Menu
RSS

რა კავშირია საქართველოსთვის „ჯაველინების“ მოყიდვის გადაწყვეტილებასა და თბილისში ტერორისტების გამოჩენას შორის

თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოსთვის უმაღლესი ხარისხის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის _ ,,ჯაველინის'' მიყიდვის თაობაზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების აზრით, ამ იარაღის შეძენის შემთხვევაში ქვეყანა ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უდიდეს ნაბიჯს დგამს და თავდაცვით სისტემას ცალსახად იუმჯობესებს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება ტერორისტული დაჯგუფების გამოჩენა თბილისში ,,ჯაველინების'' საკითხს და ხომ არ არის ეს რუსეთის პროვოკაცია აშშ-ის განცხადების საპასუხოდ? საინტერესოა ისიც, რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა, თუკი ლიკვიდირებული ტერორისტებიდან ერთ-ერთი, ,,ისლამური სახელმწიფოს'' წარმომადგენელი აჰმედ ჩატაევია?
 
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, ,,ჯაველინის'' შესაძლო გადმოცემასა და საქართველოში ტერორისტთა ჯგუფის გამოჩენასაც კავშირი ჰქონდეს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე, დასკვნების გაკეთებას, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. სამაგიეროდ, აფასებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს, ,,ჯაველინის'' მოყიდვა, სამხედრო თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გააძლიერებს: ,,ეს პირველ რიგში სამხედრო თანამშრომლობაა ძლიერ პარტნიორთან იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოში არსებობს. გარდა ამისა, ესაა საქართველოს სამხედრო ძალის მნიშვნელოვნად გაძლიერება. საქართველოს აგრესიული გეგმები არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ სწორი კურსი გვაქვს არჩეული. ნელ-ნელა მივიწევთ იმ გარემოცვისკენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. ჩვენ ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობების, ხმამაღალი განცხადებების, პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამიზნული შეძახილების გარეშე, ვაკეთებთ საქმეს, რომელსაც საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა და განვითარება ჰქვია.''
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, მომხდარი ფაქტი სწორედ ,,ჯაველენის'' საკითხს უკავშირდებოდეს და ეს იყოს რუსული პროვოკაცია. მისი მიზანი არეულობა და ამასთანავე ისიცაა, საქართველო წარმოჩინდეს ქვეყნად, რომელსაც არ შეიძლება ანდო ასეთი მნიშვნელოვანი იარაღი.
ექსპერტ-კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძეც მიიჩნევს, რომ თბილისში ტერორისტების გამოჩენა, შესაძლოა რუსეთის პასუხი იყო აშშ-ის რამდენიმე დღისწინანდელ გადაწყვეტილებაზე. მამუკა არეშიძე ,,ვერსიასთან'' ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასაც აფასებს:
_ მიზეზების ფართო სპექტრი არსებობს, რის გამოც შეიძლება მომხდარიყო მზადება ტერაქტისთვის, თუ ეს ასე იყო. შეიძლება, ,,ჯაველინების'' საკითხიც იყოს კავშირში. მითუმეტეს, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა _ ეს ნიშნავს სამხედრო პოტენციალის ერთი ათად გაზრდას და იმას, რომ ვერც ერთი ტიპის ჯავშანმანქანა ან ტანკი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ იბოგინებს ისე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 24 ნოემბერს, ბრიუსელში, გაიმართა უმნიშვნელოვანესი კონფერენცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხთან დაკავშირებით. ასევე უმნიშვნელოვანესი ფორუმი იმართება აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით. ჩატარდა ევროვიზიის ღონისძიება, აშშ-სა და საქართველოს შორის რაგბისტთა მატჩი... უამრავი საკითხია, რომლებსაც ერთმანეთთან ლოგიკური ბმა შეიძლება ჰქონდეს. პარალელურად, მედიაში ვრცელდება გრიგორი კარასინის განცხადება, ვერ გავამარტივებთ სავიზო რეჟიმს, რადგან ტერორისტები არიან საქართველოშიო. მნიშვნელოვანია აჰმედ ჩატაევის გზავნილი არაბულ პრესაში, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება _ მოითხოვს, სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ციხეებში მყოფი თანამოძმეების, ანუ ,,ისლამურ ხალიფატთან'' დაახლოებული ადამიანების განთავისუფლებას. ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთთან კავშირში იყოს...
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჰმედ ჩატაევი სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორისაა. თუ ასეა, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?
_ ჩატაევის სიკვდილის შემთხვევაში არაფერი რთულდება, რადგან ის ჩეჩნურ დიასპორაში ავტორიტეტით არ სარგებლობდა, პირველ რიგში, ლაფანყურის მოვლენების გამო. მთავარი, მისი აქ ყოფნის მიზეზია. მან კარგად იცოდა, რომ აშშ-ის მიერ შექმნილი ცირკულარის სუბიექტი, საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული და ძებნილია. საქართველო აშშ-ის პარტნიორია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ამ ფონზე, მას ჩამოსასვლელად უმნიშვნელოვანესი მიზეზი უნდა ჰქონოდა. ჩემთვის არაა სარწმუნო, თითქოს საქართველოში ოჯახის მოსანახულებლად და გამოსაზამთრებლად ჩამოვიდა. ვიმეორებ _ ჩამოსვლის მიზეზი იმდენად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რომ ხსენებული რისკი გადაეფარა. ან ვიღაც ჰყავდა ძალოვან სტრუქტურებში, ვინც ,,ხელშეუხებლობის'' გარანტია მისცა.
_ თუ ჩატაევმა საქართველოს საზღვარი გადმოლახა, ეს ქართული ძალოვანი სტრუქტურების სისუსტეზე მიუთითებს?
_ არა, მაშინ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების მასობრივ სისუსტეზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ასეთი რამ ყველგან ხდება. ბენ ლადენი დადიოდა თავის დროზე ქვეყნიდან ქვეყანაში. მთელი სპეცსამსახურები ფეხზე დგანან ეგვიპტეში, მაგრამ ბოლო ტერაქტმა 305 ადამიანი შეიწირა. ვახსენე, რომ ჩატაევს შესაძლოა ჰყავდა დასაყრდენი ქართულ სპეცსამსახურებში. თუ ასე იყო, სწორედ ეს ადამიანია მოსაძებნი. ისიც გასარკვევია, რატომ მოხდა შეტევა იმ დღეს _ ხომ ითქვა, ერთი კვირის განმავლობაში ვუთვალთვალებდითო, ე.ი. იმ დღეს რაღაც მოხდა ისეთი, რამაც შეტევა განაპირობა. დუდაევის იქ ყოფნამ დამაეჭვა, რომ შეიძლება, ყოფილიყო ჩატაევიც, რადგან ეს ორი სულ ერთად არიან, ერთი ხელმძღვანელია, მეორე _ დაცვა. მახსოვს, დუდაევი წინა ხელისუფლებამ როგორ აიყვანა ლაფანყურის ოპერაციის დროს და მერე როგორ გააცილეს ვალეს საგუშაგოდან თურქეთში. დღეს ოპოზიცია ქვეყანაში ჩატაევის შემოსვლაზე აპელირებს. საინტერესოა, 2010 წელს როგორ შემოვიდა? საქართველოს მთავრობამ მაშინ ერთი ამბავი ატეხა, რომ უკრაინაში დაკავებული ჩატაევი რუსეთისთვის არ გადაეცათ და აქ ყოფილიყო.
_ როგორ აფასებთ ხელისუფლების ქმედებებს სპეცოპერაციის დროს? ოპოზიციას აქვს პრეტენზია, რომ მმართველი ძალა არ აწვდიდა ინფორმაციას საზოგადოებას...
_ სწორადაც იქცეოდნენ. ის, რაც მედიის მხრიდან ხდებოდა, განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში გამოუცდელი მედიასაშუალებებისგან, დაუშვებელია. ასეთი სპეცოპერაციის კამერების წინ ჩატარება სისულელეა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი ჟურნალისტების ასეთ მუშაობას ხელს არ უშლიდა.
_ როგორ გგონიათ, რატომ?
_ შეიძლება ვიღაცას სჭირდებოდა ასეთი ფორმით გაშუქებულიყო. ვერ გავიგე, მთელი უბანი რატომ არ გადაკეტეს, თუმცა რთული გადასაკეტიც იყო, რადგან უამრავი ადამიანი ცხოვრობს იქ და მთელი უბნის ევაკუირება რთული იქნებოდა.
 
_ სპეცოპერაციის შედეგად, სამწუხაროდ, ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, რაც უდიდესი დანაკლისია, თუმცა მსხვერპლი, რაოდენობის თვალსაზრისით, მასშტაბური არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ადეკვატურად და წარმატებულად იმუშავეს?
_ ოპერაცია ჩატარდა ნორმალურად, რადგან არ არსებობს მსოფლიოში სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც დაგეგმარების ან რეალიზაციის დროს რაღაც განსაკუთრებული, ერთიანი მეთოდოლოგიით სარგებლობს. ვითარება რასაც მოითხოვს, იმას აკეთებენ. ჩვენ კი არ ვიცით იქ რა ხდებოდა.
_ ბატონო მამუკა, ამ ფონზე ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტად უნდა გამკაცრდეს თავდაცვითი მექანიზმები საქართველოში, თუნდაც საზღვრებზე დაწესდეს დამატებითი რეგულაციები?
_ დიახ, მიდგომა უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, სერიოზული სანქციები უნდა გამოვიყენოთ რადიკალური ისლამის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც საქართველოში, სახელმწიფოს მიმართ ლოიალობით მოაქვთ თავი, მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით, თავის საქმიანობას აგრძელებენ და ეს არანაკლებ სახიფათოა. ასეთი ჯგუფებია კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში და რაც მთავარია _ თბილისში. ეს ამ სპეცოპერაციის დროს კარგად დავინახეთ. რადიკალური ისლამის მიმდევრები, პირველ რიგში შეურაცხყოფენ ჭეშმარიტ ისლამს, რომელიც რელიგიათა შორის ერთ-ერთი წამყვანია და რომელსაც უდიდესი ფილოსოფიური და კულტურული წარსული აქვს. მე-9, მე-11 საუკუნეებში თბილისში განლაგებული იყო დიდი მუსლიმანური ცენტრი კავკასიის რეგიონში, მუსლიმანებისთვის ეს არის ისტორიულად, ლეგენდის თვალსაზრისით, წმინდა ქალაქი. რადიკალური ისლამის მიმდევრები სინამდვილეში პოლიტიკური ისლამის უკან მდგომი ძალების დაკვეთას ასრულებენ და იწვევენ ანტიისლამურ განწყობას, რაც დაუშვებელია. ეს პრობლემა დროზე უნდა მოგვარდეს, რათა არ მოხდეს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. ამ ხალხისთვის უნდა იყოს საქართველოს საზღვარი ჩაკეტილი და ვინც არის საქართველში, მათ მიმართ გარკვეული კანონები უნდა ამუშავდეს. გადავხედოთ, რა კანონები მიიღეს ავსტრიაში, გერმანიაში და ა.შ. სხვადასხვა ტიპის რეგულაციები დააწესეს. აუცილებლად უნდა გავიზიაროთ მათი გამოცდილება და ქართულ რეალობას მოვარგოთ.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში