ქართული პოლიტიკური ლატარია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში ომის ფონზე რუსეთი კარგავს საერთაშორისო გავლენას - მოსკოვი ჯერაც საკმაოდ ძლიერია, თუმცა, ბევრი ქვეყანა დღეს მას იმდენს უბედავს, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდა.

ეს ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა, შესაძლებლობა არ ნიშნავს გარანტიას  - დედამიწის ზურგზე არ არსებობს არაფერი გარანტირებული - სიკვდილის გარდა - და ნებისმიერ შანსს გამოყენება უნდა.

საქართველოში შესაძლებლობათა ფანჯრის გახსნას დაემთხვა ღრმა პოლიტიკური კრიზისი - ეს არ არის უბრალოდ უუნარო ხელისუფლების ქმედებით გამოწვეული სირთულეები, რომლებიც ავტომატურად დაიძლევა ხელისუფლების შეცვლით. ყველაფერო ბევრად უფრო რთულადაა - 30 წლის მანძილზე არსებული ქართული პოლიტიკური სისტემა და თამაშის წესები ჩიხშია შესული, ცვლილებები თითქოს მომწიფდა, მაგრამ რეალურად ჯერ არსად ჩანს.

ქართული პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ახასიათებს  ყურადღების კონცენტრირება წვრილმანებზე, სერიოზული პროგრამული საკითხების იგნორირება, უკიდურესი პოპულიზმი, ისტერიულობა, მოწინააღმდეგის დემონიზება, მის მიმართ სიძულვილის პროპაგანდა, და პარტიების აშკარა სიჭარბე, არასიცოცხლისუნარიანი იყო ჯერ კიდევ გაჩენის დღეს, თუმცა, ამ დროისთვის ის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს შეფერხებად იქცა.

სამწუხაროა, რომ უეცრად გაჩენილი შესაძლებლობების ხანას საქართველო დახვდა უუნარო, ორღობე-პროვინციული და ფულის კეთებაზე ორიენტირებული მთავრობით, და ამავე დროს დაშლილი, დაქუცმაცებული, და არაქმედითუნარიანი ოპოზიციით.

ძნელი სათქმელია, რომელია უფრო ტრაგიკული და სამწუხარო - პირველი თუ მეორე. ალბათ ორივე ერთად.

ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, და ეს ეხება მხოლოდ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური პარტია, ნაცმოძრაობა, არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი და უმწეო, როგორც დღეს. 2013 წელსაც კი, როდესაც ის საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ გარიყული იყო და მის ლიდერებს ქუჩაში მშვიდად გასვლის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ.

ნაცმოძრაობამ მედგრად გაუძლო უამრავ გამოწვევას, არ დაიშალა, და არ ჩაბარდა წარსულს, ამდენი უბედურება გადაიტანა იმისთვის, რომ ჩავარდნილ იყო კომაში სწორედ მაშინ, როდესაც ქართული ოცნების პოპულარობა მინიმუმზეა, ისტორიამ კი ქვეყანას გარღვევისთვის უნიკალური შანსი ფაქტობრივად აჩუქა.

სავარაუდოდ, ნაცმოძრაობას ვერ ახალი შიდაპარტიული არჩევნები უშველის, რადგანაც კანდიდატების ვინაობა აშკარად მეტყველებს პარტიაში ინტელექტუალური რესურსის მნიშვნელოვან კლებაზე - პარტიის ხელმძღვანელობის მსურველთა შორის არც ერთი არაა სტრატეგიულად მოაზროვნე და ფართო მსოფლმხედველობის მქონე  - საკმარისია ვახსენოთ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ძირითადად გამოირჩევა მარტივი, პოპულისტური ლოზუნგებით პათოსური გამოსვლებით და ხმამაღალი მხილებებით.

ასეთი ხმაურიანი ადამიანები ყველა პარტიას სჭირდება, თუმცა, ეს პარტიული ლიდერობისთვის საკმარისი არაა.

სხვათა შორის, დიდი სტრატეგიული ხედვით და აზროვნების სიღრმეებით არც ნიკა მელია გამოირჩევა - ეს უკვე ნაცმოძრაობის სტილია, რომელიც ანიჭებს უპირატესობას ხმაურიან პოპულისტებს.

გასაგებია, რომ ამის მიზეზია მცდარი წარმოდგენა, თითქოს ქვეყანაში ვერ ხერხდება რევოლუციური ტალღის აგორება იმის გამო, რომ ოპოზიციას საკმარისად მყვირალა და თავზე ხელაღებული ლიდერები არ ჰყავს. მაგრამ სინამდვილეში რევოლუციური განწყობების დეფიციტს ბევრი მიზეზი აქვს, და ნიკა მელიას ზედმეტი თავშეკავება და ჭარბი ინტელექტუალური დახვეწილობა - ამ მიზეზთა შორის ბოლო ადგილზეა.

ვერც ხაბეიშვილი მოახერხებს რევოლუციური ტალღის აგორებას, და, თუ მაინც და მაინც, ვერ სააკაშვილი. იმიტომ, რომ რევოლუციური განწყობებისთვის ქვეყანაში არასაკმარისია მუხტია, მათ შორის ნაცმოძრაობის მომხრეთა შორისაც კი.

დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, ძირითადად 1-კაციანი პარტიები, ღრმა კომაშია, და ახალი ლიდერების გამოჩენის პერსპექტივა არსად ჩანს.

ერთი შეხედვით, თითქოს ყველას სურს ახალი ძალების გამოჩენა, მაგრამ როგორც კი ის გამოჩნდება, მის მიმართ ისმის სტანდარტული ბრალდებები - „ახალი მოსულები არიან, გამოცდილება არა აქვთ“, „ძლიერი ლიდერები არ ჰყავთ“, „მათ არავინ არ იცნობს“.

ბოლოს და ბოლოს, იქნებ გაერკვეთ რა გინდათ ამ ცხოვრებაში  - ახალი, და შესაბამისად, ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსები, თუ ძველი, და უკვე თვალს შეჩვეული, მაგრამ სრულიად უსარგებლო მუქთახორები?

ამ კითხვაზე პასუხი მოითხოვს რაციონალიზმს და საღ გონებას. ძნელია მოსთხოვო საღი გონება ერს, რომელიც ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის სადღეგრძელოს წარმოთქვამს, შემდეგ კი დიადი ამხანაგი სტალინის...ამ ადამიანების გონებაში ურთიერთგამომრიცხავი ფასეულობები მშვენიერად თანაარსებობს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის „ლელო“ მეტ-ნაკლებად გამოირჩევა შედარებით მეტი ორგანიზებულობით, ახალგაზრდა და პერსპექტიული პოლიტიკური ლიდერებით, და ნაკლები ისტერიულობით. თუმცა, წარმავალი მთავარი ოპოზიციური პარტიის ჩანაცვლებისთვის მან უნდა დაძლიოს მთავარი მტერი - საზოგადოებრივი აპათია, რომელიც ხელს უშლის ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალის აღზევებას.

ამ მძიმე სენის დაძლევისთვის არ არსებობს ერთი რეცეპტი - ცალკე აღებული ვერც ყურადღების კონცენტრირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არც ამომრჩევლებთან შეხვედრების გააქტიურება, და არც წევრთა რაოდენობის გაზრდა უშველის.

ეს ყველაფერი ერთად, თანაც ქვეყანაში ზოგადი კლიმატის შეცვლის და მუხტის ზრდის ფონზე მისცემს სხვა ძალას წარსულისკენ მიმართული ნაცმოძრაობის ჩანაცვლების და ქვეყნისთვის ნაჩუქარი ისტორიული შანსის გამოყენების შესაძლებლობას.
გარკვეულწილად ეს ლატარიაც არის...

ავტორი: თენგიზ აბლოთია