რატომ მოაწყო უშიშროებამ სპეცოპერაცია სამართალდამცავის კორპუსში - საიდუმლო კაზინოს სკანდალური საქმე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამასწინათ, ერთ-ერთ კანონმდებელს შევჩივლე, არ შეიძლება, აზარტული თამაშები საერთოდ რომ აიკრძალოს-მეთქი და გაგიჟდიო, ამ თანხას რომ არ ვატოვებინებდეთ ტურისტებს და განსაკუთრებით, აზიიდან შემოსულებს, ბიუჯეტს რა შეავსებდაო. როგორც გვეუბნებიან, თანხის ძირითად ნაწილს, სწორედ უცხოელები აგებენ, მაგრამ ძალიან აქტიურად თამაშობენ საქართველოს მოქალაქეებიც და თამაშის გამო დაკარგული ბინები, დანგრეული ოჯახები და სუიციდის შემთხვევები, ქართული სინამდვილისთვის უცხო ხილი არ არის. აი, კომუნისტების დროს კი, კაზინოს ხსენებაც აკრძალული იყო. ამიტომ, თამაშზე ოცნება რიგით ადამიანებს არ  შეეძლოთ, თუმცა შეძლებულები ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე სათამაშოდ და დიდი თანხებიც იდებოდა. ასე განსაჯეთ, კონკრეტული პირები სათამაშოდ 10 და 20 ათასი მანეთით სხდებოდნენ, რაც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. თამაშობდნენ მსახიობები, ცნობილი ადამიანები, მაღალჩინოსნები... ისინი, ძირითადად, ისეთი ადამიანის სახლში იკრიბებოდნენ, სადაც სამართალდამცავები გასაჩხრეკად და შესამოწმებლად არ მივიდოდნენ. მართალია, რეალურად, ყველამ იცოდა, იქ რა ხდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც მილიცია, ისე - უშიშროება თვალს ხუჭავდა. თუმცა, როგორც კი ვინმეს „გაფუჭება“ დასჭირდებოდათ, ერთ-ერთი ბრალდება ესეც იყო.

„ერთ დილით, მეეზოვემ დარეკა განყოფილებაში, სანაგვეში ახალგაზრდა ბიჭი გდია, მგონი, მკვდარიაო და, რა თქმა უნდა, მაშინვე შემთხვევის ადგილზე გავედით. პარალელურად, მორიგემ სასწრაო დახმარების მანქანას დაურეკა და არცთუ ტყუილად - ადგილზე მისულებს ბიჭი ცოცხალი დაგვხვდა, მაგრამ დაბეჯითებით ვერც ექიმებმა თქვეს, გადარჩებაო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე ექსპერტები დარჩნენ, სამართალდამცავთა ნაწილი კი სასწრაფოს მანქანას გაჰყვა. დაზარალებულს ოპერაცია სჭირდებოდა და როგორც წესი, მისი ტანისამოსი ძალოვნებს გადასცეს. ტანსაცმლის ჩხრეკისას, ჯიბეში საფულე - უმნიშვნელო თანხით და რაღაც პლასტმასის რგოლები იპოვეს, რომელზეც ციფრები ეწერა. ჰო, მაშინ ოპერმუშაკებმა არ იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა კაზინოში სათამაშო „ფიშკა“. ეს იმას ნიშნავდა, რომ თბილისში არათუ სათამაშო სახლი არსებობდა, არამედ, იქ ნამდვილი, ე.წ. კაპიტალისტური ატრიბუტიკა ჰქონდათ. ასეთ დროს, შსს ვალდებული იყო, საქმეში უშიშროების კომიტეტი ჩაერთო და საავადმყოფოში „კა-გე-ბე“-ს თანამშრომლები გამოჩდნენ, რომლებმაც ნაპოვნი „ფიშკები“ ექსპერტიზაზე წაიღეს.

ბიჭის ვინაობა მალე გაარკვიეს, რომელიც არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა იყო. საერთოდ არაფრით გამორჩეული სტუდენტი გახლდათ, დაუსწრებელზე სწავლობდა, პარალელურად, ერთ-ერთი საამქროს საწყობში მუშაობდა და ჩვეულებრივი, სტუდენტური შემოსავალი ჰქონდა. სახლში და და დედ-მამა ჰყავდა, რომელბსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა იყო კაზინო და ზოგადად, თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს მათი შვილი. მეტიც, ისინი ამბობდნენ, რომ ბიჭი ღამით სამსახურში კვირაში ორჯერ მაინც რჩებოდა და ამისთვის დამატებით ხელფასს იღებდა, ფული მოჰქონდა და ყველა ბედნიერი იყო. საამქროში კი ამბობდნენ, რომ საწყობში ღამის ცვლა არ იყო და პირიქით, ბიჭი მუდმივად იმას ცდილობდა, სამსახურიდან რაც შეიძლება, ადრე წასულიყო და თანამშრომლებს რამე რომ არ ეთქვათ, პატივისცემაც არ ავიწყდებოდა, ხან კონიაკი მიჰქონდა, ხან - ღვინო ანუ ბიჭს ფული ჰქონდა, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც საწყობში უხდიდნენ და გამოდიოდა, რომ ყველაფერი ეს, უბრალოდ, ფარად სჭირდებოდა, რათა ეჭვი არავის აეღო. რაც შეეხება სასწავლებელს, მეგობრები, პრაქტიკულად, არ ჰყავდა, რადგან დაუსწრებელზე მეგობრების შეძენა ცოტა რთულია.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში უშიშროებაც იყო ჩართული, ყველა ნაბიჯს მას ვუთანხმებდით. დავკითხეთ მეზობლები, სანათესაო, სამეგობრო, რომელიც ძალიან მცირერიცხოვანი იყო და დაკითხვის დროს, მაგიდაზე ყოველი შემთხვევისთვის, „ფიშკებიც“ დავდეთ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია. ისე ჩანდა, რომ ბიჭი არსაიდან მოვიდა და ჯიბეში აღმოაჩნდა ის, რამაც ყველა ფეხზე დააყენა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

უშიშროებამ უბნის რწმუნებულიც გვარიანად აჯანჯღარა, შენს ტერიტორიაზე კაზინოა გახსნილი,  შენ კიდევ აზრზეც არ ხარო, მაგრამ იმ საწყალმა ბიჭმა თავი გაიგიჟა, კაზინო რა არის, წარმოდგენა არ მაქვს და რომ ვიცოდე, ვიტყოდიო. ამის შემდეგ, უშიშროების წარმომადგენლები (შსს-ს თანამშრომლებს ამას არავინ დაანებებდა) ელიტაზე გადაერთვნენ და დაკითხეს კინოსა და თეატრის მსახიობები, მოცეკვავეები, კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ხშირად დადიოდნენ და შემჩნეულნი იყვნენ აზარტულ თამაშებში -  არა მარტო მონაწილეობაში, არამედ, მოწყობაშიც კი. დაკითხვისას, ყველამ ხელები გაასავსავეს, აზრზე არ ვარტო. უშიშროებამ ისიც იცოდა, რომ ერთ-ერთი მსახიობის ოჯახში „რულეტკა“ იყო მოწყობილ-აწყობილი და „ფიშკები“ იქაც ჰქონდათ. შეადარეს, სხვა აღმოჩნდა. ესენი ბევრად ხარისხიანი იყო, ბევრად უკეთესი.

ერთადერთი ვარიანტი კრიმინალური სამყარო დარჩა, თუმცა უბედურება ის იყო, რომ გამოცდილი კრიმინალები უპირატესობას ბანქოს ან კამათელს ანიჭებდნენ და მათმა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რა იყო „რულეტკა“ და მით უმეტეს, „ფიშკები“, თუმცა როგორც შსს-მ, ისე უშიშროებამ, აგენტურული ქსელი მთლიანად ფეხზე დააყენა, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. შეამოწმეს ყველა საეჭვო ობიექტი, მიტოვებული შენობები, მაგრამ ვერაფრის კვალს ვერ მიაგნეს. ბედად, არც ბიჭი მოდიოდა აზრზე, რომ დაეკთხათ და მისთვის მაინც ეთქმევინებინათ, რა მოხდა და საიდან ჰქონდა ის, რამაც ძალოვნებს ძილი დაუფრთხო. ექიმები ამბობდნენ, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება, ბიჭი ორ კვირაში მოვიდეს აზრზე, მაგრამ მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაკთხვის უფლებას ერთ თვეშიც კი ვერ მოგცემთო. ეს ძალიან დიდი დრო იყო, რადგან კაზინოს ორგანიზატორებს მარტივად შეეძლოთ, ყველაფერი მიეხურათ და უბრალოდ, გამქრალიყვნენ, თანაც გამქრალიყვნენ არა მარტო იმ ადგილიდან, არამედ, რესპუბლიკიდანაც, რასაც განსაკუთრებით უშიშროება ვერ დაუშვებდა.

„უიმედო მდგომარეობა გვქონდა და ერთ საღამოს კარი ძველმა აგენტმა შემომიღო. მისი დანახვა გამიხარდა, ტყუილად არ მოდიოდა ხოლმე და ახლაც რაღაც სერიოზულის იმედი მქონდა. მან კი, ძალიან უცნაური და თითქოს არაფრისმომცემი რამ თქვა - თქვენი უბნის რწმუნებული, რომელიც დაკითხვაზე ატირდა, სინამდვილეში, კარგი გაქექილი ვინმეა და მეორე დღეა, ისეთ პირს ეძებს, რომელიც ერევანში სახლის ყიდვაში დაეხმარებაო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მილიციის ახალგაზრდა თანამშრომლისთვის მოულოდნელად ერევანში წასვლა და იქ სახლის ყიდვა, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა. სამართალდამცავებმა მისი გვარი შეისწავლეს, გადაკეთებული ხომ არ აქვს, სომეხი ხომ არ არის და სისხლმა ხომ არ უყივლაო, მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინეს. ამიტომ, თვალთვალი დაუწყეს და მესამე დღეს, მისივე კორპუსის სარდაფში ჩასული დაინახეს. სარდაფიდან უბნის რწმუნებული, დაახლოებით, 15 წუთში უკან დაბრუნდა და სადარბაზოში რიგ-რიგობით დაიწყო ადამიანების შეშვება. ის თავად აცილებდა მათ სარდაფის კარამდე, შემდეგ 2-3 წუთიან ინტერვალს აკეთებდა და ახალ ადამიანს მიაცილებდა. ძალოვნებმა ორი „კანონიერი ქურდი“ იცნეს, მათ გარდა, ორი საკმაოდ დიდი მაღალჩინოსანი და ერთი პარტიული მუშაკი. 15 წუთში, სადარბაზოს შესასვლელთან სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, რომელშიც უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ისხდნენ. ისინი დაელოდნენ, სანამ სარდაფში თავად უბნის რწმუნებულიც ჩავიდოდა და შტურმი დაიწყეს. ყველაფერი არცთუ მარტივი გამოდგა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა - მასიური რკინის კარის საკეტი ავტომატის ჯერსაც კი არ დაემორჩილა და საბოლოოდ, მისთვის მცირე მოცულობის ბომბი გამოიყენეს. კარი აფეთქდა, თუმცა იქ შესულ სპეცრაზმს სრული სიცარიელე დახვდა. სარდაფი ჯერ მეორე სადარბაზოს სარდაფს, შემდეგ კი მესამე სადარბაზოს უკავშირდებოდა. მესამე სადარბაზოსთან არავინ იდგა, მაგრამ როგორც კი იქიდან ხალხმა დაიწყო გამოსვლა, სამართალდამცავები მალევე გამოერკვნენ და თითქმის ყველას დაკავება მოახერხეს. აბსოლუტურად ყველა დაკავებული უშიშროების იზოლატორში წაიყვანეს.

„როგორც შემდეგ გავიგეთ, მხოლოდ რამდენიმე პირი დააკავეს, მაღალჩინოსნებსა და „კანონიერ ქურდებს“ არ შეეხნენ. ყველაფერ ამის ორგანიზატორი სომხეთის მოქალაქე იყო, რომელიც ჩვენი უბნის რწმუნებულთან ერთად, ჯარში მსახურობდა. ბიჭი კი მას შემდეგ დაჭრეს, რაც თამაშის დროს, თაღლითობა შენიშნეს. ის სამაგალითოდ, ყველას თვალწინ დასაჯეს. უბნის რწმუნებული მიხვდა, რომ მალე ჩაავლებდნენ, ამიტომ სომხეთში გადასვლას აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა. უშიშროებამ გვირჩია, რომ ეს საქმე დაგვევიწყებინა და ამ თემაზე არ გვესაუბრა. პრინციპში, ეს უთქმელადაც ვიცოდით“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

 

ავტორი:  ბათო ჯაფარიძე