ევროპარლამენტმა ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 531-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 7 დეპუტატი.

ევროპარლამენტის დეპუტატების წინადადებით, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ კი იმ პასპორტების სია, რომლებიც არ იქნება აღიარებული.

რელიზში ამავე დროს ნათქვამია, რომ ისინი, ვინც უკრაინაში ომს გაურბიან, ჰუმანიტარული მოტივით ევროკავშირში შესვლას მაინც შეძლებენ.

“ევროპარლამენტი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულისთვის”, – თქვა ევროპარლამენტარმა ფერნანდო ლოპეზ აგილარმა კენჭისყრის შემდეგ.აფხაზეთში მაცხოვრებლებმა რუსული პასპორტის აღება 2000-2008 წლებში დაიწყეს, როცა აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებული პროცედურებით გახდა შესაძლებელი. რუსული პასპორტი (აფხაზურთან ერთად) აფხაზეთში მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტს აქვს.

დანარჩენ 40 პროცენტს აქვს მხოლოდ აფხაზური პასპორტი, რომელიც არ არის საერთაშორისოდ აღიარებული და ამ პასპორტით რუსეთის ფედერაციის გარდა არსად სხვაგან გადაადგილება არ შეიძლება.

ევროპარლამენტარების აღნიშნული ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ აფხაზეთში მაცხოვრებლები, შესაძლოა, უკვე ვერც აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემული რუსული პასპორტებით მოახერხებენ საზღვარგარეთ გასვლას.

აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტები “რეალური” რუსული პასპორტებისგან განსხვავდება სერიის ორი ნომრით. შესაბამისად, ასეთ პასპორტზე შენგენის ვიზის აღება შეუძლებელი გახდება.

წყარო: jam news