Menu
RSS

მირიან ქათამაძე: „ქობულეთი შავი ზღვისპირეთში ყველაზე მიმზიდველ მუნიციპალიტეტად უნდა იქცეს!“

„გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი ვადის ამოწურვის შემდეგ, თუკი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ისეთივე კმაყოფილი იქნება, როგორც ჩემი სტუდენტები არიან ჩემი ლექციებით, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები და ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა შევასრულე'', – აცხადებს ქობულეთის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მირიან ქათამაძე, რომელსაც დიდ პატივად მიაჩნია, ემსახუროს მშობლიურ მუნიციპალიტეტს. პროფესიით იურისტი, პირობას დებს, რომ მერის პოსტზე მაქსიმალურად დაიხარჯება და მისი მერობის წლები, ქობულეთის ისტორიაში, საქმის კეთების პერიოდად შევა.
– ქობულეთის მუნიციპალიტეტში დავიბადე და გავიზარდე. მამა გარდაცვლილია. წარმატებული აგრონომი გახლდათ და მისი ძირითადი საქმიანობა იყო მეციტრუსეობა. მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რაც დაკავშირებული იყო აჭარაში ციტრუსის რეალიზაციასთან. დედას, ეთერ კენჭაძეს პედაგოგიური მუშაობის დიდი სტაჟი აქვს – ქართულ ენასა და ლიტერატურას დღემდე ასწავლის. იგი ყოველთვის ზედმიწევნით მკაცრი და მომთხოვნი იყო ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. ამის დამსახურებაა ყველა ის წარმატება, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე. მეც მაქსიმალურად შრომისმოყვარე და ბეჯითი ვიყავი. მთავარი, რაც ჩამინერგეს, წიგნის სიყვარულია. წიგნი ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. დედა ხელმძღვანელობდა ჩემს განათლებას, ასაკის მიხედვით მირჩევდა, რა უნდა წამეკითხა. მახსოვს, არდადეგების პერიოდში, ძალიან ბევრი წიგნი გამომქონდა ბიბლიოთეკიდან. იმ ძველი წიგნების სუნი არასოდეს დამავიწყდება.
– იურისტის პროფესიის შერჩევისასაც დედამ შეასრულა გადამწყვეტი როლი?
– ალბათ, უფრო მამის რეკომენდაცია იყო გადამწყვეტი. დაახლოებით, მე-8 კლასიდან ვიცოდი, იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა არა იმიტომ, რომ ეს რომანტიკულ, დანაშაულთან მებრძოლ პროფესიად მიიჩნევა, უბრალოდ, იურისტობა ჩემთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა. სკოლის ასაკიდანვე ვფიქრობდი, რა პროფესია ამერჩია, რათა ვყოფილიყავი აბსოლუტურად სამართლიანი ყველასთან ურთიერთობისას. სწავლისას აღმოჩნდა, რომ ეს არ არის მარტივი პროფესია, მოსაწყენიც კი იყო ზოგი საგანი, მაგრამ ინტერესი და პროფესიისადმი სიყვარული არასოდეს დამიკარგავს. ადვოკატადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება მაქვს. ძალიან საინტერესო იყო ის პერიოდი, როცა მქონდა დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა. საოცარი განცდაა, როცა ზედმიწევნით კარგად შეძლებ ადამიანის დაცვას.
– თუმცა, ისეთი პერიოდიც ხომ გაიარეთ, როცა ამის საშუალება ადვოკატებს არ გეძლეოდათ?
– დიახ, ეს იყო ურთულესი პერიოდი. მაშინ ბევრმა ჩემმა კოლეგამ ჩაიქნია ხელი ადვოკატობაზე. მე ამაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ ბოლოს და ბოლოს, დადგებოდა ქვეყანაში პერიოდი, როცა ადვოკატის ინსტიტუტი იქნებოდა დაფასებული. ძალიან ბევრი საქმე მქონდა, სადაც უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. იყო ჩემზე, როგორც ადვოკატზე, მუქარა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების, მაგრამ ეს არ იყო დაბრკოლება, რომლის გამოც, მე შეიძლებოდა მიმეტოვებინა ადამიანი და უარი მეთქვა მის დაცვაზე. მახსენდებოდა ძალიან ცნობილი გერმანელი იურისტის, გუსტავ რადბრუხის სიტყვები: „იურისტებს უნდა ეყოთ ვაჟკაცობა, აღიარონ, რომ კონკრეტული კანონი ან ქმედება ხელისუფლებისა, არის უსამართლო“. მე ყოველთვის ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი. არაერთი წარმატებული დავაც მახსენდება – ბათუმის საზღვაო ნავსადგომისა და ნავთობტერიმინალის ინტერესებს ვიცავდი, როცა საგადასახადო დარღვევები ჰქონდა და რამდენიმე მილიონიანი დავის საქმე, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, წარმატებით დავასრულეთ. მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი, საქმე იყოს გახმაურებული, მთავარია, იმ რთული, საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებისას, ადამიანი დარჩეს პროფესიული ნორმისა და ეთიკის ზედმიწევნით ერთგული კლიენტის წინაშე.
– საადვოკატო საქმიანობის შემდეგ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდით...
– ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი და გამოწვევა იყო. ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო. კვალიფიციურ გუნდთან ერთად მიწევდა მუშაობა და ამიტომ დიდი გამოწვევების არ შემშინებია. ჩემ საკურატორო სფეროში შედიოდა ინფრასტრუქტურული პროექტები, სამართლებრივი უზრუნველყოფა, ფინანსური სამსახური, საქმისწარმოება. ამაყი ვარ, რომ ამ მოკლე პერიოდში რამდენიმე სასიკეთო საქმის გაკეთება მოვასწარით, თუმცა მათი ჩამოთვლა, შორს წაგვიყვანს.
– მათგან რომელიმე ქობულეთს ხომ არ ეხება, სადაც მერობას აპირებთ?
– ქობულეთში, ზედა დაგვაში განვახორციელეთ დაწყებითი საჯარო სკოლის ამორტიზებული შენობის რეაბილიტაცია. დამთავრდა კვირიკეს №1 საჯარო სკოლის გაჭიანურებული პროექტი. რამდენიმე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ოჩხამურის სკოლას ექნება ახალი დარბაზი... აჭარის სკოლების 80%-ზე მეტი უკვე რეაბილიტირებულია, აღჭურვილია ინვენტარით და, იმედი მაქვს, მოსწავლეები იქ ხალისით წავლენ. გულის ნაწილი მრჩება ამ სისტემაში. 5 ახალი სკოლა დაიგეგმა, მათ შორის, ერთი – სარფში. ეს იქნება ყველაზე ახლომდებარე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან და ამიტომ – ყველაზე თანამედროვე. როცა ვიზიტორი შემოვა, დაინახავს, როგორი უნდა იყოს სკოლა. ეს ძალიან კეთილშობილური საქმე იყო და, მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობის საშუალება მომცა.
– როგორ ფიქრობთ, ქობულეთელები მშობლიური მუნიციპალიტეტის მართვის საშუალებასაც მოგცემენ და რა გეგმები გაქვთ?
– ვფიქრობ, მომცემენ საშუალებას. გასულ წლებში ქობულეთში ბევრი რამ გაკეთდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დაიწყო არნახული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოწესრიგდა გზები, ქუჩები, სანიაღვრე არხები, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უმნიშვნელოვანესია ნაპირსამაგრი სამუშაოები. მუშავდება ქობულეთის ბულვარის განაშენიანების ძალიან საინტერესო პროექტი, რაც ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
– ქობულეთის მუნიციპალიტეტს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით სხვა გეგმებიც ხომ არ გაქვთ?
– ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, მიმართული იქნება ტურიზმის განვითარებისკენ და ამისთვის შესაბამის უწყებებთან აქტიურად ვითანამშრომლებთ. დიახ, ქობულეთი მხოლოდ საზღვაო კურორტი არ არის. აქ რამდენიმე საოცარი ხეობა, 4 დაცული ტერიტორიაა, რომლებიც მიმზიდველია ტურისტებისთვის; მათ ასევე განსაკუთრებით მოსწონთ პეტრას ციხე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, ვგეგმავთ, აქ მოეწყოს ვიზიტორთა ცენტრი. ქობულეთში კულტურული მემკვიდრეობის ძალიან ბევრი ძეგლია. მისასვლელები უნდა გაკეთდეს, ინფრასტრუქტურა სათანადოდ მოწესრიგდეს. უდიდესი რესურსია სამედიცინო თუ კულტურული ტურიზმის განვითარებისა. ქობულეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვისპირეთში მიმზიდველ მუნიციპალიტეტად უნდა ვაქციოთ და, ვფიქრობ, სწორი საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის მთავრობასთან ერთად, ამას შევძლებთ.
– სამაგიეროდ, გამარჯვების შემთხვევაში, ვეღარ შეძლებთ თქვენი საყვარელი საქმის კეთებას. ლექციების წაკითხვას შეელევით?
– ეს ჩემი საფიქრალია. საოცარი თაობა მოდის. რამდენიმე ჯგუფი მყავდა და მათთან მისვლა მიმიხაროდა. ლექციის კითხვა, ჩემი მართლაც საყვარელი საქმეა. მთავარია, იყო გულწრფელი და აუცილებლად იქნები წარმატებული ლექტორი. თანამედროვე სტანდარტი მოითხოვს, სტუდენტსა და ლექტორს შორის ურთიერთობა იყოს რაც შეიძლება მარტივი და თავისუფალი. მეც ვცდილობდი, უხილავი შირმა ჩემსა და სტუდენტებს შორის არ ყოფილიყო. ამის გამო, როგორც ამბობენ, მათთვის ერთ-ერთ საინტერესო ლექტორად ვრჩები. ხშირად სოციალურ ქსელშიც ბევრ თბილ ფრაზას ვკითხულობ ჩემს შესახებ, რაც დადებითი ენერგიით მავსებს.
– იმედი გაქვთ, რომ 4 წლის მერე ამომრჩეველიც ასეთივე სითბოთი ისაუბრებს თქვენს შესახებ?
– თუკი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ჩემი ვადის ამოწურვის შემდეგ, ისეთივე კმაყოფილი იქნება, როგორც ჩემი სტუდენტები არიან ჩემი ლექციებით, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები და ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა შევასრულე. იმაზე დიდი ბედნიერება, შესაძლებლობა, პატივი, უფლის წყალობა არ არსებობს, იზრუნო იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც გაიზარდე. მე მქონია ბევრი გამოწვევა, გამარჯვებებიც და ამ ახალი გამოწვევის ნამდვილად არ მეშინია. მთელი შეგნებით, გააზრებული გადაწყვეტილებით ვერთვები ამ შრომაში, მშობლიური მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. გულწრფელად მინდა, ბოლომდე დავიხარჯო და ყველაფერი გავაკეთო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიაში ჩემი საქმიანობა შევიდეს, როგორც საქმის კეთების პერიოდი.

back to top