Menu
RSS

დავით სალარიძიდან უჩა ნანუაშვილამდე

ქართულ პოლიტიკაში ახალი სკანდალი მწიფდება. ყოველ შემთხვევაში, ისეთი პირი უჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ყავლი გაუვა, უჩა ნანუაშვილის, როგორც უფლებადმაცველის რენომე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. საერთოდ, ჩვენებურ ომბუდსმენებს, როგორც განვლილი პერიოდი ნათელყოფს, არც პოლიტიკური ღმერთები სწყალობენ და, მით უმეტეს, არც პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზები ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, 1997 წლიდან, ესე იგი, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჩვენს ბედკრულ სამშობლოში ზემოხსენებული ინსტიტუტის მცნება გაჩნდა, არაერთხელ ყოფილა მომენტი, როცა სახალხო დამცველი იქით გამხდარა დასაცავი. ასე, მაგალითად, 2007 წლის სისხლიან 7 ნოემბერს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სპეცრაზმელებმა იმდროინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი „წიხლქვეშ გაიგდეს“. მერე, წლები რომ გავა და ხელისუფლება შეიცვლება, სისხლიან 7 ნოემბერს ბატონი სუბარი ასე გაიხსენებს:
„2007 წლის 7 ნოემბერს საბოლოოდ დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მართავდა არა კანონი, სამართალი, არამედ, ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ნება-ახირება...
მე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, მართლაც, დეტალურად შევისწავლე, რა ხდებოდა მაშინ, რა ხდებოდა ტელეკომპანია „იმედში“, რა ხდებოდა ქუჩაში. მაგალითად, როგორ ამცირებდნენ ჟურნალისტს, ქალბატონს, რომელიც იყო ცხრა თვის ფეხმძიმე და როგორ აიძულებდნენ ბუქნების გაკეთებას, შემდეგ როგორ არბენინებდნენ და როგორ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. სრულიად უკანონოდ როგორ აღუკვეთეს თავისუფლება პარლამენტის წევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში და როგორ აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გვახსოვს, როგორ მოხდა „იმედისთვის“ მაუწყებლობის შეწყვეტა, ასევე სრულიად უკანონოდ გაუთიშეს მაუწყებლობა ტელეკომპანია „კავკასიასა“ და „25 არხს“. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიყავი მაშინ ის ადამიანი, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიური კონტაქტით, მოვახერხე და რამდენიმე დღის შემდეგ ამ ტელეკომპანიებს აღუდგათ მაუწყებლობა...“
ისე, სიტყვამ მოიტანა და, სოზარ სუბარი პირველი გახლდათ, რომელმაც ომბუდსმენობის 5-წლიანი ვადა ამოწურა. შინ, ასევე, ვადის ამოწურვით მიდის ჯერ კიდევ მოქმედი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. აი, სხვებმა კი _ დავით სალარიძიდან დაწყებული, ნანა დევდარიანით გაგრძელებული და გიორგი ტუღუშით დამთავრებული _ მისია ბოლომდე ვერ შეასრულეს ანუ სალარიძეც, დევდარიანიც და ტუღუშიც ვადამდე გადადგნენ.
დავით სალარიძემ, რომელიც პირველი ომბუდსმენი გახლდათ, აღნიშნული პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. ნანა დევდარიანი სახალხო დამცველობიდან ცესკო-ს თავმჯდომარედ „გადაპორტირდა“, გიორგი ტუღუშის, როგორც უფლებადამცველის კარიერა კი ყბადაღებულმა „ციხის კადრებმა“ შეიწირა ანუ მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, ალბათ, გრძნობდა, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დღეები დათვლილი იყო, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნიშნავდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი მოქმედ ომბუდსმენს შესთავაზა. ამ ნაბიჯით სააკაშვილს, ალბათ, საკუთარი ჰუმანურობის წარმოჩენა სურდა, თუმცა დღემდე ამოუცნობია, ქვეყნის პირველი უფლებადამცველი ამ გამოწვევაზე რატომ დათანხმდა და იმხანად ერთ-ერთი ყველაზე სახელგატეხილი სამინისტროს პირველკაცობა რატომ მოინდომა?
სხვათა შორის, მოგვიანებით ანუ მაშინ, როცა ნაცმოძრაობის წევრი გახდება, საზოგადოების ერთი ნაწილი ნიშნისმოგებით იტყვის, გიორგი ტუღუში ყოველთვის ნაცი იყო და თავის დროზეც სახალხო დამცველად ამ ნიშნით „გაამწესესო“.
საერთოდ, ცივილურ სამყაროში ომბუდსმენის ხელისუფლებასთან აფილირება არცთუ კარგ ტონად ითვლება, რამეთუ ადამიანის უფლებებს, როგორც წესი, ჩინოვნიკები არღვევენ. ჰოდა, თუკი სახალხო დამცველი ჩინოვნიკთა აპეკუნია, მაშინ მარტივი მისახვედრია, რომ დაჩაგრულთა კი არა, მჩაგვრელთა გვერდით დადგება. ამ „ანბანური ჭეშმარიტების“ მიუხედავად, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველაფერი „მოსულა“.
ჰოდა, ისიც „მოსულა“, რომ თუნდაც იგივე პირველი სახალხო დამცველი პოლიციის გენერალი გახდა, რასაც ცხადია, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვა: სალარიძემ, რომელსაც მუნდირი მაშინ ეცვა, როცა პოლიცია ყველაზე დისკრედიტირებული იყო, ადამიანის უფლებები როგორ უნდა დაიცვასო, თუმცა როგორც დღეს ამბობენ, ბატონი სალარიძე არცთუ ურიგო ომბუდსმენი იყო.
სხვათა შორის, ამასწინ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არ „გაგიტყდათ“, პოლიციის გენერალი ომბუდსმენობაზე რომ დასთანხმდითო? ამ, ცოტა არ იყოს, უხერხულ კითხვაზე სალარიძემ, დაახლოებით, ასეთი პასუხი გასცა, შევარდნაძემ მითხრა, შეიძლება, უკეთესიც იყოს, პოლიციელი რომ ხარო. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი სალარიძე იმ მეთოდების საქმის კურსში იყო, რომლითაც ძალოვანი უწყება ადამიანის უფლებებს არღვევდა. შესაბამისად, „ხეზე ასვლა“ იცოდა და მჩაგვრელთა, მინიმუმ, ამოცნობა არ გაუჭირდებოდა.
რაც შეეხება სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის განვითარებას, ქართულ „ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ: „ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და აღიარებულ რეჟიმს უკავშირდება. ომბუდსმენის ინსტიტუტისა თუ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანოების არსებობა, რომლებიც ამ აღიარებული უფლებების რეალიზაციის გარანტად გვევლინება, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის გარკვეული ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში აისახა ადამიანის უფლებების დაცვის საწყისი მექანიზმები. ეს იყო პირველი საკანონმდებლო აქტი, სადაც ფართოდ წარმოჩინდა პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრი. კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობოდა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს, აქ იყო სავალდებულო და უფასო განათლების უფლება; უღარიბესი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა საზრდოს, ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთების სახით. ცალკე იყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების თავი. 1921 წლის კონსტიტუცია სრულად პასუხობდა დროის შესაბამის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მოქმედება ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მოქმედი პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალურად აღიარებდა ადამიანის ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას. საბჭოთა საქართველოში რა თქმა უნდა, არ არსებობდა ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტი.
მრავალი წლის შემდეგ, უკვე 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის შექმნის შესახებ“. მაგრამ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრიორიტეტის მინიჭების გამო, ამ კომიტეტს სულ მალე შეეცვალა სახელი და დაერქვა „საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტი“.
რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებდა დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. კომიტეტს უნდა ჰქონოდა საკუთარი დებულება. შეეძლო შეექმნა ტერიტორიული ორგანოები და დაეარსებინა ფონდები.
1992 წელს, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტი დროებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (თბილისის პარლამენტი) შენობაში განათავსეს. კომიტეტი განიხილავდა ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს; ასევე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით შეეძლო შეემოწმებინა წინასწარი დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სასჯელის ან სასამართლოს მიერ დანიშნული სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებების აღმასრულებელ შრომაგასწორებით და სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით აღჭურვილი თანამდებობის პირი, უფლებამოსილი იყო შესულიყო დაკავებულთა მოთავსებისა და წინასწარი პატიმრობის, სასჯელის აღსრულების ადგილებში, შეხვედროდა და გასაუბრებოდა დაკავებულებს და დაპატიმრებულებს; გაერკვია, იყო თუ არა დაცული მათი უფლებები დაკავების ან დაპატიმრების, აგრეთვე შესაბამის დაწესებულებებში ყოფნის პროცესში;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება ჰქონდა, შესაბამისი თანამდებობის პირისაგან წერილობითი წარდგინებით მოეთხოვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტის აღკვეთა. მისი წარდგინების განხილვა სავალდებულო იყო ერთი თვის ვადაში, განხილვის შედეგების შესახებ უნდა ეცნობებინათ კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებელისათვის. რესპუბლიკის სახელმწიფო, სამთავრობო ორგანოები და ორგანიზაციები, ავტონომიური სუბიექტების შესაბამისი სამსახურები ვალდებული იყვნენ მოთხოვნისთანავე წარედგინათ ინფორმაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, კომიტეტს უფლება ჰქონდა მუდმივად ეზრუნა და ზედამხედველობა განეხორციელებინა „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ძირითადი მოთხოვნების შესრულებისათვის, რათა საბოლოოდ აღკვეთილიყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების საქმეში ადმინისტრაციული ჩარევის ფაქტები.
სახალხო დამცველის ინსტიტუტი სწორედ ამ კომიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა და აპარატიც თავდაპირველად ძველი, გამოცდილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა.
საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. სახალხო დამცველი საქმიანობაში დამოუკიდებელია. ხელისუფლების არც ერთ შტოს მიეკუთვნება.
საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; საჯარო დაწესებულებებს; თანამდებობის პირებს. ამასთან, სწავლობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებების საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით. შეისწავლის საქმეებს, რომლებიც ეხება: საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას; სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას; დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებების დარღვევას; ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას; რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობას.  
სახალხო დამცველი უფლებამოსილია განიხილოს განცხადებები როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შესახებ, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველი პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს წარუდგენს წინადადებებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით; ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს, მიმართავს წინადადებებითა და რეკომენდაციებით; შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს წინადადებით გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით; წინადადებით მიმართავს შესაბამის ორგანოებს იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა; ასრულებს სასამართლოს მეგობრის (Aმიცუს ჩურიაე) ფუნქციას საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში; კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს; წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია; განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით.
საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას.
სახალხო დამცველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობა წარმოადგენს. იგი ორგანიზებას უწევს ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და კამპანიებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს აერთიანებს.!“
სხვათა შორის, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ე.წ. „ა“ სტატუსის მატარებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ომბუდსმენის აპარატი გაერო-ს პარიზის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია, ანუ „საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მუშაობაში საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე (ხმის მიცემის უფლებით) და ასევე, მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში.“
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ქვეყნის მთავარ უფლებადამცველს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა არ სწყალობს. ყოველ შემთხვევაში, ამას წინათ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველიაო. თეა წულუკიანის ამ განცხადებას მხოლოდ ოპოზიციაში კი არა, თვით უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ბოლოს კი ვერდიქტი თავის დროზე „ქართველ დედა ტერეზად“ მონათლულმა ელენე თევდორაძემ გამოიტანა, რომელმაც ჩვეული დამტვრეული ქართულით გვამცნო, იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება მომეწონა ანუ თუ ხელისუფლება აქებს, მაშინ სახალხდო დამცველი ცუდი არ იქნებაო.
მაინც, როგორ შევა საქართველოს ისტორიაში უჩა ნანუაშვილი _ სამართლიანი თუ უსამართლო ომბუდსმენის რენომეთი? _ ამ კითხვას პასუხს დრო გასცემს.
დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია: რამდენიმე კვირაში ქვეყანას ახალი მთავარი უფლებადამცველი ეყოლება.
ვინ შეცვლის ნანუაშვილს? _ ამაზე საუბარი მხოლოდ ვერსიებით შეიძლება. ზოგი ამბობს, რომ ომბუდსმენი, დიდი ალბათობით, სოფო ხორგუანი გახდება, რომელსაც ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს _ სოზარ სუბარის სახალხო დამცველობის დროს მისი მოადგილე გახლდათ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ხორგუანისთვის ომბუდსმენობა არავის შეუთავაზებია.
ასევე, არ გამორიცხავენ, რომ მდინარეში მეორედ დიმიტრი ლორთქიფანიძეც შევიდეს _ ხუთი წლის წინ, ნანუაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი სწორედ ბატონი დიმა გახლდათ, თუმცა როგორც მაშინ ითქვა, ქსენოფობიური და ჰომოფობიური მიდრეკილებების გამო „დაბრაკეს“.
ასეა თუ ისე, სახალხო დამცველობა, მით უმეტეს, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ერთგვარი რუტინაა. ალბათ, ამიტომაც ამბობენ, რომ ადამიანს, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს, „რკინის ნერვები“ უნდა ჰქონდეს და ზომაზე მეტად პრინციპულიც უნდა იყოს. ვინ არის ასეთი „დიმიტრი გელოვანი“? _ ამაზე მარჩიელობა შორს წაგვიყვანს. აი, პირველი ომბუდსმენის, დავით სალარიძის შეფასებით კი, ადამიანის უფლებებზე მამაკაცზე უკეთ დიაცი იზრუნებს. ჩვენში დარჩეს და, ამ მოსაზრებაში ლოგიკა არის _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართლის დედა არ დაგვავიწყდეს, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი _ ფიალა ანუ მტერს მტრულად ხვდება, მოყვარეს კი _ მოყვრულად.
ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში