კრიმინალის დაბრუნება, ისიც ხომ ფაქტია, რომ კანონიერი ქურდები საქართველოში ვეღარ ბრუნდებიან?
_ ხელისუფლებას რომ არ აწყობდეს, არ გამოიყენებდა ამ ხალხს არჩევნებზე.
_ მტკიცებულებები გაქვთ, რომ ხელისუფლება არჩევნებზე მათ იყენებდა?
_ როგორ გგონიათ, ამდენი წელი ამ სტრუქტურაში ვიმუშავე და ხალხი არ მყავს და ინფორმაცია არ მაქვს? ცხაკაიას შეიძლება ჰგონია, რომ სამ კაცში საუბრობს, მაგრამ მე ამას ვიგებ. დათო შემნგელიაზეც მინდა ვისაუბრო, ის ადრე პარტიზანულ დაჯგუფებას მეთაურობდა, ვიცნობ პირდად და საარჩევნო პროცესში ჩართეს, ზუგდიდში კაბინეტი აქვს, სადაც სტუმრობდნენ გუბერნატორი ლევან შონია, ცხაკაია, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებიც, ყოფილი გენერალი გულუა და ა.შ. საპარლამენტო არჩევნების დროს ჩემი მეგობარი დაიბარეს, რა გინდა ნაციონალებში, მიშას დრო წავიდაო. ხშირად მიჰყავთ ადამიანები, ე.წ. შტაბში და გადაბირებას ცდილობდნენ.
_ კი, მაგრამ პოლიტიკაში ,,გადაბირება'' დანაშაული რატომაა?
_ შენგელიას რომ ჰკითხო, პოლიტიკაში არაა. მითვლის, იძულებული ვარ, ჩავერიო ამ საქმეებში, რადგან მეშინია, დამიჭერენო. თუ ღია საარჩევნო გარემოა, არ უნდა შეაშინო, აიძულო და აშანტაჟო ხალხი. მანქანებში სვამენ ადამიანებს და ეუბნებიან, შენგელიასთან მიგვყავხარო, კი მაგრამ ვინაა, რა სტატუსი აქვს ამ შენგელიას?! ამ ხალხს ძირითადად გუბერნატორი შონია იყენებს.
კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, ენგურის ხიდზე სამარშრუტო ტაქსები გადადის ჭუბურხინჯის მხარეს, ამას აკონტროლებენ დათო შენგელია და მისი ყოფილი თანამებრძოლები: ლევან ძაძუა, გენო ფულავა და სხვები. ეს ხალხი ამ სამარშრუტო ტაქსების გადაადგილებას აკონტროლებენ, მძღოლებს ფულს სძალავდნენ, მაგრამ რაც ამაზე საუბარი დავიწყე, ამბობენ, აღარ სძალავენ ფულსო, თუმცა, შესაძლოა, დაფა რულად ეს მაინც ხდებოდეს. აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციასთან მოილაპარაკეს და ეს სამარშრუტო ტაქსები დააყენეს. მთავარი ისაა, რომ იქ დგას პოლიცია, უშიშროება. მოკლედ, შავი წარსულისაა ეს ხალხი და ეს ყველაფერი იცის პოლიციამ და უშიშროებამ, თუმცა, შეიძლება ისინიც საკუთარ თავებს, ოჯახებს უფრთხილდებიან.
_ გამოდის, პოლიციას ატერორებენ?
_ ეგრე გამოდის. სამწუხაროდ, რიგით პოლიციელებს დაუცველობის განცდა აქვთ და ამიტომაც ბევრ შემთხვევაში თავს არიდებენ ზედმეტ ,,თავის ტკივილს''. ასევე აუცილებელა ხელფასები გაეზარდოთ მათ, რათა მეტი მოტივაცია ჰქონდეთ. უმთავრესი კი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, დაისაჯოს და არ წახალისდეს კრიმინალური სამყარო.
სხვათა შორის, დათო შენგელიას ზუგდიდში პარკირების საკითხიც უკავშირდება. კომპანია ,,თაუნპარკს'' ვინმე ნიკა შელია ხელმძღვანელობს, რომელიც შენგელიასა და გუბერნატორის ნათესავია, წილშია თავად გუბერნატორი. ჩნდება ეჭვი, რატომ მოიგო ტენდერი მაინცდამაინც ამ კომპანიამ? _ 10 წლის ვადით გადასცეს განკარგვის წესით ტერიტორიები და, როგორც ვიცი, 7 თვეა, თანხა არ შეუტანია მერიის ბიუჯეტში. ასევე სოფელ კოკში 2015 წელს გაიხსნა ბეტონის ქარხანა, პოლონურ კომპანიას, რომლის წარმომადგენელი იყო ვინმე მაგდალენა ჟენევკა, კარიერი წაართვეს და, ჩემი ინფორმაციით, ამ საქმეში ჩართულები არიან შენეგელია და შონია. პოლონელებმა ხობში გადაიტანეს ტექნიკა, წავიდნენ საქართველოდან და ეს საქმე დღემდე არ გამოუძიებიათ. ჩემ მიერ დასახელებული ადამიანები კონტრაბანდული საქონლის შემოტანაშიც არიან ჩართულნი.
_ რა ტიპის კონტრაბანდულ საქონელზე საუბრობთ?
_ სიგარეტსა და სხვა პროდუქტებზე. ახლახანს მოხდა ასეთი შემთხვევა _ ჭუბურხინჯიდან ზუგდიდის რაიონში მომავალ სამარშრუტო ტაქსში ფინანსურმა პოლიციამ კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინა, მივიდნენ შენგელიას ყოფილი თანამებრძოლები, ძაძუა და სხვები, დაელაპარაკნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებს. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თქვეს, რომ არ იცოდნენ, ვინ იყო კონტრაბანდული საქონლის პატრონი, რაც ტყუილია.
_ ამ საკითხზე ასე დეტალურად პარლამენტში რატომ არ საუბრობთ?
_ დროის ამბავია, ხიდთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვისაუბრე, გიორგი მღებრიშვილს ვუთხარი ცხაკაიას შესახებ და არ დაინტერესდა, მეტი რა გავაკეთო? მსგავსი რამეები ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს არ ხდებოდა, შეიძლება მეტად მკაცრი პოლიტიკა გვქონდა ამ მიმართულებით, მაგრამ მსგავს რამეს არ დავუშვებდით.
_ სამეგრელოს მოსახლეობა პროტესტის გამოხატვას არასდროს ერიდება, თუ ნამდვილად ასეთი ვითარებაა, ახლა რატომ არ აპროტესტებენ?
_ რამდენიმე საკითხზე გამოვიდა ხალხი.
თენგიზ გუნავას მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება ხვიჩა ცხაკაიასა და დათო შენგელიასთან ვცადეთ. ტელეფონზე ქალბატონმა გვიპასუხა, რომელმაც გვაცნობა, რომ ხვიჩა ცხაკაია ერთი კვირით გაემგზავრა და ვერ დაგველაპარაკებოდა. ღაც შეეხება დათო შენგელიას, ,,ტყის ძმების'' ყოფილი მეთაური ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ არც შტაბი ჰქონია და არც არჩევნებში ერეოდა (სტილი დაცულია):
_ თუ მომავალში არჩევნებში ჩავერევი, ამას არც გუნავასა და არც არავის შევეკითხები. ვისაც მინდა, იმას მივცემ ხმას და დავუჭერ მხარს. ამბობენ, თავად თენგიზ გუნავა არის იმ მიკროავტობუსების წილშიო. რას გულისხმობს, როცა ამბობს, მიკროავტობუსების მუშაობას ვაკონტროლებ ან ფულს ვძალავ ვინმეს?! თუ ასეა, წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოს კაცი, ვისაც ფული წავართვი! თვითონ იყო პოლიციის უფროსი მანდ რამდენიმე წელიწადი და თვითონაა წილში. ჩემზე ამას იმიტომ ყვება, რომ უნამუსო კაცია. წლებია, ხალხი ,,პადვოდით'' დადის და თუ ვინმემ ავტობუსი დააყენა, უკეთესი არაა? ხალხს შეეკითხონ ,,პადვოდით'' სიარული ურჩევნიათ თუ ავტობუსით?
გუნავა ამ ყველაფერს იგონებს, რადგან გაქანებული ნაცია. რაც შეეხება პარკინგის კომპანიას, ვისაც გუნავა ასახელებს, საერთოდ არ ვიცნობ, არც ნათესავია ჩემი, არც მეგობარი, არც _ ნაცნობი. გუნავას ხალხი ჰყავდა დამონებული, რამდენიმე წელიწადი იყო პოლიციის უფროსი ,,სატანების მთავრობის'' დროს და იმ დროს წილებს იღებდნენ ყველგან, ახლა, ალბათ, შემოაკლდა და მე მაბრალებს, რა შუაში ვარ, ვერ გავიგე?! რომ მაბრალებს, ხალხს ატერორებს, აწუხებსო, ერთი კაცი მოიყვანოს და თქვას იმ კაცმა, შენგელიას ვაძლევ ფულსო. ჩემი არავის ეშინია, დამთავრდა ის დრო, ვინმეს ვინმესი რომ ეშინოდა და მეორეც _ ისეთი არაფერი გამიკეთებია, ხალხს ჩემი ეშინოდეს, ვეხმარებოდი ყოველთვის ხალხს, ყოველთვის ვაკეთებდი ხალხისთვის საკეთილდღეო საქმეებს. რაც მაქვს გაკეთებული, მაგის 5% გააკეთოს გუნავამ და მისნაირებმა და დალაგებული იქნება საქართველო.
არავითარი საქმე ლევან შონიასთან არ მაკავშირებს, იმის გარდა, რომ გუბერნატორია და გამარჯობა მაქვს ნათქვამი.''
_ რაც შეეხება ბეტონის ქარხანასთან დაკავშირებულ ბრალდებას?
_ სადაა ეს ქარხანა? იტყუება ამ ყველაფერს, უნამუსო, მატყუარა, უზრდელი, კაცია. თუ სიმართლეს ამბობს გუნავა, რომ მხვდება რატომ მოდის, მესალმება, რატომ მეპატიჟება ყავაზე და ჩაიზე? მაგასთან სუფრასთან როგორ დავჯდები! ხვიჩა ცხაკაიას არ ვიცნობ, გაგონილი კი მაქვს და რას უნდა უყუროს ხვიჩა ცხაკაიამ ზუგდიდში? შეიძლება, ლამაზი ხე დგას და იმას უყუროს.
თათია გოჩა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში