Menu
RSS

სახმელეთო ჯარის ყოფილი ხელმძღვანელი მორიგ სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს

,,ვანო, ზოგი პირადში მწერს და მეკითხება, ,,ვერსია'' რამდენს გიხდისო, ზოგი კი _ რამდენი გადაიხადე, ეს ინტერვიუ რომ დაბეჭდილიყოო. ყველას ვუხსნი, რომ მთავარი ფული არაა. საერთოდ, ,,ვერსიასა'' და მის რედაქტორ მაია ფურცელაძესთან განსხვავებული ურთიერთობა მაქვს. ,,ვერსია'' ის გაზეთია, რომლის ჟურნალისტმაც, ნინო ლურსმანაშვილმა პირველმა გაბედა და ,,კოდორი-2007''-ზე, ამ სპეცოპერაციისთვის დასჯილ ბიჭებზე ანალიზი გააკეთა, რომელთა შორის ჩემი შვილიც იყო. მაია ფურცელაძე თითოეული მეომრის დაა, რადგანაც მისი გმირი ძმა ერთ-ერთი პირველი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში _ აფხაზეთში, ამიტომაც იგი ყოველთვის განსაკუთრებული თავგანწირვით იდგა და დგას მებრძოლების გვერდით. ის საქართველოსთვის ნაბრძოლ ყველა ვეტერანში თავის ძმას ხედავს! მადლობა მაიას და მადლობა თქვენ, ჟურნალისტებს, რომლებიც გვერდით დამიდექით მაშინ, როცა ბევრ უფრო ახლობელს სამძიმრის ღიად თქმის ეშინოდა'', _ ასე დაიწყო ჩემთან მორიგი საუბარი მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სახმელეთო ჯარის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა გოგი თათუხაშვილმა, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს.
_ ვანო, ალბათ, გახსოვთ, გითხარით, თუ როგორ ვცხოვრობ საფრანგეთში...
_ ცხადია, მახსოვს...
_ ჰოდა, ზოგი ჟურნალისტი მიკავშირდება და მხოლოდ ამას კი არა, ისეთ გამაღიზიანებელ კითხვასაც მისვამს, მაგალითად, როგორიცაა, რატომ ხართ ჩუმად თქვენი შვილის მკვლელობაზეო? რა პასუხს ელის? _ ფული ავიღე და გავჩუმდი? ნუთუ, ციდან ჩამოფრინდნენ და ერთი ჩემი განცხადებაც არ წაუკითხავთ? ყველას იქით გეკითხებით თქვენ ე.წ. თავისუფალო ჟურნალისტებო: რატომ იყავით გატრუნულები წლების განმავლობაში, ხელისუფლებას რომ მიჰყიდეთ სული? რატომ არ გააშუქეთ და რატომ არაფერი მკითხეთ 25 თებერვალს, პირველივე განცხადებისთანავე, როცა ვთქვი, რომ შალვა ,,კოდორი 2007''-ის გამოა გატაცებული და უნდა მომიკლან-მეთქი? მედიას, ერთეული ჟურნალისტების გარდა, შესაბამისი რეაქცია რომ ჰქონოდა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.
_ მაინც, როგორ სხვაგვარად?
_ როგორ და, სერგო უბილავა არ დაიღუპებოდა ე.წ. უცხო წარმოშობის ნივთიერებით. ასევე, არ დაიღუპებოდა შალვა თათუხაშვილი ე.წ. სუნთქვის მწვავე უკმარისობით. ივანე ივანიძე არ დაიღუპებოდა ,,ავტოკატასტროფაში''. ზვიად ლაგვილავა არ ,,აფეთქდებოდა საკუთარ კაბინეტში''. არჩილ მამაგეიშვილი არ ჩაიცხრილებოდა ქუჩაში!
ჩემი განცხადებებით გარკვეულწილად დავიცავი რომა შამათავა და ზაალ ლატარია, თუმცა პატიმრობა ვერ ავარიდე.
აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რადიო ,,აფხაზეთის ხმას'', კერძოდ, ლაშა ბერულავას, ,,გეორგიანპრესს'' _ დალი ბჟალავას, ,,გურია ნიუსს'' _ ნატო გოგელიას, ,,თავისუფალ ზონას'' _ ნინო გრძელიძეს. მხოლოდ ესენი დამიდგნენ გვერდით (უკაცრავად, თუ ვინმე კიდევ იყო და გამომრჩა)!
შემდეგ? შემდეგ, 23 მარტს ჩემს შვილს გული გაუჩერდა. ბევრი თითქოს ამას ელოდა _ არ ჩერდებოდა ტელეფონი, დაიწყო კითხვების დასმა, ინტერვიუების თხოვნა...
_ ბატონო გოგი, ჩვენი საუბრისას ,,კოდორი 2007'' ბევრჯერ ახსენეთ. რატომ გგონიათ, რომ თქვენი ვაჟი სწორედ ამ ოპერაციას შეეწირა?
_ რაც შეეხება ,,კოდორი-2007''-ს, ამაზე არ გავჩუმებულვარ და არც გავჩუმდები!
და კიდევ ერთი: ყველამ ვიცით, სიტყვაში ერთი ასოს შეცვლას ან გადაადგილებას რამხელა მნიშვნელობაც აქვს. მოკრძალებულად აღვნიშნავ და ჩავთვლი, რომ კორექტურული შეცდომა გაიპარა.
_ ვერ ვხვდები, საუბარი საით მიგყავთ?
_ სადაც ვამბობდი _ ,,გავაკეთეთ'', ,,გავარემონტეთ'', ,,აღვადგინეთ'', ინტერვიუში პირველ პირშია.
_ მერე, ამით რამე დაშავდა?
_ ასე არ უნდა იყოს, რადგან აღნიშნულმა ვანო, კითხვა გაგიჩინათ, ხომ არ ვტრაბახობ? შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა: ვცდილობ, დიალოგებიც კი იგივე სიტყვებით გადმოვცე, როგორც იყო ნათქვამი, ცხადია, ეთიკის ფარგლებში. გამორიცხულია, ფაქტი დავამახინჯო და რამე მივიწერო. უამრავი ადამიანი დაადასტურებს ჩემს სიტყვებს ამ ფაქტებზე... ეგაა, მაქსიმალურად ვცდილობ, ,,სახე'' შევუნარჩუნო ჩემს მიერ ნახსენებ ადამიანებს, რადგან, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩემს მიზანს ვინმესთვის არც ქვისა და ტალახის სროლა წარმოადგენს, არც _ გუნდრუკის კმევა. დღეს ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი მიზანი არც შურისძიებაა, რადგან ის იდეა, რისთვისაც ეს ინტერვიუ შედგა, უფრო დიდია.
_ და ეს დიდი იდეა რა არის?
_ რა და, ეს საქართველოს ჩიხიდან გამოყვანის მცდელობის კიდევ ერთი დასაწყისია, რაც სიმართლის გარეშე წარმოუდგენელია!
განა, არ დადგა დრო, დასკვნა გამოვიტანოთ და წითელი ჭაობი არ ვტკეპნოთ დაუსრულებლად? განა, არ მოვიდა დრო, რომ საქართველოს მომავალი სუფთა ხელებით აიკინძოს? მომავალი მხოლოდ სიმართლის თქმით გვექნება, სხვანაირად _ არა!
ჩემი პასუხები აღიარებაცაა, რადგან ვთვლი, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობ, ჩემი შეცდომაცაა! არ უნდა გავჩუმებულიყავი და გადადგომით გვერდზე არ უნდა გავმდგარიყავი! ანგელოზი არავინაა, ცხადია, არც _ მიშა. მე ხომ, საერთოდ, აუტანელი ხასიათი მაქვს, მაგრამ მაინც, არ უნდა დამეშვა, თუმცა გამოუცდელობის გამო ბევრი შემეშალა. ზოგი შეცდომა, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, მეორედ, მესამედ, ასე ვთქვათ, დატრიალდა ჩემს თვალწინ. ვნანობ და თავს ვიდანაშაულებ, არადა, შემეძლო, ბევრი შეცდომა აღმეკვეთა!
ჩემს ცხოვრებაში უამრავჯერ ყოფილა, როცა კრიზისულ სიტუაციაში უკან არ დამიხევია და ის, რაც სწორად მიმაჩნდა, რანგითა და ჩინით უფროსების იგნორირებით გამიკეთებია. დღევანდელი გადასახედიდან ამას არ ვნანობ, პირიქით, მეამაყება. რაც მენანება, ზუსტად ისაა, როდესაც უკან დავიხიე.
_ უკან, მაინც, როდის დაიხიეთ?
_ 1990 წელია, ზამთარია. გენერალი შადური ბრძანებას იძლევა, რომ პოლიციამ სასწრაფოდ დატოვოს ცხინვალი. ამასობაში, ქალაქი ალყაში ექცევა. პოლიციელებით სავსე ავტობუსებს აჩერებენ, იარაღს ართმევენ, შეურაცხყოფენ და ა.შ. მაშინ სამინისტროში ვმსახურობდი, კაპიტანი ვიყავი. ავტობუსში, რომელშიც ვიჯექი, თითქმის ყველა ჩემზე მაღალჩინოსანი და უფროსი იყო. გადაწყვეტილება მივიღე და გამოვაცხადე, იარაღს არ ჩავაბარებ და ვინაა მზად, ანალოგიურად მოიქცეს-მეთქი? მაშინ რომ იარაღი ჩამებარებინა, მთელი ცხოვრება ,,განიარაღებული'' ვიცხოვრებდი... ბევრმა გააპროტესტა, ყოველთვის შენ როგორ იგონებ რაღაცას, როგორც ყველა, ისე შენცო... რა თქმა უნდა, ვერავის ვაიძულებდი. უმეტესობას ფული ჰქონდა გადახდილი ,,ობხს''-ში, რომ კეთილდღეობით და მდიდრულად ეცხოვრა. რა საქართველო, ვისი საქართველო, რომელ ქართულ ინტერესებზეა საუბარი?
მხარი ავტობუსის მძღოლმა _ რიგითმა მოქალაქემ და კიდევ რამდენიმემ დამიჭირა, მათ შორის სვანმა კაპიტანმა, ზაალ სუბელიანმა, ლეიტენანტმა კონსტანტინე გიგიტაშვილმა... ავტობუსში მყოფები შევკამათდით. ბოლოს, მოვრიგდით, რომ იარაღს ჩვენ ჩაგვაბარებდნენ, თვითონ იატაკზე დაწვებოდნენ. ამ გარჩევაში მესამედ მოგვიწია ავტობუსის გადაადგილება, რადგან როგორც კი ერთ ადგილზე გავჩერდებოდით, მოსახლეობა ალყაში გვაქცევდა და გვაიძულებდა, ოსების მიერ მოწყობილ ,,გამშვები პუნქტისკენ'' წავსულიყავით. ყველაფერი ეს ავტობუსში მყოფთაგან მუქარის ფონზე ხდებოდა. ამბობდნენ, როგორც კი თბილისში ჩავალთ, დაგვსჯიან, სამხრეებს აგვახევენ, მოკვლევას ჩაატარებენო... დროს მაქსიმალურად ვწელავდი, რომ შეღამებულიყო. ბოლოს, უკვე უნივერმაღთან ვიდექით, როცა მოსახლეობა ისევ მოგვადგა და იარაღის ,,მშვიდობიანად'' ჩაბარებისკენ გვიბიძგებდა... ექვსმა კაცმა დავილაგეთ მთელი იარაღი, თავისი ტყვია-წამლით, მჭიდებით. გავექანეთ დიდი სისწრაფით და ანთებული ფარებით, სიგნალით. ათი-ოცი მეტრი რომ დარჩა, ჰაერში ცეცხლი გავხსენით. ,,ბლოკ-საგუშაგოზე'', ცხადია, დაიბნენ, მიზანმიმართული საპასუხო გასროლაც კი არ ყოფილა, ისე გავედით. მძღოლს ვუთხარი, თუ ,,გაი''-ს ,,ტეკზე'' ჩვენები იქნებიან, ვჩერდებით-მეთქი. ,,დაწოლილებმა'' მოთხოვნა წამოაყენეს, რომ ავტობუსი თბილისამდე არ გაჩერებულიყო (პირველად აქ წავაწყდი თბილისამდე თავქუდმოგლეჯილად სირბილის იდეას). ცხადია, გავაჩერეთ, დავუკავშირდი ვარლამ ივანიჩს და მოვახსენე, რომ ალყიდან გამოვიყვანეთ ავტობუსი ამდენი ხალხით და არც მსხვერპლი ყოფილა, იარაღიც თან გვქონდა. ექვსნი მზად ვართ, სხვების დასახმარებლად დავბრუნდეთ და თქვენს განკარგულებას ველოდებით-მეთქი. ,,სპასიბო, სინოკ''! იარეთ თბილისამდეო, _ მომიგო. არის, ბატონო გენერალო-მეთქი და წავედით.
...1991 წელია. შეგახსენებთ: 1991 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ბრძანებას შინაგანი ჯარის შექმნის შესახებ ანუ, წლის ბოლოსთვის ხალხი სრულად დანიშნულიც კი არ იყო. 17 ოქტომბერს საპატრულო პოლკი ქაღალდზე შეიქმნა, დანიშვნები კი ნოემბერში დაიწყო. იმ ხალხის ძირითადი ნაწილი, ვინც პრეზიდენტს ფიცი მისცა, აჯანყებულებს არ გაჰყვა. ასევე, არ გაჰყვა ,,ომონელებისა'' და ახლადმიღებულების ნაწილი.
_ შეიარაღება გქონდათ?
_ მხოლოდ ჩემი ,,მაკაროვი'', რომლითაც დაშლა-აწყობას, სროლას ვასწავლიდი თანაპოლკელებს. ზოგიერთმა ,,მაკაროვი'' პირველად დაიჭირა ხელში. ზუსტად იმ ერთი ,,მაკაროვით'' შევედით და პრობლემების გარეშე, მეთაურ გივი გუგუციძის ხელმძღვანელობით ,,ავიღეთ'' ამიერკავკასიის 32-ე საწყობი, რომელსაც რუსეთის შინაგანი ჯარის ერთი ასეული იცავდა.
პრეტენზია ჰქონდათ, ჯერ ბრძანება არააო, მაგრამ შევძელით და მიღება-ჩაბარების აქტით ჩავიბარეთ ასეულის შეიარაღება. ასევე, მთლიანად გადმოვიბარეთ საწყობების დაცვა.
მოკლედ, სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, სარდალი, პოლკოვნიკი ვანო ჭელიძე მობრძანდა. ფორმითა და შეიარაღებით რომ მოვეწყვეთ, აღფრთოვანება ვერ დამალა და მოადგილეს მიმართა, ამათ საპატრულო პოლკი არ უნდა ერქვას, ,,მთის არწივები'' დავარქვათო. საპატრულო პოლკის ნაწილი მოწყობიდან პირდაპირ ,,უზენაესში'', პრეზიდენტის დასაცავად უნდა გავსულიყავით. მაშინ ასეულის მეთაური ვიყავი. ვანო ჭელიძემ და გივი გუგუციძემ მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ნაწილში დავრჩენილიყავი, რადგან ნებისმიერ წუთს ბაზაზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, შევეკამათე, ვფიქრობდი, რომ იქ მეტს გავაკეთებდი, მაგრამ მითხრეს, შენი აქ დარჩენა უფრო მაღლა გადაწყდაო და დავრჩი, რასაც დღემდე ძალიან ვნანობ.
ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რადგან ვფიქრობ და თანამებრძოლებიც მეუბნებიან, რომ შეიძლებოდა, ჩემი იქ ყოფნით შემდეგ მომხდარი მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო!
ისე, იქაც, სადაც დავრჩი, ტყუილად არ დავრჩენილვარ _ იარაღის და ეკიპირების ბაზებზე რამდენიმე თავდასხმა მოვიგერიეთ.
რაც შეეხება ,,თბილისის ომს'', ეს ცალკე კითხვად გაქვთ და მაგაზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს.
32-ე საწყობი რუსების მესაზღვრეების ბაზასა და შინაგანი ჯარის პირველ ოპერატიულ ბრიგადას შორის იყო განლაგებული. შეიარაღებული თავდასხმა ზურგიდან, ბეტონის ქარხნის მხრიდან მოაწყვეს. დაახლოებით, ერთ საათი გვესროდნენ.
_ თქვენც ესროდით?
_ კი. შეტევაზე გადმოსვლა ვერ გაბედეს, რადგან ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო _ პოზიციები წინასწარ გვქონდა მომზადებული. თავდასხმა რომ დამთავრებულიყო, ბრძანება გავეცი, რომ მიზანმიმართული სროლა შეეწყვიტათ და მხოლოდ ჰაერში ესროლათ. მე კი მოწინააღმდეგეს ფარულად, მაქსიმალურად მივუახლოვდი და იქიდან ,,დავაყარე'' ,,ერთმორწმუნე ძმებს'', რომლებიც, რა თქმა უნდა, უკვე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ, მძიმე ტექნიკის ჩათვლით. შემდეგ, ჩვენ გავჩერდით, მათ კი ერთმანეთს ,,მოუარეს''. ჩვენგან არავინ დაჭრილა. დილით თავდამსხმელთა პოზიციები რომ შევამოწმე, უამრავი მასრა და სისხლი იყო...
შინაგანი ჯარი აფხაზეთშია. 1993 წლის 15-16 მარტის გუმისთის ბრძოლების შემდეგ დაჭრილებიც გვყავს და დაღუპულებიც. როტაცია ვითხოვეთ. ცვლა 22 მაისს მოვიდა. აეროპორტში თავდაცვის გენერალი, ტექნიკა-შეიარაღების დარგში მინისტრის მოადგილე მხვდება და მეუბნება, თავდაცვის მინისტრის ბრძანებაა, ვინც გადის, უნდა ჩააბაროს იარაღიო. ვუპასუხე, ჩვენ შინაგანი ჯარების მებრძოლები ვართ, ჩვენ ბრძანებით მოვდივართ და ჩვენი იარაღით ვიბრძვით-მეთქი. ასევე, ვუთხარი, რომ ჩვენ ჩვენი მინისტრი და სარდალი გვყავს, თან ვაჩვენე პატაკი კორპუსის მეთაურის, გენერალ ვალერიან ქვარაიას და ბრიგადის მეთაურის, გენერალ გენო ადამიას ხელმოწერით. ცხადია, საუბარი დაგვეძაბა, როგორ ბედავ, მე გენერალი ვარ და მინისტრის მოადგილეო. მე კი ნაღდი მაიორი ვარ-მეთქი, _ მივუგე. ალბათ, ბევრს ახსოვს: მაშინ თავდაცვაში წოდებებს როგორ ანიჭებდნენ. მოკლედ, ბრძანება გავეცი, წასულიყვნენ თვითმფრინავისკენ. კონფლიქტში გენერალი გია თორაძე ჩაერია და სიტუაცია გაანეიტრალა...
მიშა, შენ დამირეკე, მომისამძიმრე შალვას დაღუპვა და მითხარი, ბევრ რამეში დამნაშავე ხარ და შეგეძლო, მეტი გაგეკეთებინაო. ახლა გიბრუნებ პასუხს: მე უფრო მეტ რამეში ვარ დამნაშავე! შეცდომების მეტი რა გვქონდა, კონფლიქტების მეტი რა იყო, მაგრამ რომ მიგატოვე გარეწრების ალყაში, თავს ვერ ვპატიობ!
ჩემს პირველ და მთავარ შეცდომად იმას ვთვლი, როცა რევოლუციის დროს, სიცოცხლის რისკის ფასად მაღალ იდეალებზე ვფიქრობდით, ჩვენს გარშემო უკვე ბევრი მოღალატე იყო. აგენტებზე არაფერს ვამბობ _ ამას შეგნებულად ვტოვებდი, რადგან თუ გაშიფრავ, ახალს ჩაგისვამენ. მე იმ ხალხზე ვლაპარაკობ, ვინც იდეალებისთვის კი არა, საკუთარი ჯიბისთვის იდგა!
ჩემმა სამსახურმა მაშინ მათთვის ვერ მოიცალა. ვაღიარებ, რომ ესეც ჩემი შეცდომაა! მაგალითად, ,,შინჰოფერს'', რომელმაც უზრუნველყო მომიტინგეების კვება ხორცის პროდუქტებით, მერე საერთოდ ჩაუვარდა ბიზნესი, რადგან მოპარულ ძეხვს კონკურენცია ვერ გაუწია. მერე ნაციონალების ,,წითელმა ფრთამ'' საზღვარზე იმდენხანს შეუჩერა საქონელი, სანამ არ დალპა!
ბიჭებო, თქვენ ფული უნდა გეკეთებინათ, ჩვენ კი, საქართველოს სახელით, ტყვიაზე წავსულიყავით და მერე, ყველაფერი ასე დამთავრებულიყო? _ ეს არ უნდა დამეშვა, მე ხომ ეს უკვე გავლილი მქონდა! რა თქმა უნდა, ეს და მსგავსი ვირთხობები მაშინვე რომ გამეგო, ნამდვილად არ დავხუჭავდი თვალს, თუმცა როცა გავიგე, მაშინაც არ უნდა გავჩუმებულიყავი.
ჩემს თანამებრძოლებს კარგად ემახსოვრებათ, თბილისის ომის შემდეგ, როცა ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა და როცა ნაძარცვის ნაწილი ზღვაზე მიდიოდა, ნაწილი _ მარნეულში, ნაწილი _ დასავლეთში, შევიკრიბეთ ,,შინაგანის'' ბიჭები და პირდაპირ ვიკითხე: ბიჭებო, ვყაჩაღობთ თუ საქართველოს ვემსახურებით-მეთქი? ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ სამშობლოსთვის გვემსახურა. მაშინ თუ ვინმე იყაჩაღებს, მოღალატე იქნება და სასტიკად ჩვენ თვითონ დავსჯით-მეთქი. ბედნიერი ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემი ჯარისკაცები ყველა ომიდან ცარიელი ზურგჩანთებით მოდიოდნენ.
წლების განმავლობაში მიდის დავა პოლიციასა და თავდაცვას შორის. ერთი მხარე მეორეს უმტკიცებს, რომ გარბოდა, მეორე _ პირველს, რომ ყაჩაღობდა. არასოდეს ჩავრეულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ვინც გემებით, ეშელონებით, კამაზებით მოდიოდა, ვინც მილიონები იშოვა და ვინც ცარიელი ზურგჩანთებით მოდიოდა, ყველა ერთი საწყაოთი აიწყა.
რევოლუციის შემდეგაც იგივე რეალობა იყო _ ვინც მილიონები და მილიარდები იშოვა, მიშას დროსაც კარგად იყვნენ და ახლაც თბილად არიან. მე რომ გადავდექი და ვთქვი, წავედი სახლში, მაგრამ ომისთვის ყოველთვის მზად ვარ-მეთქი, იმ დროს მთელი ახლანდელი ,,მეოცნებეები'' და მათთან გათანაბრებული პირები, მიშას გვერდით იყვნენ, სახელსაც უტეხავდნენ, მშვენიერ ფულსაც შოულობდნენ და საქართველოსაც ყიდდნენ, ვისაც რა დოზით ჰქონდა წვდომა!..
_ ბატონო გოგი, რა ამის პასუხია და, იმედია, დამეთანხმებით, რომ ნაციონალებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს _ იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, როგორც ამბობენ, ყველას ფარულად უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. ფარული დაკვირვების ქვეშ თქვენც იყავით?
_ რა თქმა უნდა, ვიყავი. ეს სისტემა მხოლოდ მოსასმენად არაა შექმნილი. ასევე, ადვილად დგინდება ობიექტის ადგილმდებარეობა და სხვა პარამეტრები. როდესაც მთავარ პულტზე ორი გენერლის ტელეფონი ერთად ფიქსირდება, ეს საეჭვოა. მესამეზე უკვე განგაშია ასატეხი.
საბურთალოზე, გენერალ ელგუჯა ბუსხრიკიძის სახლის წინ ვსაუბრობდით. სალაპარაკოს რა დაგვილევდა ვითომ სიტყვაძუნწ ორ გენერალს. სხვათა შორის, ელგუჯა ბუსხრიკიძე იმ იშვიათ გენერლებს განეკუთვნება, ვინც ჯარისკაცებსა და საკუთარ შვილებთან ერთად ომობდა. პროფესიონალიზმის, თავმდაბლობისა და კეთილშობილების განსახიერება. მოგვწყურდა, შევედით მაღაზიაში წყლის საყიდლად, გადავიფიქრეთ და ჩაციებული ლუდი ავიღეთ. გვესმის ხმა, ლუდზე არ დამპატიჟებთო? გავიხედეთ, ასევე ნაბრძოლი გენერალი კორნელ სალია შეგვრჩა ხელში (სხვათა შორის, სალიას ჯერ კიდევ 1992 წლიდან, სამაჩაბლოდან ვიცნობ. მაშინ ორივე ნაღდი მაიორები ვიყავით). მისი დანახვა გაგვიხარდა, მაგრამ სამი ნაბრძოლი გენერალი უკვე ბუნტია და კორნელის ასე ,,მივესიყვარულეთ'', მოშორდი აქაურობას, შეთქმულებას დაგვაბრალებენ და ახლა ეს გვინდაო? ეს ნახევრად იუმორით
ისე, 2008 წელს, ჩემს პირველივე ზარზე, მიუხედავად ასაკისა, ელგუჯა ბუსხრიკიძე სრული ეკიპირებით, ჩიბუხიც კი არ დარჩენია, ჩამოვიდა სამაჩაბლოში და დადგა ჩემს გვერდით. საბოლოოდ, მოუწია ოთხი წელი ერბინა სხვადასხვა ინსტანციაში საკუთარი პენსიის მოსაპოვებლად, დანიშვნას ვერ მოესწრო _ 2009-ში გარდაიცვალა. ხსოვნა და არ დავიწყება მას!
ერთხელაც, ჩემთან მოვიდნენ გენერლები ვოვა იმნაძე და კობა კობალაძე. გულში ვიფიქრე, ისევ შარია. სამი გენერლის ტელეფონი ერთად შეთქმულებაა-მეთქი. ვეცადე, მალე გამესტუმრებინა. არც ისინი აპირებდნენ დიდხანს დარჩენას. გამაცნეს გენერალთა კლუბის დებულება, შემომთავაზეს გაწევრიანება და მთხოვეს, დამეკავშირებინა ვინმესთან უშიშროების სამსახურში. უნდოდათ თანამშრომლობა და სახელმწიფოებრივი საქმის კეთება. ვუთხარი, რომ ასეთ თამაშებს არ ვთამაშობ, არც არავისთან მაქვს კავშირი უშიშროებაში და საერთოდ, კონტროლის ქვეშ ვარ. ახლაც სამი გენერლის ტელეფონი ერთად რომ დაფიქსირდა ჩემს სახლში, შეიძლება ახსნა-განმარტებების გაკეთება მომიწიოს-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
წასვლისას გენერალმა ვოვა იმნაძემ მითხრა, ბიჭები იყვნენ პროკურატურაში დაბარებულნი და ცალკე _ მეც, დამამუშავეს, გადამიარეს შენთან დაკავშირებით. ფაქტია, შენზე ძალიან მუშაობენო...
მოსმენები მოსმენებად, მაგრამ შინაგანი ჯარების დაშლის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. ამ დროისთვის მიშა უკვე იზოლაციაშია. სპეცსამსახურები მუშაობენ იმ პირველ იდეალისტ ნაციონალებზე, ჩემზე და გაგიკვირდებათ, თვითონ მიშაზეც. პირველ რიგში, საინტერესოა, ალბათ, ეს კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა. რამდენიმე ფაქტით შემოვიფარგლები, თუმცა შემიძლია, ბევრი მოვყვე.
არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ მოითხოვა შეხვედრა. გადავამოწმე, მართლა ის იყო თუ არა?
_ ის იყო?
_ დიახ... შევხვდით. დამილაგა მიშას სურათები გენერლებთან, მგონი, ამერიკელები იყვნენ. მეკითხება, ესენი ვინ არიანო. ვუპასუხე, მე რას მეკითხებით, სააკაშვილს შეეკითხეთ-მეთქი. მითხრა, ეს სურათი გადაღებულია თავდაცვის სწავლებებზე. თქვენც ხომ არ გაქვთ მსგავსი ფოტოებიო. არა-მეთქი. შემდეგი შეკითხვა იყო, თუ საიდან ვიცნობდი ამ ადამიანებს. ვუთხარი, საერთოდ არ ვიცნობ, სახელებიც არ ვიცი-მეთქი. შინაგან ჯარში თუ იყვნენო, _ დაინტერესდა. დიახ, შინაგან ჯარშიც იყვნენ, ტელევიზიებთან ერთად. შეამოწმეს შინაგანი ჯარის დონე და მოახსენეს კიდეც პრეზიდენტს. რაც მოახსენეს, მე გითხრათ, თუ მიშას შეეკითხებით-მეთქი? არა, იქნებ, თვითონ გვითხრათო. ასე უთხრეს, შინაგანი ჯარის შესამოწმებლად სულ ტყუილად გავედით, ძალიან მაღალი დონე აქვს და პირიქით, აქეთ ვისწავლეთ ბევრი რამეო.
ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევისას კი წინ დამიდეს მიხეილ სააკაშვილისა და ბალტიისპირეთის პირველი თავდაცვის მინისტრის სურათები. აუდრიუს ბუტკიავიჩიუსი ლიტვის ეროვნული გმირია, ადამიანი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ლიტვის გამოსვლაში საბჭოთა კავშირიდან. 1990 წლიდან დაწყებული, თავდასხმები და პროვოკაციები 1991 წელს ვილნიუსში ტელეანძასთან მიტინგის დარბევით დასრულდა. მიტინგის ორგანიზატორი შემდეგ ლიტვის პირველი თავდაცვის მინისტრი აუდრიუსი იყო და მის გვერდით მისი ოჯახი და დედ-მამა იდგა. დარბევისას 14 ადამიანი დაიღუპა და 600 მძიმედ დაშავდა, მაგრამ ლიტველებმა ბრძოლით და ერთობით შეძლეს, მოეგოთ მოსკოვისათვის. მან აირჩია ევროპული გზა და თავის ორგანიზაციასთან ერთად, დღესაც იღვწის ლიტვის უკეთესი მომავლისათვის, უკვე პოლიტიკოსის რანგში.
_ ეს ფოტოები ვინ გაჩვენათ?
_ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ანალოგიური კითხვა-პასუხი გაიმართა. აქვე, შეფასება მიაყოლა ამ ადამიანზე და დაუმატა, რომ ძებნილია. სხვათა შორის, მსგავსი შეფასება განთავსებულია რუსულ პრესაში და ახლახან ქართულ მედიაშიც გაჟღერდა ტრისტან წითელაშვილის პირით. შევეკითხე, მე და მიშა ჯერ ხომ არ ვართ ძებნილები-მეთქი.
მრავალი იყო მსგავსი და უარესი ფაქტი. ზოგი არც ითქმევა. არ მინდა, ბევრის ,,თქმითაც დაშავდეს''...
რაც შეეხება პროკურატურას, იქაც მთელი დატვირთვით მუშაობდნენ მიშას წინააღმდეგ. 2007 წელს გამომიძახეს დაკითხვაზე. ამჯერად, თემა იყო, თუ რატომ მქონდა მაღალი პრემია 2001 წელს იუსტიციის სამინისტროში სპეცრაზმის მეთაურობისას. არადა, განსაკუთრებულად მაღალი არ ყოფილა. მაქსიმუმ, 200-300 ლარი თუ ამიღია. ვუპასუხე, ჯარისკაცი ვიყავი, ვასრულებდი მინისტრის ბრძანებას-მეთქი. მინისტრის ბრძანება არის? _ არის. უწყისზე ჩემი ხელმოწერა არის? _ არის. სხვა რა გაინტერესებთ? წესით, ჩემთან კითხვები აღარ უნდა გქონდეთ. თუ მაშინდელ მინისტრთან გაქვთ, მიბრძანდით და ჰკითხეთ. ხომ იცით, სადაც ზის-მეთქი.
(გაგრძელება იქნება)
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში