Menu
RSS

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და საქართველოს მასშტაბით, ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, როგორ გადანაწილდა ხმები მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და შეძლო თუ არა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ სახელისუფლო პარტიისთვის კონკურენცია გაეწია.
საქართველოს მასშტაბით ,,ოცნებამ'' საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ, მაგალითად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას ,,ოცნება'' კი არა ,,პატრიოტთა ალიანსი'' წარმოადგენს _ პარტიამ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 11 კაცი შეიყვანა. ქვეყნის მასშტაბით კი, საკრებულოებში, ,,პატრიოტებს'' 100 წარმომადგენელი ეყოლებათ.
ნაცმოძრაობაში განგვიცხადეს, რომ თითქმის ყველგან, საკრებულოთა 90%-ში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ. ყველაზე კარგ შედეგს კი მიაღწიეს: მარტვილში (10 მანდატი), აბაშაში (7 მანდატი), ხულოში (6 მანდატი), თელავში (5 მანდატი), წყალტუბოში (5 მანდატი).
ლეიბორისტულმა პარტიამ საკუთარი წარმომადგენელი სულ 17 რაიონის საკრებულოში შეიყვანა, მათგან 2 – დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
 
დავით უსუფაშვილის ,,შენების მოძრაობამ'' წარმომადგენელი 9 მუნიციპალიტეტში გაიყვანა. ახალშექმნილ მოძრაობას ყველაზე მეტი _ 3 წარმომადგენელი დმანისში ჰყავს, სადაც ფრაქციის შექმნასაც შეძლებს.
,,დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველოს'' ე.წ. ბლოკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლები მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიყვანა;
,,ერთობა _ ახალი საქართველო'' კი მხოლოდ წალკაშია ერთი კაცით წარმოდგენილი.
ამ შედეგებისა და ზოგადად იმის შესაფასებლად, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობებში ოპოზიციის ჩართულობა, ,,ვერსია'' პოლიტიკურ ექსპერტს, არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა:
_ როცა პარლამენტსა თუ საკრებულოებში ოპოზიცია არაა შთამბეჭდავად წარმოდგენილი, შედეგს ვერ აღწევს. მიუხედავად ამისა, მაინც უმნიშვნელოვანესია, რომ ოპოზიციას ადგილობრივ თვითმმართველობებში მანდატები ჰქონდეს. სადაც უმრავლესობას გადაწყვეტილებების მარტივად მიღების საშუალება აქვს, დემოკრატიზაციის ხარისხი დაბალია.
მმართველი ძალის უმრავლესობაში ყოფნას უპირატესობაც აქვს – გადაწყვეტილებების მიღება მეტი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობის უნარი არ გააჩნიათ. ამ ფონზე საჭიროა, საკრებულოებში ოპოზიციური პარტიებიც იყვნენ წარმოდგენილნი და მმართველ ძალასაც არ ჰქონდეს უმრავლესობა. აუცილებელია ისიც, პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა და კომპრომისზე წასვლა ისწავლონ.
მიუხედავად იმისა, რომ ,,ოცნება'' ყველა საკრებულოში პრივილეგირებულია, მაინც აკეთებენ აქცენტს წარმომადგენლობით ორგანოებში ისეთი ოპოზიციური პარტიების შესვლაზე, რომლებსაც არ ვარაუდობდნენ. მაგალითად, ასეთია უსუფაშვილის ახალშექმნილი ,,შენების მოძრაობა''. ჯამში, ტენდენცია ნორმალურია. ვფიქრობ, ამომრჩეველმა, რეგიონებში უფრო გონივრული არჩევანი გააკეთა, ვიდრე თბილისში და ისეთ ქალაქებში, რომელთა საკრებულოებშიც ,,ოცნება'' უმრავლესობაშია.
_ ოპოზიციის დაბალი მაჩვენებელი, როგორც თავად ამბობენ ტოტალური გაყალბების ბრალია თუ თავად ოპოზიციის სისუსტის?
_ ყველაფრის ერთად. შესაძლოა, გაყალბების გამოც. ბუნებრივია, მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ საუბრობენ, რომ ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოჯახის წევრები მაინც იგულისხმებოდნენ ხმის მიმცემთა სიაში, ზოგ პარტიას ნული დაუწერეს, რაც აბსურდია. შეიძლება, ხმების რაოდენობა შედეგის განმსაზღვრელი არ ყოფილიყო, მაგრამ თავად დამოკიდებულება კარგად ჩანს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ფინანსური, ადმინისტრაციული და სხვა რესურსები, რომლებიც მმართველ ძალას აქვს, გამოიყენა და ამიტომაც შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. გარდა ამისა, დღეს ოპოზიციისადმი ნაკლები ნდობაა, რადგან მისი დიდი ნაწილი ყოფილი მმართველი ძალაა. ამ ყველაფრის გარდა, კიდევ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა არჩევნების შედეგებზე.
_ ჩვენთან საუბრისას ხშირად აღნიშნავდით, ქართული პოლიტიკური ველი ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის მოლოდინშიაო. ახლაც ასე ფიქრობთ?
_ მოლოდინის რეჟიმს არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობაც ადასტურებს (მაქსიმუმ 50%-მდე). მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, ზოგადად პოლიტიკური სპექტრისადმი სკეპტიკურად და ნეგატიურადაა განწყობილი. შესაბამისად, არის ახალი ძალის გამოჩენის მოლოდინი. თუმცა რთულია განსაზღვრა, კონკრეტულად, რა სურს საზოგადოებას, რადგან საქართველოს ამომრჩეველი პრაგმატული გათვლებით არ გამოირჩევა. არის ბევრი სხვა პრობლემაც _ წლების განმავლობაში ვაკეთებთ არჩევანს, რომელსაც თავადვე ვუპირისპირდებით, მუდმივად უკმაყოფილონი ვართ და ვეძებთ ახალ ძალას. ასეა დღესაც, მაგრამ რა რესურსია, რომ ამომრჩეველმა სწორი პოლიტიკური დაკვეთა დააფიქსიროს, ან ვინც გამოჩნდება _ მოლოდინი გაამართლოს, რთული სათქმელია.
_ არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, საპარლამენტო ოპოზიცია ხიბლში ჩავარდაო. ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერმა ლევან თარხნიშვილმა ,,ვერსიასთან'' განაცხადა, ახლადშექმნილი პარტიის ფონზე, შედეგებით უკმაყოფილოები არ ვართო. საპარლამენტო ოპოზიციას ხიბლში ყოფნის მიზეზი აქვს?
_ ვფიქრობ, სხვა ფაქტორი მოქმედებს. როცა პოლიტიკური პარტია თავის წარუმატებლობას აღიარებს, ამომრჩევლის სკეპტიციზმს უწყობს ხელს. ამ ფონზე, როგორც წესი, პოლიტიკური სუბიექტები არ წუწუნებენ, რომ არ დააფრთხონ პოტენციური ამომრჩეველი.
საქართველოში ამომრჩეველი პოლიტიკური ერთგულებითა და სტაბილურობით არ გამოირჩევა, ამიტომ პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ აჩვენონ, თითქოს წარმატებული და განვითარებადი ან დაჩაგრულნი და შევიწროებულნი არიან და სხვა შედეგი იმიტომ ვერ დადეს. პოლიტტექნოლოგიებში ეს მეთოდი ცნობილია.
_ ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა პატრიოტთა ალიანსმა მოიპოვა. ამ წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა, ფიქრობთ, ეფექტური იქნება?
_ ამ შემთხვევაში, ოპოზიცია კი არაა უმრავლესობაში, მუნიციპალიტეტში პატრიოტთა ალიანსი არის მმართველი ძალა. ასეთი პრეცედენტები კარგია. რაც შეეხება ამ მუნიციპალიტეტში მოვლენების განვითარების პერსპექტივას, გააჩნია პროპორცია როგორია. გასათვალისწინებელია სხვა ბევრი ფაქტორიც _ საკუთარი ბიუჯეტი რომ ჰქონდეთ და ცენტრალურ ხელისუფლებაზე არ იყვნენ დამოკიდებულები, სხვა ვითარება იქნებოდა. საქართველოში თვითმმართველობა განვითარებული არაა და ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, მერი იყოს ერთი პარტიიდან, საკრებულო სხვა პარტიის წევრებით დაკომპლექტდეს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კი სულ სხვა პარტიას ეკუთვნოდეს. Gგანსხვავებულობა, ერთის მხრივ, კარგია _ დემოკრატიზაციასა და პოლიტიკურ პროცესებს ავითარებს. მეორეს მხრივ, ცუდიცაა, რადგან ნებისმიერი დისბალანსი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მართვაში ეფექტური დინამიზმით არ გამოიხატებოდეს. მაგალითად, თიანეთში მერი რომ იქნება თამაზ მეჭიაური, მაჟორიტარი დეპუტატი კი ,,ოცნების'' წევრია და მათ შორის ანტაგონიზმი და თანამშრომლობის შეუძლებლობაა, ეს ცუდია _ დეპუტატი არ იქნება დაინტერესებული მეტი ლობიზმით, რადგან მისი წარმატება მიეწერება მისსავე ოპონენტს. ეს ყველაფერი აფერხებს რეგიონის განვითარებას, მაგრამ, სხვა მხრივ, ეს საჭირო ეტაპია, რომელიც უნდა გადავლახოთ თუნდაც იმიტომ, რომ გავაცნობიეროთ – ხელისუფლებები რეგიონებში შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ, ცენტრალურ ხელისუფლებაში კი _ სხვა. ეს ყველაფერი პოლიტიკურ აქტორებს ერთმანეთთან თანამშრომლობასა და კომუნიკაციას ნელ-ნელა ასწავლის.
თათია გოჩაძე

back to top