Menu
RSS

ნათია მეზვრიშვილი: „მხოლოდ შსს-ს ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, საზოგადოების აქტიური ჩართულობა გვჭირდება!“

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების ახალი ტალღა იგეგმება. 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში, იმ დროს ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, დეპუტატებს დეტალურად გააცნო ის სტრუქტურული რეფორმები, რასაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ძალოვანი უწყება გეგმავს. ცხადია, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის ახალ გუნდს, თუმცა მმართველი გუნდის პარალელურად, გიორგი გახარიას გამოსვლა ,,ქართული ოცნების'' მთავარმა ოპონენტებმაც პოზიტიურად შეაფასეს. რას ნიშნავს კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რეფორმა? რა მიზნით იქმნება და რა ფუნქცია ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროში? რატომაა აუცილებელი პოლიციის აკადემიის რეფორმა? რა პრევენციულ ღონისძიებებს გეგმავს გახარიას უწყება, რათა არასრულწლოვან მოზარდებში ძალადობის ფაქტები შემცირდეს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, ,,ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დეტალურად საუბრობს. ინტერვიუს კი ყველაზე აქტუალური თემით _ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული, ორდღიანი საპოლიციო კონტროლით ვიწყებთ.
_ ქალბატონო ნათია, საპოლიციო კონტროლის შედეგად, მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით უკანონო იარაღი, ხოლო თბილისში, ქალაქის ცენტრში, 1 კგ. ჰეროინი ამოიღეთ. რატომ დადგა ამგვარი კონტროლის აუცილებლობა დღის წესრიგში?
_ საპოლიციო კონტროლი დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მეთოდია, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპის განვითარებული ქვეყნები და ეს არც ჩვენთვისაა უცხო. არ ვამბობთ, რომ ეს დანაშაულთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზაა, რადგან სხვა გზებიც არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, საპოლიციო კონტროლის აუცილებლობა ნამდვილად არსებობდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამაში უკანონო არაფერია, რადგან არსებობს პოლიციის შესახებ კანონი, რომლითაც ეს პროცედურები დეტალურადაა გაწერილი. წინა წლების მონაცემებს რომ გადავხედოთ, როგორც წესი, წინასაახალწლო პერიოდში, დანაშაულის რაოდენობა იზრდება. ამას ოპერატიული ინფორმაციაც დაემატა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გარკვეულ ტერიტორიებზე მზადდებოდა ან ჩადენის პროცესში იყო დანაშაული და მოქმედებდნენ, როგორც ცალკეული ჯგუფები, ასევე ინდივიდუალური დანაშაულის ჩამდენი პირები. შესაბამისად,
ეს იყო საკმარისი საფუძველი, რათა ხანმოკლე პერიოდით, საპოლიციო კონტროლი გამოგვეცხადებინა, რასაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი მოჰყვა: 127 პირი დავაკავეთ, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე 1 კგ. ჰეროინი ამოვიღეთ. როდესაც ისმის კითხვა, იყო თუ არა საპოლიციო კონტროლის საჭიროება, ალბათ, პასუხი ცალსახაა, რომ იყო და როდესაც სვამენ კითხვას, იყო თუ არა კანონიერი საპოლიციო კონტროლი, პასუხი აქაც ერთმნიშვნელოვანია _ რა თქმა უნდა, იყო!
სხვა საკითხია, გვჭირდება თუ არა ამგვარი მეთოდების ხშირად გამოყენება და ამ მეთოდით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი პასუხი ასეთია, გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმირება, აქტიურად დავნერგავთ ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო სისტემას, ვიმედოვნებთ საპოლიციო კონტროლის ხშირად გამოყენების საჭიროება არ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე, ასეთი მოცემულობა იყო და ეს შედეგებმაც დაადასტურა. ეს იყო ეფექტური გზა იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომხდარიყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ მიმართულებით, რეფორმებია გასატარებელი და მინისტრმა არაერთხელ დააანონსა, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა, თანამედროვე მეთოდებით დანაშაულის პრევენცია ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს. შესაბამისად, სისტემური და შინაარსობრივი რეფორმები, რაც უკვე გაცხადდა, სწორედ ამისკენაა მიმართული.
_ საპოლიციო კონტროლის აუცილებლობა იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფები არეულობას გეგმავდნენ? მაგალითად, წინაასარჩევნო პერიოდში, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული პირები პირდაპირ აშანტაჟებდნენ მათ, რომლებიც თავის დროზე, სოდ-სა და კუდ-ში იყვნენ აღრიცხვაზე და წვრილმან ქურდობებს აიძულებდნენ. ახლა რას უკავშირდება არეულობის მოწყობა ქვეყანაში, ვის ინტერესებში შედის კრიმინალური ვითარების დამძიმება?
_ ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი დანაშაულის ცალკეული ფაქტებით. ზოგიერთი პირი ყაჩაღობის გამო დააკავეს, ზოგი _ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ზოგიც _ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. იყო ჯგუფური დანაშაულის შემთხვევებიც. აქედან გამომდინარე, აქ საუბარია კრიმინალზე, ცალკეულ დანაშაულებზე, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. გაჩნდა ასეთი კითხვაც _ რატომ შევედით ბინებში ჩხრეკის ჩასატარებლად, თუმცა აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ პოლიციელები ბინებში საპოლიციო კონტროლის ფარგლებში არ შესულან. საპოლიციო კონტროლი ამა თუ იმ პირის, ან ავტომობილის გარეგნულ, ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობს. ბინებში ჩხრეკა ჩატარდა არა საპოლიციო კონტროლის, არამედ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ეს იყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები. ამიტომ ეს ორი მომენტი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ _ ერთი მხრივ, ოპერატიული ინფორმაცია, რომელსაც კანონით გათვალისწინებული თავისი საფუძველი ჰქონდა და მეორე მხრივ, ცალკეული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს ნებართვით ჩავატარეთ.
_ საპოლიციო კონტროლმა ორი უმძიმესი პრობლემა გამოკვეთა ამ ქვეყანაში: დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები, რასაც ბოლო დროს, მესამე უმთავრესი პრობლემა _ ტერორიზმის საფრთხეც დაემატა. სამივე პრობლემა საზღვრის დაცვას უკავშირდება, რომლის რეფორმაზე შს მინისტრმა პარლამენტშიც ისაუბრა. კონკრეტულად, რას გულისხმობს საზღვრის დაცვის რეფორმა?
_ ბატონმა გიორგი გახარიამაც ბრძანა, რომ საზღვრის დაცვა, რომელსაც სწრაფი რეფორმირება სჭირდება, პრიორიტეტულია. სასაზღვრო პოლიცია დღეს სამინისტროს ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ის გამოწვევები, რომლებსაც ფაქტობრივად, ვაფიქსირებთ და რაც კითხვაშიც დასვით, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დაყოვნების საშუალება აღარ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ კუთხით, ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვერდით გვიდგანან და მათთან ერთად, უკვე დავიწყეთ კონკრეტულ, ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა. ვგულისხმობ, როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესებას, ასევე, ანალიზზე დაფუძნებულ საზღვრის დაცვას. სამწუხაროდ, აქ ყველაზე დიდი გამოწვევა პერსონალის კვალიფიკაციაა. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საუკეთესო კადრები, რომლებიც დღეს ამ სისტემაში მუშაობენ, მათი დახმარებით გადავამზადოთ.
_ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რა ღონისძიებებს გეგმავთ?
_ საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ დეტალურად უკვე ისაუბრა. მოქალაქეების მიერ, საპატრულო პოლიციის სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ამიტომ გვინდა, რომ ეს სერვისები მაქსიმალურად ეფექტური და მოქალაქეებზე ორიენტირებული იყოს. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის რეფორმის აქცენტი სწორედ ამ მიმართულებაზეა გადატანილი. რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმას, ძირითადი აქცენტი გამოძიების ხარისხზე უნდა იყოს გადატანილი, ასევე საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების მეტ-ნაკლებად გამიჯვნაზე, რათა გამოძიება იყოს გაცილებით ეფექტური. ამ რეფორმის ფარგლებში, საუბარია ასევე კადრების მიღების გზების დახვეწაზე, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების მოზიდვის ერთადერთი გზა პოლიციის აკადემია იყოს. ეს იმიტომ, რომ სისტემა მაქსიმალურად კვალიფიციური კადრებით დავაკომპლექტოთ. ორი ძირითადი მიმართულება, რომლებზეც საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ არასრულწლოვნებსა და ძალადობრივ დანაშაულს უკავშირდება. დავიწყოთ არასრულწლოვანებით, ზოგადად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, თავისი დადებითი შედეგები მოიტანა და კარგად იმუშავა. ეს კოდექსი გარკვეულ ლიბერალურ მიდგომებსაც ითვალისწინებდა, რადგან გაიზარდა განრიდებული არასრულწლოვანების მაჩვენებელი, შემცირდა დევნადაწყებულების, პატიმრობის მოთხოვნის, ასევე თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების რაოდენობა, დაბალია რეციდივის მაჩვენებელი იმ არასრულწლოვანთა შორის, რომლებიც განვარიდეთ პასუხისმგებლობას. თუმცა ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას და ესაა 14 წლამდე პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები.
