Menu
RSS

ქართული პოლიტიკური ცემა-ტყეპის ანატომია

როგორ მოაჭამა დეპუტატმა კანცელარიის თანამშრომელს ყური და როგორ დაჭრა პეტრე ცისკარიშვილმა დავით საგანელიძე

ცემა-ტყეპა და დედისა თუ კეთილების გინება ქართული პოლიტიკის მთავარი იარაღია. ყოველ შემთხვევაში, 90-ანი წლებიდან მოყოლებული არაერთი პოლიტიკური მუშტი-კრივის მოწმენი გავხმდარვართ. ჰოდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებური პოლიტიკა ჩვეულებრივი ტატამია. ასე რომ, პრემიერის გინება ყველაფერ იმის ფონზე, რაც გვინახავს და გამოგვილია, მოსატანი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირის მსგავსი ქმედება დღემდე არ გვინახავს. მოკლედ, ჩვენებური პოლიტიკური ცემა-ტყეპა ერთობ მრავალფეროვანია. ჰოდა, „ვერსიაც“ ყველაფერ ამის ერთგვარ ანატომიას გთავაზობთ.
საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკისთვის მსგავსი რაღაცები „უცხო ხილი“ არ არის. ჩვენთან კი პოლიტიკური რინგი, როგორც აღვნიშნეთ, 90-იან წლებში გაიხსნა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ე.წ. ბორჯომის ინციდენტი გახლავთ _ მოგეხსენებათ, ცხონებულმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ნოდარ ნათაძეს ბორჯომი შეასხა, თუმცა „იმელის“ პარლამენტის წევრები პირად საუბრებში დღემდე უფრო სისხლიან ამბავსაც იხსენებენ. დიახ, დიახ, ინციდენტს, რომელიც კანცელარიის წარმომადგენელსა და ერთ-ერთ დეპუტატს შორის მოხდა, სისხლი მოჰყვა _ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ანუ დეპუტატმა ჩინოვნიკს _ არც მეტი, არც ნაკლები _ ყური მოაჭამა და სხდომათა დარბაზში პირსისხლიანი შევიდა.
მოკლედ, ატყდა ერთი გნიასი. სად იყო, სად არა, „იმელში“ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა. ჰოდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, დასტაქრები ყურისმჭამელ დეპუტატს დასდევდნენ და ეხვეწებოდნენ, გვითხარი, ყურის ნარჩენი სად წაიღე, პაციენტს უნდა მივაკეროთო.
_ სად წავიღე და, უნიტაზში ჩავაგდეო, _ მშვიდად განაცხადა კანონმდებელმა და თავის გზას გაუყვა.
აღსანიშნავია, რომ ამ სისხლიანი დაპირისპირების გამო არავინ დასჯილა, თუმცა როგორც ამბობენ, კანონმდებლები კოლეგას, რომელმაც ჩინოვნიკს ყური მოაჭამა, თურმე, სულ ერიდებოდნენ, ემანდ, რამე არ ეწყინოს და ცხვირ-პირი არ მოგვაჭამოსო.
ამის შემდეგ პოლიტიკური ტატამი სისხლით კიდევ ერთხელ შეიღება. კერძოდ, „ვარდების რევოლუციამდე“ ანუ იმ დროს, როცა ნაციონალური მოძრაობა ფეხს იდგამდა, პეტრე ცისკარიშვილმა დავით საგანელიძე „კასტეტით“ დაჭრა. ეს უკანასკნელი იმხანად ახალი მემარჯვენეების გენერალური მდივანი გახლდათ.
პარლამენტში „ატეხილი“ სისხლისღვრის მეორე დღეს ქართული მედია წერდა:
,,გუშინ საქართველოს პარლამენტში სისხლი დაიღვარა. სისხლისღვრის ინიციატორი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი გახლდათ, რომელმაც ახალი მემარჯვენეების გენერალურ მდივანს დავით საგანელიძეს ,,კასტეტით'' თვალის არეში სერიოზული ჭრილობა მიაყენა. ექიმების განმარტებით, საგანელიძე სერიოზულად არის დაშავებული. მას დაზიანებული აქვს თვალის ფსკერი. ამის გარდა, ახლების გენმდივანს მოტეხილი აქვს მარჯვენა ხელი. ხულიგან პეტრე ცისკარიშვილს კი შესაძლოა, დეპუტატის იმუნიტეტი ჩამოართვან, მისი საქმე ყველა შემთხვევაში, გენერალურ პროკურატურას გადაეცემა. ამ მოთხოვნის მიმართ გუშინ პარლამენტმა შესაშური ერთსულოვნება გამოამჟღავნა. გუშინ პარლამენტში ვერ მოძებნიდით ადამიანს, რომელიც პეტრე ცისკარიშვილის გამამართლებელ არგუმენტს წარმოგიდგენდათ.
მართალია, პარლამენტის სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ სიტუაცია დარბაზში არ დაძაბულა. დარბაზის მიღმა კი საკმაოდ დიდი ფაცი-ფუცი ჰქონდათ პეტრე ცისკარიშვილს და მის თანმხლებ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს. დეპუტატების დიდი ნაწილი დილიდანვე ამბობდა, ცისკარიშვილს რაღაც აქვს ჩაფიქრებულიო. ელენე თევდორაძემ კი ისიც ჰკითხა, პეტრე, დღეს ვის უნდა დაარტყაო.
დაახლოებით პირველი საათისთვის პეტრე ცისკარიშვილი მშვიდად შედის სხდომათა დარბაზში, ესალმება რამდენიმე კოლეგას და დავით საგანელიძეს სთხოვს გარეთ გასვლას. დავით საგანელიძე მას გარეთ მიჰყვება.
,,აქ რაღაცა მოხდება!'' _ ამბობენ დეპუტატები და გარეთ გადიან.
სხდომათა დარბაზის მიღმა კი მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. როგორც ჩანს, ცისკარიშვილი საგანგებოდ იყო მომზადებული ამ შეხვედრისთვის. მას სახლიდან ,,კასტეტიც'' კი ჰქონდა წამოღებული. სწორედ ეს ,,კასტეტი'' ჩაარტყა ცისკარიშვილმა მარჯვენა თვალის არეში საგანელიძეს.
ამ ამბის შემსწრე დეპუტატები გაოგნებულები იყვნენ. კარგა ხნის განმავლობაში ვერც ერთი მათგანი კომენტარის გაკეთებასაც კი ვერ ახერხებდა. პირველი წინადადება, რაც დეპუტატებმა თქვეს, დაახლოებით ასე ჟღერდა: ,,ეს რა გააკეთა, მაგ ლაწირაკმა, დევივით კაცს ეს როგორ გაუბედა!''
მომხდართან დაკავშირებით საგანელიძეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ კომენტარი გააკეთა პეტრე ცისკარიშვილმა. რომელმაც კიდევ უფრო გააღიზიანა კოლეგები. მის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან ნათლად ჩანდა, რომ ის სულაც არ ნანობდა მომხდარს. პირიქით, ცისკარიშვილმა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ მას კიდევ ორ ადამიანთან აქვს ანგარიში გასასწორებელი. ის ორივე დეპუტატიც საგანელიძის თანაფრაქციელია. ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მათ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ამას არ შეარჩენს. თუმცა ცისკარიშვილს ალბათ უკვე აღარ მიეცემა იმის საშუალება, რომ თავის კოლეგებს მუშტები და ,,კასტეტები'' ურტყას. პარლამენტში უკვე სერიოზულად დასვეს პეტრე ცისკარიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
პეტრე ცისკარიშვილმა ,,სამხედრო ოპერაციები'' პარლამენტში დაახლოებით ორი კვირის წინ წამოიწყო. პირველი ჩხუბი მისი მონაწილეობით საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის მეორე დღეს მოხდა. მაშინ მას გარკვეული უთანხმოება მოუვიდა ახალი მემარჯვენეების წევრ დავით კერესელიძესთან, რომელმაც ცისკარიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიტანა და ცისკარიშვილმა სხდომათა დარბაზის კარზე გაიფხაჭნა ლოყა. ,,დაზარალებული'' კი ამტკიცებდა, რომ მას ხუთი მემარჯვენე დაესია და ბასრი საგნით პორჭყნიდნენ. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ ცისკარიშვილი მიდის დავით კერესელიძესთან, ბოდიშს უხდის მომხდარის გამო და შერიგებას სთხოვს. მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ამის შემდეგ კი ცისკარიშვილმა კერესელიძეს სახეში მუშტი გაარტყა და სირბილით დატოვა იქაურობა. ამ ამბით აღშფოთებულმა დეპუტატებმა პირობაც კი დადეს, რომ ცისკარიშვილს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებდნენ. თუმცა მაშინ დეპუტატთა შორის კიდევ იყო რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც ცისკარიშვილის საქციელს მისი ახალგაზრდობით ხსნიდა, გუშინ კი ის ყველამ შეაჩვენა და ალბათ სრულიად დამსახურებულადაც.
ახლების ლიდერი დავით გამყრელიძე რამდენიმე წუთის განმავლობაში შოკში იყო ჩავარდნილი. მას არ მიაჩნია, რომ ქუჩური პრინციპებით უნდა მოახდინოს ანგარიშსწორება ადამიანებთან, ,,ამიტომაც ჩვენ ვთხოვთ მის ფრაქციას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პეტრე ცისკარიშვილთან დაკავშირებით. ის, რაც ჩაიდინა პეტრე ცისკარიშვილმა, ადამიანის ქმედებას არ ჰგავს, მაგრამ მე არ მინდა, მას სამაგიერო ვინმემ ამავე ფორმით გადაუხადოს'', _ აღნიშნა გამყრელიძემ, რომელიც თავისი ფრაქციის სახელით სვამს საკითხს, რომ ცისკარიშვილი გაძევებულ იქნას პარლამენტიდან, რადგანაც ,,მისი ქმედება უკვე ძალიან სახიფათო სახეს იღებს, ის უკვე აღარ არის ემოციური შეხლა-შემოხლა, ეს არის კრიმინალური დანაშაული''.
მომხდარით შეძრწუნებული იყო ელენე თევდორაძე. ,,მე საერთოდ შექმნილი სიტუაციით ვარ აღშფოთებული. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რამ მადარდებს _ დილით ხუმრობით ვკითხე კიდევაც პეტრე ცისკარიშვილს, თუ ვისთვის უნდა დაერტყა დღეს. მერე, როცა გავიგე, რომ ასეთი რამ მართლა ჩაიდინა, უბრალოდ, აღვშფოთდი და ისიც კი ვინატრე, ნეტა ენა მომჭროდა და ეს არ მეთქვა'', _ აცხადებდა ლამის ატირებული ელენე თევდორაძე.
საკმაოდ გამომწვევად ეჭირა თავი ცისკარიშვილის თანაფრაქციელ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც, მართალი რომ გითხრათ, დიდად არც აღშფოთება ეტყობოდა, მომხდარს კი ასეთ კომენტარს უკეთებდა: ,,არაფერი არ ვიცი, დამანებეთ თავი!''
თავის დროზე პეტრე ცისკარიშვილი პარლამენტში ზურაბ ჟვანიამ მოიყვანა. ის ახალ სახედ და წესიერ ბიჭად იყო შერაცხული. ჟვანია, როგორც ცისკარიშვილის პოლიტიკური მამობილი, იძულებული გახდა, თავად გაეკეთებინა კომენტარი მომხდართან დაკავშირებით. ჟვანიამ თავისი მოხსენება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მან მომხდარის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ის ოდესღაც მართლა თანამშრომლობდა ცისკარიშვილთან და მას წესიერ ადამიანად თვლიდა. თუმცა გუშინდელის შემდეგ ჟვანიას უკვე გაუჭირდება ცისკარიშვილთან თანამშრომლობა.
მერაბიშვილისაგან განსხვავებით, ღირსეულად მოიქცა ნაციონალისტი გია ხევიაშვილი, რომელმაც კოლეგებს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ცისკარიშვილს თავიანთი ფრაქცია მოუვლიდა.
პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პეტრესა და სრულიად ნაციონალების საკრებულოში მოკალათებული ბელადი მიხეილ სააკაშვილიც. მან საკრებულოში გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარის გამო ცისკარიშვილი გარიცხულია ნაციონალური მოძრაობიდან. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. ,,კაცი კინაღამ მოკლა და ახლა გინდა შეიტანონ, გინდა გაიტანონ თავიანთი ხულიგანი ფალავანი!'' _ ასეთი იყო დეპუტატების რეაქცია სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე.
ძალიან მწვავე და, ამავე დროს, ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. მან პარლამენტის დაცვის სამსახურისგან კატეგორიულად მოითხოვა, რომ აღარავინ შეუშვან პარლამენტის შენობაში იარაღით. ,,მოვითხოვ, დაცვამ პარლამენტის შენობაში არ შემოუშვას არც ერთი დეპუტატი, რომელიც იარაღს არ ჩააბარებს. ამ საკითხს კატეგორიულად ვსვამ. მე არ ვაპირებ, ვიღაცების უპასუხისმგებლობის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე პასუხი ვაგო ადამიანების წინაშე!'' _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დეპუტატები გუშინ ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი დასაშლელია. თუ ორი კვირის წინ ცისკარიშვილის მუშტის ტრიალზე პარლამენტი სიცილით იგუდებოდა, გუშინ უკვე სხვანაირად მიდიოდა მსჯელობა. გუშინ კიდევ ერთხელ დაიდო პირობა, რომ ცისკარიშვილს პარლამენტში არ შემოუშვებენ, ხოლო თუ ცისკარიშვილი მაინც შემოაღწევს პარლამენტში, კაცმა არ იცის, რა სახის იარაღს გამოიყენებს.
პარლამენტის დაცვა კი ალბათ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენს დეპუტატებისა და მათი ამფსონების მიმართ. ჟურნალისტებისთვის დიქტოფონის ჭანჭიკების შემოწმებას და ელემენტების კბილით გასინჯვას სჯობია დეპუტატები და მათი თანმხლები პირები გაჩხრიკონ. გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველაფერია მოსალოდნელი.“
ცემა-ტყეპის ახალი სეზონი „ვარდების რევოლუციის“ წინ გაიხსნა. კერძოდ, ნაციონალები საარჩევნო კამპანიას, პრაქტიკულად, ქვების სროლისა და „დედის გინების“ ფონზე აწარმოებდნენ. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას დღემდე ბოლნისის ქვების წვიმა ახსოვს.
ისე, სიტყვამ მოიტანა და, ნაციონალები მუშტი-კრივში ერთობ დახელოვნებულები იყვნენ. ამ მხრივ კი, როგორც წესი, აკაკი ბობოხიძე აქტიურობდა ხოლმე. ბობოხიძემ ჯერ კიდევ მაშინ, როცა იმერეთის გუბერნატორი იყო, ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს მიაყენა შეურაცხყოფა ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. მერე კი, როცა პარლამენტარი გახდა, არაერთხელ იჩხუბა. ამ „არაერთი ჩხუბებიდან“ კი ყველაზე გამონაკლისად შესაძლოა, ბობოხიძე-მამრაძის დუელი მივიჩნიოთ. მერე, წლები რომ, გავა პეტრე მამრაძე იტყვის:
„აკაკი ბობოხიძეს ნაცებმა რაც დაავალეს, ის შეასრულა. ეგ ხომ ყველაფერს ანგარებით აკეთებს. ეს იყო ამაზრზენი რამ, რაც მოხდა. ეს საქართველოს „ლექის აღზევების“ შედეგია. დარბაზში ისეთი ადამიანები არიან შეკრებილები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივ პოლიტიკას არ შეესაბამებიან. აკაკი ბობოხიძეს გაუვიდა პროვოკაცია. რასაც ბობოხიძე აკეთებს, ყველაფერი ანგარებაა. დაავალეს და ანგარებით შეასრულა... სიტყვით გამოვდიოდი და, სხვათა შორის, სააკაშვილის სამხედრო პოლიტიკურ ავანტიურაზე ამერიკელი სენატორების ტექსტს ვციტირებდი, რაც მან 2008 წელს ჩაიდინა. სააკაშვილს ომი კი არ დაუწყია, ეს ლაჩარი ომს როგორ დაიწყებდა…თან საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ ვსაუბრობდი სამხედრო პოლიტიკურ ავანტიურაზე. ამ დროს ჩემსკენ გამოექანა აკაკი ბობოხიძე უწმაწური გინებით, შემდეგ მომმვარდა და უკნიდან საფეთქელში ხელი დამარტა. მე თავიც კი, არ მივატრიალე და ვაგრძელებდი ჩემს გამოსვლას. მერე მიკროფონიც გამომირთეს, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სიტყვით გამოსვლას. სხვათაშორის, აკაკი ბობოხიძის სახელი არც კი მიხსენებია. ხაზს ვუსვამ, სიტყვით გამოსვლისას, მაშინ, არ ვიკადრე და ხელი არ გავისვარე ამ არაკაცზე. სხვათა შორის, მერე ბევრი მადლობა დავიმსახურე, რომ ამ არაკაცზე ხელი არ გავისვარე და თავი არ გავუყადრე.“
აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში 2014 წლის დეკემბრის მიწურულსაც იჩხუბა. იმდროინდელ ქრონიკებში ნათქვამია:
„26 დეკემბერს, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მანდატურები ვერ ახერხებდნენ მათ გაშველებას, პარლამენტის თავმჯდომარემ კი სხდომა რამდენიმე წუთით გადადო.“
მოკლედ, ასეთია ქართული პოლიტიკური ცემა-ტყეპის მოკლე ანატომია. იმედია, ჩვენებური პოლიტიკოსები სანახაობას არც მომავალ წელს მოგვაკლებენ და ტელეეთერებსა თუ პარლამენტში უფრო მონდომებულად იჩხუბებენ. საერთოდ, ხალხს პური და სანახაობა უნდა. ჰოდა, პური ანუ გემრიელ კერძებს თუ არა, სანახაობას მაინც ნუ მოგვაკლებენ!
ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში