Menu
RSS

გელაევის რაზმის სკანდალური მარშრუტი – ვინ მფარველობდა საველე მეთაურს

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. რა მოხდა რეალურად? _ ამის შესახებ მაშინ გვეცოდინება, როცა გამოძიება დასრულდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე იმაზე საუბარიც, რომ მოკლული ტერორისტებიდან რომელიმე აჰმედ ჩატაევი ან ,,ისლამური სახელმწიფოს'' ე.წ. იუსტიციის მინისტრია, ცხადია, მხოლოდ ვერსიებით შეიძლება. ასეა თუ ისე, ფაქტია: საქართველომ ანტიტერორისტული ოპერაციების ერთგვარი ნათლობა მიიღო ანუ ასეთი მასშტაბური სპეცოპერაცია ჩვენს ქვეყანაში აქამდე არასოდეს ჩატარებულა. არადა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში მუსირებდა ვერსია, რომ საქართველოს ჩეჩენი მებრძოლები დერეფნად იყენებდნენ და ამ ,,საქმეში'' ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკი სოლიდურ ,,ლევ'' ფულსაც შოულობდა.
სხვათა შორის, ახლაც არსებობს მოსაზრება, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს'' მებრძოლები საქართველოში გამოსაზამთრებლად იყვნენ ჩამოსულები. ჩვენი საზღვრები დაუცველია, შესაბამისად, იმის კითხვა, თუ როგორ გადმოკვეთეს საზღვარი, ბუნებრივია, გულუბრყვილობა იქნება. ამიტომაც, ,,ვერსია'', როგორც იტყვიან, განსჯისთვის რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს გაიხსენებს.
,,ე.წ. მეორე ჩეჩნური ომის შემდეგ, ჩვენმა უშიშროების სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი, 300-400 მებრძოლთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიიდან ხევსურეთში გადმოვიდა. ჩეჩნები დამშეულები იყვნენ და ერთ კილო კარტოფილში 100 დოლარს იხდიდნენ. უშიშროების მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე თემურ გრძელიძე და ჯონი ფირცხალაიშვილი, სიტუაციის შესწავლის მიზნით, ხევსურეთში წავიდნენ და გელაევს შეხვდნენ,'' _ ამბობს ,,ვერსიის'' წყარო, რომელსაც თავის დროზე უშიშროების ორგანოებში მაღალი თანამდებობა ეკავა.
წყაროს თქმითვე, 1992-93 წლებში გელაევი, რომელიც ჯოხარ დუდაევის მმართველობის დროს ე.წ. საპრეზიდენტო სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა, აფახაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ აფხაზეთის დაბრუნება ჩეჩნების დახმარებით შეიძლებოდა.
,,გელაევი საქართველოში, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დაპატიჟეს. სხვათა შორის, მაშინდელი მთავრობის ერთ-ერთი წევრი დაჟინებით ითხოვდა, რომ ჩეჩენი ბოევიკები და გროზნოდან დევნილი მოსახლეობა დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალში დაბანაკებულიყვნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო საგანგებოდ შეიკრიბა. ედუარდ შევარდნაძე, პრინციპში, თანახმა იყო, რომ ჩეჩენი დევნილები ჟინვალში ჩაგვესახლებინა, მაგრამ ჩეჩნების ჟინვალში ჩასახლებით საქართველო ორად გაიყოფოდა. მოკლედ, გადაწყდა, რომ გელაევი ხევსურეთიდან, შემოვლითი გზებით, პანკისში გადასულიყო,'' _ ყვება წყარო.
_ ჩეჩნების ჟინვალში ჩასახლება საქართევლოს ორად რატომ გაყოფდა?
_ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთს გეტყვით: რუსები დღემდე ირწმუნებიან, რომ ჩეჩენი ტერორისტები თავს საქართველოს აფარებენ. რამდენიმე წლის წინ კი პანკისი ტერორიზმის ცენტრად ითვლებოდა და რუსი სამხედრო პირები ხეობის დაბომბვითაც იმუქრებოდნენ. ალბათ, გახსოვთ, ახმეტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ყალბი ჭურვებიც ჩამოყარეს. მოკლედ, ჩეჩნები ჟინვალში რომ ყოფილიყვნენ და რუსებს იქაურობა დაებომბათ, ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოსული წყალი სასტუმრო ,,ივერიამდე'' მოაღწევდა და ნახევარი თბილისი დაიტბორებოდა...
_ ისე, 2000 წელს, როგორც მახსოვს, გელაევის რაზმი პანკისიდან აფხაზეთში გადავიდა და ისიც ითქვა, ამ ოპერაციას იმდროინდელი შს მინისტრი კახა თარგამაძე ხელმძღვანელობდაო...
_ მართალია, ავტომანქანებს, რომლებითაც გელაევის ხალხი აფხაზეთში გადაიყვანეს, შსს-ს სანომრე ნიშნები ჰქონდა, მაგრამ ამ ოპერაციის შესახებ კახა თარგამაძემ არაფერი იცოდა და ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ ტყიბულის ბატალიონი, რომელიც, პრინციპში, პარტიზანებით იყო დაკომპლექტებული, შინაგან ჯარში შედიოდა. ამ ინციდენტამდე ორი კვირით ადრე ეს ბატალიონი თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა, თუმცა ტექნიკური საკითხების მოგვარებას (სანომრე ნიშნების შეცვლას და ა.შ) დრო სჭირდებოდა... სხვათა შორის, ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, რომ გელაევი აფხაზეთში იყო გადასული.
_ ვინ თქვენ?
_ უშიშროების სამინისტრომ. რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელობამ დარეკა და გვითხრა, ასე და ასეა საქმე, აფხაზეთისა და სამეგრელოს ტყეებში შეიარაღებული ჩეჩნები არიანო. სამხარეო უშიშროებიდან ისიც გვაცნობეს, რომ გელაევის ხალხი შსს მანქანებით დადიოდა, თუმცა ამის შესახებ, როგორც გაირკვა, შს იმჟამინდელმა მინისტრმა კახა თარგამაძემ არაფერი იცოდა. ნაშუაღამევს შს და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ედუარდ შევარდნაძესთან შეიკრიბნენ. შეხვედრას თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა და მან განაცხადა, რომ გელაევის რაზმი პანკისიდან აფხაზეთში მასთან შეთანხმებით გადავიდა. მეტიც, გაირკვა, რომ ამის შესახებ პრეზიდენტმაც იცოდა. არადა, წესით, როცა ქვეყანაში ასეთი რაღაც ხდება, საქმის კურსში მხოლოდ პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი კი არა, უშიშროების სამინისტროს ყველა წევრი უნდა იყოს.
_ თქვენი აზრით, გელაევის რაზმის აფხაზეთში გადასროლა რა მიზანს ემსახურებოდა?
_ გელაევი აფხაზეთში შეიარაღებულ პროვოკაციებს მოაწყობდა, რასაც აფხაზების მხრიდან, ალბათ, ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების დაწყება მოჰყვებოდა. მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციები მაშინაც და ახლაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ ქართული მხარე ომში ჩაერთვებოდა და თავს იმით იმართლებდა, რომ სროლა პირველად აფხაზებმა დაიწყეს. ბუნებრივია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ სწორედ ეს გათვლა ჰქონდათ, თუმცა გელაევის ხალხმა წინ ქართველები გაუშვა და პარტიზანული შეტაკებების დროს ჩვენი ბიჭები დაზარალდნენ... მოკლედ, ადგილობრივი უშიშროების სამსახურმა შეგვატყობინა, რომ ქართველ პარტიზანთა ნაწილი გელაევის რაზმთან ერთად ომის დაწყებას ითხოვდა. პარტიზანების, ასე ვთქვათ, ატამანი გერვასი ჯოლოგუა იყო, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მოკლედ, ეს ჯოლოგუა თბილისში ჩამოვიყვანეთ და დავკითხეთ. მან გვითხრა, რომ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ ყოლბაიამ ზურაბ ჟვანიას შეახვედრა და აფხაზეთში გელაევის რაზმთან ერთად ბრძოლის დაწყების შესახებ მას უთხრა, თუმცა როგორც ჯოლოგუამ თქვა, ჟვანია თავიდან არ დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ ყოლბაიას პირით შეუთვალა, რომ თანახმა იყო... სხვათა შორის, ჯოლოგუას გულწრფელობაში ეჭვი შეგვეპარა.
_ რატომ?
_ რაღაც უცნაურად ლაპარაკობდა... ამ ამბებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ აფხაზებმა გერვასი ჯოლოგუა ტყვედ აიყვანეს. დრანდის ციხიდან მან რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიას, თუ არ ვცდები, ,,ორტ''-ს, ინტერვიუ მისცა და ჟვანიასთან შეხვედრის ისტორია დეტალურად გაიმეორა. მეორე თუ მესამე დღეს დრანდის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ, მათ შორის ჯოლოგუაც. ციხის დაცვამ სროლა ატეხა, იარაღი გაქცეულებსაც ჰქონდათ და ორმხრივი სროლის დროს მაინცდამაინც გერვასი ჯოლოგუა დაიღუპა. არ მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს.
_ ვერ ვხვდები, საუბარი საით მიგყავთ?
_ პარტიზანი ჯოლოგუა პარლამენტის მაშინდელ სპიკერს შესაძლოა, მართლა შეხვდა, მაგრამ ჟვანია ის პოლიტიკოსი არ იყო, ომის დაწყების პროვოცირებისთვის მხარი დაეჭირა ანუ ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების სცენარს ჰგავდა და ამაში ჯოლოგუას ინტერვიუმ და მისმა უცნაურმა დაღუპვამაც დაგვარწმუნა.
სხვათა შორის, რუსლან გელაევს აფხაზეთში თავისი მეომრების მხოლოდ ნაწილი ჰყავდა წაყვანილი. ის კონფლიქტის ზონაში აპირებდა დარჩენას და ითხოვდა, რომ პანკისიდან დანარჩენი მებრძოლებიც ჩაგვეყვანა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
_ რატომ?
_ მართალია, კავკასიაში საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც დევნილები შეიფარა, მაგრამ აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ჩეჩნებიც იბრძოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ გელაევის რაზმი აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩებოდა, გამორიცხული არ იყო, რომ ბოევიკებს მოროდიორობა დაეწყოთ და მხოლოდ აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია კი არა, სამეგრელოს სოფლებიც აეწიოკებინათ. ამიტომაც იძულებულნი გავხდით, გელაევი პანკისში დაგვებრუნებინა და ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ მიიღო.
ამ ინციდენტის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი წევრი გია ბარამიძეც იყო. ძალოვანი მინისტრები საკანონდებლო ორგანოში დაიბარეს...
ეს ამბავი, დაახლოებით, 20 წლის წინ მოხდა, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, წარსულის გახსენება შესაძლოა, ერთგვარ გაკვეთილად გამოგვადგეს.
ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში