Menu
RSS

ნინო ჩხობაძე მთავრობის ინიციატივის წინააღმდეგ

რა საფრთხე გვემუქრება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებით?

საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვით რამდენიმე სამინისტრო ერთიანდება. პრემიერის განმარტებით, ცვლილებები ოპტიმიზაციისთვის, სწორი მენეჯმენტისა და საქმის უკეთ კეთებისთვისაა საჭირო.
ერთ-ერთი ცვლილება გარემოს დაცვის სამინისტროს ეხება _ უწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროში გადადის. ამ სიახლეს ეწინააღმდეგება ,,მწვანეთა საზოგადოებაც'' და პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტიც. კომიტეტის წევრები და თავმჯდომარე კახა კუჭავა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტს ხედავენ და აცხადებენ, რომ ის, რომელიმე სხვა სტრუქტურასთან მიერთებით, პრიორიტეტულობას კარგავს.
ამ ინიციატივას ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორიც. მათ ხელისუფლებას არაერთი წერილით მიმართეს, სადაც დასაბუთებულია, რატომ არის მნიშვნელოვანი უწყების შენარჩუნება და გაძლიერება. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას იწონებს და უწყების შენარჩუნებას ითხოვს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრების'' წარმომადგენელი ნინო ჩხობაძეც, რომელიც ,,ვერსიას'' თავის არგუმენტებს აცნობს:
 
_ ამ ცვლილებით ეჭვქვეშ დადგება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების განხორციელება. პრობლემაა ისიც, რომ ეს ინსტიტუცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიძლება საერთოდ ,,დაიკარგოს''. ამის შესახებ, სოფლის მეურნეობის მოქმედ მინისტრსაც ვესაუბრეთ. პრეტენზია პერსონებთან არ გვაქვს. ვსაუბრობთ სისტემაზე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს დარტყმის ქვეშ და გაუქმდეს. იგივე შეიძლება დაემუქროს სოფლის მეურნეობასაც, რადგან ვეჭვობთ, ამ შერწყმით უწყებები გაძლიერდეს. არაერთი ასეთი ტიპის რეფორმა გვინახავს უახლოეს წარსულში. მაგალითად, 2011 წელს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ენერგეტიკის სამინისტროში გადაიტანეს. მაშინ ვიბრძოლეთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო, როგორც დამოუკიდებელი უწყება, ცალკე დარჩენილიყო და ჰქონოდა მაკონტროლებლის ფუნქცია. მალევე დავინახეთ, რომ ბუნებრივი რესურსების კომპონენტის გადატანით, ბუნებრივი რესურსების მართვის პრობლემა შეიქმნა.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია. ახლაც ასე მოხდება, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავად არის ,,დამაბინძურებელი'', მომხმარებელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიები პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა განავითაროს მეცხოველეობა, გაზარდოს ფართობები, რომლებიც ირწყვება და ა.შ. ეს სტრატეგიები და გარემოზე ზემოქმედების რისკები არ შეფასებულა. ნებისმიერი კონკრეტული პროექტის განხორციელებისას იძულებულნი არიან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეათანხმონ, რადგან ეს უწყება ერთგვარი არბიტრის როლს ასრულებს. გარემოს დაცვის სამინისტრო ეხება ასევე ურბანულ ნაწილს, მრეწველობას და გამოდის, რომ ყველა კომპონენტი უნდა გადავიდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. არ ვეთანხმებით მთავრობის აზრს, თითქოს გარემოს დაცვის სამინისტრო არ დასუსტდება და უბრალოდ მექანიკური შერწყმა მოხდება. რეფორმიდან ჩანს, რომ გარკვეული კომპონენტი (ბუნებრივი რესურსები) ეკონომიკის სამინისტროში გადადის, რაც ასევე პრობლემაა, რადგან ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანებულია ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ურბანიზაცია, მშენებლობა, ქონების მართვა... ეკონომიკის სამინისტროც თავადაა მომხმარებელი და რესურსების რეგულირების, ლიცენზირება და ინსპექტირებაც ერთ უწყებაში ექცევა ანუ აქაც ინტერესთა კონფლიქტი იქმნება. სოფლისა და ეკონომიკის სამინისტროებს, თავის პროექტებზე მოუწევთ ლიცენზიების გაცემა და არბიტრის როლს ვეღარავინ შეასრულებს.
_ ანუ პრობლემა ისაა, რომ აღმასრულებელი და მარეგულირებელი სტრუქტურები ერთი ქოლგის ქვეშ ექცევა?
_ დიახ, ასეა. კორუფციის რისკიც ჩნდება და იმის საფრთხეც, რომ შეიძლება გარემოს დაბინძურების ხარჯზე გადაიდგას ნაბიჯები, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება. ერთ-ერთ სერიოზულ მოწყვლად ჯგუფად ითვლება მოსახლეობა, რომლისთვისაც რესურსი ხელმიუწვდომელია. რესურსი კი ხელმიუწვდომელი ხდება, როცა მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის და მხოლოდ ეკონომიკური დარგის განვითარებას ხმარდება. ამ ფონზე, სჯობს, გარემოს დაცვის სამინისტრო იყოს ცალკე უწყება.
_ თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს თქვენს რეკომენდაციებს, რა ტიპის უწყების ჩამოყალიბებაზეა საუბარი? გარემოს დაცვის დეპარტამენტი შეიქმნება?
_ ამბობენ, რომ 3 თვის შემდეგ იტყვიან, რა ტიპის რეფორმას გაატარებენ. კომიტეტის სხდომაზე თქვეს, ვზოგავთ რესურსებს, ოპტიმიზაციას ვახდენთ და ბიუროკრატიას ვამცირებთო. უკაცრავად, ბიუროკრატიაში ადამიანების რაოდენობას გულისხმობენ ანუ რაც ნაკლები ადმინისტრირება მოხდება, ნაკლები ბიუროკრატია იქნება? თუ ასეა, მაშინ საერთოდ აღარაფერი გვესმის, რადგან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება ძირითადად 2018 წლიდან იწყება.
_ ასოცირების ხელშეკრულება უკვე მეორედ ახსენეთ. გარემოს დაცვის მიმართულებით, რა ძირითადი ვალდებულებები ეკისრება საქართველოს და რატომ შეუქმნის სამინისტროების შერწყმა მათ შესრულებას პრობლემას?
_ მაგალითად, ნარჩენების სეპარაცია. ასევე გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა დანერგოს ინტეგრირებული კონტროლის სისტემა _ შემოვიდეს ინტეგრირებული გარემოს დაცვითი ნებართვა. გარემოს დაცვითი მკაფიო რეგულაციები 2006 წელს გაუქმდა და მხოლოდ საჯარიმო სანქციებზე გადავიდა. უცხოეთში, დამაბინძურებელი რეგულარულად იხდის გადასახადს, რაც ინტეგრირებული ნებართვის ნაწილია. დამაბინძურებელი გადასახადს იხდის მანამ, სანამ არ მოაწესრიგებს საქმიანობას. ამისთვის მას ეძლევა ვადა, მეწარმეს კი _ გარკვეული შეღავათები. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის საკითხში აბსოლუტურად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ. დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო რომ არ გვქონდეს, იმდენად დიდია ვალდებულებების პაკეტი, ასეთ დამოუკიდებელ უწყებას უნდა ვქმნიდეთ. ჩეხეთმა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა, გარემოს დაცვის სამინისტროში 200 დასაქმებული 2000-მდე გაზარდა, იმდენად ბევრი რესურსი დასჭირდა. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსაც იმდენად ბევრი ვალდებულება აქვს, ბიუჯეტის 70%-მდე გაზრდა დასჭირდება, რადგან 2024 წლამდე ყველა ვალდებულება უნდა შევასრულოთ. შესაბამისად, პირიქით უნდა გაძლიერდეს ეს სისტემა. შეიძლება სამინისტროშივე დაგვჭირდეს რეორგანიზაცია და რეფორმები, მაგალითად, ინსპექტირების რეფორმა, რადგან სხვა ტიპის ნებართვები გაიცემა. ნებართვები უნდა გაიცეს წყალაღებაზე, წყალჩაშვებაზე... ეს ყველაფერი აღსადგენია. ყველაზე პრობლემურია წყლის დირექტივა. ეს დღეს მხოლოდ რეგლამენტით რეგულირდება მხოლოდ იმ საქმიანობებზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხს ეხება. 2018 წლიდან კი შემოდის გარემოს ზემოქმედების შეფასების კოდექსი, რომელსაც შემოაქვს ახალი ცნება _ სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება. ეს აბსოლუტურად განსხვავებული სისტემაა.
_ ამბობენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ვერ ასრულებს ფუნქციას და ეს ცვლილება მინისტრებთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც განაპირობა. როგორ აფასებთ სამინისტროს მუშაობას?
_ გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს ისე, რა საშუალებაც აქვს. ეს უწყება ყველაზე მცირებიუჯეტიანია. გასაკვირია, როცა ხელისუფლება ამბობს, არ ვაკნინებთ ამ სისტემასო, რადგან ამ უწყების ბიუჯეტი 43 მილიონი ლარია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსი კი _ 200 მილიონ ლარზე მეტი.
_ სხვა ქვეყნების გამოცდილება როგორია?
_ ევროპის ზოგ ქვეყანაში ეს სტრუქტურები შერწყმულია, მაგრამ მათ ასეთი ტრადიცია ჩამოუყალიბდათ, სხვა სტილის მოწყობა აქვთ. ავსტრიის მაგალითი ხშირად მოჰყავთ და იქ ორი უწყება ემსახურება გარემოს დაცვას. ყველა ქვეყანას თავისი ნორმა აქვს. გარემოს დაცვის უწყება საქართველოში ყოველთვის ცალკე იყო! ეტყობა, ვიღაცებს ეს დაავიწყდათ. მოხარული ვარ, რომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სწორად აანალიზებს ვითარებას. ცვლილებათა პაკეტის განმარტებით ბარათში პორტუგალიის მაგალითია მოყვანილი, არადა იქ 2015 წელს იყო შერწყმული სტრუქტურები, 2017 წელს კი ისევ დააბრუნეს ცალ-ცალკე სამინისტროებად. თან აღიარეს, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვეს. არ მესმის, ჩვენც იგივე რატომ უნდა გავაკეთოთ. რატომ არ გვინდა სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ. რატომ უნდა წავიმტვრიოთ კიდევ ერთხელ ცხვირი?! საპარლამენტო მდივანს ვკითხე, არ გააკეთეთ უახლესი წარსულის ანალიზი-მეთქი? არაფერი მიპასუხა. 2007 წლიდან ეკონომიკის სამინისტროში გადავიდა წიაღის მართვა. ამბობდნენ, ამით გავზრდით ინვესტიციებსო. მაშინაც ვსაუბრობდით ინტერესთა კონფლიქტზე და არანაირი ინვესტიცია საქართველოში არ შემოსულა. ბუნებრივი რესურსები ენერგეტიკის სამინისტროში გადაიტანეს და ამითაც ვერაფერი მივიღეთ.
_ გარემოს დაცვის უწყება, თუნდაც დეპარტამენტის სახით, თუ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, პრობლემა მაინც იქნება?
_ ასეთი რამ ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოხდა და არ გაამართლა. გარემოს დაცვის ინსტრუმენტი არსებობს გაეროს ეგიდით. მას ჰქვია სპეციალური შეფასებითი დოკუმენტები, სადაც პირიქით იმაზეა საუბარი, რომ სისტემა გაძლიერდეს. განსხვავებული საკითხებია ოპტიმიზაცია და სტრუქტურის დაკნინება. სანიტარული სამსახურის გაუქმების შემდეგ, მისი ერთ-ერთი ფუნქცია _ სასმელი წყლის უსაფრთხოების შემოწმება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაკუთვნეს. დღემდე ვერ მოერია ეს სამინისტრო ამ ფუნქციას, რადგან მისი კი არა, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.
_ გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებს, მაგალითად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მეტეოროლოგიის სამსახურს რა ბედი ელის?
_ არ ვიცით. ამ სამსახურებზე ხელის ხლება არ შეიძლება. გარემოს დაცვის სააგენტო პასუხისმგებელია დაბინძურებაზე, პრევენციებზე, ინფორმაციაზე და გამოდის, დოტაციაზე უნდა დაჯდეს. ფინანსურადაც არაეფექტური რეფორმაა, რადგან ეს სამსახური ფინანსების გარეშე რჩება, ანუ მისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები უნდა გამოიყოს. ამ სამსახურების გამართული მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და მათ ფუნქციებს ვერავინ შეასრულებს. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ იმას, რაც იციან, რომ აუცილებლად დაიშლება.
_ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადგან ამ მიმართულებით კითხვები გაჩნდა, საკითხზე კიდევ იმსჯელებენ. ფიქრობთ, ხელისუფლება თქვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს?
_ მცირე იმედი მაინც მაქვს, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში