Menu
RSS

ქართულ პოლიტიკაში მოვლენები, როგორც იტყვიან, ელვისსისწრაფით ვითარდება – სანამ საზოგადოება იმის „გადახარშვას“ მოსწრებდა, რომ შს ყოფილმა მინისტრმა, ივანე (ვანო) მერაბიშვილმა, რომელსაც ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო დეკადაში პრემიერის პოსტიც ეკავა, ახალ წლამდე, შესაძლოა, საპატიმრო დატოვოს, ბეჭდური თუ ინტერნეტმედია მეგის ქარდავას დაკავებით აჭრელდა. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელიც უკრაინაში რუმინეთიდან შესვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავა.
ზოგადად, მეგის ქარდავაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ყველა ან თითქმის ყველა, ვინც 9-წლიანი რეჟიმის „მსახვრალი ხელი“ საკუთარ თავზე გამოსცადა, ირწმუნება, რომ ყველა შავ-ბნელი ქმედების ავტორ-შემსრულებელი სწორედ ქარდავა იყო, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ქარდავასა და მერაბიშვილს კარგი ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ, რაც გასაკვირი არაა, რამეთუ ქარდავა ე.წ. ახალაიების ფლანგს წარმოადგენდა. მამა-შვილ ახალაიებსა და ვანო მერაბიშვილს კი, როგორც ამბობენ, კარგი ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ.
 
ისე, შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ მეგის ქარდავას დაკავება და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ხმა გარკვეულ კავშირში თუნდაც იმიტომ უნდა იყოს, რომ ისინი, ვინც პოლიტიკურ თამაშებში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. ჰოდა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ქარდავას დაჭერითა და მერაბიშვილის შესაძლო „სვაბოდაზე“ გამოსვლით ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი ნაცმოძრაობა კიდევ უფრო უარესად დაიშალოს ანუ ყოფილმა და მოქმედმა ნაცებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყონ.
ზოგადად, მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ სააკაშვილის „ხერხემალმა“ შესაძლოა, ციხე დატოვოს, უკვე დაიწყო იმაზე მარჩიელობა, ნაცების რომელ ფრთასთან წავა ვანო _ მართლმორწმუნე მიშისტებთან თუ ე.წ. ბოკერიას სასტავთან?
ამის თაობაზე ერთობ საგულისხმო ინფორმაცია სოციალულ მედიაში გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გაავრცელა ანუ, როგორც ჟურნალისტი ამბობს, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წინააღმდეგია, რომ ყოფილი პრემიერი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათი პარტიის წევრი გახდეს. ამასთან ისიც ირკვევა, რომ ბაქრაძის პათოსს პარტიის პოლიტსაბჭოს უმრავლესობაც იზიარებს. „გამორიცხულია მერაბიშვილი რიგით წევრობას დათანხმდეს. ამის გათვალისწინებით, ყოფილი პრემიერი ან ნაციონალურ მოძრაობაში რიგით წევრად დაბრუნდება ან ახალ პარტიას შექმნის,“ _ ვარაუდობს ჟურნალისტი.
„პირველი რადიოს“ ცნობით კი, მერაბიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კომენტარს არც ნაცმოძრაობაში აკეთებენ და არც _ ევროპულ საქართველოში.
„ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე საპყრობილის დატოვების შემდეგ თავად ისაუბრებს.
მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება მხოლოდ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გააკეთა, თუმცა არც ჩივიაშვილს დაუკონკრეტებია, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვს ექსპრემიერს,“ _ იუწყება „პირველი რადიო“. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის `ევროპულ საქართველოში~ პორტირების წინააღმდეგი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის, რომელიც, თავის დროზე, ნაცმოძრაობის „კასირად“ ითვლებოდა. ახლა კი ბოკერიას გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად ასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მერაბიშვილი მაინც `ევროპული საქართველოს~ სახე გახდება, „კეზერა“ პარტიის დაფინანსებას შეწყვეტს.
ზოგადად, დანამდვილებით არავინ იცის, ახალ წლამდე საპყრობილეს რეალურად დატოვებს თუ ყველაფერი ეს ერთგვარი პიარია, მაგრამ რაც უნდა იყოს, ისეთი პირი უჩანს, რომ „ხერხემალი“ ყოფილ და მოქმედ მიშისტებს შორის, შესაძლოა, ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცეს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ვერსიებით შეიძლება. ერთ-ერთი მუშა ვერსია კი ასეთია:
მერაბიშვილმა ყველაზე ბევრი კი არა, ძალიან ბევრი რამ იცის. შესაბამისად, ალბათ, არც ერთ მხარეს არ უნდა, რომ „მოსიარულე ბომბზე“ „დაჯდეს“, თუმცა აქვე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ მერაბიშვილს განქორწინებული „ნაცების“ არც ერთი ფრთა არ მიიღებს, ვანო, შესაძლოა, შურისძიებაზე გადავიდეს და „გუდას პირი მოხსნას“ ანუ ინტერნეტსივრცე ნაცების მამხილებელი ახალი მასალებით გაჯერდეს.
სხვათა შორის, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგის ქარდავამ თითქოს ყოფილი მმართველი გუნდის „ფეისებზე“ ჩვენებების მიცემა დაიწყო. ამასთან, ისიც ითქვა, რომ ქარდავა, ადრე თუ გვიან, იმ საიდუმლოსაც ახდის ფარდას, თუ როგორ ხვდებოდა სხვადასხვა საიტზე ამა თუ იმ პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და, საერთოდ, ფარულ მიყურადებას, თვალთვალსა და გადაღებას ვინ კურირებდა.
სიტყვამ მოიტანა და, შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა. მან საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა.
2013 წელს, საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა. სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
2013 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა -პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა.
2014 წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ სცნო აწ გარდაცვლილი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის მიმართ წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზებაში, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და გიორგი ჩიკვატიას წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით პატიმრობა ისევ დაუსწრებლად მიუსაჯა.
2013 წელს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მახლობლად აღმოჩენილ იქნა მიწაში ჩაფლული 8 კასრი, რომლებშიც ვიდეოჩანაწერები იყო მოთავსებული. 2014 წლის მარტში, აღნიშნული ჩანაწერების საქმეზე, ქარდავა კვლავ დამნაშავედ ცნეს წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
2016 წელს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქარდავა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე წამებაში დამნაშავედ სცნო და პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განუსაზღვრა. პარალელურად, გასულ წელსვე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქარდავა მოსკოვში, გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის შეკვეთილ მკვლელობაშიც დაადანაშაულა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის, ზოგი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ციხიდან გამოსულმა შს ყოფილმა მინისტრმა, შესაძლოა, დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს ან, სულაც, პოლიტიკას საერთოდ განერიდოს. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ამბობენ, რომ მერაბიშვილს იგივე სამცხე-ჯავახეთში დღემდე სერიოზული სარესტორნო ბიზნესი აქვს. თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ მას პოლიტიკა აღარც უნდა აინტერესებდეს _ მინიმუმ, საზღვარგარეთ წავა და ბედნიერად იცხოვრებს.
ისე, თავის დროზე ისიც ითქვა, რომ ციხე ვანოსთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ანუ გამწარებული ხალხის რისხვას თავი სწორედ საკანში გამოკეტვით დააღწია. ადამიანები, რომლებიც შს ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებენ, ყველაფერ იმას, რაც გადაიტანეს, ცხადია, ვერასოდეს დაივიწყებენ, მაგრამ ნათქვამია, დრო ყველაფრის მკურნალიაო. შესაბამისად, წყენა და გარკვეული აგრესია, შესაძლოა, არ გაუქრათ, მაგრამ ემოციები, ასე თუ ისე, დაბლაგვებული ექნებათ.
ზოგადად, როცა მერაბიშვილზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დაჭერის პირველ ეტაპზე, შს ყოფილ მინისტრს „ყოფილები“ ხშირად ახსენებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა ისეთი ფონი შეიქმნა, რომ თითქოს დაივიწყეს. განქორწინების შემდეგ კი მერაბიშვილი, ბაჩო ახალაიასი არ იყოს, ნაცების არც ერთ ფრთას აღარ გახსენებია. მეტიც, ნაციონალები ამ ორ სუბიექტის ხსენებისგან თავს პირად საუბრებშიც იკავებენ. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის ნაცმოძრაობის კრახი მერაბიშვილ-ახალაიას ბრალდებათ. მოგეხსენებათ, თავის დროზე ისიც ითქვა, რომ ნაცმოძრაობა თითქოს ამ ორი კლანის კინკლაობას გადაჰყვა. გამორიცხული, ბუნებრივია, არაფერია და თუ მართლაც ამ კინკლაობამ შეიწირა ნაცმოძრაობის მმართველობა, მაშინ არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყოფილ მმართველებს მერაბიშვილისა და ახალაიას გაგონებაც აღარ უნდოდეთ.
ასეა თუ ისე, როგორც იტყვიან, ხელთათმანი ნასროლია ანუ მერაბიშვილის გათავისუფლებაზე ხმა გააქტიურებულია და ვანოც, ალბათ, დილემის წინაშე დგას _ ნაცები, `ევროპული საქართველო~ თუ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...'
ნინო დოლიძე

back to top