Menu
RSS

მკვლელობები, სისხლი, „ლურჯი ვეშაპი“ და ციანიდი _ 2017 წლის X-ფაილი

ყველაფერი ის, რითიც ცეცხლოვანი მამლის წელი ისტორიაში შევა

როგორ შევა ისტორიაში 2017 წელი? _ ამ კითხვაზე პოლიტიკური ექსპერტები და ანალიტიკოსები ალბათ, საკუთარი პოლიტგემოვნების მიხედვით უპასუხებენ. ანუ ისინი, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მხარს ხელისუფლებას უჭერენ, იტყვიან, რომ ცეცხლოვანი მამლის წელში საქართველომ წარმატებას წარმატებაზე მიაღწია. ისინი კი, ვინც წინა ხელისუფლების, ესე იგი, ნაციონალური მოძრაობის მეხოტბეები არიან, ცეცხლოვანი მამლის წელს წყევლა-კრულვას შეუთვლიან და საჯაროდ თუ არა, გულში მაინც იტყვიან, წავიდა, წაშავდა და წაბნელდაო.
საერთოდ, პოლიტიკური შეფასება ერთობ სუბიექტურია. ყოველ შემთხვევაში, მოვლენებს ყველა ისე ხედავს და აღიქვამს, როგორც უნდა, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს ჭეშმარიტება, რომელსაც ვერ გავექცევით. ჰოდა, მოდით, შევეცადოთ, რომ პირად განწყობებზე მაღლა ობიექტურობა დავაყენოთ და, როგორც პლატონი იტყოდა, ჭეშმარიტებასთან ვიმეგობროთ.
,,ციანიდის სკანდალი''
ჭეშმარიტება კი ის გახლავთ, რომ ცეცხლოვანი მამლის, ესე იგი, 2017 წელი იმთავითვე სკანდალით დაიწყო.
კერძოდ, ნაქეიფარი საზოგადოება „პახმელიაზე“ შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ გამოიყვანა.
დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ცნობას, რომელიც 2017 წლის 12 თებერვალს, საღამოს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, მართლაც, შოკური თერაპიის ეფექტი ჰქონდა, რამეთუ საქმე _ არც მეტი, არც ნაკლები _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის შესაძლო მოწამვლას ეხებოდა.
თავდაპირველი ინფორმაცია მწირი გახლდათ ანუ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.
ითქვა ისიც, რომ დეკანოზი მამალაძე გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც პატრიარქს ნაღვლის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.
მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პირველ ეტაპზე ოფიციალური სტრუქტურები არ ადასტურებდნენ, ტელეკომპანია გადაჭრით ამტკიცებდა, რომ დეკანოზს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პარალელურად, გავრცელდა ხმა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, რომელიც უწმინდესს გერმანიაში ახლდა, სასწრაფოდ თბილისში გადმოფრინდა, პროკურატურას ჩვენება მისცა და რამდენიმე საათში უკანვე დაბრუნდა.
„რუსთავი 2“-მა საზოგადოებას ისიც ამცნო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გერმანიაში მყოფი პატრიარქის დაცვა გააძლიერა.
ერთი სიტყვით, საზოგადოება დაიზაფრა, რამეთუ შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი იყო, რომ ეკლესიაში, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად ითვლება, რაღაც რიგზე ვერ იყო.
გამოხდა ხანი და, აეროპორტში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, უმაღლესმა საერო პირებმა განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს და პირდაპირ მიანიშნეს, რომ ქვეყანა დიდ უბედურებასა და ტრაგედიას გადაურჩა, რამეთუ ვიღაცებს მაღალი სასულიერო იერარქის მოწამვლა ჰქონდათ განზრახული.
მერე?
მერე მოხდა ის, რაც მოხდა ანუ საგამოძიებო სტრუქტურებმა ოფიციალურად თქვეს, რომ დაკავებულ დეკანოზს ციანიდი აღმოუჩინეს.
ჰოდა, „ციანიდის სკანდალიც“ აგორდა.
ისე, ხალხური მითოსით, ყველაფერი ცუდი წინა წელს უნდა გავატანოთ და ახალ წელს ახალი იმედითა და აღმაფრენით შევხვდეთ. ამ მოსაზრებაში ლოგიკა შეიძლება, არის, მაგრამ როგორც უნდა მოვინდომოთ, „ციანიდის სკანდალს“ ვერ დავივიწყებთ, რამეთუ ამ საქმემ ნათელყო, რომ ეკლესიაში ყველაფერი რიგზე ვერ არის.
მეტიც, განცხადებაში, რომელიც წმინდა სინოდმა პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი საგანგებოდ გაავრცელა, პირდაპირაა ნათქვამი, რომ 2017 წელს ქართულ ეკლესიაზე შეტევა გაძლიერდა.
ჰოდა, ამიტომაც, სრული უფლება გვაქვს, ვთქვათ, რომ 2017 წელი ქართული ეკლესიისა და შესაბამისად, საქართველოს ისტორიაში „შავ ლაქად“ დარჩება, რამეთუ ამ წელს მღვდელმსახურს მომწამვლელი ნივთიერება აღმოუჩინეს.
მართალია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი პატრიარქის კი არა, უწმინდესის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მოწამვლისთვის წაუყენეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ციანიდის საქმე“ განსჯა-განხილვის საგანი კიდევ კარგა ხანს იქნება, რამეთუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, განაჩენი ისე გამოუტანეს, რომ სასულიერო პირს დანაშაული არ უღიარებია.
ამასთან, დეკანოზის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ „ციანიდის საქმე“ ევროსასამართლოში წავა და გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ სტრასბურგი გამოაცხადებს.
თუკი ასე მოხდა, მაშინ წინ კიდევ ერთი სკანდალი გველის, თუმცა ჯობია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და ვნახოთ, რას მოგვიტანს ძაღლის წელი.
მანამდე კი, როგორც იტყვიან, რეზიუმესავით, ვთქვათ, თუ ვინაა სასულიერო პირი, რომელიც ახალ წელს გისოსებს მიღმა ხვდება:
გიორგი მამალაძე 1984 წლის 9 ივნისს ქობულეთში დაიბადა. სასულიერო მოღვაწეობასაც მშობლიურ მხარეში შეუდგა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ მამალაძე დეკანოზის ხარისხში 2010 წლის 31 აგვისტოს ანუ მაშინ აიყვანეს, როცა აჭარას უწმინდესი სტუმრობდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, დაკავებამდე მამალაძე ოთხი კომპანიის _ შპს „დიმოილი“, შპს „ტოროქსი“, შპს „კარო ოპტიმუსისა“ და შპს „სუერტეს“ მეწილე იყო. ამასთან, საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ორ დაწესებულებას _ შპს „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლასა“ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს“ ხელმძღვანელობდა. პარალელურად, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეც გახლდათ.
სხვადასხვა წყაროს თქმით, „ძაღლის თავიც“ სწორედ იმ თანამდებობებშია დამარხული, რომლებიც მამალაძეს ეკავა ანუ იმთავითვე ითქვა, თითქოს დეკანოზი ცალკეული მღვდელმთავრების კორუფციულ გარიგებებში მხილებას აპირებდა და მასზე იერიშიც სწორედ ამ საბაბით მიიტანეს...
მოკლედ, „ციანიდის საქმის“ სასამართლო განხილვები დამთავრდა თუ არა, ახალი საეკლესიო ინტრიგა აგორდა. მართალია, ამჯერად საქმე არც ვინმეს მოწამვლას ეხებოდა და არც რომელიმე მღვდელმსახურის საეჭვო მოღვაწეობას, მაგრამ 2017 წლის ნოემბერში პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა. საერთოდ, ამ თემაზე „ვერსიამ“ არაერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვამბობდით, რომ მოსაყდრედ შიო მუჯირის დასახლება სინოდის წევრებისთვის კი არა, თავად მეუფე შიოსთვისაც მოულოდნელობა იყო.
როგორც „ვერსიის“ კონფიდენციალური წყაროები ამბობდნენ და ამბობენ, მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებით უწმინდესმა ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირება გაანეიტრალა, თუმცა საქმეში ჩახედულები არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალი 2018 წელი მოსაყდრისთვის მძიმე იყოს ანუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის შესაძლოა, დიდი ინტრიგებისა და დარტყმების ადრესატი გახდეს.
მხოლოდ არსთგამრიგემ უწყის, რეალურად რა მოხდება, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ჰოდა, რაკი გარკვეული კულუარული ინფორმაცია არსებობს, ესე იგი, უნდა ველოდოთ, რომ 2018-ში ეკლესია მინი თუ გლობალურ სკანდალებში ისევ გაეხვევა, რაც ცუდი პერსონებისთვის კი არა, ქართული სახელმწიფოსთვის იქნება, რადგან ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: ისტორიულად, საქართველოს საძირკველი სწორედ ეკლესიაა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ძნელბედობის ჟამს, მაშასადამე მაშინ, როცა ერს უჭირდა და საერო მმართველები ხალხის საკეთილდღეოდ ნაბიჯებს ვერ დგამდნენ, ერის სულიერი თუ ფიზიკური გადარჩენის მისიას საკუთარ თავზე სწორედ სამღვდელოება იღებდა.
ახლა კი, ისე ჩანს, რომ ვიღაცები სწორედ ეკლესიის გაბაიბურებას ცდილობენ.
ეს მოსაზრება ვინმემ შესაძლოა, შავრაზმულად მიიჩნიოს, მაგრამ მოდით, თვალები ფართოდ გავახილოთ და ვაღიაროთ, რომ მამული შაგრენის ტყავივით შეგვივიწროვდა, მშობლიური ენა, პირდაპირ თუ ირიბად, წაგვებილწა და ახლა სარწმუნოების ჯერია.
არადა, დიდი ილია მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისკენ მოგვიწოდებდა!
მიშას უკრაინული ,,პრეკლუჩენიები''
პოლიტიკოსთა ნაწილი შეთქმულების თეორიას მაინცდამაინც არ სწყალობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ რაღაცები ერთმანეთთან კავშირშია. ჰოდა, შესაძლოა, არც ის მოსაზრებაა ლოგიკას მოკლებული, რომ იგივე ეკლესიაში დაწყებული არეულობის კვალი წინა ხელისუფლებამდე მიდიოდეს.
წინა ხელისუფლება ვახსენეთ და, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2017 წელს სკანდალები და გაუგებრობები არც ნაციონალურ მოძრაობას აკლდა. ყოველ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის პარტია 2017 წელს მარტივ მამრავლებად დაშლილი შეხვდა ანუ სააკაშვილს ზურგი ყველა იმ „ფეისმა“ აქცია, რომელიც მართლმორწმუნე „მიშისტად“ ითვლებოდა.
ეს კი არადა, მაგალითად, გიგი უგულავამ, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის მზეს იფიცებდა, მიშას _ არც მეტი, არც ნაკლები _ ჯართი უწოდა.
რატომ გაირბინა შავმა კატამ სააკაშვილსა და მის ყოფილ გარემოცვას შორის? _ ამაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს.
ზოგი ამბობს, რომ უგულავას, ბოკერიას, ბაქრაძესა და სხვებს ექსპრეზიდენტის ,,ხუშტურები'' ყელში ამოუვიდათ და მისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დაშლას ფარსად მიიჩნევენ და ამბობენ, ეს პარტია კი არ დაიშალა, გაიშალა ანუ ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს და როცა დასჭირდებათ, ყველანი ისევ ერთად დადგებიანო.
შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ისაა, რომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთთან თხა და მგელივით არიან.
ყოველ შემთხვევაში, იგივე სოციალურ ქსელში ნაცსახეები ევროპულ საქართველოს სულ წყევლა-კრულვას უთვლიან. ეს კი არადა, ამას წინათ, ერთ-ერთმა აქტიურმა „მიშისტმა“ ისიც დაწერა, გიგა ბოკერია მოღალატეა, მოვა დრო და ამ ღალატისთვის დაისჯებაო.
ვერ გეტყვით, ეს დრო როდის მოვა ან, საერთოდ, მოვა თუ არა. სამაგიეროდ, პოლარული ღამესავით ნათელია, რომ დასჯისგან შორს ექსპრეზიდენტი არაა. ყოველ შემთხვევაში, ანტიმიშისტები იმედოვნებენ, რომ 2018 წელს სააკაშვილს საკანში იხილავენ.
სხვათა შორის, კიევის სასამართლოში მიშას საქმეზე სხდო მა 3 იანვარს უნდა გაიმართოს. ასევე, თბილისშიც 3 იანვარსაა დანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის თანამონაწილეობაზე უნდა იმსჯელონ.
ნაციონალები ამბობენ, რომ ეს ორი სხდომა ერთსადაიმავე დღეს შემთხვევით არ დანიშნულა ანუ მათი ვერსიით, სააკაშვილზე უკრაინასა და საქართველოში მასირებული შეტევა მიმდინარეობს.
შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ მიშას სასამართლოების არ ეშინია ან, სულაც, თავს იმშვიდებს. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში პატიმრობას თავი დააღწია, მიხეილ ნიკოლოზის ძემ ამაყად განაცხადა, მე გამარჯვებისთვის ვარ დაბადებულიო.
ამ ნათქვამმა ბევრს ღიმილი მოჰგვარა. ზოგმა ისიც თქვა, მიშას მფარველები თავიანთ ჭკუაზე ატრიალებენო.
ისე, მართლაც საინტერესოა, კბილებამდე შეიარაღებულ სპეცრაზმს ბორკილდადებული სააკაშვილი ხელიდან როგორ დაუსხლტა? _ ეს 2017 წლის პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული ეპიზოდია.
ასევე, ბურუსითაა მოცული ის დღეც, როცა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადალახა. არადა, თუ გახსოვთ, პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უკრაინელი სამართალდამცავებით იყო სავსე.
ჰოდა, საინტერესოა, რა მოხდა იმ დღეს? _ ალბათ, მოვა დრო და პასუხი ამ კითხვასაც გაეცემა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
საერთოდ, ისტორია პასუხს ძალიან ბევრ რამეს გასცემს. ასე, მაგალითად, ადრე თუ გვიან, ალბათ, იმასაც გავიგებთ, 2017 წელს ლარი კატასტროფულად რატომ გაუფასურდა.
ასევე, ფარდა, ალბათ, იმ საიდუმლოსაც აეხდება, როგორ იგებდა „უცნობის“ ოჯახი ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებს.
ამასთან, ისიც გახდება ნათელი, „ქართული მარშის“ აქტიურობა კარგი იყო თუ ცუდი.
2018 წელს ისიც გამოჩნდება, რამდენიმე სამინისტროს გაუქმებით ბიუჯეტმა რა რაოდენობის თანხა დაზოგა.
როცა მეისტორიენი 2017 წელს შეაფასებენ, ორიოდ სიტყვით, ალბათ, პატრიოტთა ალიანსის ლამის 40-დღიან შიმშილობასაც შეეხებიან და, ცხადია, არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაავიწყდებათ, რომელმაც კახა კალაძეს წარმატება მოუტანა _ თბილისის რიგით მესამე არჩეული მერი გახდა.
ისე, მერიაზე გამახსენდა _ ვინმემ 2017 წლის ფრაზების „ბუკლეტი“ რომ შეადგინოს, მოწინავე პოზიციას, ალბათ, ექსმერის, დავით ნარმანიას გახმაურებული „მაიმუნო ვირიშვილო“ დაიკავებს. აი, თავად ნარმანიას არსებობას კი ერი აღარც შეიმჩნევს _ მართალია, თბილისის მერყოფილი უსამსახუროდ არ დარჩენილა და სემეკ-ში „გადაპორტირდა“, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ საზოგადოებას ხშირად გაახსენდება.
სამაგიეროდ, 2018-ში, ალბათ, ისევ აქტუალური იქნება, მაგალითად, მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმე, რომელიც ქრთამის აღების საბაბით დააკავეს.
ყოველივე ზემოთქმულის გარდა, 2017 წელი ისტორიაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ტრაგედიითაც შევა, რა დროსაც მოზარდებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს.
პერიოდულად, ალბათ, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარ ხანძარსაც გაიხსენებენ და კითხვაც დაისმება _ ვინ უნდა აგოს პასუხი არაერთი ადამიანის დაღუპვაზე?
,,ჩატაევის საქმე''
2017 წლის ერთ-ერთი თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, მახასიათებელი კი, ალბათ, ე.წ. ისნის სპეცოპერაცია იქნება _ დიახ, მაცხოვრის შობიდან 2017-ე წლის მიწურულს, საქართველოში საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაცია პირველად ჩატარდა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, მზიური საქართველოს ტერორიზმის საფრთხის წინაშე ცხადად დადგა. ამ დღიდან აქტუალური გახდა კითხვა, ვისი ხელშეწყობით გადმოკვეთა ჩატაევმა საქართველოს საზღვარი და რა მისია ჰქონდა მას. ორიოდ დღის წინ კი, შეიძლება ითქვას, გახდა ცნობილი, რომ ჩატაევის გეგმა გაშიფრულია და მას საქართველოში არაერთი ტერაქტის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი.
სხვათა შორის, 2017 წლის 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პანკისის ხეობის სოფლებში _ ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. „პანკისის სათემო რადიოს“ ცნობით, სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ ომალოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა, რომლის სახლიდანაც იარაღი ამოიღეს. მოღებული.
ასევე, ჩხრეკა სოფელ დუისში, ვახო მაჩალიკაშვილის სახლშიც ჩატარდა.
იმ დღეს ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.
საერთოდ, ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს მოუშუშებელი ჭირია. ვინაიდან და რადგანაც საქართველო მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია, ტერორიზმისგან დაზღვეულნი არც ჩვენ ვართ, თან როგორც ამბობენ, ამ მხრივ ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს ნოყიერი საბაბი აქვთ ანუ კავკასიის საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი რუსეთი მოინდომებს, 90-იანი წლების სცენარს გაითამაშებს და შეეცდება, პანკისის ხეობისგან ერთგვარი საფრთხობელა შექმნას.
ისე, კრემლის მაღალჩინოსნებს არაერთხელ მიუნიშნებიათ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოს თავისი მებრძოლების რეკრუტირებისთვის იყენებს. მოკლედ, ის, რაც 22 ნოემბერს მოხდა, ცხადია, სასიამოვნო არაა ანუ ექსპერტებს თუ დავესესხებით, ყველაფერი ეს შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ამიტომაც, როგორც იტყვიან, ასი ყური და ასი თვალია საჭირო, რომ რამე გლობალურ შარში არ გავეხვათ.
ფრთხილად _ ,,ლურჯი ვეშაპი''
ყოველივე ზემოთქმულის გარდა, 2017 წელს სხვა რაღაცებიც მოხდა. ასე, მაგალითად, ქვეყანა ახალ წელს ახალი შს მინისტრით ხვდება. ისე, ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ საქმიანობა კარგად დაიწყო. მართალია, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ კონკრეტულად ამ ინციდენტთან მიმართებაში მინისტრმა გახარიამ კონსტრუქციული განცხადებები გააკეთა.
საერთოდ, 2017-ში სისხლი და აგრესია სჭარბობდა _ ხორავას ქუჩისა და „ლეო გრანდის“ ტრაგედიებს უკვე შევეხეთ.
ამასთან, ცეცხლოვანი მამლის წელიწადში თავი მოზარდთა თვითმკვლელობებმაც იჩინა ანუ თინეიჯერების ნაწილი „ლურჯმა ვეშაპმა“ „შთანთქა“.
„ლურჯი ვეშაპი“ კომპიუტერული თამაშია, რომელსაც პირობითად, შესაძლოა, „იმქვეყნიური ცხოვრების საშვიც“ კი ვუწოდოთ.
21-ე საუკუნეში ანუ ინტერნეტისა და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში იმის კითხვა, თუ როგორ გადმოლახა ამ სასიკვდილო თამაშმა საქართველოს საზღვრები, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილობა იქნება, თან ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებულ ქვეყნებშიც გაძნელებულია. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ „ლურჯმა ვეშაპმა“ ჩვენამდეც მოაღწია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ამიტომაც, კარგი იქნება, რომ პრევენცია გაძლიერდეს და თუ საჭირო გახდება, გარკვეულ ინტერნეტსაიტებზე წვდომაც შეიზღუდოს.
ახლა, ამ განცხადებას ულტრალიბერალების მხრიდან შესაძლოა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვეს, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ მოზარდები ჭაობში ეფლობიან, რაღაც ხომ უნდა ვიღონოთ?
სხვათა შორის, სწორედ მაშინ, როცა გვეგონა, რომ ტრაგედიების კასკადი დამთავრდა, კიდევ ერთი სისხლიანი ამბის მოწმენი გავხდით _ 25 დეკემბერს, ესე იგი, მაშინ, როცა კათოლიკური სამყარო შობას ზეიმობდა, მესტიაში ადგილობრივი საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი ჩაცხრილეს. ნიგურიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. როგორც მოკლულის ახლობლები ამბობენ, საკრებულოს წევრი ერთ-ერთმა მეზობელმა თოვლის მის ეზოში გადაყრაში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტში ნიგურიანის შვილის ჩაერია და იარაღი სწორედ მას დაუმიზნეს, თუმცა მამა შვილს გადაეფარა და თავად დაიღუპა.
„სახურავზე იდგა გარდაცვლილი ომარ ნიგურიანი. მას ახლდა მისი შვილიც, რომლისთვისაც ის ადამიანი აპირებდა სროლას და მამისი გადაეფარა. ბავშვს აუშარდა რაღაცაზე, თოვლის გადაყრაზე იყო საუბარი“, _ ამბობს გარდაცვლილის ნათესავი...
მოკლედ, რეზიუმესავით რომ ვთქვათ, 2017 არც ძალიან ცუდი წელი იყო და არც _ ძალიან კარგი. ყოველ შემთხვევაში, ძველი ტრადიცია არ დავარღვიოთ და ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ.
ახალ წელს კი ახალი იმედით შევხვდეთ. საერთოდ, ნათქვამია, ადამიანი იმედით ცოცხლობსო.
ჰოდა, სანამ იმედი არსებობს, ჩვენც არაფერი გვიჭირს.
ასე რომ, ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!
ახალ წელს გილოცავ, ჩემო ქვეყანავ!
ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში