Menu
RSS

„გაჩეჩილაძე მომეპარა და პირდაპირ პროვოკაციაზე წამოვიდა“

ქართული პოლიტიკის „შავლეგო მადლიანების“ სკანდალები ანუ ძმებ გაჩეჩილაძეების X-ფაილი

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. მეტიც, ერთგვარი პრეტენზიაც აქვთ, რომ ხალხს პოლიტიკური თუ კულტურული გემოვნება ჩამოუყალიბონ.
დიახ, ისინი ნამდვილი „შავლეგო მადლიანები“ არიან ანუ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ, მათ შორის, იმისასაც, რომ მაგალითად, უმაღლესი თანამდებობის პირებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნონ ან, სულაც, პრეზიდენტის სახელობის ღვინო ჩამოასხან.
ისე, სიტყვამ მოიტანა და, ერთხანობას თავადაც აპირებდნენ, რომ ქვეყნის მმართველები გამხდარიყვნენ. ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უფროსი ძმა ამტკიცებდა, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები გაუყალბა, თორემ „ბეზ პიტი მინუტ“ საქართველოს მთავარსარდალი იყო.
მერე, ორი წელი რომ გავა, გაჩინოვნიკების ამბიცია უმცროს ძმასაც გაუჩნდება და იტყვის, შეიძლება, კენჭი თბილისის მერობაზე ვიყაროო, თუმცა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე ჩაივლის, რომ მუქ ფერებზე მომღერალი „უცნობი“ მერობის კანდიდატად არც დარეგისტრირდება.
 
მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკა პერიოდულად ლევან და გია გაჩეჩილაძეებზე „ტრიალებს“. ახლა, ეს შესაძლოა, უტრირებული შეფასებაა, მაგრამ დაკვირვება ცხადყოფს, რომ თითქმის ყველა კრიტიკულ მომენტში სწორედ ეს ძმები აქტიურდებიან და ყველა ასეთი გააქტიურების დროს აქცენტს პატრიოტულ მოტივებზე აკეთებენ, თუმცა ზოგი სკეპტიკოსი ეჭვობს, რომ პატრიოტიზმით აპელირება ჩვეულებრივი პოლიტიარაღია.
მოგეხსენებათ, ენას ძვალი არ აქვს და შესაბამისად, ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ ეჭვი, რომ „გრეჩიხების“ სამოქალაქო აქტიურობა, პირდაპირ თუ ირიბად, ბიზნესთანაა დაკავშირებული, გონივრულობას არაა მოკლებული. „ვერსია“ არაფერს ამტკიცებს. უბრალოდ, „გარდასულ დღეებს“ იხსენებს და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური „ტიპების“ ერთგვარ იქს-ფაილს ადგენს.
,,მიშა, მოვდივარ!''
გაჩეჩილაძეების ოჯახი თბილისის ე.წ. ელიტური ფენისთვის შესაძლოა ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი თავს 90-იანი წლების ბოლოდან იჩენს. კერძოდ, იმ დროს, როცა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი მმართველი პარტიის, „მოქკავშირის“ სახე იყო და ვაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, ლევან გაჩეჩილაძე მისი საარჩევნო შტაბის უფროსი გახლდათ.
ამის გახსენება პოლიტიკიდან გაუჩინარებულ უფროს გაჩეჩილაძეს შესაძლოა, არ სიამოვნებს, მაგრამ ხალხს არცთუ მოკლე მეხსიერება აქვს. ჰოდა, მოსახლეობასაც ისიც ემახსოვრება, რომ იყო დრო, როცა უმცროსი გაჩეჩილაძე ანუ მომღერალი „უცნობი“ სააკაშვილთან ერთად მღეროდა _ ექსპრეზიდენტი „უცნობს“ პირდაპირ სცენაზე აეჭრა, თუმცა მომღერალს „დაუპატიჟებელი სტუმრის“ გამოჩენა არ გაუპროტესტებია. პირიქით, მეგობრულად გაუღიმა და სიმღერა განაგრძო.
სწორედ ამავე პერიოდს უკავშირდება ის ეპიზოდიც, როცა გაჩეჩილაძეებმა, რომელთაც წარსულში ღვინის ბიზნესი ჰქონდათ, მიხეილ სააკაშვილის სახელობის ღვინო ჩამოასხეს. ჰოდა, ერთ-ერთი მთავარი კითხვის ნიშანიც სწორედ ამ წვრილმანების გახსენების ფონზე ჩნდება _ როდის იყვნენ ძმები გულწრფელები: როცა ლამის სააკაშვილის მზეს იფიცებდნენ თუ მაშინ, როცა იგივე ლევან გაჩეჩილაძე „ნიკალაევიჩს“ ემუქრებოდა, მიშა მოვდივარო?!
სკანდალური ხუთი მილიონი
მერე, დრო რომ გავა, გაჩნდება ეჭვი, რომ ეს მუქარა ჩვეულებრივი სიმულაცია იყო და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის მიწურულს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი შეფი, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძეს სკანდალურ ბრალდებებს წაუყენებს და იტყვის, თითქოს ეროვნულ კრებაში მონაწილეობის სანაცვლოდ ის 2 მილიონს ითხოვდა: „გრეჩიხასთან“ ვზივართ „პადვალში“ ნინო, მე, ეროსი, „გრეჩიხა“, კოკა და მიდის საუბარი. აი, უყურე, როგორი პირობა არის წამოყენებული: მოვდივართ კრებაზე და კოკა გუნცაძე უნდა იყოს შტაბის უფროსი, ეროსი კიწმარიშვილი უნდა იყოს პიარის და პრესის მიმართულების ხელმძღვანელი და „გრეჩიხა“ უნდა დამჯდარიყო, ფაქტობრივად, ქურდად. ყველა ფინანსური სიტუაცია უნდა გავლილიყო „გრეჩიხას“ ხელში, აი, ასეთი პირობა წამოაყენეს“.
ამასთან, ბიწაძე ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე გია გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და ბიძინა გეგიძის ფინანსური პრობლემების მოგვარებასაც ითხოვდა: „ეროსი მეუბნება, ბიჭო ამ „გრეჩიხასთან“ ფულის გარეშე არაფერი გამოვა, გამორიცხულია. ერთი-ერთში დაელაპარაკეო''.
ამავე სკანდალურ ინტერვიუში, რომელიც 2010 წლით თარიღდება, ხაზგასმული იყო, რომ გაჩეჩილაძე ბიწაძისა და ბურჯანაძისგან 2 მილიონს ითხოვდა, საიდანაც 300 ათასი ,,მაესტროს'' აქციების 49%-ის გადასაფორმებლად მამუკა ღლონტისთვის უნდა გადაეცა. ბიწაძე ირწმუნებოდა, თითქოს გაჩეჩილაძე ბურჯანაძეს ,,მაესტროს'' აქციების 25%-ის გადაფორმებას დაჰპირდა. ბიწაძის მაშინდელი განცხადებითვე, გაჩეჩილაძემ ამ 2 მილიონიდან საკუთარ ,,პულკაში'' შესაყვანად ზურაბ ნოღაიდელსაც მოსთხოვა ანუ ნოღაიდელი თითქოს მზად იყო, რომ ოპოზიციის ლიდერობის სანაცვლოდ, 2 მილიონი გადაეხადა: ,,ამის შემდეგ, ,,გრეჩიხამ'' მოაგზავნა კაცი და გვეუბნება, ნოღაიდელი ყიდულობს ამ ტელევიზიას, პლუს, ფულსაც გვიხდის და მერე ნოღაიდელს ჩვენ ვეღარ ვეტყვით უარს ამ ერთობაში შემოსვლაზე, სასწრაფოდ თუ არ გადაიხდით ამ ფულს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ვერ გადავიხდით. ,,მაესტროს'' 25% რაში მჭირდება, რატომ უნდა გადავიხადო ფული? ჩვენ საბოლოოდ ვეუბნებით, ვიწყებთ სახალხო კრების სიტუაციას და თქვენ უერთდებით თუ არა ამ პროცესს? ,,გრეჩიხა“ ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ერთი თვე მე უნდა გავიდე, მოვშორდე ყველაფერს, იმიტომ, რომ ფული მაქვს ასაღებიო. თუ შენ ოპოზიცია გაძლევს ფულს მაშინ რატო უნდა მოშორდე ამ პროცესებს? ის პირობას ხომ გიყენებს რომ გაჩერდე? ე.ი ელოდება, რომ ხელისუფლებამ მისცეს ფული“.
ბიწაძის ზემოხსენებული ინტერვიუდანვე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე თითქოს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ფურცელზე ჩამოუწერა მოთხოვნები: „დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად... მინდა ხუთი მილიონი... ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10-12 მილიონი“.
ამავე ინტერვიუში აღნიშნული იყო, თითქოს ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს თინა ხიდაშელის მთავარ პროკურორად დანიშვნაც მოსთხოვა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, ხიდაშელი გიგა ბოკერიაა კაბაში და ტყუილად გგონიათ ფრთიანი ანგელოზიო.
სტატიაში, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ასევე, ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა.
სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავდა, თითქოს სააკაშვილ-გაჩეჩილაძეს შორის ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.
,,მე ბევრი რამ ვიცი''
ბიწაძის ზემოხსენებული განცხადებების გამო, გაჩეჩილაძეებსა და ოპოზიციის ბურჯანაძის ფრთას შორის ურთიერთობა დაიძაბა. მეტიც, საქმე ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის გაზაფხულის პირველ დეკადაში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიწაძე-გაჩეჩილაძეს შორის ფიზიკური ,,რაზბორკები'' გაიმართა. ამასთან, ითქვა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას ადგილი მხოლოდ საქართველოში, კერძოდ, წყნეთში კი არა, მიუნხენის აეროპორტშიც ჰქონდა.
2011 წლის 30 მარტს ქართული ინტერნეტპორტალი პრესა. გე ბადრი ბიწაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სწორედ ამ ინციდენტზეა საუბარი. ინტერვიუს ე.წ. ლიდში ვკითხულობთ: ,,მიუნხენის აეროპორტსა და წყნეთში მომხდარ ინციდენტებზე კომენტარს ისევ არ აკეთებს ლევან გაჩეჩილაძე. ამ საკითხებზე კომენტარს მაქსიმალურად არიდებს თავს ბადრი ბიწაძეც, მაგრამ „პრესა.ჯი“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუზე მაინც დასთანხმდა:
– ბატონო ბადრი, რით ახსნით ლევან გაჩეჩილაძის ბოლოდროინდელ დაინტერესებას თქვენი პერსონისადმი, მის მიმართ თქვენი ბრალდებების პირველ ეტაპზე, თითქოს, ასე არ აქტიურობდა...
– იცით, მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად დაინტერესებულია ჩემით და კუდში დამდევს. მით უფრო ხშირად თბილისში ვარ და არსად არ ვიმალები, ეს ცნობილი ფაქტია. თუ მას ჩემი ნახვა უნდოდა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით შეეძლო ეს გაეკეთებინა მანამდეც. ისეთ პროვოკაციებზე წამოსვლა, რაც მიუნხენში მოხდა, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მე ჩირქი მომცხოს, მერე ვიღაცამ ეს ფაქტი გამოიყენოს და დამაპატიმრონ...
– თქვენ თუ ელოდით ლევან გაჩეჩილაძისგან მსგავს საქციელს და რამდენად ცდილობდით მასთან შეხვედრისთვის თავი აგერიდებინათ?
 
– იცით, შეხვედრა არც ყოფილა. შეხვედრაა, როცა კაცს შეხვდები, დაელაპარაკები... მე კიდევ მიუნხენში თვითმფრინავში ჩასაჯდომად მივდიოდი და კაცი მომეპარა, რა... მე ვერც დავინახე...
– ანუ, მოგეპარათ და დაგარტყათ?
– არა, არა, დარტყმა არ ყოფილა, ხომ ვამბობ, ჩემთვის დარტყმა ძნელი საქმეა და რომც მოენდომებინა, არ გამოუვიდოდა, გაჩეჩილაძე ქურდულად მომეპარა და გინება დამიწყო, მერე შემოვბრუნდი და ეგ შემრჩა ხელში...
– თქვენ განაცხადეთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე დავალებებს ასრულებს. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვის დავალებას ასრულებს და რა მიზნით?
– ნამდვილად ასრულებს. მაგას მეტი არაფერი შეუძლია, შეუძლია მხოლოდ ვაჭრობა, ამ ვაჭრობის შედეგად ხელისუფლებისგან დავალებების მიღება და მერე ხელისუფლებისთვის დახმარება ჩემი ვითომ დისკრედიტაციის საკითხში.
– ანუ, თქვენი აზრით, მსგავს დავალებებს ახლაც ღებულობს „გრეჩიხა“?
– სწორედ ეგრეა. ეტყობა, ახლა ვერაფერს უსრულებს, რასაც დაპირდა და ამიტომაც ასეთ ქმედებებზე გადავიდა. მეტს არაფერს ემსახურებოდა ის, რაც მაგან აეროპორტში გააკეთა: არანაირი დაპირისპირება იქ არ ყოფილა – მომეპარა და პირდაპირ პროვოკაციაზე წამოვიდა...
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე თქვენმა მკვეთრმა ფრაზებმაც გააღიზიანა „ერთი ადგილის“ არქონის შესახებ?
– რატომ გააღიზიანა ჩემმა განცხადებამ „გრეჩიხა“? ასეა და რა ვქნა? თუ აქვს ერთი ადგილი მაგ ლევან გაჩეჩილაძეს, მაშინ სხვა ადგილას და სხვანაირად შეიძლება პასუხის გაცემა მაგაზე...
– საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ამ დაპირისპირებას თქვენი მხრიდან იმ კომპრომატების გამოქვეყნება მოჰყვება, რომლებიც შემონახული გაქვთ...
– რა არის, იცით? მე ბევრი რამ ვიცი და კიდევ ბევრი რამ მეცოდინება, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი, დავაზუსტე, დავაკონკრეტე კიდეც. ასე რომ, ახლა აღარაფრის თქმას აღარ ვაპირებ, თუკი, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება არ შეიქმნება.
თუ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ არ იტყვით, მაგრამ სათქმელი მაინც გაქვთ, ანუ კომპრომატები კიდევ არსებობს გაჩეჩილაძეზე?
– რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია ლევან გაჩეჩილაძეზე, მე რასაც ჩავთვლი საჭიროდ და როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავახმოვანებ ამ ინფორმაციას. ბუნებრივია, ბევრი რამ ვიცი, რაც ჯერ არ მითქვამს...''
ასე იყო თუ ისე, 2011 წლის მაისში ანუ მაშინ, როცა ბურჯანაძემ სააკაშვილის ხელისუფლებას ხელთათმანი ესროლა და დუელში გამოიწვია, ბიწაძე-გაჩეჩილაძის კონფლიქტიც ამოიწურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაჩეჩილაძე მიტინგზე, რომელიც ტელევიზიასთან იმართებოდა და რომელსაც აკომპანიმენტად ,,ბელა ჩაო'' გასდევდა, გაჩეჩილაძე მივიდა და მომიტინგეებს სიტყვითაც მიმართა.
ზოგადად, ცნობილია და ,,ვერსიას'' სხვა ,,იქს-ფაილშიც აღუნიშნავს, რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრობა და მეგობრობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ალბათ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაჩეჩილაძე-ბიწაძეს შორის ზავი ჩამოვარდა, მაგრამ ,,დიდი შერიგების'' მიუხედავად, საზოგადოებას ბიწაძის განცხადებები მაინც ახსოვს. შესაბამისად, მინიმუმ, ეჭვი, რომ ,,გრეჩიხა'' სააკაშვილთან თანამშრომლობდა, ვიღაცებს დღემდე აქვთ...
,,მაესტროს'' აბრაკადაბრა
ამასობაში, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ესე იგი, ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველობა ,,ოცნებას'' გადასცა. ჰოდა, ძმები გაჩეჩილაძეებიც ახალ სკანდალში გაეხვნენ. ამ სკანდალს მარტივად, შესაძლოა, ,,მაესტროს აბრაკადაბრა'' დავარქვათ, რომელსაც ინტერნეტ-პორტალმა სპუტნიკ-გეორგია-მ ვრცელ სტატია მიუძღვნა. სტატიაში, რომელიც 2016 წლის 4 თებერვლით თარიღდება, ვკითხულობთ: ,,სტუდია მაესტროს“ პარტნიორებმა ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან ტელეარხ „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გაათავისუფლეს. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა კრება დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს თითქოს ხელმძღვანელობის ჩვეულებრივი ცვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე მოვლენა იმდენად რეზონანსული გახდა, რომ მასზე კომენტარის გაკეთება საქართველოს პრემიერსაც და მთავრობის წევრებსაც მოუხდათ. ტელეკომპანია „მაესტრო“ არაერთხელ აღმოჩენილა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად აჟიოტაჟის საბაბი ის ჩანაწერი გახდა, რომელიც 2 თებერვლის ღამით გაჩნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ჩანაწერის თანახმად, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის 55%- იანი წილის მფლობელი ხდებოდა. მანამდე მას მხოლოდ 25% ეკუთვნოდა. დანარჩენი წილები გაჩეჩილაძემ „სტუდია მაესტროს“ სხვა მეწილეებისგან გამოისყიდა.
და დაიწყო
გარიგების მეორე დღეს „მაესტროს“ ჯერ კიდევ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს გარიგება საფრთხეს უქმნის არხის სარედაქციო პოლიტიკას, მის დამოუკიდებლობას და ამიტომ არ აპირებს „მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში“, ელოდება პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე კი ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობას.
მოგვიანებით მან რატომღაც თქვა, რომ წასვლა არ სურდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა _ ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
,,ძმა ძმისთვისაო''
არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა მალევე დაიკავა გიორგი გაჩეჩილაძის ძმამ _ წარსულში პოლიტიკურად აქტიურმა ლევან გაჩეჩილაძემ.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს თავად პარტნიორთა კრების პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო. კამერების სამიზნეში აღმოჩნდნენ ბაია გადაბაძე და გიორგი გაჩეჩილაძე, რომლებიც ფოიეში შეხვდნენ და ერთმანეთს ყველა ნაფიქრალი მიახალეს.
გადაბაძეს აინტერესებდა იმ თანხის წარმოშობა, რომლის წყალობითაც გაჩეჩილაძემ საკონტროლო პაკეტის მოსაპოვებლად აუცილებელი 30% გამოისყიდა.
„უცნობმა“ ყველა დაარწმუნა, რომ თანხას „სწორი წარმომავლობა“ ჰქონდა და გადაბაძე შანტაჟში დაადანაშაულა, ხოლო კართან შეკრებილ ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაეძაბათ ვითარება და კარგი ამინდით დამტკბარიყვნენ.
მან გადაბაძეს ტელევიზიაში სამუშაოდ დარჩენაც შესთავაზა. ისიც თითქოს დათანხმდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა და გადაბაძემ მომდევნო ინტერვიუ არხის ყოფილი გენდირექტორის რანგში მისცა.
„ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული… მე ახლა მივმართავ იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრს, არ დააფიქსირონ ეს გადაწყვეტილება“, _ განაცხადა გადაბაძემ, მაგრამ თხოვნა არ გაითვალისწინეს.
ეს მთავრობის საქმე არაა
ჟურნალისტებმა მთავრობის წარმომადგენლებს აღნიშნული ვითარების შეფასება სთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირთა დავა იყო.
„მაესტროსთან“ დაკავშირებით, არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, არ არის ჩემი საქმე, არც მთავრობის საქმეა. კერძო ტელეკომპანიაა, ძალიან დიდი ისტორიით და მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა დაიწყოს ამ თემაზე კომენტარების კეთება“, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელს ეთანხმება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.
„რაც შეეხება „მაესტროსა“ და ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებას, მთავრობის პოზიცია არის ის, რაც მანამდე იყო, რომ ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან. შიდა პროცედურული თუ სხვა არსებითი საკითხები _ არ მინდა პრობლემები დავარქვა — სხვადასხვა პარტნიორებმა, მეწილეებმა უნდა გადაწყვიტონ ერთმანეთში კანონით დადგენილი წესით“, _ თქვა წულუკიანმა.
საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც და აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების უმთავრესი მიღწევაა“.
,,სტუდია მაესტრო''
„სტუდია მაესტრო“ 1995 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი და მეორე არხებით გადიოდა ეთერში და გასართობ გადაცემებს წარმოადგენდა.
2001 წელს „სტუდია მაესტრო“ საქართველოში პირველ მუსიკალურ-გასართობ არხად გადაკეთდა, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“, მერე კი „ევრიკას“ საეთერო დროით სარგებლობდა.
2008 წელს „მაესტრო“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად მოგვევლინა. 2009 წლის დასაწყისში ტელეარხმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი სახელი მოიპოვა. „უცნობის“ ტელეშოუ „საკანი №5“ საფუძვლად დაედო იმ წლის გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას.
ამ დროისათვის კომპანია „სტუდია მაესტროს“ 55%-ანი წილი გიორგი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, დიზაინერ მაკა ასათიანის მფლობელობაშია 25%, მამუკა ღლონტისა _ 15%, ხოლო ეკატერინე აკობიასი _ 5%.''
ქონება
იმის თქმა, რა ქონების მფლობელია ,,უცნობი'' ანუ გიორგი გაჩეჩილაძე, დანამდვილებით უცნობია, რამეთუ ის სახელმწიფო სამსხურში არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც არ შეუვსია. სამაგიეროდ, მედიაში ხშირად გავრცელებულა ინფორმაციები მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის ქონებაზე. ლევან გაჩეჩილაძემ თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 2008 წლის 29 აპრილს შეავსო.
ამ დეკლარაციის მიხედვით, ნინო მიქელაძის საკუთრებაშია, მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელიც 49141 ლარად არის შეფასებული. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, რომელიც 24570 ლარად არის შეფასებული. ეს ნაკვეთიც საგურამოში მდებარეობს. ნინო მიქელაძე ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთთან ერთად თბილისში, რომელიც 1600000 ლარად არის შეფასებული. ლევან გაჩეჩილაძის საკუთრებაშია ავტომანქანა, რომელიც 70000 ლარად არის შეფასებული. ნინო მიქელაძესაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი - შეფასებული 35000 ლარად. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, ლევან გაჩეჩილაძეს თი ბი სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 23467 ლარი ერიცხებოდა. ბანკ რესპუბლიკაში კი 5094 დოლარი ჰქონდა. ლევან გაჩეჩილაძეს, დეკლარაციის შევსების დროს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 5000 დოლარის ოდენობით. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ლევან გაჩეჩილაძემ სხვადასხვა ფიზიკურ პირს, ჯამში 85000 დოლარი ასესხა. ლევან გაჩეჩილაძე არის ,,ივერია იმპორტის'' პარტნიორი, რომლის იურიდიული მისამართი ნიუ-იორკშია რეგისტრირებული.
ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში