Menu
RSS

ვინ შევიდა თბილისის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციიდან და რომელ პარტიას აქვს ფრაქციის შექმნის შანსი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია. სასამართლოში შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით, დავა ჯერ კიდევ გრძელდება, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, სრულიად თბილისის მასშტაბით ბიულეტენების ხელახლა გადათვლასაც კი ითხოვს. მიუხედავად ამისა, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, იმის გარკვევა შესაძლებელია, დაახლოებით როგორი იქნება ახალი საკრებულო. ,,ვერსია'' იმის გარკვევასაც შეეცადა, რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ რამდენი ადამიანი შეიყვანა თბილისის საკანონმდებლო ორგანოში და ამ ფონზე, რა სამომავლო გეგმები დასახა.
თბილისის საკრებულოში 50 მანდატიდან 40 სახელისუფლებო პარტიამ მოიპოვა, ნაციონალურმა მოძრაობამ 5 წარმომადგენელი: ნიკა მელია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და ლილე ლიპარტელიანი შეიყვანა; ,,ევროპულმა საქართველომ'' 3 მანდატი მოიპოვა და პარტიას გოკა გაბაშვილი, ელენე ოზაშვილი და დავით ჟღენტი წარმოადგენენ, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსს'' საკრებულოში 2 მანდატი აქვს, რომლის მფლობელებიც გოჩა თევდორაძე და ფრიდონ ინჯია იქნებიან.
,,ვერსიისთვის'' ერთი საინტერესო ინფორმაციაც გახდა ცნობილი _ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და საკრებულოს ახალი წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საბოლოო შედეგების ოქმების გამოქვეყნებამდე არსებობს შანსი, შედეგების 0,2%-იანი ცვლილება მოხდეს, ერთი მანდატი ჩამოერთვას ,,ოცნებას'' და საკრებულოში შესულ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მიენიჭოს. ოპოზიციონერის განმარტებით, ეს ცვლილება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაკმაყოფილდება ოპოზიციის საჩივრები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ხმების ხელახლა გადათვლაზე და ა.შ. ამიტომ შედეგების საბოლოოდ გამოქვეყნებამდე ვერც ცესკო და ვერც თავად ოპოზიციური პარტიები ვერ ასახელებენ, რომელ პარტიას შეიძლება დაემატოს აღნიშნული ერთი მანდატი. ეს ერთი მანდატი, ოპოზიციისთვის, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია საკრებულოში ფრაქციის შექმნას. ზოგადად, ფრაქციის შესაქმნელად, დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში პარტიიდან 3 წარმომადგენელია საჭირო. ანუ ,,პატრიოტთა ალიანსს'' საამისოდ სწორედ ერთი მანდატი აკლია, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას ერთი ხმა ორი ფრაქციის შესაქმნელად ესაჭიროება...
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების'' წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე, თბილისის საკრებულოში მანდატების გადანაწილების საკითხზე საუბრისგან საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე თავს იკავებს და ადგილობრივ არჩევნებს, დედაქალაქის ჭრილში აფასებს: ,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესმა ქვეყნის მასშტაბით ძირითადად კანონისა და პროცედურების დაცვით ჩაიარა, თუმცა ცალკეულ უბნებზე მოხდა გარკვეული დარღვევები. თბილისში დაფიქსირდა ფაქტები, როცა კოორდინატორები თუ პარტიის წარმომადგენლები სამაგიდო სიებიდან გარკვეულ ჩანაწერებს ინიშნავდნენ. ეს მეთოდი ახალი ფენომენია და ამიტომ ამ საკითხის გადასამოწმებლად სპეციალურად გამოვკითხეთ ჩვენი დამკვირვებლები. აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი შემთხვევები უბნების მხოლოდ 16,8%-ზე დაფიქსირდა, ხოლო თბილისში თითქმის 75%-ზე. რაც ნიშნავს, რომ ეს პრაქტიკა კონკრეტულად თბილისში იყო გამოყენებული და კონცენტრირებული. ალბათ იმიტომ, რომ თბილისში კონკურენცია მაღალი იყო და ყველას ყურადღება სწორედ დედაქალაქზე იყო მიპყრობილი. როგორც ჩანს, აქ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენების განსაკუთრებული საჭიროება დადგა.''
სხვათაშორის, ამ დარღვევას _ ე.წ თავზე დადგომას, ცესკო-მ კანონდარღვევა არ უწოდა. ,,სამართლიანი არჩევნების'' იურისტი განმარტავს, რომ კანონში პირდაპირ არაა აღწერილი ასეთი შემთხვევა, შესაბამისად, არც აკრძალვა არსებობს, თუმცა ასეთ შემთხვევებში გარკვეული რისკები არსებობს. იურისტი განმარტავს, რომ დამკვირვებელს, პარტიის წარმომადგენელს აქვს უფლება, თუნდაც რეგისტრატორის მაგიდის სიახლოვეს დააკვირდეს პროცესს და იმას, თუ რამდენად სწორად ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება... მაგრამ როცა დამკვირვებლის უფლების ბოროტად გამოყენება და ყველა მოქალაქის აღრიცხვა, აღწერა, სიის ნომრის ამოწერა ხდება და ეს ყველაფერი მასობრივ სახეს იღებს, არსებობს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკი. მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ამ მეთოდის გამოყენება ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხდებოდა, რაც პარტიის მხრიდან პრობლემა არაა, მაგრამ თუ პარტიამ იცის, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა, ეს გარკვეულწილად ამომრჩევლის გამოხატვის და ნების კონტროლს ნიშნავს და იქმნება რისკი, ეს ინფორმაცია გარკვეული ზეწოლისთვის გამოიყენონ.
მიხეილ ბენიძე ოპოზიციის მოთხოვნასაც ეხმაურება და სრულიად თბილისის მასშტაბით ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნას არარეალურს უწოდებს: ,,თუმცა, არ არის გამორიცხული, ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა უბნებზე იმის საჭიროება დადგეს, რომ თუ დარღვევები დასაბუთებულია, ბიულეტენები გადაითვალონ ან ბათილი ბიულეტენები გაიხსნას და ა.შ. ჩვენს ორგანიზაციას წარსულშიც არაერთხელ მოუთხოვია ხმების გადათვლა, დალუქული მასალების გახსნა, თუმცა როგორც წესი, საოლქო კომისიები ასეთ საჩივრებს თითქმის არ აკმაყოფილებენ.''
ამ ფონზე, საინტერესოა რა ბერკეტი ექნება საკრებულოში ოპოზიციას, საკმაოდ მძლავრი უმრავლესობით წარმოდგენილ ხელისუფლებას ღირსეული ოპონირება გაუწიოს და ზოგადად, რა გეგმები აქვთ მათ, რა საკითხების დაყენებას აპირებენ ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრების შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, ,,ვერსია'' ,,პატრიოტთა ალიანსის'' და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაუკავშირდა (ევროპულმა საქართველომ ჩვენთან საუბარი, მათთან არაერთხელ დაკავშირების მიუხედავად, ვერ მოახერხა).
საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის საკანონმდებლო ორგანოში სამოქმედო გეგმა გაგვიმხილა: ,,განახლებულ საკრებულოში თავდაპირველად იმ საკითხებზე დავიწყებთ მუშაობას, რაც საარჩევნო პროგრამაშიც გვქონდა. მოვითხოვთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას. ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონი ლარის დაზოგვა შეიძლება, საუბარი ყოველწლიურად 20-25 მილიონი ლარის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზეა. ვითხოვთ ააიპ-ებისა და სიპ-ების გაუქმებას, რომლის შესახებ თბილისელებსაც არ აქვთ ინფორმაცია და არავინ იცის, რა სიკეთე მოაქვს მათ. დედაქალაქის მერიაში არსებულ გარკვეულ სამსახურებს ერთი და იგივე უფლება-მოვალეობები აქვთ და ამ მხრივ გაზრდილია ბიუროკრატია.''
ხაბეიშვილის განმარტებით, ის და მისი გუნდის წევრები საკრებულოში სოციალური პრობლემების მიმართულებითაც იმუშავებენ: ,,გვქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50-ლარიანი ვაუჩერის მიცემა. შესაბამისად, ამ და სხვა სოციალური მიმართულებით, რაც ადამიანებს სიკეთეს მოუტანს და ყოფას შეუმსუბუქებს, ვიმუშავებთ. ასევე ვსაუბრობდით ორი გვირაბის და სამი ესტაკადის მშენებლობაზე. რა თქმა უნდა, ამ პროექტებს არავის ვუმალავთ და შეგვიძლია, შევთავაზოთ დედაქალაქის მთავრობას.''
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი ბევრი მეგობარი თბილისის საკრებულოში აქამდე არ ყოფილან, თუმცა გარედანაც საკმაოდ ბევრ გადაწყვეტილებაზე მოახდინეს გავლენა: ,,მაგალითად, მერის მოადგილის ააიპ-ზე სამი მილიონი რომ იხარჯებოდა ბიუჯეტიდან, ამ ააიპ-ის გაუქმება, მათ შორის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით მოხდა და ეს 3 მილიონი თბილისელებს ბიუჯეტში დარჩათ. ჩვენი კვლევების შემდეგ ხდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირის განთავისუფლება სხვადასხვა საქალაქო სამსახურიდან.'' ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, რომ მათი ამოცანა საკრებულოში ისაა, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იქცევა დედაქალაქის მთავრობა: ,,მინიმუმ მონიტორინგს განვახორციელებთ, შევთავაზებთ პროექტებს, რომლებიც თბილისისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, გამოვგლიჯეთ ,,ოცნებას'' ეს მანდატები, საშუალება რომ მიგვეცა, ორმოცდაათივე მანდატს თვითონ ჩაიდებენ ჯიბეში. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე! საკრებულოში ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ იქნება, რომელიმე სკამი მოვირგოთ, ყოველდღიურ ბრძოლაში ვიქნებით და ამას ნახავს თბილისის მოსახლეობა.''
ნაციონალების ახალი წევრი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ ხმების 53%, ანუ იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე წელს _ ,,ოცნებამ'': ,,თუმცა ვნახეთ, ორი წლის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. ამიტომ ხელისუფლება თუ ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა, პირიქითაა, საპროტესტო ხმები საკმაოდ ბევრია. შესაბამისად, ბევრი რამ ჩვენზე, პარტიებზე იქნება დამოკიდებული. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ფორმით პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ახალი პარტია ,,ევროპული საქართველო'' კი არა, ნაციონალური მოძრაობაა. რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური პარტიის სამართალმემკვიდრეები ვართ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არავინ გაურბის, თუმცა მთელი მენეჯმენტი და პარტია ევროპულ საქართველოში ,,გადაბარგდა'', დაწყებული ბოკერია-რატიანებით, მაჭავარიან-გოგორიშვილებით და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განახლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა და იანვარში ,,ევროპული საქართველოსგან'' ასეთი დარტყმის ფონზე, (რომლემაც საპარლამენტო მანდატებიც მოიპარა და ივანიშვილს გაურიგდა) მაინც ასეთი შედეგი დადო''.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში სამოქმედო გეგმებზე ,,ვერსიას'' ,,პატრიოტთა ალიანსის'' ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძეც ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ ,,ოცნებასთან'', ნაციონალურ მოძრაობასთან ან ,,მეორე ნაციონალურ მოძრაობასთან'' ერთად ფრაქციის შექმნას ნამდვილად არ აპირებენ და ცალკე, დამოუკიდებლად იმუშავებენ. რაც შეეხება, დედაქალაქის პრობლემებზე მუშაობას, თევდორაძე პრიორიტეტულად უსახლკარობას ასახელებს. ასევე საუბრობს წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის ფიქრისებულ გადასახადზე გადასვლის შესახებ: ,,ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ბიზნესის ნულიდან დაწყების საშუალებაც. უნდა შეიქმნას შესაბამისი ფონდი და ვისაც კარგი ბიზნესიდეა აქვს, მაგრამ არ გააჩნია ფული, მივცეთ უპროცენტო სესხის აღების საშუალება, ფართიც გამოვუყოთ და ბიზნესის დაწყებაში დავეხმაროთ.''
თევდორაძე აცხადებს, რომ პრემია-დანამატების ხარჯი სოციალური მიმართულების პროექტებს უნდა მოხმარდეს. ასევე უმთავრეს საკითხებად ტრანსპორტისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების აუცილებლობას ასახელებს და მშენებლობებზე ნებართვის გაცემის გამკაცრების მოთხოვნას აპირებს.
,,პატრიოტთა ალიანსის'' წარმომადგენელს ვკითხეთ, ოპონირების და მოქმედების რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას თბილისის საკრებულოში ხელისუფლების ამგვარი უმრავლესობის პირობებში? _ თევდორაძემ განმარტა, რომ მათი ბერკეტი დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნის გამოყენებაა და განმარტავს, რომ თუ იქიდან ხელისუფლებას ვერ განახორციელებინებენ ხალხისთვის სასარგებლო პროექტებს, არც ქუჩაში გამოსვლისა და მანიფესტაციის მოწყობაზე დაიხევენ უკან: ,,დავინახეთ, ხელისუფლებამ პარლამენტშიც, ასეთი უმრავლესობის პირობებში, როგორ მიიღო ახალი კონსტიტუცია. ამიტომაც დგას ,,პატრიოტთა ალიანსი'' გარეთ და მანიფესტაციებს აწყობს, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას. თუ საკრებულოში ვერ შევძლებთ ხელისუფლება გონს მოვიყვანოთ და ისეთ პროექტებზე ვამუშაოთ, რომლებიც თბილისისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, არსებობს პროტესტის ისეთი ფორმები, რასაც ქუჩაში გამოსვლა და მანიფესტაციები ჰქვია. ასეთი მრავალათასიანი აქცია 29 ოქტომბერსაც გავმართეთ. იქნებ, ათასობით ადამიანის შეძახილმა მაინც მოიყვანოს გონს ხელისუფლება!''
თათია გოჩაძე

back to top