Menu
RSS

პოლიციის კორდონი, რკინის გალავანი, შეხლა-შემოხლა და 8 დაკავებული _ ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებს

თბილისის საკრებულოს ხმაურიანი სხდომის ფონზე უმრავლესობამ პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის გასხვისების საკითხი დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ოქროყანის დასახლებაში, 4 433 კვ.მეტრი ფართობი ტერიტორიის პრივატიზების საკითხს საკრებულოს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა. სხდომაზე გაირკვა, რომ ხელშეკრულება გულისხმობს ერთი მილიონი ლარის ინვესტირებას და მანქანების მიწისქვეშა სადგომის მოწყობას. საკრებულოს თავმჯდომარის. გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, მილიონიანი ინვესტიცია გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველია, რასაც ბოლო დღეებში, ოპოზიცია, შეგნებულად არ ახსენებდა.
,,ბოლო დღეებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ტერიტორია 1 ლარად სხვისდებოდა და არავინ საუბრობდა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ასევე, განცხადებები კეთდებოდა, რომ თაბორის მთა იყიდებოდა, არავინ საკითხის არსს არ ჩაწვდა, კერძოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ ტერიტორიებზე. მთელი ფერდობის მელიორაციის სისტემის განვითარებაზეა საუბარი. ქალაქისთვის ეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პროექტია და სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება'', _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ და ისიც დასძინა, რომ თუ ვინმეს ეჭვი ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, შეუძლია, 30 დღის ვადაში, საკრებულოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ეჭვი და უარყოფითი და დამოკიდებულება კი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციური არაერთი ძალის წარმომადგენელს, ჯერ კიდევ საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჰქონდათ, ამიტომ სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს შენობის წინ, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები შეიკრიბნენ და სხდომაზე შესვლა სცადეს, თუმცა ისინი სამართალდამცავებმა თბილისის საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.
აქციაზე დააკავეს 8 პირი, ერთ-ერთის, ენმ-ს წევრის, კოტე იოსელიანის დაკავებას ემოციურად შეხვდა მისი მეუღლე თინათინ ბოკუჩავა, მან ტირილით გააცილა იოსელიანი რაიონულ განყოფილებაში. სხვათა შორის, მეუღლის დაკავებამდე, ენმ-ს წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ საკრებულოს შენობაში შესვლა სცადა. ის პოლიციელებს უყვიროდა და შენობაში შეშვებას ითხოვდა. ამასაც არ დასჯერდა და რკინის ბარიკადზე ავიდა, მისი მეუღლე და ენმ-ს სხვა წევრები ცდილობდნენ, განრისხებული ბოკუჩავა ხელში აყვანილი შეეყვანათ საკრებულოში. ცხადია, ამ, ფაქტს პოლიციელებსა და ენმ-ს წევრებს შორის მწვავე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. იყო რამდენიმე პროვოკაციული ქმედება აქციის მონაწილე ქალბატონების მხრიდან, რომლებიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ საკრებულოს მმართველობისა და პოლიციელების მისამართით, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციას მათ მიმართ აგრესია არ გამოუმჟღავნებია.
ოპოზიციის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რადგან შენობაში შესვლის უფლება პარლამენტის დეპუტატებსა და მოქალაქეებს ჰქონდათ. ალიბეგაშვილის განმარტებით კი, მან ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ოპოზიციონერები ბოლო დღეებში მედიის საშუალებით აანონსებდნენ საკრებულოს სხდომის ჩაშლას და იგი ვერ დაუშვებდა თბილისის საკრებულოს შენობაში დესტრუქციასა და დესტაბილიზაციას.
სწორედ დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის არიდების მიზნით, სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წინ პოლიციის მობილიზება მოხდა და რკინის კორიდორი შეიქმნა. ამასთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტებული იყო, რომ პოლიცია, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შესაბამისად განლაგდა საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა თავიდან აეცილებინათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა. ,,იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა, ასევე ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების საკრებულოს შენობაში შეშვებას, შესაძლოა, გამოეწვია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების თაობაზე''.
შსს-ს განცხადებაში, განმარტება საკრებულოში დეპუტატების არშეშვების თაობაზეც იყო: ,,პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, „პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა“. შესაბამისად, კანონი, რომელიც ამ უფლებას ანიჭებს პარლამენტის წევრს, თავადვე ადგენს შეზღუდვასაც სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარემოებების სასარგებლოდ''.
სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს შენობაშიც მოხდა _ ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და რესპუბლიკური პარტიის ფრაქციების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის მიმართ მიწის 1 ლარად გადაცემის საკითხი გააპროტესტეს და სხდომა ხმაურიანად დატოვეს. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ენმ-ს წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატი მარიკა დათუკიშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს მაგიდასთან მიეჭრა, მას და მმართველი ძალის სხვა დეპუტატებს მონები უწოდა და განაცხადა, რომ სხდომის განმავლობაში ალიბეგაშვილის წინ იდგებოდა და იქიდან ფეხს არ მოიცვლიდა. ,,აცადეთ, საკუთარი თავიც და ამოცანაც ბოლომდე გამოავლინოს, ისინი ხომ მუდმივად დესტრუქციის შექმნას ცდილობენ'', _ განაცხადა თავმჯდომარემ და სხდომა გააგრძელა. უხერხულობის განმუხტვა საკრებულოს დეპუტატმა თედო კობახიძემ სცადა _ დათუკიშვილს ალიბეგაშვილის მაგიდის წინ დემონსტრაციულად სკამი დაუდგა, რომელზეც ენმ-ს წარმომადგენელი არ დაჯდა და დარბაზიდან გავიდა. შეხლა-შემოხლის დროს სხდომის დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა ენმ-ს წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძეც.
დარბაზის დატოვებამდე კი, იყო გადაძახილ-გადმოძახილი, ლანძღვა, ერთმანეთის წარსულის შეხსენება... დარბაზის წინაშე ხმაურიანი სიტყვით წარსდგნენ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი შორენა ბუხრაშვილი და ,,ოცნებიდან'' წასული დეპუტატი გულიკო ზუმბაძე. ხათუნა სამნიძისა და მარიკა დათუკიშვილის განმარტებით, ალიბეგაშვილმა დაარღვია კანონი და პარლამენტის რეგლამენტი, რადგან საკრებულოს შენობაში არ დაუშვა პარლამენტის დეპუტატები.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ სასამართლოში როგორც ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიწის ერთ ლარად გადაცემის, ასევე თბილისის საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დეპუტატებისა და მოქალაქეების არშეშვების საკითხს. დათუკიშვილმა განმარტა, რადგანაც სხდომამ დარღვევებით ჩაიარა, სასამართლო ამ დღეს გამოტანილ ყველა გადაწყვეტილებას ბათილად სცნობსო. ზაალ უდუმაშვილი, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი და სხვა ოპოზიციონერები კენჭისყრის დასრულებამდე ცდილობდნენ, კორდონი ძალისმიერი მეთოდით გაერღვიათ და შენობაში მოხვედრილიყვნენ, თუმცა, მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ აქციის დასასრულს პუშკინის სკვერში გადაინაცვლეს და შაბათს, 14 ოქტომბერს, 14 საათზე, მრავალრიცხოვანი აქცია დააანონსეს.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში