Menu
RSS

დიდი წმენდა შსს-ში

ფაქტია, რომ გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლიდან პირველ დღესვე საკუთარი პოზიციების გამყარება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტოში, გახარიასთან ერთად, ახალი სახეები მივიდნენ. მინისტრის ყველა მოადგილე შეიცვალა, მერაბ მალანიას გარდა.
როგორც ჩანს, განსაკუთრებულ და ბრმა ნდობას არავის მიმართ იჩენს, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრმა აქცენტი კადრების პროფესიონალიზმზე გააკეთა და თანამდებობიდან გაათავისუფლა სხვადასხვა დაჯგუფებასთან დაახლოებული პირები. სანდო წყაროს ინფორმაციით, ცვლილება მხოლოდ მოადგილეებს არ შეხებიათ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ე.წ. კახურ კლანთან დაახლოებულმა პირებმა თანამდებობები უკვე დატოვეს.
შეიცვალა სამინისტროს საკვანძო სამსახურების ხელმძღვანელი პირები. გახარიამ შიდა კადრებიც წამოსწია, დეპარტამენტები და სამმართველოები როგორც შიდა, ასევე გარედან მოყვანილი კადრებით დააკომპლექტა.
თანამდებობა დატოვა დაცვის პოლიციის უფროსმა გურამ ტომარაძემ, რომელსაც ე.წ. კახურ კლანთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ.
კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბუბუნაური, რომელიც ე.წ. კახური კლანის წევრად მოიაზრება, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ ადგილზე შოთა ჭანუყვაძე დაინიშნა.
თანამდებობა დატოვა მინდია ლორთქიფანიძემ, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ასევე, მისმა მოადგილემ, თემურ ეუბიძემ, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან, კერძოდ, ბაჩო ახალაიასთან დაახლოებული პირი იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი საკვანძო კადრი _ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსიც გაათავისუფლა. დავით ნატრიაშვილმა თანამდებობა უკვე დატოვა.
ნატრიაშვილის მსგავსად, უწყებაში აღარ მუშაობს საპატრულო პოლიციის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი. თანამდებობები დატოვეს ქალაქის პოლიციის და ინტერპოლის ხელმძღვანელებმა. მალე, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელიც.
პარალელურად, ჩვენი ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, აუდიტის სამსახური ძალოვანი უწყების წარსულ საქმიანობას შეისწავლის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას შეამოწმებს.
კადრები შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ წინაა. სახელისუფლებო კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში სერიოზული რეფორმების გატარებას გეგმავს, რაც სამინისტროს პოლიტიკაზე აისახება.
ერთი რამ ფაქტია, რომ გახარიამ არც „ნაცებთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული არც ერთი არაპროფესიონალი კადრი არ დაინდო! მაგრამ, როგორც კულუარებში საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო წმენდა გაგრძელდება.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში