Menu
RSS

რატომ გადაწყვიტა თბილისის საკრებულოს წევრობა და რა გეგმები აქვს გლდანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ოთარ გრიგოლიას

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ,,ქართული ოცნებიდან'' ოთარ გრიგოლი იბრძვის. ბატონი ოთარი პროფესიით ეკონომისტი, ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი და შრომითი ურთიერთობების სპეციალისტია. ამჟამად ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურადაა დაკავებული კვლევითი საქმიანობით. ჯერ ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელებს იკვლევდა, შემდეგ კი – აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილებას. დღეს ახალგაზრდა მკვლევარი პოლიტიკურ გეგმებს აწყობს და ფიქრობს, გუნდთან ერთად, გლდანის რაიონისა და, ზოგადად, თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ოთარ გრიგოლია „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდის საკმაოდ ახალგაზრდა წევრია. სხვათა შორის, 32 წლის ხდება 22 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს და იმედია, დაბადების დღესთან ერთად, გამარჯვებასაც იზეიმებს. ამბობს კიდეც, რომ მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ამომრჩევლის მხარდაჭერა იქნება.
– ბატონო ოთარ, ფინანსისტის პროფესიას დაეუფლეთ, მაგრამ მოგვიანებით, მიმართულება შეიცვალეთ. ფინანსისტობა საინტერესო არ აღმოჩნდა?
– პირველი პროფესიული არჩევანი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გავაკეთე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. პირველი სამსახურიც ფინანსების მიმართულებით დავიწყე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ჩემეული არ იყო – ხდება ხოლმე, როცა პროფესია ადამიანისთვის არ არის ორგანული. ყოველთვის მაინტერესებდა პოლიტიკა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა თვალს ვადევნებდი პოლიტიკურ დებატებს. 2011 წლიდან დავიწყე პოლიტიკური მეცნიერების შესწავლა. თავიდან ამას არაფორმალური სახე ჰქონდა: პოლიტოლოგი მეგობრებისა და ლექტორების დახმარებით ვეცნობოდი ლიტერატურას, ბევრს ვსაუბრობდით, ვცვლიდით მოსაზრებებს, ჩართულები ვიყავით დისკუსიებში. გარდა ამისა, გავდიოდი გარკვეულ ტრენინგებს. ამის შემდეგ კი უკვე აკადემიურ დონეზე მივყავი ხელი პოლიტიკის მეცნიერებების შესწავლას.
– პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“ დააფუძნეთ. რა მიზანი ჰქონდა „ლაბორატორიას“, რომელმაც ფართო საზოგადოებრივი მოძრაობის სახე მიიღო?
– მიგვაჩნდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების დრო იყო და ვცდილობდით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ პროცესებში. ძალიან მძიმე ვითარება იყო. ერთის მხრივ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი, მძიმე სოციალური ფონი გამოიხატებოდა შრომითი უფლებების სრული იგნორირებით, ჯანდაცვის კუთხით სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებით – ხარისხიანი მომსახურების მიღება რიგით მოქალაქეს, საცხოვრებლის დაკარგვად უჯდებოდა, სახელმწიფო არანაირ კონტრიბუციას არ დებდა ამაში. ხორციელდებოდა სოციალური პროექტები, რომლებიც სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფებისთვის იყო გათვალისწინებული. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იყო ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში, რადგან მათთვის ის სერვისებიც არ იყო ხელმისაწვდომი, რასაც სოციალურად დაუცველებს სთავაზობდნენ. სწორედ ეს სოციალური გარემო იყო წინა ხელისუფლების სახის გამოვლინება და ეს დიდ პროტესტს იწვევდა ჩვენში, ახალგაზრდებში.
მახსოვს ერთ-ერთი აქცია, რომელიც სოსო ქიმერიძის საქმის ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მოვაწყვეთ. ხაშურში ჩავედით და პოლიციის შენობის წინ გამოვხატეთ პროტესტი. მალე დაიწყო მუქარა. ამის მიუხედავად, ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა და რწმენამ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით, შეგვაძლებინა, პროტესტი გაგვეგრძელებინა და უკან არ დაგვეხია. საბოლოოდ, უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბებული ორგანიზაცია გადაიქცა სოციალურ მოძრაობად, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემის აქტუალიზებას ახდენდა. ამან დადებითი როლი შეასრულა არა მხოლოდ საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებაში, არამედ მოგვიანებით, გავლენა იქონია ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგზეც. ჩვენი მაშინდელი მოთხოვნები აისახა შემდგომ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კლასებში, იქნება ეს ჯანდაცვის რეფორმა თუ შრომის კოდექსი.
– შრომის კოდექსი და, ზოგადად, შრომითი ურთიერთობები, როგორც ჩანს, ძალიან გაინტერესებთ. სამაგისტრო თემაც ამ მიმართულებით აირჩიეთ?
– დიახ, იმ სოციალურმა პრობლემებმა, რომელთა გადაჭრა განსაკუთრებით პრიორიტეტად მიმაჩნდა, მოგვიანებით, ჩემი სამაგისტრო პროგრამის შერჩევაზეც იქონია გავლენა. 2014 წელს სწავლა განვაგრძე კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ტემპუსის საერთო-სამაგისტრო პროგრამაზე – „შრომითი ურთიერთობები და ევროინტეგრაცია“.
– საინტერესოა, რამდენად მსგავსია შრომითი ურთიერთობების ჩვენი და ევროპული მოდელები?
– ბუნებრივია, ჩვენი შრომითი ურთიერთობების მოდელი განსხვავდება ევროპულისგან, თუმცა გარკვეული მსგავსება არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც ასევე საბჭოთა წარსული აქვთ. მთავარი დასკვნა ისაა, რომ ქართული შრომითი ურთიერთობების მოდელი უფრო ავტორიტარულია და დამსაქმებელს ხშირად ავტორიტარული კომუნიკაცია აქვს დასაქმებულთან.
– ასეა 2013 წლის, ანუ მას შემდეგაც, რაც შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა?
– მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს შრომის კანონმდებლობა შეიცვალა და, შრომის ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ, არსებობს პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია აღსრულებასთან. პირველ რიგში, ყველაზე მწვავედ დგას სამუშაო დღისა და შრომის უსაფრთხოების პრობლემები. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შრომის ძლიერი ინსპექცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შრომის უსაფრთხოებას, რადგან საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. მეორე საკითხია სამუშაო დრო, რომელსაც დასაქმებული სამუშაო ადგილზე ატარებს. მესმის, ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და დამსაქმებელს აქვს ფართო არჩევანი, დაასაქმოს ის ადამიანი, ვინც უფრო დიდხანს იმუშავებს, თუმცა გასათვალისწინებელია მორალური, ეთიკური მხარე, კანონმდებლობა და ადამიანის ეფექტურობის მაჩვენებელი. თუ ადამიანი ერთ დღეს მუშაობს 12 საათს, მეორე დღეს მისი მუშაობა ვერ იქნება ასეთივე შედეგიანი.
– ბატონო ოთარ, კვლევით საქმიანობაზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობთ და საინტერესოა, პოლიტიკურად გააქტიურება რატომ გადაწყვიტეთ?
– ერთია, როცა პროცესების თეორიულ ანალიზს აკეთებ და მეორე – როცა მონაწილეობ მასში. ყოველთვის მინდოდა, ჩავრთულიყავი პრაქტიკულ პოლიტიკაში და ხშირად ვახერხებდი კიდეც. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ეს შეთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო. პოლიტიკაში აკადემიური, კვლევითი სფეროდან იშვიათად მიდიან. თავიდან იყო მცირე მღელვარება, რაც პასუხისმგებლობის გააზრებას მოსდევს, მაგრამ როდესაც კახა კალაძემ მითხრა, რომ სურს ახალი პოლიტიკური პროექტის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება თბილისში რეალურ ცვლილებებზე, გავაცნობიერე, რომ ეს არის შანსი, პრაქტიკულად განვახორციელო ის, რაზეც მიფიქრია. ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება, ერთის მხრივ, შევუთავსო ჩემი თეორიული ხედვა პრაქტიკულ პოლიტიკას და მეორეს მხრივ – გარდატეხა მოვახდინო ამ პროცესში. ამ პოლიტიკური პროექტის მთავარი ხაზი სწორედ ისაა, რომ პოლიტიკა დავამკვიდროთ ცოდნასა და ექსპერტიზაზე, ბევრჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ.
– ამ პროექტზე მუშაობის პარალელურად, გლდანის მაჟორიტარობა მოგიწევთ. რამდენად იცნობთ ამ რაიონის პრობლემებს და რა გეგმები გაქვთ?
– გლდანში ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე, ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ. რამდენიმე წლის წინ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, სალომე ქაჯაია, პროფესიით სოციოლოგი გახლავთ და, აღმასრულებელი მკვლევარია საერთაშორისო კვლევით კომპანიაში თNშ (MIჩ). მხოლოდ რამდენიმე წელია, მე და სალომე ცალკე გადავედით საცხოვრებლად, მაგრამ გლდანში ყოველდღიურად დიდ დროს ვატარებ. ძალიან კარგად მესმის და ვიცი გლდანში არსებული, ძირითადად, სოციალური პრობლემები. პირველ რიგში, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება უმუშევრობასთან აქტიური ბრძოლა.
– უმუშევრობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი როგორ უნდა შეებრძოლოთ?
– გამოვიყენებ ყველა არსებულ რესურსს, რათა ხელი შევუწყო ადგილობრივების დასაქმებას. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, თითოეული მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობები შევქმნათ. ამის შემდეგ უკვე მოდის საკითხები, რომლებიც ჩვენს საერთო გარემოს, უბნის, ქუჩების ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდება. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენი გუნდი შეძლებს, ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.
კრიტიკულად მწვავე პრობლემაა გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება, რასაც თავადაც ვგრძნობთ. ქალაქში ძალიან ბევრი რეკრეაციული ზონაა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მათი დროულად მოწესრიგება, რათა ადამიანებს შეეძლოთ, ოჯახთან ერთად გასვლა და თავისუფალი დროის სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო გარემოში გატარება. გარდა ამისა, ვფიქრობ, სასწრაფოდ შემოსაღებია ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის სტანდარტები და გადასაჭრელია პარკირების პრობლემა. რაც შეეხება გლდანს, ბოლო წლების განმავლობაში, ეს უბანი არსებითად განვითარდა და, ვფიქრობ, ეკონომიკური აღმავლობის უფრო დიდი პოტენციალი აქვს.
– აქვს თუ არა გლდანს სპორტული მიმართულებით განვითარების პოტენციალი და ამ მხრივ რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ?
– ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევ და განსაკუთრებით მიზიდავს ველოსიპედი. ვფიქრობ, გლდანის ადგილმდებარეობა და განლაგება, ველობილიკების მოსაწყობად იდეალურია. ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, შეიქმნას ველობილიკები, სადაც ველოსიპედისტები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. ამასთანავე, აუცილებელია ველოსიპედის პოპულარიზაცია და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. გლდანში ძალიან ბევრი საფეხბურთო მოედანი ხშირად ცარიელია. მინდა, პროპაგანდა გავუწიოთ სპორტს და თავადაც ჩავერთო სპორტულ აქტივობებში. ასევე მსურს, ბავშვებისთვის შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ადრეულ ჩართვას სპორტში, ასევე მნიშვნელოვანია, განვითარდეს წყლის სპორტი. გლდანში არის აუზი და ვიმუშავებ, რომ ის ადგილობრივებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს.
– მზად ხართ, ამ ყველაფრისთვის იბრძოლოთ?
– რა თქმა უნდა... როცა ახალ პროექტს იწყებ, მით უმეტეს პოლიტიკაში, მრავალი ფაქტორი შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამას, პოლიტიკაში შემოსული ახალი სახეების ენთუზიაზმიც ემატება. მაქვს რწმენა, რომ ამ გუნდთან ერთად, თბილისის განვითარების პროექტს ბოლომდე მივიყვან და დავანახებთ ხალხს, როგორ მუშაობენ პოლიტიკოსები ხალხისთვის და არა პირიქით.

back to top