Menu
RSS

რატომ ეძახდნენ ნიკა ჯანჯღავას „კასკას“ და ვინ იყო „პატარა ნაპოლეონი“ – სამხედრო მაღალჩინოსანი ქართული არმიის კულუარებს ასაჯაროებს

,,ვერსია'' აგრძელებს ინტერვიუების ციკლს შინაგანი ჯარის ყოფილ სარდალთან, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ უფროს გოგი თათუხაშვილთან, რომელიც წლებია, უცხოეთში ცხოვრობს. ინტერვიუს დღევანდელ, ასე ვთქვათ, გამოშვებაში გენერალი მუხროვანის ამბოხების უცნობ დეტალებს იხსენებს და ამასთან, რამდენიმე სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს. კერძოდ, გოგი თათუხაშვილი, პრაქტიკულად, ამტკიცებს, რომ შინაგანი ჯარი მიზანმიმართულად დაშალეს და მათ გვარებსაც ასახელებს, ვინც ყველაფერ ამაში მონაწილეობდა...
– 2004 წელს, ანუ იმ დროს, როცა შინაგანი ჯარის სარდალი იყავით, მუხროვანის ბრიგადაში ამბოხი მოხდა... …
– როგორც ინტერვიუს წინა ნაწილში აღვნიშნე, 2004 წელს ახალწვეულები ითხოვდნენ, რომ შინაგან ჯარში ემსახურათ და ჯარისკაცები არათუ სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან გადმოდიოდნენ, არამედ, ჯარში შევარდნაძისდროინდელი დეზერტირებიც ბრუნდებოდნენ და რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ნაწილებში სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა, საბრძოლო მომზადებას საველე პირობებში სწრაფი ტემპით გადიოდნენ.
ჯარისკაცები სამხედრო ხელოვნებას მთელი ენერგიითა და ინტერესით ეუფლებოდნენ. საერთოდ, როცა ჯარისკაცი მოტივირებული და დასაქმებულია, მავნებლური აზრები აღარ მოსდის ხოლმე. შესაბამისად, ჩემს ჯარისკაცებს დეზერტირობისა და კონფლიქტისთვის არ ეცალათ. ამასთან, 2003-04 წლების გაწვევის ჯარისკაცებს პატრიოტული განწყობა განსაკუთრებით ეტყობოდათ და ეს, დაახლოებით, ისეთი განწყობა იყო, როგორიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს არსებობდა. მოკლედ, ჯარისკაცებს რეალურად ჰქონდათ განცდა, რომ საქართველოს ემსახურებოდნენ! მათ, მომზადებასა და მეცადინეობასთან ერთად, საბრძოლო ნათლობაც მიიღეს და მეომრები გახდნენ, ამიტომაც უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევიათ. სხვათა შორის, ყველა სამხედრო ნაწილში თითოეულ ჯარისკაცს წვდომა ე.წ. ცხელ ხაზთან ჰქონდა და გვირეკავდა.…
– ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ბატონი გოგი, მაინც არ მეუბნებით, მუხროვანში ამბოხი რატომ დაიწყო?
– მუხროვანის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ამბოხება ჩემი სარდლობის პერიოდთან არაა დაკავშირებული, თუმცა მსგავსი პატარა ბუნტი, რომელშიც დროულად ჩავერიე და არ გახმაურებულა, ჩემს სამხედრო ნაწილშიც იყო.
– ჰოდა, ამის თაობაზე მიამბეთ, გისმენთ...
– კი ბატონო... 2004 წელია, სამაჩაბლოში ვარ. ,,ცხელ ხაზზე'' ბათუმის სამხედრო ნაწილიდან ზარი შემოდის. ჯარისკაცები მირეკავენ და მებოდიშებიან, ბატონო სარდალო, ოფიცრებს გავემიჯნეთ, მაგრამ არ ჩათვალოთ, რომ ამბოხს ვაწყობთ, უბრალოდ, გვინდა, იცოდეთ, რომ ძალიან ცუდი კვებაა, ოფიცრები ყველაფერს იპარავენ და ყიდიანო. ჯარისკაცებს ვუთხარი – არაფერი მოიმოქმედოთ, სამ საათში მანდ ვარ-მეთქი. ნაწილში შევედი თუ არა, თვალი მოვკარი, რომ ეზოს ერთ მხარეს ჯარისკაცები იდგნენ, მეორე მხარეს – ოფიცრები. ჯარისკაცებს ჩემი დანახვა გაუხარდათ და ტაშით შემხვდნენ... ორივე მხარეს გავესაუბრე, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჯარისკაცებისაგან მივიღე, რომლებიც მზად იყვნენ, ის ადგილებიც ეჩვენებინათ, სადაც ოფიცრები ჯარიდან მოპარულ პროდუქტს აბარებდნენ. მაშინვე ადგილობრივი პროკურატურა გამოვიძახე... ჩხრეკა ჩატარდა და ჯარისკაცთა ჩვენებები დადასტურდა. საქმე აღიძრა. ისე, აღნიშნულ ინციდენტში დამნაშავე მეც ვარ – ზოგიერთ სამხედრო ნაწილს, როგორც ჩანს, ყურადღება მოაკლდა.
– ყურადღება რატომ მოაკლდა?
– აგიხსნით: შინაგანი ჯარის პირადი შემადგენლობა ძირითადად სამაჩაბლოში იმყოფებოდა და ნაწილებში მცირე კონტიგენტიღა იყო დარჩენილი.
– ე. წ. გათოშილების ამბოხზე რას იტყვით?
– მთელი ცხოვრება ჯარში ვარ და ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია: გაქცევის ან დეზერტირობის ერთი მცდელობაც არ გვქონია, რისთვისაც ჩემს ჯარისკაცებს მადლობას ვუხდი! ყველაფერი ეს შინაგანი ჯარის დაბადების დღემდე, ბებნისში ჩატარებულ აღლუმამდე ანუ 12 სექტემბრამდე გრძელდებოდა, როცა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ აღლუმზე, შინაგანი ჯარის დაარსების დღის მილოცვის შემდეგ, გამოგვიცხადა, დაშლილები ხართო. ამის მერე მუხროვანის ბრიგადა თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. შესაბამისად, ზემოხსენებული გაქცევის დროს, ბრიგადა ჩემს დაქვემდებარებაში არ იყო და ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველები, რასაკვირველია, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა რომ არ ჩაეთვალათ, თათუხაშვილმა ,,ხელები დაიბანა'' ან ბუნტში რაიმე წვლილი მიუძღვისო, პასუხისმგებლობა დე ფაქტო მეთაურებთან ერთად გავინაწილე.
– სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რეალურად რა მოხდა?
– რა და, ახალწვეულებმა, თითქოს ცუდი საყოფაცხოვრებო პირობების გამო, პროტესტი გამოაცხადეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან წავიდნენ.
– რატომ ,,თითქოს''?
– სინამდვილეში, ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის შესახებაც მაშინვე განვაცხადე.
– რუსული კვალი ჩანდა?
– დიახ, ჩანდა – ჯარისკაცებს იქვე ტრანსპორტი ელოდათ, პრესაც გაფრთხილებული იყო, რომ ყველაფერი გაეშუქებინა. მეორე დღესვე, პირველ ოპერატიულ ბრიგადაში ,,ღია კარის დღე'' მოვაწყვე, რომელსაც ჯარისკაცები, მათი მშობლები, ომბუდსმენი, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ. ჩვენს შორის საკმაოდ გულახდილი საუბარი გაიმართა. ჯარისკაცებს შევეკითხე, ომბუდსმენის აპარატის ან რომელიმე მედიასაშუალების ტელეფონის ნომერი იცით-მეთქი, მაგრამ ვერ მიპასუხეს და ეს მაშინ, როცა პრესა ირწმუნებოდა, რომ ჯარისკაცები მათ თავად დაუკავშირდნენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ მაშინ, მუხროვანის ბრიგადის ტერიტორიაზე, მობულური ტელეფონი სულ რამდენიმე ადგილას ,,იჭერდა''. საბოლოოდ, ჯარისკაცებმა თავიანთი პრეტენზია ასე ჩამოაყალიბეს: რადგან ახალწვეულის პირველადი მომზადების კურსი შინაგანი ჯარის პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარეს, უნდოდათ, იქვე ანუ თბილისში დარჩენილიყვნენ და არ სურდათ, თავდაცვის სამინისტროს მუხროვანის ბრიგადაში ემსახურათ. იმავე დღეს, ჟურნალისტები მუხროვანის ბრიგადაში ავიყვანე, სადაც ახლადგარემონტებული და აღჭურვილი ბრიგადის ინფრასტრუქტურა საკუთარი თვალით ნახეს. ისე, იმ გაქცეულ ახლადმიღებულ ჯარისკაცებს აღნიშნული ბრიგადა რვა თვის წინ რომ ენახათ, კანცელარიასთან კი არ გაიქცეოდნენ, მოსკოვს უკან მოიტოვებდნენ, თუმცა ყველასთვის ნათელი იყო, რა და რატომაც მოხდა.
– ისევ გეკითხებით: მაინც, რა მოხდა?
– ჩემი ჯარისკაცები ყველა სიძნელეს ვაჟაცურად იტანდნენ. შინაგანი ჯარის პრესსამსახურის არქივში უხვადაა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბიჭები თოვლშიც კი წელსზევით გახდილები დარბიან ანუ მძიმე სწავლებას გადიან, მაგრამ ყველაფერი ეს უშუალო მეთაურებთან ერთად და მათ მხარდამხარ ხდება. ენამოჩლექით საუბარს მათ არავინ კადრებდა და ამის საჭიროება არც არსებობდა. თითოეული მათგანი თავს დიდი ორგანიზმის წევრად თვლიდა, ამიტომ არაფერი იყო საპრეტენზიო და საწყენი.
სხვათა შორის, შემდეგ იყო შემთხვევები, როცა ჯარისკაცებმა პროტესტი ზამთარში ე.წ. სპორტულებით ვარჯიშის გამოც კი გამოთქვეს. საერთოდ, ეს საკითხი აქტუალური მაშინ ხდება, როცა უშუალო მეთაური ჯარისკაცებთან ერთად არ ვარჯიშობს ან ზემდგომი ჯარს მანქანით მისდევს და აგინებს!
ვანო, თუ გახსოვთ, ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმთან ერთად ვარჯიშობდა და, როგორც რიგითი სპეცრაზმელი, მწყობრში მედგა.
აქვე, 2004 წლის მოვლენებიდან ერთ დეტალს გაგახსენებთ: ბათუმის სამხედრო ნაწილსა და ,,ობრ''-დან გადმოსული სამხედრო მოსამსახურეები თბილისში მთავრობის შესახვედრად მოეწყვნენ, წვიმდა. ჯარი ,,სმენაზე'' დგას. თავდაცვის მინისტრი ბეჟუაშვილი კი – არც მეტი, არც ნაკლები – ქოლგით ,,მოგვევლინა''. სურვილი არ მაქვს, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ასეთი შეცდომები დაუშვებელია! ჯარი ასეთ შეცდომებს არავის პატიობს და ეს ელემენტარულია. ჯარს ის მეთაური უყვარს, ვისაც მისი მსგავსი ცხოვრებით უცხოვრია! აუტანელია, როცა მეთაურს არც ჯარში უმსახურია, მონაწილეობა არც საომარ მოქმედებებში მიუღია (არადა, ეკუთვნოდა) და მეთაური პირადი დამსახურების კი არა, მამა-ბიძებისა და დედა-ბებიების ,,დამსახურებით'' გახდა!
მოკლედ, ვიდრე მომხდარის გამო განცხადებას გააკეთებდა, საქართველოს პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები შეკრიბა. შეკრებაზე, როგორც იტყვიან, მოხსენებით თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ოქრუაშვილი გამოვიდა და სიუჟეტში ნანახი გარემონტებული ყაზარმების გამო გაოცება არ დამალა. ასევე, ყურადღება გაამახვილა, რომ ჯარისკაცების საწოლებზე თეთრეულიც ნახა. მერე დასძინა, ამ საკითხებზე ორი თვეა, თათუხაშვილი დამდევს, მაგრამ შეხვედრა ვერა და ვერ მოვახერხეთო...
ვფიქრობ, ამით ჩემს მიმართ გაჟღერებული ,,ბრალდებები'' ამოწურულია.
შინაგან ჯარის სარდლად 2004 წლის იანვარში დავინიშნე. 12 სექტემბერს კი დაგვშალეს. ჯარი, რომლის ასაშენებლად სიცოცხლის დიდი ნაწილი, მთელი ენერგია, ჩემი და თანამებრძოლების სისხლი ჩაიდო და რომელიც შვილივით მიყვარდა, ხელის ერთი მოსმით მოგვიკლეს, ცხადია, კრემლის შეკვეთითა და რუსეთის აგენტი ქართველების ხელით! მაშინ გაკეთებული დასკვნები, წლების ფიქრის შემდეგაც არ შემცვლია! ისტორიულად, ასე ებრძვის და ანადგურებს ქართულ ჯარს გამყიდველი რუსოფობი წითელი ინტელიგენცია!
– დაშლის შემდეგ, შინაგანი ჯარის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროში გადანაწილდა?
– წესით, ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოფილ შინაგანჯარელებზე, პრაქტიკულად, ნადირობა დაიწყო...
რამდენიმე ძალიან გახმაურებულ ფაქტს გავიხსენებ: შინაგან ჯარში გამოცდილი და ნაბრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი, იური გერგედავა დამხვდა, რომელსაც მანამდე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მის საბრძოლო გამოცდილებასა და წესიერებაზე ბევრი მქონდა გაგონილი. ის მთელი ცხოვრება მოადგილედ მსახურობდა. კაბინეტში გამოვიძახე და ვუთხარი, დრო შეიცვალა და ისე აღარ იქნება, რომ მეთაურები ვიღაცების ვიღაცები იყვნენ, მოადგილეები კი სამმაგად შრომობდნენ-მეთქი. მისი პირველი რეაქცია იყო – არა, ბატონო გოგი, არავინ მყავს, დევნილი ვარო. რა შუაშია, დევნილი ხარ და არავინ გყავს-მეთქი? შენსავით მეც დიდხანს ვიყავი მოადგილე და ვიმუშავოთ-მეთქი. მართლაც, მთელი ენერგიითა და გულით მუშაობდა – მის ნაწილში არც ერთი დავალება არ ,,ჩავარდნილა''. შინაგანი ჯარის დაშლის შემდეგ, ზუგდიდის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსად დანიშნეს. მოგვიანებით, პრესიდან გავიგე, რომ თითქოს მთელი შენობების ფული შეუჭამია, ქვეყანა დაუქცევია და აუცილებლად გაასამართლებდნენ. ვანო მერაბიშვილს დავურეკე და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ის ვაჟკაცი და მართალი სამხედრო იყო და უკანონობას არ იკადრებდა, მშენებლობასა და ფინანსებს სამინისტრო განაგებს, გერგედავა რა შუაშია-მეთქი და ისიც შევახსენე, ვანო, ლაპარაკი ხომ იყო, მე რომ გადავდგებოდი, ჩემს ხალხს არ შეეხებოდით და ნაწილს შსს-ში დაასაქმებდით, ნაწილს – თავდაცვაში-მეთქი. მიპასუხა, ეს უგულავას აგორებულიაო...
ცნობისთვის: ფინანსები და მასთან დაკავშირებული პროცედურები მე ანუ სარდალს არ მეხებოდა. შინაგან ჯარს მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტი ჰქონდა და კალმისა თუ ზეწრის შესაძენადაც კი სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა.
რაც შეეხება მშენებლობებს, პირველ ოპერატიულ ბრიგადაში, ყოფილი ე.წ. მერვე პოლკის ტერიტორიაზე, სამინისტროს მიერ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომელიც ამ სამუშაოს ატარებდა, ვთხოვე, ტერიტორიაზე დაყრილი საამშენებლო ნარჩენები სამხედრო ნაწილისთვის გადმოეცათ, რათა იქვე, პატარა ეკლესია აგვეშენებია. იმხანად ჩემს გვერდით იყვნენ როგორც ჩემი მოადგილეები, ასევე ნაწილის მეთაური, პოლკოვნიკი როინ გიგიაძე. დამთანხმდნენ. ნებართვისა და პროექტისთვის წარმომადგენელი საპატრიარქოშიც კი გავგზავნეთ. ცოტა ხანში, სამინისტროდან მივიღე განმარტება, რომ მშენებლობა და ფინანსების განკარგვა შინაგანი ჯარის უფლებებში არ შედიოდა, ხოლო საამშენებლო ნარჩენები მეორე დღესვე გაიტანეს.
კიდევ ერთ ხმაურიან საქმეს გავიხსენებ: პოლკოვნიკი როინ გიგიაძე დაიჭირეს. ადამიანი, რომელიც ქართული ჯარის ერთ-ერთი პირველი ნაკადის ჯარისკაცია და, პრაქტიკულად, ჯარში გაიზარდა. სხვათა შორის, როინი 1992 წელს, ლეგენდარული დანაყოფის – ,,ღამურას'' წევრი იყო და ჩემს სარდლობამდე ბრიგადის მეთაურად მსახურობდა. შინაგანი ჯარის დაშლის შემდეგ, ისევ მედიიდან გავიგე, რომ ბრალი წაუყენეს ანუ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე ,,შეიკერა''. ეს ,,ბოროტად გამოყენება'' კი შემდეგში გამოიხატებოდა: ისანი-სამგორის რაიონში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი გაზის გაჟონვის გამო აფეთქდა. აფეთქების ადგილას მაშინვე ცნობადი პოლიტიკოსები გაჩნდნენ და განაცხადეს, დავეხმარებითო. მეთაურს მხარში, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ჯარისკაცებიც ამოუდგნენ. ამ საბაბით, ერთი ხელის მოსმით უნდოდათ, პროფესიონალი სამხედრო გაეწირათ. ისევ მქონდა საუბარი ცალკე მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და ცალკე – პროკურორის მოადგილე კახა კობერიძესთან. გიგიაძის წინააღმდეგ საქმე სამხედრო პოლიციის უფროსმა ალეკო სუხიტაშვილმა შეკერა. ამის გარდა, შინაგანი ჯარის სხვა ოფიცრებსა და ვეტერანებსაც ამუშავებდა და მასიურად ,,ავერბოვკებდა'', ჩემს წინააღმდეგ ინფორმაციები რომ მიეღოთ და ჩემზე მუშაობა გაეგრძელებინათ.
ყოფილი შინაგანი ჯარის პირველი ოპერატიული ბრიგადის ანუ უკვე თავდაცვის IV ბრიგადის მეთაურად ნიკა ჯანჯღავა დაინიშნა, რომელსაც მეტსახელად, მგონი, ,,კასკას'' ეძახიან. ვიკითხე, ,,კასკას'' რატომ ეძახიან-მეთქი – ეს მეტსახელი რატომღაც ბრძოლას დავუკავშირე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს სჯის – ,,კასკას'' იხურავს და ისე აკეთებს ,,აჭიმვებს''.
შინაგანი ჯარის მოძულემ, ნაწილში შესვლისთანავე განაცხადა, აქაურ ოფიცრებს არსად უომიათ, რისი სამხედროები არიანო და პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი დაანგრევინა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინა. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო პოლკოვნიკ ენვერ გიგლემიანს, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა. ენვერმა, სამსახურის დაკარგვის რისკის ფასად, დაღუპული თანამებრძოლების ფოტოები გადაარჩინა და შეინახა. იმ წმინდა ადგილის მოსპობის შემდეგ, ნიკა ჯანჯღავამ ცოცხლებისთვის მოიცალა და ოფიცერთა რეპრესიები – ჯარისკაცების თანდასწრებით შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება დაიწყო.
მოგვიანებით გავიგე, რომ ჯანჯღავა გვარდიის სარდლად დაინიშნა და იქაც, პირველი რაც გააკეთა, გმირთა მემორიალი დაანგრია. ნაგავში გადაყრილი გმირი ბიჭების ფოტოები, ოთახის კუთხეში სერჟანტმა ზურა სიდამონიძემ დაალაგა, რისთვისაც სამსახური დაატოვებიეს და დიდხანს პროკურატურაშიც ატარეს...
სხვათა შორის, ჯანჯღავას არ ვიცნობ და მის მიმართ არც პირადი ინტერესები მამოძრავებს, თუმცა დავინტერესდი, ომში დაღუპულები ასე ძალიან რატომ სძულდა და მომახსენეს, რომ ომების დროს თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მისი ძმა ელჩი იყო. ისიც მომახსენეს, რომ თევზაძის დროს, კოჯორის ამბოხების ორგანიზატორი იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმ თანამდებობაზე დავით თევზაძის დანიშნული იყო, მაგრამ არც დათოს მამის დაკრძალვაზე მინახავს და არც – ძმის, თორემ იქ მაინც გავიცნობდი. ისე, შეხედულებათა სხვადასხვაობა საკმარისი მიზეზი არაა, ერთმანეთს არ მივუსამძიმროთ. მე და დათოს კონფლიქტი ჯერ კიდევ აფხაზეთში გვქონია – ჩემი დაღუპული ბიჭების ჩამოსასვენებლად ,,ცინკის'' კუბოები ვთხოვე. მიპასუხა, ჩემთვის მინდაო, თუმცა მერე მაინც მომცა. დღემდე მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, ჭირში ერთმანეთის გვერდით ვიყოთ. რაც შეეხება ჯანჯღავას, გასაგებია, სამშობლოს დამცველი გმირების მიმართ ყველა ომაცილებულს ასეთი ქრონიკული ზიზღი რატომაც ჩამოუყალიბდა... ზემოთჩამოთვლილ და სხვა ცოდვებს ,,კასკა'' არ შველის, რაღაც სხვა უნდა დაიხუროს...
არანაკლები ტერორი განხორციელდა შინაგანი ჯარის იმ ნაწილზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა. მართალია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსად ჩემი ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი კუხიანიძე დაინიშნა, მაგრამ მას მოადგილედ უშიშროების ყოფილი კადრი დავით ტაბუცაძე დაუნიშნეს, რომელიც შინაგანი ჯარის წინააღმდეგ კამპანიას ხელმძღვანელობდა. ამ პიროვნებითაც დავინტერესდი და გავარკვიე, რომ მონაწილეობა ერთ საომარ მოქმედებაშიც არ მიუღია, თუმცა კაბინეტიდან გაუსვლელად, გორგასლის ორდენის კავალერი გახდა (სამივე ხარისხის მფლობელი)! მან, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით, სამსახურიდან დაითხოვა შინაგანი ჯარის თანამშრომლები, რომელთა შორის უმეტესობა მიხეილ სააკაშვილის მიერ მამაცობისთვის დაჯილდოებული იყო. ასევე, მითხრეს, მაგასთან ოფიცრის აღდგენა ათასი დოლარი ჯდებოდაო... სხვათა შორის, პრესაში ტყიბულის სამხედრო ნაწილზეც ატყდა აჟიოტაჟი.
ორი სიტყვით გეტყვით: თითქოს მაშინდელმა გენერალური შტაბის უფროსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ,,წარმატებული'' ოპერაცია ჩაატარა – ალყა შემოარტყა და ტყიბულის ბატალიონის ,,ამბოხებული'' მებრძოლები განაიარაღა. სინამდვილეში, ის ხალხი ხუთი-ექვსი თვის გამავლობაში კომისიას, ნაწილისა და აღჭურვილობის, ესე იგი, იარაღის გადაბარებას ეხვეწებოდა, რადგან შემდგომი დასაქმება სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული. აქაც, ანალოგიურად, მომიწია, მაშინდელ ზემდგომებს შევხმიანებოდი და დამეფიქსირებია პოზიცია. რა ექნა უშიშროებიდან თავდაცვაში გადმოსულ ნიკოლეიშვილს, ე.წ. რიჟას, დიდი ხანი იარა პოლკოვნიკის ჩინით – ,,პატარა ნაპოლეონს'' ეფექტური სვლა სჭირდებოდა, თუმცა ამანაც არ გაჭრა და ვერ ეღირსა გენერლობას!
აქვე, მინდა, ტყიბულის ბრიგადაზე გავაგრძელო საუბარი, რომელიც შინაგან ჯარში ერთ-ერთი საუკეთესო და ომის ვეტერანებით დაკომპლექტებული გამოცდილი შენაერთი იყო. ბრიგადას პოლკოვნიკი დავით ღვინჯილია მეთაურობდა – კაცი, რომელიც ჯერ კიდევ ლეგენდარულ გენერალ გენო ადამიასთან ბატალიონის მეთაურად მსახურობდა. ის შინაგან ჯარში ბრიგადის მეთაურად დამხვდა, სადაც ბოლომდე დარჩა. იმ ბრიგადას რომ მოენდომებინა, მილიონ ლევან ნიკოლეიშვილს დახვდებოდა, თავს გადაპარსავდა და ისე გამოუშვებდა.
ლევან, შე ფუნთუშებზე გაზრდილო ბიჭუნავ, ალბათ, ამ სიტყვებს კითხულობ, არც გენერლობა გამოგივიდა, არც – ომის ვეტერანების დაჭერა-დაპატიმრება. ტყიბულის ბატალიონის მებრძოლები არ არიან მორიდებულები, სათქმელსა და საკეთებელსაც პირდაპირ აგვარებენ. მახსოვს, შევარდნაძის დროს, ,,გაყინული ხელფასებისას'', შინაგანი ჯარის მთავარ სამმართველოს პირდაპირ მიადგნენ და კუთვნილი ხელფასი მოითხოვეს. ყველაფერი მოვაგვარე... მერე იყო გადაცემა-გადმოცემა, კომისიები, საწყობები... რვა თვე გაიწელა შინაგანი ჯარის გადაბარების პროცესი. რვა თვე უხელფასოდ მუშაობდნენ ოფიცრები და ზემდეგები. ისე, დასკვნა წინასწარ იყო გაკეთებული – პრეზიდენტისათვის უნდა ეჩვენებინათ, რა ცუდია შინაგანი ჯარი, თუმცა ამას, სიტყვიერის გარდა, გარკვეული დასაბუთება სჭირდებოდა, ამიტომაც დაიწყო კომისიების მთელი ეპოპეა...
– და რამე იპოვეს ამ კომისებმა საბოლოოდ?
– ვერა, რას იპოვიდნენ, როცა შინაგან ჯარს საკუთარი ბიუჯეტი არ ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო მიბმული და თუ შინაგან ჯარში ფინანსურ დარღვევებს აღმოაჩენდნენ, ეს, პირველ რიგში, სამინისტროს დანაშაული იქნებოდა, თუმცა რაც შეეძლოთ, შეეცადნენ.
მახსოვს, ,,აღმოაჩინეს, რომ რაღაც 800-ლარიანი სარკე აკლდა. მაშინვე ექიმს დავურეკე, რომელმაც მიპასუხა – ყელ-ყურ-ცხვირზე დასამაგრებელ სარკეზეა საუბარი. გვქონდა, მაგრამ გაბზარული იყო, ამიტომაც არ ჩაგვითვალეს, კვირას გავალ მშრალ ხიდზე და ვიყიდი, ხუთი ლარი ღირსო. თურმე, შევარდნაძის დროს ეს სარკე 800 ლარად იყო შეძენილი.
შეიარაღების საწყობიდან პროფესიონალი სამხედრო, ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი გალაქტიონ მძინარიშვილი დამიკავშირდა, კომისია კი არა, ვაშლის გამყიდვლები მორეკეს, ვერაფრით ვაგებინებთ, რომ ზოგიერთი ჭურვი ორი ნაწილისგან შედგება და როგორც ,,ლევი'' ტყვია-წამალი, ისე ჩამიწერესო. ვუთხარი, რაც უნდათ, ჩაწერონ, მაგრამ ხელი არაფერს მოაწერო, მომკითხონ, მაგათ საჯაროდ უნდა დავცინო-მეთქი. აქ თავისი სიტყვა უკვე მოსმენების სამსახურმა თქვა – ამ ზარიდან ზუსტად ერთ საათში დაურეკეს საწყობის უფროსს და უთხრეს, მართალი ხარ, არაფერს ვწერთო.
(გაგრძელება იქნება)
ვანო პავლიაშვილი

back to top