Menu
RSS

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური პროგნოზი

არჩევნებამდე 10 დღე რჩება და საარჩევნო კამპანიაც გადამწყვეტ ფაზაში შედის. განსაკუთრებული მუხტი, როგორც ყოველთვის, დედაქალაქში იგრძნობა, ოპოზიციური პარტიები კი მეორე ტურით იმუქრებიან. რატომ იბრძვის ოპოზიცია მეორე ადგილისთვის და რა შანსები აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? ,,ვერსიამ'' ამ კითხვებით, ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს მიმართა.
– ქალბატონო ხათუნა, თქვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე, კანდიდატებისთვის დემოკრატიული გარემოა შექმნილი?
– პოლიტიკური კონკურენციისთვის ასეთი ღია გარემო ქართულ არჩევნებზე იშვიათად მახსოვს. ხელისუფლებისგან ისეთი ფონია შექმნილი, პოლიტიკურ სუბიექტებს ყველა პირობა აქვთ, საარჩევნო კამპანია წარმატებით წარმართონ. ხაზგასასმელია, რომ ამ არჩევნებზე არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უკადრიათ, არ მიუმართავთ ,,შავი პიარისთვის''. სივრცე ღიაა ყველა სუბიექტისთვის და თუ ვინმე საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ავლენს, მხოლოდ თავისი ურესურსობის ბრალია.
– თბილისში რომელ კანდიდატს, ქვეყნის მასშტაბით კი რომელ პარტიას აქვს გამარჯვების შანსი?
– ეს არის არჩევნები, სადაც ხელისუფლების გარდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტი რეალურად დამარცხებისთვის მიდის და მეორე საპატიო ადგილისთვის იბრძვის, რაც ცუდია პოლიტიკური სივრცის განვითარებისთვის. ეს დიაგნოზი, საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური სპექტრის შეფასებას ეფუძნება. თავად პარტიებიც რეალურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობას – საზოგადოების ძალიან დაბალი ნდობიდან გამომდინარე, მათ, გამარჯვების შანსი, ფაქტობრივად, არ აქვთ.
– ოპოზიცია რეალურად მეორე ადგილისთვის რა მიზეზით იბრძვის?
– მთავარი პრობლემა პოლიტიკური სპექტრის ფინანსური და უპირველესად, ადამიანური რესურსის არქონაა – ფინანსების შემთხვევაშიც, პოლიტიკური სპექტრი საკუთარი შედეგს არსებითად ვერ გააუმჯობესებდა, რადგან ფული ვერ შველის ინტელექტუალურ სიმწირეს.
– ინტელექტუალურ სიმწირეს მხოლოდ ოპოზიცია განიცდის თუ ხელისუფლებაც?
– ორივე, მაგრამ ხელისუფლებას ამას უბალანსებს ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები, შედარებით მაღალი მხარდაჭერა, რაც ხელისუფლებაში მისი ყოფნითაა განპირობებული. მმართველ ძალას ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში და მისივე ინტერესშია, დღევანდელმა ამ ძალამ ხელისუფლება შეინარჩუნოს. არის ამომრჩევლის მეორე სეგმენტიც, რომელსაც დღემდე აქვს შემორჩენილი ნაცმოძრაობის რეინკარნაციის შიში და ამიტომ აძლევს ხმას ,,ოცნებას''. ამ ფონზე, ხელისუფლებისთვის ნაკლებად დამანგრეველია ინტელექტუალური სიმწირე. ოპოზიციას კი, ეს სეგმენტები არ ჰყავს და არჩევნებში ხელისუფლება უდავოდ გაიმარჯვებს. არადა, ძლიერი ოპოზიციის შემთხვევაში, ხელისუფლების დამარცხება ადვილი იქნებოდა.
– თბილისში მერობის კანდიდატების შანსები როგორია?
– თბილისში მაღალი კონკურენციაა, კანდიდატებიც უფრო საინტერესონი არიან. ოპოზიციიდან პირველ ადგილზე გასვლის რესურსი არც ერთს აქვს, მაგრამ ერთად შეძლებენ ხელისუფლება მეორე ტურში გამოიწვიონ. ალეკო ელისაშვილს, ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით, შეიძლება საზოგადოების შედარებით მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს არაა საკმარისი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ყველაზე დიდი ნაწილი, მზადაა, მას მხარი დაუჭიროს. ეს ის ამომრჩეველია, რომელმაც 2012 წელს ,,ოცნებას'' მისცა ხმა, შემდეგ იმედი გაუცრუვდა, მაგრამ კატეგორიულად არ არის ნაცმოძრაობის ან მისი რომელიმე ფრთის მხარდამჭერი. თუმცა ამ სიმპათიის ხმად გადაქცევაც რთულია. პირველ რიგში, მან უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ გამარჯვების, ანუ მეორე ტურში გასვლის უნარი აქვს. მეორე პრობლემა საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის ორგანიზებულად მიყვანაა, რასაც უდიდესი საორგანიზაციო რესურსი სჭირდება. უპარტიო ელისაშვილს გონიერი გუნდი ჰყავს, თუმცა პოლიტიკაში რამდენად გამოცდილები არიან, არ ვიცი. ამ საკითხში შეიძლება მას ზაალ უდუმაშვილმა აჯობოს. მისი მესამე პრობლემა მიღებული ხმების დაცვაა, რაც კომისიებში წარმომადგენლების არყოლით ძალიან რთულდება. თუმცა, მას შეუძლია, არაფორმალურად მოელაპარაკოს პარტიებს, რომლებსაც წარმომადგენლები ჰყავთ, მაგრამ რეალური შედეგის მიღწევის შანსი არ აქვთ. ახლა გამოჩნდება, რამდენად აქვს ელისაშვილს ორგანიზებულობის უნარი.
– უდუმაშვილი უკვე ახსენეთ. მას აქვს მეორე ადგილზე გასვლის შანსი?
– მის მხარეს ის პლუსებია, რაც მინუსებად შეიძლება ექცეს ელისაშვილს – ორგანიზებულობა, რასაც ნაცმოძრაობას ვერ დავუკარგავთ. ამომრჩევლის იდეური ერთგულება ამ პარტიას უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ორგანიზაციული უნარი და საარჩევნო გამოცდილება შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც უდუმაშვილს მეორე ადგილზე გაიყვანს. რეალურად, უდუმაშვილი და ელისაშვილი ამ ეტაპზე თითქმის თანაბარ პოზიციაზე არიან. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მერი იქნებოდა ელენე ხოშტარია თავისი ინტელექტით, განათლებით, შემართებით... ის ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული კანდიდატია, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლის შანსი უფრო მოკრძალებულია.
– ამ შანსს მისი პარტია ამცირებს?
– პარტია, ამ შემთხვევაში, მისი ტვირთია.
– პოლიტიკური წარსული ტვირთად გიორგი ვაშაძესაც ექცევა?
– ყველაზე ამბიციური და თანამედროვეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა ვაშაძეს აქვს. დანარჩენების პროგრამები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ისინი ჩაიკეტნენ ვიწრო სამეურნეო-ინფრასტრუქტურულ ჩარჩოში და ამით თბილისელ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიღაცებს ჰგონიათ, გზების, კანალიზაციის, პენსიისა და მსგავსი პრობლემების გარდა, თბილისელებს არაფერი ანაღვლებთ. რა თქმა უნდა, მერობის კანდიდატი დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემას უნდა ხედავდეს. მათ შორის, ეკოლოგიურ პრობლემასაც, რომლის გამოც სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდების საშინელი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ ამის იქით თბილისის რესურსი, ვაშაძის გარდა, საარჩევნო პროგრამაში არავინ გამოიყენა.
– რომელ რესურსს გულისხმობთ?
– თბილისს, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქვს რესურსი, გახდეს ერთ-ერთი ღერძული ქალაქი აღმოსავლეთ-დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გზაგასაყარზე. მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იყოს კულტურულ-საგანმანათლებლო, თანამედროვე ტექნოლოგიური მექა, საგანმანათლებლო ნაკადების შემკრები ღერძი. გული მწყდება, ვაშაძის გარდა, ასეთი ვიწრო ხედვა აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს.
– თუმცა ამბობენ, რომ ვაშაძის თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროგრამა გაუგებარია. საზოგადოება არის მზად ამგვარი სიახლეებისთვის?
– ერთი კვირის წინ დავბრუნდი ჩინეთიდან, რომელიც ტექნოლოგიური მიღწევებით სხვა გალაქტიკაზეა. ჩინეთის ქალაქების ეკონომიკა წლიურად 18%-ით იზრდება. ამ ქალაქებში ინოვაციები იდგამს ფეხს და ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, კანალიზაცია ორი მეტრით ღრმად გაითხაროს თუ უფრო ფართო მილები გაიყვანონ. ასეთი მიდგომა უბრალოდ დამანგრეველია. პოლიტიკური სპექტრის მოვალეობაა, საზოგადოების მოთხოვნების, განათლების დონის გაზრდაზე იზრუნოს. თუ მარტო კუჭის პრობლემების ამარა დატოვებენ ხალხს, ის მართლაც არ გაიხედავს ამის მიღმა. თუმცა ამგვარი პროგრამისთვის, საზოგადოება უნდა შეამზადო, რასაც ერთი და ორი თვე არ ყოფნის. ამასთან, ხალხის მხარდაჭერას პოლიტიკური წარსულიც განსაზღვრავს. ნაცმოძრაობის წევრობა, თუნდაც წარსულში, ისევე როგორც ხოშტარიასთვის, მისთვისაც უდიდესი ტვირთია.
– ქალბატონო ხათუნა, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე რომ შეჯერებულიყო, ხელისუფლებას რეალურ კონკურენციას გაუწევდა?
– ყველაზე კარგად სწორედ სახელისუფლებო კანდიდატს შეეძლო დაენახვებინა ამომრჩევლისთვის თბილისის როლი და მნიშვნელობა. მას შეეძლო ეთქვა, მიზნად ვისახავ, თბილისი შევიყვანო ევროპის ჩემპიონ ქალაქთა ლიგაშიო და რა თქმა უნდა, ფეხბურთს არ ვგულისხმობ. როცა შეიძლება თბილისი 5-10 წელიწადში ერთ-ერთი უსწრაფესად მზარდი ქალაქი იყოს რეგიონში, ეს ამბიციური გეგმა უნდა დადო და არა ის, კანალიზაციებს გააფართოვებ თუ გზებზე ასფალტს დააგებ, რაც მე-19 საუკუნის გამოწვევებია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვერ ვიტყვი, რომ ერთ კანდიდატზე შეჯერების შემთხვევაში, მეორე ტურის შანსი უფრო მაღალი იქნებოდა. მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატის გასვლის შემთხვევაში მის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება არარეალურია. ელისაშვილი უპარტიოა. თუ მას მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში ენმ დაუჭერს მხარს, ხელისუფლების მთავარი პიარი იქნება, ყველანი დავუპირისპირდეთ მას, როგორც ნაცმოძრაობის ახალ საფრთხესო. ასე რომ, ნაცმოძრაობა ,,ოცნების'' მაშველ რგოლად, ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კი, განახლების დიდ ბარიერად დღემდე რჩება. ამ შემთხვევაში, ყველაზე რეალურია კახა კალაძის გამარჯვება. თუ რაიმე საოცრება არ მოხდა, სწორედ ის იქნება თბილისის მერი.
– ისე, ხშირად გქონიათ არჩევნების წინ ასეთი განწყობა, როცა წინასწარ იცოდით, რა შედეგი დადგებოდა?
– კი.
– ეს კარგია თუ ცუდი?
– ძალიან ცუდია. ამ საარჩევნო კამპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დავით უსუფაშვილის მესიჯი იყო, როცა გამოაცხადა, პოლიტიკაში ახალი თაობის შემოყვანას და მათთვის გამოცდილების გაზიარებას ვაპირებთო.
– კი, მაგრამ თენგიზ შერგილაშვილი ახალი თაობის წარმომადგენელი რომ არ არის?
– ზოგადად, მათი პარტიის ხედვასა და მომავლისადმი მეტ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ და იმედია, ეს მხოლოდ განცხადებად არ დარჩება.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში