Menu
RSS

„მეუფე შიოს მოსაყდრეობა ია ვარდით მოფენილი არ იქნება“

რატომ არ ემთხვია შიო მუჯირი პატრიარქს ხელზე – რას ჰყვებიან საპატრიარქოს კულუარებში და დასრულდა თუ არა შორენას „რუხი კარდინალობა“

2017 წლის 23 ნოემბერი საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება _ ამ დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსაყდრე დაასახელა. სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში უწმინდესის ეს, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, შესაძლოა, ლოგიკური ყოფილიყო, მაგრამ ,,ციანიდის სკანდალიდან'' გამომდინარე, ილია II-ის გადაწყვეტილებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, ,,ვერსიას'' უთხრეს, რომ მეუფე შიოს მოსაყდრეობა ერთი-ორი მღვდელმთავარმა მოულოცა. მეტიც, კონფიდენტი, რომელიც საპატრიარქოს კულუარებსა და, შესაბამისად, საეკლესიო თამაშებში კარგადაა ჩახედული, ეჭვობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს.
,,უწმინდესს მოსაყდრედ სხვა ვინმე რომ დაესახელებინა, იგივე მაღალ სასულიერო იერარქებს შესაძლოა, სხვანაირი რეაქცია ჰქონოდათ, მაგრამ თუკი გავყვებით ვერსიას, რომ ,,ციანიდის სკანდალი'' თავის დროზე პატრიარქის ტახტისთვის ,,აგორდა'', მაშინ პირადად ჩემთვის გასაგებია, მეუფე შიოს მოსაყდრეობა ია-ვარდით მოფენილი რატომაც არ იქნება ანუ დასამალი არავისთვისაა, რომ საპატრიარქოში რამდენიმე ფრთა არსებობს.
მართალია, ამაზე საუბარი კი არა, გაფიქრებაც მკრეხელობაა, მაგრამ მოდით, ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩვენი უწმინდესი ასაკშია. ჰოდა, ყველა ცდილობს, რომ პატრიარქის ტახტს ,,მიუახლოვდეს''.
მოსაყდრეობა, აპრიორი, უწმინდესის მემკვიდრეობას არ ნიშნავს და ისიც შეიძლება, რომ პატრიარქმა მოსაყდრე ნებისმიერ დროს შეცვალოს, მაგრამ როცა ეკლესიის მხცოვანი მეთაური მოსაყდრეს ასახელებს, ეს უკვე რაღაცაზე მეტყველებს ანუ შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ ილია II-მ მემკვიდრე დაასახელა. აი, ამიტომაც მგონია, რომ მოსაყდრე ყველა მხრიდან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, თან მეუფე შიოზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე საეკლესიო ფრთის წარმომადგენელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ყველასთან ერთნაირად კარგი, უფრო სწორად, გაწონასწორებული და ნეიტრალური ურთიერთობა აქვს.
გარდა ამისა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე შიოზე ზეგავლენის მოხდენა არცთუ ადვილია'', _ ამბობს ,,ვერსიის'' კონფიდენტი, რომელიც აქვე, იმასაც იხსენებს, რომ მეუფე შიო პრეზიდენტის სულიერი მოძღვარი და ლევან ვასაძის მეგობარია, თუმცა აღნიშნავს, რომ უწმინდესს მოსაყდრე ამ ნიუანსის გათვალისწინებით არ დაუსახელებია.
მაინც, რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა და უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მეუფე შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპრობელია?
დავიწყოთ იმით, რომ მიტროპოლიტი შიო, რომელიც 23 ნოემბერს მოსაყდრედ დასახელდა, ამავდროულად, პატრიარქის ქორეპისკოპოსიცაა. საერთოდ, უწმინდესს სამი ქორეპისკოპოსი ჰყავს _ შიო მუჯირი, თეოდორე ჭუაძე და იაკობ იაკობიშვილი.
ცნობისთვის: საპატრიარქოს სახელით ბრძანებებზე ხელმოწერის უფლება, პატრიარქის მდივნის მსგავსად, ქორეპისკოპოსებსაც აქვთ.
პატრიარქის მოსაყდრე 49 წლისაა. დამთავრებული აქვს თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიოლონჩელოს კლასი.
ელიზბარ მუჯირი ბერად 1993 წელს აღიკვეცა, 1995 წელს დიაკვნად, 1996 წელს კი მღვდლად აკურთხეს.
1998 წელს, პატრიარქის მომავალი მოსაყდრე ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიას ამთავრებს და სწავლას მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე აგრძელებს.
2003 წელს, შიო მუჯირი ეპისკოპოსი ხდება, 2009 წელს _ მთავარეპისკოპოსი, 2010 წელს კი _ მიტროპოლიტი.
ვერ ვიტყვით, რომ მიტროპოლიტი შიო აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით გამოირჩეოდა. შესაბამისად, თავის დროზე ყურადღება იმისთვისაც, პრაქტიკულად, არავის მიუქცევია, რომ 2013 წელს, პატრიარქის მომავალი მოსაყდრე ,,დემოგრაფიული აღორძინების ფონდის'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ამავე საბჭოს წევრები იყვნენ ბიზნესმენები – ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე და ,,პალიტრა მედიის'' ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი.
საერთოდ, მიტროპოლიტ შიოსა და ლევან ვასაძის ერთად, ასე ვთქვათ, გამოჩენა გასაკვირი არაა _ ისინი სიყრმის მეგობრები არიან, რასაც ერთი ცნობილი ფოტოც მოწმობს, რომელზეც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რუსული ,,ლინკებით'' ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გიორგი ჭიჭინაძე, ჭაბუა ამირეჯიბის დისწული ირაკლი კაკაბაძე, მწერალი გიო მგელაძე და ელიზბარ მუჯირი ანუ იგივე მიტროპოლიტი შიო არიან აღბეჭდილნი.
ისე, იმხანად, როცა ამ ფოტოს იღებდნენ, ცხადია, ბიჭებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ წლების შემდეგ ეს კადრი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. ფოტოს არსებობა კი რამდენიმე წლის წინ, ნინია კაკაბაძისგან შევიტყვეთ ანუ ირაკლი კაკაბაძის დამ ეს ყბადაღებული ფოტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
იმავე დღეებში მწერალი გიო მგელაძე კიდევ ერთ ფოტოსურათს გაასაჯაროვებს და ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალისთვის მიცემულ ინტერვიუში იტყვის:
,,ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორეპისკოპოსი მეუფე შიო, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი გრიგოლი (ერისკაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე _ ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე...
ნებისმიერი სისტემა, მით უმეტეს, სახელმწიფო სისტემა ჩემთვის ბუნებრივად მიუღებელია... რაც თავი მახსოვს, კონფლიქტში ვარ ნებისმიერ სისტემასთან... მაგრამ მგონი გადავუხვიე...
მე და ირაკლი კაკაბაძე ბავშვობაში ქვიშხეთში დავმეგობრდით. თბილისში დაბრუნების მერე, ირაკლიმ გიორგი და ლევანი გამაცნო, მე მეუფე შიო და მამა გრიგოლი გავაცანი მას... შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ ,,დისიდენტური'' ჟურნალის გამოცემა და ერთი ნომერი გამოვუშვით. გავაკეთეთ სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში. სატელევიზიო გადაცემიდან მოსახლეობას ,,დავემუქრეთ'' კულტურული რევოლუციით, არტ-რევოლუციით. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა...
არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს, ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს. ,,მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო''. ახლა ის ეპისკოპოსია, ქორეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათი გაგრძელდა, ყოფნა-არყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად ,,მოიდას'' იძახის და ყველა ,,მოიდაზე'' ექვსივე ,,მაქსიმალისტი'' სიცილით ,,ვიხეოდით'', რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა.
მერე ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა ეროვნულ მოძრაობას შეუერთდა. გიორგი, ლევანი და ირაკლი უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ერთ დღესაც პირველი კორპუსის წინ, დაანონსებულ აქციაზე, სტუდენტების, ლექტორების და კომკავშირელი აქტივისტების თვალწინ, საკუთარი კომკავშირის მანდატები ცეცხლს მისცეს და დაწვეს... მერე, ნოემბრის გაფიცვა და შიმშილობა, აპრილი _ 9 აპრილით. რა ვიცოდით, რომ შედეგად ქართველებში კერპთაყვანისმცემლობის აღზევებას მივიღებდით.
...იმ დროს, როცა ეს ფოტოა გადაღებული, გიორგი ფილოსოფია-ფსიქოლოგიით იყო გატაცებული, არც მაშინ და არც მერე საქართველოს პრეზიდენტობაზე არ ფიქრობდა. ლევანი პოეზიით იყო გატაცებული, მამა გრიგოლი (გიორგი ჭიჭინაძე) კინორეჟისორობას აპირებდა, როგორც მე. მეუფე შიო (ელიზბარ მუჯირი) ვირტუოზულად უკრავდა ჩელოზე და აპირებდა ამ სფეროში დარჩენას. ირაკლი კაკაბაძეც ფილოსოფიით იყო გატაცებული, მაგრამ თუ არ ვცდები და მგონი, არ ვცდები, მას უნდოდა საქართველოს პრეზიდენტობა. ქმნიდა და ქმნიდა ორგანიზაციებს და ყველა ორგანიზაციის პრეზიდენტი თვითონ იყო.
მეუფე, მამა გრიგოლი და მე ვერაზე ვცხოვრობდით, გიორგი და ლევანი მთაწმინდაზე, ირაკლი სოლოლაკში. სამივე ვერელი 53-ე სკოლაში ვსწავლობდით, ლევანი _ 47-ე სკოლაში, გიორგი და ირაკლი პირველ საშუალო სკოლაში. ექვსივეს გვქონდა ქუჩასთან ურთიერთობა. მაშინ პატარა ბიჭებს ქუჩა გვიხმობდა.''
წეღან ლევან ვასაძე ვახსენეთ და, სწორედ ვასაძესთან მეგობრობის გამო არსებობს მოსაზრება, რომ მიტროპოლიტი შესაძლოა, რუსული გავლენებისგან თავისუფალი არ იყოს. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ უწმინდესის მოსაყდრეს სასულიერო განათლება ჩრდილოეთში აქვს მიღებული.
სტატიაში, რომელიც ქართულმა საინფორმაციო სააგენტო ეპნ.გე-მა მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ დასახელების შემდეგ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: ,,მეუფე შიოს მოსკოვში კარგად იცნობენ და იგი რუსეთის პატრიარქის კარზე საკმაოდ მიღებულ პერსონად მიიჩნევა. რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის ეკლესიასთან და კერძოდ, პატრიარქ კირილთან უკვე შეათანხმეს საკითხი საქართველოს პატრიარქის „მემკვიდრის“ შესახებ _ მომავალი პატრიარქი უკვე შერჩეულია და ამ პროცესში ლევან ვასაძეც არის ჩართული, რომელიც ერთგვარი შუამავალია რუსეთსა და ქართველ სასულიერო პირებს შორის.
ამასთან, პატრიარქისა და საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტების ორგანიზებას ხშირად სწორედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი აგვარებდა. 2011 წელს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა შიომ ორგანიზება გაუკეთა პატრიარქის და მიხეილ ხუბუტიას შეხვედრას.''
სხვათა შორის, 2013 წელს, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო, ლევან ვასაძესთან ერთად, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ჩავიდა, რომელიც 2010 წელს მიტროპოლიტმა შიომ დააფუძნა.
რას ნიშნავს მოსაყდრე
გახდება თუ არა მიტროპოლიტი შიო საქართველოს კათალიკოსი? _ ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ,,ვერსია'' საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას გაგაცნობთ, რომელშიც ნათქვამია:
,,1. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი.
2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ეროვნებით უნდა იყოს ქართველი;
უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;
ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა;
უნდა იყოს ბერი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.
საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.
გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრული ტიტულია: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი...
ყველა სასულიერო პირი მოვალეა ღვთისმსახურების დროს მოიხსენოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ყველა ტაძარში, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ, შემდეგი ფორმულით: „უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი (სახელი)“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივის ნიშნებია ძოწისფერი მანტია, შავი საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული ჯვრითა და ფრთებზე გამოსახული სერაფიმებით, ორი პანაღია და ჯვარი, დიდი პარამანი და ჯვრის წინგაძღოლის უფლება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს თავისი ტვიფარი და ბეჭედი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაში იმყოფებიან როგორც თბილისის სიონის, მცხეთის სვეტიცხოვლის, გელათის, მოქვისა და გონიოს საკათედრო ტაძრები, ასევე ყველა სტავროპიგიალური მონასტერი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს და გაფართოებულ კრებას.
კრებათა შორის პერიოდში საქართველოს ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:
1. წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;
2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდა მამათა კანონები და წესდებები;
3. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებები;
4. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.''
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მეუფე შიო პატრიარქმა მოსაყდრედ დანიშნა და არა _ თანამოსაყდრედ, საეკლესიო კულუარებში ამბობენ, რომ მალე საპატრიარქო თამაშების ახალი ,,სეზონი'' დაიწყება. ეს შესაძლოა, ფიგურალური ნათქვამია, მაგრამ კონფიდენციალური წყაროები ეჭვობენ, რომ შიო მუჯირის მოსაყდრეობით ეკლესიაში შესაძლოა, ლევან ვასაძის და ავტომატურად რუსული გავლენა გაიზარდოს.
გამორიცხული, რასაკვირველია, არაფერია, თუმცა აქვე, ისიც ნიშანდობლივია, რომ ზუსტად მაშინ, როცა მეუფე შიო პატრიარქის მოსაყდრე გახდა, საპატრიარქოს დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა. ეს შესაძლოა, დაგეგმილი ვიზიტი იყო, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ რელიგია ყველაზე დიდი პოლიტიკაა, პოლიტიკაში კი შემთხვევით არაფერი ხდება, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე საპატრიარქოს დასავლური გავლენა იზრდება.
,,ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი, რაც ბოლო დროს ხდება, მათ შორის, ,,ციანიდის სკანდალიც'' სწორედ ჩრდილოელ და დასავლურ ლობებს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგია, _ ამბობს ,,ვერსიის'' კონფიდენტი და ამ კონტექსტში ერთ გაუხმაურებელ ამბავს იხსენებს, _ ,,ციანიდის საქმემდე'' რამდენიმე თვით ადრე, როგორც ვიცი, რამდენიმე გავლენიანი მღვდელმთავარი არაოფიციალურად ევროპაში იმყოფებოდა. ეს ვიზიტი რუსულ ლობს, რასაკვირველია, არ გამოჰპარვია.
ახლა, ვერ გეტყვით, მღვდელმთავრები ევროპაში ვის შეხვდნენ, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ დღის შემდეგ ჩვენი ეკლესიის საგარეო კურსი მთლიანად დასავლური გახდა.
ყველაფერ იმის დოკუმენტებით გამყარება, რასაც ახლა გეტყვით, ცხადია, არ შემიძლია, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ვიღაცებს ზემოხსენებული არაოფიციალური ვიზიტი არ აპატიეს.''
იმის თაობაზე, რომ ,,ციანიდის საქმე'' შეკერილია, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები დიდი ხანია საუბრობენ. ამასთან, ის ცნობაც არსებობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ცალკეული სასულიერო პირების ბიზნესინტერესებზე ინფორმაციას ფლობს და გისოსებს მიღმა ამიტომაც აღმოჩნდა.
ლუციფერმა უწყის, ეს მოარული ხმა მართალია თუ არა, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, საეკლესიო ინტრიგების მსხვერპლი შესაძლოა, მიტროპოლიტი შიოც გახდეს.
ამ კონტექსტში საყურადღებოა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) შეფასება, რომელიც მან შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელების შემდეგ ქართულ მედიასთან გააკეთა:
,,აქამდე მოსაყდრის ფუნქციები ჰქონდა შორენას, ის იყო საქმიანობით დღემდე მოსაყდრე, ამას სულ ვამბობდი, იყოს ნებისმიერი მამაკაცი და არა _ ქალი. და ახლა მეუფე შიოს აქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ეკლესიასა და საპატრიარქოში არაჯანსაღი ძალის წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგას და მეუფე შიოს ვუსურვებ ამ ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ეკლესიის სასიკეთოდ.
ვლოცულობ, ვილოცებ და ვისურვებ, მეუფეს აღმოაჩნდეს ის პრინციპულობა, პირდაპირობა და გამბედაობა, რომელიც შეებრძოლება ამ არაჯანსაღ ძალებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოში არიან და ეკლესიას მტრობენ და ვისურვებ მათ წინააღმდეგ იბრძოლოს და მას შეეწევა უფალი იესო ქრისტე. მე ამას ვისურვებ, დანარჩენს ქრისტე გვიჩვენებს.
მიმაჩნია, რომ სინოდის წევრთა უმრავლესობისთვის ეს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას... თუ უწმინდესმა მეუფე შიოს მოსაყდრეობაზე ბრძანება ჩუმად დაწერა და არავის შეუთანხმა, იწვევს კითხვის ნიშანს, რატომ ასე ჩუმად და დამალულად? განვიხილოთ მეორე ვერსია, ეს შეიძლება სპეციალურად დაიწერა უწმინდესის ხელით, რომ არავის ეჭვი არ გასჩენოდა, შორენა არის თუ არა ამ გადაწყვეტილების საქმის კურსში. თუ ასეა, მაშინ ეს არის მზაკვრული სცენარი, ამის გამო მან პასუხისმგებლობა მოიხსნა და ნამდვილი ,,რუხი კარდინალის'' ფუნქცია შეასრულა. უფალმა იცის სიმართლე და მთავარია, რომ ჩვენ ეკლესიაში მეტი ნათელი დავინახოთ. პატრიარქის ეს გადაწყვეტილება არის წინგადადგმული ნაბიჯი... ყველას გვახსოვს, რომ უწმინდესმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩამოიყვანა ქობულეთის ეპარქიიდან, დაავალა მას, რომ ის ყოფილიყო საპატრიარქოს ქონების მართვის და ფინანსური საკითხების უფროსი, ასევე დაავალა საპატრიარქოში არსებული ფინანსური პრობლემების აღმოფხვრა. მამაომ ღირსეულად დაიწყო ბრძოლა პირდაპირ უსამართლობასთან და კორუფციასთან, მაგრამ აღმოჩნდა საპყრობილეში ციანიდით ხელში, ასეთი სამარცხვინო რეალობა გვაქვს. ის ერთია, რომ პატრიარქს უნდა ეკლესიაში არსებული სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ რამდენად მისცემს პატრიარქის მიერ ნდობაგამოცხადებულს ამის საშუალებას გარემო და ადამიანი რამდენად გაუმკლავდება ამ ყველაფერს ეს მეორეა. ჩვენ ამის ერთი ფაქტი გვაქვს მამა გიორგის სახით, რომელიც დაისაჯა იმიტომ რომ დაიწყო პატრიარქის კურთხევით დავალებების შესრულება და საპატრიარქოში არსებული დარღვევების აღმოფხვრა. ის სწორედ ამისთვის დაისაჯა. ეს ხომ მაგალითია?!''
ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში