Menu
RSS

ვანსა და ხონში შუალედური არჩევნები აპრილში ჩატარდება

ვინ შეცვლის გიორგი ლილუაშვილს პარლამენტში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს. გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი დატოვა და საქმიანობა უსაფრთხოების სამსახურში განაგრძო. საინტერესოა, რამდენი ხანი არ ეყოლება ვანისა და ხონის მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენელი, ვინ ჩაანაცვლებს ლილუაშვილს პარლამენტში და ზოგადად, რატომ გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არჩევანი სწორედ მასზე?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლილუაშვილის დანიშვნის შესახებ საკმაოდ მწირი ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი _ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა''.
,,ვერსიის'' ინფორმაციით, გიორგი ლილუაშვილი მერიაში მუშაობამდე ,,ქართუ ჯგუფში'' გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებდა. პედაგოგისა და ავიაინჟინერის ოჯახში დაბადებულ-გაზრდილ ლილუაშვილს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა აქვს დამთავრებული. მაგისტრის წოდების მიღების შემდეგ კი, ავიაკომპანია ,,ეარჯორჯიაში'' ბუღალტრად მუშაობდა. მოგვიანებით, ორი მსხვილი ქართული ავიაკომპანია ,,აირზენა'' და ,,საქართველოს ავიახაზები'' გაერთიანდა, მათ კი ,,ეარჯორჯიაც'' შეერწყა, 25 წლის ლილუაშვილი ,,სამი ავიაკომპანიის'' _ ,,აირზენა საქართველოს ავიახაზების'' მარკეტინგის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში შემოვიდა საქართველოში პირველი ორი ბოინგის მარკის ავიალაინერი, რაშიც ლილუაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ავიაკომპანიიდან საბაჟო დეპარტამენტში გადავიდა, სადაც 2003 წლამდე იმუშავა: იყო სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომ საქართველოს წარმომადგენელი ,,მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში'' _ ბრიუსელში, დსთ-ს კომიტეტსა და რუსეთის ფედერაციაში. მოგვიანებით, „ქართუ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში განყოფილების უფროსად დაინიშნა და თორმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა. ბოლოს, „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე „ბანკ ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. შესაბამისად, 2004-2016 წლებში ,,ქართუს'' მიერ განხორციელებული უამრავი პროექტი, მის სახელსაც უკავშირდება.
მერიაში საკმაოდ მცირე ხნით იმუშავა, თუმცა, როგორც ამბობენ, ნაყოფიერად. უწყებაში შეიძლება ითქვას, კრიზისის დროს მივიდა და შედეგის მისაღწევად, საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯების გადადმა, რეორგანიზაციის ჩატარებაც მოუწია. ათივე რაიონის კეთილმოწყობას და სოციალურ საკითხებს კურირებდა, მისი ინიციატივით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა, კარდინალურად შეიცვალა თბილისის მერიის მენეჯმენტი და 7 თვეში ამაღლდა მართვის ხარისხი. ლილუაშვილის ბეგრაუნდისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მისი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გადაყვანა, პოლიტიკურ კულუარებში არ გაკვირვებიათ.
ლილუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, აქტუალური გახდა კითხვა _ რადგან იგი არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, როდის ჩატარდება მის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები და რომელი პარტიები მიიღებენ მასში მონაწილეობას? საინტერესოა ისიც, ვის შეარჩევს ,,ოცნება'' ლილუაშვილის მემკვიდრედ?
შუალედური არჩევნების ჩატარებას „საარჩევნო კოდექსის“ 129-ე მუხლი განსაზღვრავს, სადაც აღნიშნულია: „მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ _ უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 2 თვისა.“
როგორც ჩანს, კანონის შესაბამისად, ვანსა და ხონში შუალედური არჩევნები აპრილში უნდა ჩატარდეს. კონკრეტული თარიღი კი, როგორც ,,ვერსიამ'' ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაარკვია, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
იმის გასარკვევად კი, ჰყავს თუ არა სახელისუფლებო გუნდს შერჩეული ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დავით მათიკაშვილს დავუკავშირდით. მათიკაშვილმა განგვიმარტა, რომ გუნდში მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ არ შეურჩევიათ და ლილუაშვილის ადგილმონაცვლეობის საკითხზე მმართველ ძალას ჯერ აქტიურად არ უმსჯელია.
რაც შეეხება ოპოზიციას. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ახალი წლის შემდეგ შეიკრიბება ენმ-ს პოლიტსაბჭო და გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში და ვის წარადგენს ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ,,პატრიოტთა ალიანსშიც'' აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და უახლოეს მომავალში იმსჯელებენ ამ საკითხზე.
სამაგიეროდ, არასაპარლამენტო ოპოზიციაში შემავალმა პარტიებმა იციან, რომ შუალედურ არჩევნებში, სავარაუდოდ, ერთიანი კანდიდატის წარდგენას აპირებენ. პარტიების წარმომადგენლები ,,ლიდერთა საბჭოს'' ფორმატში 26 დეკემბერს შეიკრიბნენ და სხვა საკითხებთან ერთად შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ,,ვერსია'' ,,თავისუფალი საქართველოს'' ლიდერს, კახა კუკავას ესაუბრა: ,,ოპოზიციამ აუცილებლად უნდა დააყენოს ერთიანი კანდიდატი, თუ რეჟიმის დამარცხება გვინდა. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, სანამ ერთობლივი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არ დააყენონ ცალკე კანდიდატურები. ეს იქნება ერთგვარი ლუსტრაცია და თუ ვინმე ასე მოიქცევა, ე.ი. ის ასრულებს ხელისუფლების დავალებას. ყველამ ვნახეთ, რა მოხდა თიანეთსა და ოზურგეთში, რომ მოგება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები ერთიან კანდიდატურას აყენებენ''. კუკავა აცხადებს, რომ ამ საკითხზე ,,პატრიოტთა ალიანსთან'' მართავენ კონსულტაციებს. არაა გამორიცხული ამ საკითხზე მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც აწარმოონ. საერთო კანდიდატს კი, არასაპარლამენტო ოპოზიცია, უახლოეს მომავალში დაასახელებს
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში