Menu
RSS

სააპელაციო სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა

ამბობენ, ერის ღირსება იმის მიხედვით იზომება, როგორც აფასებს ის ომის ვეტერანებსა და გმირებსო. ,,ვერსია'' ამჯერად ერთ-ერთი მებრძოლის, ზაალ ლატარიას შესახებ გიამბობთ, დასკვნების გაკეთება და ჩვენი ღირსების ხარისხის დადგენა კი თქვენთვის მოგვინდვია. ყოფილ სპეცრაზმელს, ზაალ ლატარიას, ბოლო პერიოდში, ისევ უწევს სასამართლო სხდომებზე გამოცხადება _ ამჯერად სააპელაციოში. 7 ნოემბერს, კიდევ ერთი პროცესი გაიმართა და ლატარიას, რომლის ოჯახიც, შემოსავლის გარეშე დიდი ხანია დარჩა, დამატებით 1200 ლარის გადახდა დააკისრეს ექსპერტიზის იმ დასკვნაში, რომლითაც ყოფილმა სპეცრაზმელმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკი, რომლის ,,აღმოჩენის'' გამოც 2 წლის წინ დააპატიმრეს, მისი არ იყო და ჩაუდეს. ,,სახელმწიფო ლატარიას წინააღმდეგ! ხელისუფლება ლატარიას ოჯახს ყვლეფს და ანადგურებს'' _ ასე აფასებენ სასამართლო პროცესს მებრძოლის გულშემატკივრები. ვინ არის ზაალ ლატარია, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს კრემლს ანდა საქართველოს შესაბამის უწყებებს მის წინააღმდეგ და რა პრობლემები შეუქმნეს წლების განმავლობაში ოჯახს, რომლის 3 წევრიც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა ომში იბრძოდა?!
ყოფილი სპეცრაზმელის მამა, ცეზარ ლატარია აფხაზეთში იბრძოდა. ომის ვეტერანია უმცროსი ძმა – გიზო ლატარიაც. აფხაზეთში თავად ზაალ ლატარიაც იბრძოდა და ორჯერ დაიჭრა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი შინაგან ჯარებში გააგრძელა სამსახური. არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ყველა ომის ვეტერან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული თითქმის ყველა სპეცოპერაციის მონაწილე, მათ შორის _ ,,კოდორი 2007''-ის. ბოლო პერიოდში მოხალისედ, უკრაინაში იბრძოდა.
,,ვერსია'' უკვე წერდა, რომ ,,კოდორი 2007'' მისი მონაწილეებისთვის საბედისწერო სპეცოპერაციად იქცა. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთი მათ დასჯას ორი დაღუპული და შვიდი მძევლადაყვანილი ოფიცრის გამო სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას. ამით კი, კრემლი, ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდა _ შურსაც იძიებდა და საქართველოსაც გაწმენდდა გულანთებული მებრძოლებისგან, რაც ქვეყნის დასუსტებითა და რუსეთთან ,,დაძმობილებით''’დაგვირგვინდებოდა. ,,კოდორელების'' ნაწილი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა, ნაწილი – სასტიკად აწამეს და დახოცეს. ეს ის ბიჭები არიან, ვისთვისაც სურდათ დაებრალებინათ, თითქოს 2007 წელს, კოდორში დაესხნენ თავს რუსების მშვიდობიან დივერსიულ ჯგუფს. ისინი დაიღუპნენ, მაგრამ სიცოცხლის ფასად არ გაყიდეს საქართველოს ინტერესები _ დიმიტრი კორძაძე ,,აჭარის რევოლუციიდან'' 6 წლის თავზე, ბათუმში, მანქანაში ააფეთქეს; ალექსანდრე დანელიამ, ოფიციალური ვერსიით, თავი მოიკლა, თუმცა დაღუპვამდე რვა დღით ადრე განაცხადა, რომ სერგო უბილავასთან ერთად გაიტაცეს. 24 ნოემბერს, დანელია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ორი ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. სერგო უბილავა, 2012 წლის 13 ნოემბერს, შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ფაქტი შსს-მ არ დაადასტურა. გატაცებიდან 22 დღის შემდეგ, გაკეთდა განცხადება ოფიცრების დაკავების შესახებ. 2014 წლის თებერვლის დასაწყისიდან, სერგო უბილავა ,,ამუშავეს'' ,,კოდორი 2007''-ის სპეცოპერაციის თემაზე. ამასთან დაკავშირებით, 25 თებერვალს ასევე გაიტაცეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე შალვა თათუხაშვილი, პარალელურად მიდიოდა მისი დამუშავებაც. ორივე სპეცრაზმელის დაკითხვას ესწრებოდა რუსეთის სპეცსამსახურების ორი წარმომადგენელი. დაკითხვები მიმდინარეობდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, მათ ჩვენება რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ არ მიუციათ, რამაც აიძულა სპეცსამსახურების წარმომადგენლები მედიკამენტოზურ ზემოქმედებაზე გადასულიყვნენ. რის შემდეგაც, მათ ნაწილობრივ მიიღეს სასურველი ჩვენებები, თუმცა მთავარი თემა _ ,,კოდორი-2007'' ღიად დარჩა. მედიკამენტოზურ ზემოქმედებას ვერ გაუძლეს სპეცრაზმელებმა – 2014 წლის 17 მარტს ციხეში გარდაიცვალა უბილავა სერგო, ოფიციალური მიზეზი _ ციროზი. შალვა თათუხაშვილი კი, 22-დღიანი გატაცების შემდეგ, მიიყვანეს ლილოს ღამის კლუბში და ათ წუთში აიყვანეს. 2014 წლის 23 მარტს შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა; მისი გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ თვეში დაიღუპა მისი პირადი მძღოლი ივანე ივანიძე. ოფიციალური ვერსია _ ავტოკატასტროფა; ზვიად ლაგვილავა _ 2014 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში, სუს-ის განყოფილების შენობაში, დაცულ ტერიტორიაზე, აფეთქების შედეგად საკუთარ კაბინეტში დაიღუპა. გამოძიებამ გააკეთა განცხადება, რომ მაღალჩინოსანი დაიღუპა წყლის გამაცხელებელი მოწყობილობის გაუმართაობის გამო. იქვე გაიცა განკარგულება შენობის დემონტაჟზე. ოჯახის და თანამშრომლების ვერსიით კი, ზვიადი ჯერ მოკლეს, შემდეგ ააფეთქეს შენობა. ზვიადის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ოჯახის ორი წევრი _ მამა და ბებია.
ვინ იქნება შემდეგი? _ ეს კითხვა, ,,კოდორელების'' ახლობლებსა და ოჯახის წევრებს მუდმივად აწუხებდათ და იმასაც მუდმივად ვარაუდობდნენ, რომ შემდეგი, შესაძლოა ზაალ ლატარია ყოფილიყო. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც რომა შამათავა, გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილისთვის არ გაწირეს. სამაგიეროდ, გაწირეს ციხისთვის და მუდმივი პრობლემებისთვის.
ლატარიების ოჯახის სამ წევრს, თითქმის ერთდროულად დაატოვებინეს სამსახური, რის შემდეგაც, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. 2013 წელს ზუგდიდში სახლ-კარი დაეწვათ, რაც მათი ახლობლების ვარაუდით, შემთხვევით არ მომხდარა. უკრაინაში ყოფნისას დაუკავშირდნენ და უთხრეს, თავი დაენებებინა ბრძოლისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ოჯახის წევრებს პრობლემებს შეუქმნიდნენ. თითქმის ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ოჯახური ვითარების გამო, ლატარია იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. აქ კი ნარკოტიკი ,,აღმოუჩინეს'' და დააკავეს. საბოლოოდ, მას 3000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაოს საფასურის გადახდისა და გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ლატარიას მთავარი მიზანი, შელახული იმიჯის აღდგენა იყო _ მან დნმ-ის ანალიზით დაამტკიცა, რომ ნარკოტიკი მისი არ იყო. გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში მოთავსებულ ფრაგმენტებზე აღმოჩნდა ბიომასალა შერეული გენეტიკური პროფილებით, სადაც ზაალ ლატარიას გენეტიკური მონაწილეობა არ ვლინდება _ ვკითხულობთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც ლატარიას 1600 ლარი დაუჯდა. თუმცა ბიურომ სასამართლოში სარჩელი დამატებით 1600 ლარის გადახდის მოთხონით შეიტანა. მოსარჩელე მხარის თქმით, ამ ტიპის ექსპერტიზა 3200 ლარი ჯდება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ, რიგი გარემოებები გაითვალისწინა (მათ შორის ზაალ ლატარიასა და მისი ოჯახის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მისი უმუშევრობა) და მას მხოლოდ 1600 ლარის გადახდა დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ კი, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ლატარიას დამატებითი თანხის გადახდა დააკისრა.
,,ეს არის ჩვენი ოჯახის მიმართ დაუნდობელი მოპყრობა, გატყავება და განადგურება'', _ აცხადებს ,,ვერსიასთან'' ზაალ ლატარიას მეუღლე ქრისტინე კვარაცხელია. სხვათაშორის, ქალბატონ ქრისტინესთან იმის გარკვევაც ვცადეთ, როგორია დღეს ბატონი ზაალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ სპეცრაზმელს ომში მიღებული ტრავმები, პერიოდულად თავს ახსენებს, არის ასევე ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ არაერთი პროვოკაცია იგეგმება. ამ ფონზე, ქვეყნიდან სამკურნალოდ უკრაინაში წასვლა, მისი ახლობლების აზრით, მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა. ამ მიზნით, ყოფილი სპეცრაზმელის სახელზე, ანგარიშის ნომერიცაა გახსნილი _ ZAAL LATARIA GE67LB0711170459883000. თუმცა ქრისტინე კვარაცხელიამ ამ საკითხზე საუბარს დელიკატურად აარიდა თავი და საკმაოდ ღირსეული, მაგრამ მრავლისმეტყველი კომენტარით შემოიფარგლა: ,,ზაალ ლატარიამ თითქმის მთელი ცხოვრება ფრონტის წინა ხაზზე გაატარა. პირველი დაზიანება სხეულზე მიიღო 1992 წელს, კვიტოულში, ოჩამჩირის რაიონში. ალყაში შეტყუებული 10 საათი იბრძოდა თოვლში, ფეხშიშველი. ჰქონდა ორივე ფეხზე მოყინვა მძიმე ფორმით, ხოლო 1993 წლის სექტემბერში, სოხუმის დაცემის დღეს, ფილტვში დაიჭრა სნაიპერის ტყვიით, მებრძოლებმა სისხლისგან დაცლილი 18 წლის მეომარი გალის საავადმყოფომდე მოათრიეს, სადაც უნარკოზოდ გაუკეთდა ოპერაცია. არ ყოფილა დღე, მას ქვეყანა და საქმე მიეტოვებინოს. ის ტოვებდა ოჯახს, შვილებს, მშობლებს და იბრძოდა. დაჯილდოებულია უამრავი მედლებითა და სიგელით. დაფასებულები და ღირსეულები ვიყავით, მაგრამ... თურმე ეს დღეც გველოდა. ჯერ სამარცხვინოდ მოხსნეს ზუგდიდის შსს-დან. პირველად ვნახე მის თვალზე სიმწრის ცრემლი, მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა. საქართველოს სახელით უკრაინაში, წინა ხაზზე იბრძოლა. მერე ძმა მომიკვდა, მამა მძიმედ მყავდა. ვთხოვე, ჩამოსულიყო. რამდენჯერმე მიიღო გაფრთხილება დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ არ გაიქცა. გვითხრა, თუ რამე მოხდებოდა, დახმარებისთვის მიგვემართა გოგი თათუხაშვილისთვის _ ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვენდობიო. როცა სამართალდამცავები სახლში მოგვადგნენ, ჩემმა შვილმა მოახერხა ბატონ გოგისთვის მიეწერა: გვიშველეთ, მამა დაიჭირეს! მერე დაიწყო ყველაფერი ცემა, წამება. ნარკოტიკებზე დაჭერილს ,,მეომრობისთვის'' აწამებდნენ. საშინელი დღეები, ღამის 2 საათზე მოდულის შენობის წინ აკანკალებული ყინვისგან და შიშისგან ჩემი 15 წლის ლანა. ხელთ გვაქვს დნმ პასუხები, სადაც ზაალის არანაირი კვალი არ არსებობს... არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეაფასეს და დააფასეს. გვერდით დაგვიდგნენ და გაგვაძლიერეს. მინდა ხმამაღლა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ზაალ ლატარია იყო, არის და იქნება რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი!“
ნინო ლურსმანაშვილი

back to top