საუბარია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირებზე. მარტივად აგიხსნით, 14 წლამდე ასაკის პირებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ ვაძლევთ, მაგრამ ეს ბავშვები დანაშაულს ჩადიან.
_ უკაცრავად, გაწყვეტინებთ, ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასა და ბოლოს დროს, მოზარდებში მომრავლებულ ძალადობის ფაქტებს გულისხმობთ?
_ დიახ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ორი გზა გვაქვს:
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვს, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც საქმე არასრულწლოვანებს ეხება, ხისტი მიდგომა არ გამოგვადგება, რადგან კანონი ერთხელ უკვე იყო მკაცრი _ 11-12 წელი იყო პასუხისმგებლობის ასაკი, მაგრამ ამან არ იმუშავა, ამიტომ ცოტა უფრო ფრთხილად ვმოქმედებთ. მეორე მიმართულება დანაშაულის პრევენციაა. როდესაც ხორავას ქუჩაზე ტრაგედია მოხდა, შევქმენით უწყებათაშორისი ჯგუფი, საკმაოდ აქტიურად ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად და გარკვეული ხარვეზები გამოვავლინეთ. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და ჩვენს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პრობლემური სკოლებიც გამოვავლინეთ. დღეს საპატრულო პოლიცია განსაკუთრებით გააქტიურებულია, ვგულისხმობ პატრულირებას სწორედ იმ სკოლებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ და მომზადებელი გვაქვს კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს დღეებში, სამუშაო ჯგუფში განვიხილავთ.
ეს კანონპროექტი მანდატურის სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს.
გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები _ უბრუნდება თუ არა მანდატურის სამსახური ძველ მდგომარეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არა! აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს მანდატური შეიძლება გახდეს 20 წლის ასაკს მიღწეული პირი და ამისთვის უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის. დღეს, მანდატური მინიმალურ გადამზადებას გადის. სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ ჯგუფში. მეტიც, მანდატური უნდა ექვემდებარებოდეს არა სკოლას, არამედ _ განათლების სამინისტროს. არავითარ შემთხვევაში, საუბარი არ არის იმაზე, რომ სკოლაში საპოლიციო კონტროლი იყოს! ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი, რომელიც მანდატურისა და პოლიციის ფუნქციებს შორის არსებობს. მეტიც, გვინდა, რომ პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის კომუნიკაცია უფრო მჭიდრო იყოს. მეორე მიმართულება რეფერალის სისტემის არარსებობაა, მართალია, რეფერირების სისტემა არსებობს, მაგრამ კარგად არ მუშაობს. გვაქვს სკოლა-პანსიონები შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მაგალითად, სამტრედიაშია ასეთი სკოლა-პანსიონი, მაგრამ რეალურად, პრაქტიკას რომ გადახედოთ, არ მუშაობს. ამიტომ გვინდა, რომ შსს-მ და განათლების სამინისტრომ, ერთობლივი ძალებით, რეფერირების მექანიზმი ავაწყოთ. მეტიც, კონცეფციაზე უკვე ვმუშაობთ, რასაც შესაბამის უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც წარვუდგენთ, რათა გარკვეული მოსაზრებები გამოხატონ და დაგვეხმარონ ამ პროცესების სწორად წარმართვაში.
_ კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც პირადად მუშაობთ, ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. რას გულისხმობს რეფორმა ამ ნაწილში?
_ რაც შეეხება ძალადობას, როგორც მინისტრმა დააანონსა, ვქმნით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ისმოდა გარკვეული ბრალდებები, რომ სამინისტრო ეფექტურად არ იძიებს ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში, ძიების დროს, სწორედ მოტივის გამოკვეთის პრობლემა იყო და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის; ქალთა მიმართ ძალადობის, რაც ქალთა მკვლელობასაც მოიცავს; სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებისა და ნებისმიერი, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების; არასრულწლოვანებისა და ასევე ტრეფიკინგის მიმართულებებზე. დღეს ჩვენ გვყავს სპეციალიზებული გამომძიებლები არასრულწლოვანების ნაწილში, მაგრამ არ გვყავს ყველა დანარჩენ მიმართულებებში, რაც უკვე ჩამოგითვალეთ და ეს ნაწილობრივ, გამოძიების ხარისხზეც აისახება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შსს-ს თითოეულ სტრუქტურულ დანაყოფში, ადგილებზე გადავამზადოთ სპეციალიზებული გამომძიებლები, რომლებიც ამ კატეგორიის დანაშაულებებზე იმუშავებენ, ცენტრალიზებულ დონეზე კი ამ გამომძიებლებს კოორდინაციას სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი გაუწევს. ეს დეპარტამენტი გააკონტროლებს ხარისხს, რადგან ხარისხის მონიტორინგის ფუნქცია ექნება, გამოძიებაში არსებულ პრობლემებსა და ტენდენციებს გამოკვეთს და პრობლემების აღმოსაფხვრელად, რეკომენდაციებსაც გასცემს. გარდა ამისა, დღეს, რეალურად, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სათანადო კომუნიკაცია არ არსებობს და სინამდვილეში, არც არასდროს ყოფილა შსს-ს, სახალხო დამცველის ოფისსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ქალთა უფლებებზე მუშაობენ. ამიტომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ერთგვარი საკონტაქტო პირი, შუამავალი იქნება შსს-სა და მათ შორის. ამ ტიპის დანაშაულები ლატენტური ხასიათისაა, ხშირად ჩვენამდე არც კი მოდის, არის შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, შესაბამისად, ერთად მუშაობის პროცესი და მჭიდრო კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რაც მათი მოთხოვნაცაა, გვინდა, მაქსიმალურად გამჭვირვალე ვიყოთ, ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ამ დანაშაულებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ.
_ როდის შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი?
_ უახლოეს დღეებში დავამტკიცებთ დებულებას. დებულების დამტკიცებისა და ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ, ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, რომელშიც, დაახლოებით, 10-12 ადამიანი იმუშავებს.
_ მთავარი პრობლემა პოლიციასა და საზოგადოებას შორის უნდობლობაა, როგორ აპირებთ საზოგადოების ნდობის აღდგენას რეფორმის ფარგლებში?
_ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეფორმირება იგეგმება, სწორედ ესაა. ვფიქრობთ, რომ უნდა გვყავდეს ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც დღევანდელი გაგებით, ,,უბნის ინსპექტორები'' იქნებიან, ოღონდ არა ამ ფორმით. ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულონ დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით ანუ იქამდე, ვიდრე დანაშაული მოხდება. ერთია, უკვე მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და მეორეა, რა მეთოდებით უნდა მოხდეს დანაშაულის პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ მართლწესრიგის ოფიცერსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კომუნიკაცია. როდესაც ნდობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ კომპონენტს ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას. აქ საუბარია მოზარდებსა და მართლწესრიგის ოფიცრებს შორის ნდობის აღდგენაზე, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წევრებზე. მართლწესრიგის ოფიცერმა კარგად უნდა იცოდეს, რა უჭირს იმ საზოგადოებას, სადაც ის მუშაობს, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მოქალაქესა და პოლიციას შორის ახალი, ნდობაზე დაფუძნებული ხიდის მშენებლობა.
_ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილ ,,ქურდული მენტალიტეტთან'' ბრძოლას როგორ აპირებთ?
_ გარკვეულწილად, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, მიმდინარე საპოლიციო კონტროლი, ასევე მანდატურის სამსახურსა და პოლიციას შორის მჭიდრო კომუნიკაცია, პირდაპირ ამას უკავშირდება. თუმცა, როგორიც უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა, შეუძლებელია ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ საზოგადოება მხარს არ დაგვიჭერს. ბოლო პერიოდში, გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით _ ადამიანებს ჩვენების მიცემა არ უნდოდათ მაშინ, როდესაც მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობდნენ! მოქალაქეებს უჭირთ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, თუნდაც დანაშაულის შეტყობინების თვალსაზრისით. ამიტომ ერთია, რომ ჩვენ გავატარებთ რეფორმებს, მაგრამ მეორეა, როგორ ვიმუშავებთ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. გიმეორებთ, აქ მხოლოდ შსს-ს ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, საზოგადოების აქტიური ჩართულობა გვჭირდება, იგივე სამოქალაქო სექტორის, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებიც პირობითად, პოეტ ზვიად რატიანს იცავენ. ეს ხალხი გვჭირდება, რათა მოსახლეობას ასწავლონ, რომ როდესაც პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს და მოქალაქეს კანონიერ მოთხოვნას უყენებს, უნდა დაემორჩილონ! სხვაგვარად, წესრიგს ვერ დავიცავთ, რადგან ესაა ჩვენი და საზოგადოების საერთო ინტერესი.
_ ქალბატონო ნათია, ვინაიდან ზვიად რატიანი თავად ახსენეთ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ თუ ძიების დროს, პოლიციელების მიერ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები დადასტურდება, ამას ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს! ვფიქრობ, საზოგადოების ნდობას ასე უფრო დაიბრუნებთ...
_ ადამიანმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც სამართალდარღვევის ოქმი შედგა და მასზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი პოლიციელის მიერ, არასათანადო მოპყრობას იმსახურებს. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ეს ყველაფერი არასწორად გაიგო. ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც ამ ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს, პოლიციელების მიერ, უფლებამოსილების გადამეტება არ ფიქსირდება, პირიქით, მოქალაქის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვები და ლანძღვა-გინებაა დაფიქსირებული. თუმცა, თუ პროკურატურა დაადგენს, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რა თქმა უნდა, ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება და ეს ჩვენი პოზიციაა! ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც გარკვეულწილად, შემხებლობაში იყო ამ პროცესთან, ეჭვები და კითხვები რომ არ გაჩენილიყო, უფლებამოსილება შევუჩერეთ. ამაზეც კითხვები გაჩნდა, სხვებს რატომ არ შეუჩერეთო, მაგრამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია აღარ არის, პროკურატურა იმსჯელებს, მათ შორის, იმ ერთ პოლიციელზეც, რომელსაც ჩვენ შევუჩერეთ უფლებამოსილება.
_ გულისხმობს თუ არა რეფორმების ეს ახალი ტალღა საკადრო ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში?
_ ამას უფრო კადრების ოპტიმიზაციას ვუწოდებდი. რეალურად, ჩვენი მიზანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმება ადამიანებისთვის მიმზიდველი და პრესტიჟული იყოს. სწორედ ამ მიზნით, შსს-ს პოლიციის აკადემია სამინისტროში კადრების მოხვედრის ერთადერთი წყარო უნდა გახდეს, რათა კადრების მიღების ყოველგვარი საგამონაკლისო წესი აღარ არსებობდეს. ადამიანებმა უნდა გაიარონ გადამზადება, საკმაოდ რთული კონკურსი და მხოლოდ ასეთი გზით უნდა დასაქმდნენ შსს-ში! ესაა ის ამბიცია, რომელიც გაგვაჩნია და პოლიციის აკადემიის რეფორმაც ამ მიმართულებით იგეგმება. შსს ძალიან დიდი სისტემაა, ამიტომ როდესაც კადრების ოპტიმიზაციასა და საკადრო რეფორმაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამას დრო და ეტაპები სჭირდება, მათ შორის, გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებასაც და ახალი კადრების მიღებასაც. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები ეტაპობრივი პროცესი იქნება, რომელიც ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ განხორციელდება.
_ შინაგან საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვანი ძალოვანი უწყებაა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, ბოლომდე გახსნილი ვერ იქნება. თუმცა საინტერესოა, რამდენად გამჭვირვალე გახდება ეს უწყება ჩვენთვის, მედიისთვის?
_ ამ კითხვაზე, კითხვითვე გიპასუხებთ, აქამდე რამდენჯერ იყავით შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერვიუზე?
_ არცერთხელ...
_ მინისტრის თითოეული ინტერვიუ, ასევე საპოლიციო კონტროლის შემდეგ ამ სამინისტროს თითოეული წარმომადგენლის, მათ შორის, ჩემი გამოსვლები სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში ადასტურებს იმას, ჩვენ მზად ვართ, კომუნიკაცია დავამყაროთ საზოგადოებასთან, მედიასთან და არ დავმალოთ არაფერი იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კანონი მოგვცემს. ბუნებრივია, ვერ დავსხდებით და მოწმეების ჩვენებებსა და ჩხრეკის ოქმის შედეგებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ კანონის ფარგლებში, ნებისმიერ ინფორმაციას უპრობლემოდ მიიღებთ!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში