Menu
RSS

რას ჰყვებოდა ფრიდონ თოდუა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე

ეს ადამიანი მხოლოდ ქალაქს კი არა, მთელ საქართველოს დააკლდა. არადა, ყველა, ვინც იცნობდა, ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ ფრიდონ თოდუა არასოდეს მოკვდებოდა! ისე, როცა ბატონ ფრიდონზე ვსაუბრობთ, სიტყვა ,,სიკვდილი'' უადგილოა, რადგან აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა! დიახ, ამიერიდან, სიცოცხლეს მარადიულში გააგრძელებს! გაზეთი ,,ვერსია'' თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ფრიდონის ოჯახს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს და გთავაზობთ არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს, რომელიც ბატონ ფრიდონთან ერთი წლის წინ, 2016 წლის მაისში ჩავწერეთ.
მახსოვს, ბატონი ფრიდონი ინტერვიუზე უყოყმაონდ დამთანხმდა. ცხადია, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა... დღევანდელი გადასახედიდან, წინამდებარე ინტერვიუ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთგვარი შეფასებაა. ეს ის შემთხვევაა, როცა დიდი ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან!
 
– ბატონო ფრიდონ, წლებია, არ მინახიხართ, მაგრამ ისევ ისეთი ხართ – არ შეცვლილხართ. თქვენი, როგორც იტყვიან, ახალგაზრდობის საიდუმლო რა არის?
– წლები მხოლოდ მე კი არა, თქვენც გემატებათ... ერთმანეთს, მართლაც, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, მაგრამ იმ წლების გახსენება არ მინდა...
– რატომ არ გინდათ? არ გახსოვთ, როგორ ავანტიურაზე წავედით? – ზუგდიდის მაჟორიტარად კენჭს რომ იყრიდით, საარჩევნო გაზეთში პარტიის სლოგანიც კი შევცვალეთ...
– (იღიმება) ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ ეს გუშინდელი ამბავია. მე კი, ყოველთვის ხვალინდელი დღით ვცხოვრობ – იმას, რაც იყო, აღარ უნდა დაუბრუნდე... თუმცა, ვფიქრობ, ცხოვრებაში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც უნდა მეთაკილებოდეს, ყველგან და ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი საქმე მეკეთებინა, ჩემი საკუთარი სინდისისა და იმ ხალხის წინაშე, ვინც მენდობოდა, მართალი ვყოფილიყავი.
– შრომა ადამიანს აკეთილშობილებს, მაგრამ მაინც, საინტერესოა, ზუგდიდელმა ბიჭმა როგორ მოახერხეთ, რომ მხოლოდ მაშინდელ საბჭოთა კავშირში კი არა, მთელ მსოფლიოში ცნობილი გამხდარიყავით? ისე, როგორც ვიცი, იური გაგარინსა და სხვა ცნობილ ადამიანებთან მეგობრობდით და მეგობრობთ...
– დიახ... იცით, გაგარინი როგორ გავიცანი?
– როგორ?
– გაგარინსა და სხვა კოსმონავტებს, ვიდრე კოსმოსში გაფრინდებოდნენ და უკან დაბრუნების მერეც, ქირურგიის ინსტიტუტში გამოკვლევები უტარდებოდათ. ჩვენი ინსტიტუტის დირექტორი გენერალ-პოლკოვნიკი ვიშნევსკი თავდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგიც იყო და, გარდა ამისა, რაც კი მაშინ ჩინი არსებობდა, ყველაფერი ჰქონდა მიღებული... მერე, დედაჩემი და გაგარინის დედა ერთ პალატაში იწვნენ...
სხვათა შორის, ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ვიშნევსკის ინსტიტუტში მემუშავა. ჰოდა, მეექვსე კურსზე რომ გადავედი, მოსკოვში წავედი, ვიშნევსკის მისაღებში დავჯექი და ლოდინი დავუწყე. უცებ, კაბინეტიდან გამოვიდა და მკითხა, ვის ელოდებიო. მივუგე, თქვენ-მეთქი. გაუკვირდა, მაგრამ კაბინეტში შემიყვანა... პირდაპირ ვუთხარი, თქვენთან მუშაობა მინდა-მეთქი. მახსოვს, სათვალე მოიხსნა და ისე გამომხედა. რაღაცები გამომკითხა, მერე მითხრა, ბებიაჩემი რაჭველი იყო, ჩოხაძის ქალიო. მოკლედ, ვთხოვე, უფლება მოეცა, როცა საშუალება მექნებოდა, ქირურგიის ინსტიტუტში პრაქტიკაზე მევლო. დამთანხმდა და... ასე ნელ-ნელა დავიწყე... ჯერ სანიტარი ვიყავი: ხან ავადმყოფები დამყავდა, ხან საოპერაციოში ვეხმარებოდი. ეტყობა, მაკვირდებოდა და, ერთხელაც, ვიშნევსკიმ მკითხა, არ გინდა, საერთოდ მოსკოვში გადმოხვიდე და ჩემთან იმუშაოო? როგორ არ მინდა-მეთქი და... მოსკოვში გადავედი. ჯერ საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი, მერე – სადოქტორო. პროფესორიც გავხდი, სახელმწიფო და კომკავშირის პრემიების ლაურეატიც, რომელიც მაშინ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად ითვლებოდა.
– ბატონო ფრიდონ, კომპარტიის გჯეროდათ?
– იცით, რა არის? – პატარა ბიჭი ვიყავი და იმაზე, კომპარტიის შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდი, მაგრამ ქვეყნის სიძლიერეს ვხედავდი – მაგალითად, კოსმოსში ადამიანი პირველად საბჭოთა კავშირიდან გაფრინდა, ჯარიც ძლიერი იყო და ვეებერთელა პატრიოტიზმიც არსებობდა, ანუ ქვეყანა გვიყვარდა.
– მაშინ სამშობლოდ ზოგი საბჭოთა კავშირს თვლიდა. თქვენ?
– ჩემი სამშობლო მაშინაც და ახლაც საქართველოა! ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე, უმაღლესი განათლება თბილისში მივიღე. მოსკოვში კი იმიტომ წავედი, რომ მეტი მესწავლა და ეს ცოდნა ისევ ჩემი სამშობლოსთვის მომეხმარებინა!
არ ვმალავ: კომპარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ პარტიაში რომ არ შევსულიყავი, საბჭოთა კავშირში კომპიუტერული ტომოგრაფიის პირველ აპარატს ქართველ კაცს არ ჩამაბარებდნენ და მივლინებით არც საზღვარგარეთ გამიშვებდნენ.
– სტალინზე რა აზრის ხართ, ფრიდონ ბატონო?
– სტალინი დიდი ქართველი იყო.
– დიდი, გენიოსი და ბოროტი ქართველი იყო, არ მეთანხმებით?
– ამას ისტორია შეაფასებს. ერთი ამას ამბობს, მეორე – იმას... გავა დრო და უფრო დეტალურად ითქმევა, სტალინი ვინ და როგორი იყო. ისე, ბერიაზე თავის დროზე ათას რამეს წერდნენ, ახლა კი, ამბობენ, გენია იყოო... მოდით, ყველაფერი ეს ისტორიკოსებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ... საერთოდ, არ მომწონს, როცა ახალი მთავრობა ძველის გინებას იწყებს. ბევრ რამეში, ალბათ, იმიტომ გამიმართლა, რომ ცუდი არასოდეს არავისზე მითქვამს! ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვცდილობ, დასახულ მიზანს მივაღწიო!
– სტალინზე სიტყვა იმიტომ ჩამოვაგდე, რომ მაგიდაზე თვალი წიგნს მოვკარი, რომლის ყდასაც სტალინის სურათია „ამშვენებს“...
– ვანო, მხოლოდ სტალინის პიროვნება კი არა, ისიც მაინტერესებს, თუნდაც როგორ მკურნალობდნენ. საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. მეოთხე სამმართველო არსებობდა, სადაც ძალიან ბევრი უმაღლესი პარტიული მუშაკი მინახავს...
ისე, მითხრეს, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ექიმიც იყავით..
– არა, არა... ბატონი ბიძინა ჯანმრთელია და მე, რადიოლოგი რაში დავჭირდებოდი? ისე, ამ კაბინეტში ქვეყნის ოთხივე პრეზიდენტია ნამყოფი – ასეთ კაბინეტს სხვაგან სად ნახავთ?!
– ვაიმე, ჩვენს ყველა პრეზიდენტს ონკოლოგიური პრობლემა ჰქონდა?
– (იცინის) არა. უბრალოდ, მოდიოდნენ და ვსაუბრობდით...
ბატონო ფრიდონ, დღევანდელი გადასახედიდან, შეცდომად ხომ არ თვლით, რომ 2008 წელს, ზუგდიდის მაჟორიტარად კენჭი ნაცმოძრაობის მხარდაჭერით იყარეთ? პირფერობად არ ჩამითვალოთ და, მაშინდელი უმრავლესობის, მგონი, ერთადერთი წარმომადგენელი ხართ, რომელსაც ხალხის რისხვა არ დასტყდომია...
– პოლიტიკოსებთან ახლოს ვარ, მაგრამ რეალურად პოლიტიკაში არასოდეს ვყოფილვარ! რა, გგონიათ, რახან პოლიტიკოსი ან დიდი თანამდებობის პირია, არაფერი აწუხებს? ზოგი დღეს ერთ პარტიაშია, ხვალ – მეორეში. კი ბატონო, კომპარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ ის წყობა დაიშალა და არც ერთ პარტიაში შესვლაზე არც მიფიქრია. მაშინაც, როგორც გითხარით, კომპარტიის წევრი იმიტომ გავხდი, რომ სხვა მენტალიტეტი არსებობდა და სხვანაირად საზღვარგარეთ სასწავლებლად ვერ წავიდოდი...
– ესე იგი, ნაცმოძრაობის წევრი არ ყოფილხართ?
– არა... მაშინდელმა პრეზიდენტმა მთხოვა, რომ ზუგდიდში კენჭი მაჟორიტარად მეყარა, თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი წავედი, რადგან არც ვიცოდი, მაჟორიტარი დეპუტატი რას ნიშნავდა. პრეზიდენტმა მეორედაც მთხოვა, თან ამიხსნა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა... ისტორია იტყვის, ნაცმოძრაობა როგორი პარტია იყო და თუ ვინმე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, თორემ ჩემს რაიონში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე...
– ზუგდიდი ახალაიების ბასტიონად ითვლებოდა და მათზე ათას სისხლიან ლეგენდას ყვებოდნენ...
– ვანო, იცით, საქმე რაშია? – ლეგენდებისა არაფერი ვიცი... მე მხარს ხალხი მიჭერდა და, თუ სხვანაირად არ გამიგებთ, იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი და არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მივიღე.
– ეს ვიცი, მაგრამ დავიჯერო, ყურმოკვრითაც არ იცოდით, რომ იგივე სამეგრელოში „საწამებელი ოთახები“ არსებობდა?
– სამეგრელოში ვიყავი, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და თან ასეთ რაღაცებზე ჩემთან არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ როცა რამე სათქმელი მქონდა, ვამბობდი და, როგორც წესი, მისმენდნენ. მქონდა საუბრები პრეზიდენტთანაც, გვიკამათია, გვიმსჯელია... ბევრ რამეში დამთანხმებია, ბევრი რამ გაკეთებულა კიდეც.
– ესე იგი, სხვა დეპუტატების მსგავსად, „ზევიდან“ დირექტივებს არ გაძლევდნენ?
– ვერც გამიბედავდნენ, ეთქვათ, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა! სხვათა შორის, ბევრი ინიციატივისთვის მხარი არ დამიჭერია!
– წეღან გკითხეთ და არ მიპასუხეთ, ამიტომ ისევ უნდა გკითხოთ, ბატონო ფრიდონ: ხომ არ ნანობთ, პოლიტიკაში რომ ჩაერთეთ?
– არ ვნანობ, რადგან ზუგდიდში ბევრი რამ გავაკეთე! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხს 2 მილიონამდე ლარის სხვადასხვა სამკურნალო ღონისძიება უფასოდ ჩავუტარეთ.
– თქვენს კლინიკაში?
– ჩემს კლინიკაშიც და სხვაგანაც. მეტსაც გეტყვით – რაც დეპუტატობის ფარგლებში გავაკეთე, ერთი იმდენი ქველმოქმედების სახით ჩატარდა კონკრეტულად ჩვენი კლინიკის მიერ.
ისიც საინტერესოა, ანაკლიის პორტის იდეა როგორ გაჩნდა...
– ანაკლიის პორტის იდეის ავტორი ხართ?
– ერთ-ერთი ავტორი ვარ – ეს პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა.
– „ოცნებამ“ ზუგდიდის მაჟორიტარობა რომ შემოგთავაზოთ, დასთანხმდებით?
– (იღიმება) რაღა დროს ჩემი დეპუტატობაა?!
– ამას რატომ ამბობთ, ბატონო ფრიდონ, ლამის ჩემზე ჯანმრთელი ხართ!
– არაფერი მაწუხებს, მაგრამ ვანო, მას შემდეგ, რაც ჩემთან იყავით, კლინიკის ოთხი კორპუსი ავაშენე... ამხელა ენერგია დავხარჯე.
– შევამჩნიე: აქაურობა ისეთი შეცვლილია, ძლივს მოგაგენით!
– ხომ გახსოვთ, მაშინ რა პატარა იყო და დღეს რამხელაა – შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ინსტიტუტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა!
– კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ანუ, როგორც ადრე ერქვა, რადიოლოგიის ინსტიტუტი 25 წლისაა, თუმცა ამ დაწესებულებას ხალხი „თოდუას კლინიკას“ ეძახის...
– ისე, დღემდე არასოდეს მითქვამს და ახლა პირველად ვამბობ: ჩემი წვლილიცაა, მეცნიერებათა აკადემიამ დღევანდლამდე ახლანდელი სახით რომ მოაღწია – ამაში, ბატონ თამაზ გამყრელიძესთან ერთად, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ.
– რას გულისხმობთ?
– ზოგს პრივატიზება უნდოდა, ზოგს რა და ზოგსაც რა... ხელფასი აკადემიკოსებს, უდიდესი დამსახურების მქონე ადამიანებს 120 ლარი ჰქონდათ, დღეს კი სხვა სიტუაციაა... დიდია ბატონი ბიძინას როლი აკადემიის გადარჩენაში. 9 წელი, მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, რაც ჩემთვის ყველაზე საამაყოა. აკადემიის პრეზიდენტ თამაზ გამყრელიძესთან ერთად, შევძელით, გაგვეზარდა ბიუჯეტი, იმ გაჭირვებიდან გამოვსულიყავით და მეცნიერებათა აკადემია შეგვენარჩუნებინა!
– მოკლედ, რადიოლოგიის ინსტიტუტის 25-წლიანი ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ საქართველოში მაშინ დაბრუნდით, როცა ქვეყანა, პრაქტიკულად, გაპარტახებული იყო. მოსკოვში წარმატებული კარიერა რატომ დათმეთ, რა გარანტია გქონდათ, რომ წარმატებას სამშობლოშიც მიაღწევდით, სადაც ყველაფერი ნულიდან უნდა დაგეწყოთ? არ გერჩიათ, დასავლეთში წასულიყავით თუ თქვენც გგონიათ, ბატონო ფრიდონ, რომ ევროპა გვრყვნის?
– მოსკოვში ძალიან პოპულარული ვიყავი: წარმოიდგინეთ, ქართველი და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ჩვეულებრივი ამბავი დღესაა. მაშინ კი სიახლე იყო და ჩემთან ვინ აღარაა ნამყოფი.
– მაგალითად, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გორბაჩოვი ნამყოფია?
– გორბაჩოვიც „მეოთხე სამმართველოში“ დადიოდა, შევარდნაძეც, ბრეჟნევიც და სხვებიც, სადაც კონსულტანტი ვიყავი.
– ვიცი, რომ ექიმმა ავადმყოფის ისტორია არ უნდა გათქვას, მაგრამ ის ეპოქა ხომ უკვე ისტორიის კუთვნილებაა და მითხარით, პოლიტბიუროს წევრებიდან ყველაზე დაავადებული ვინ იყო?
– (იღიმება) პოლიტბიუროს ყველა წევრი ჯანმრთელი იყო!
– კარგი რა, ბატონო ფრიდონ, ერთი ჩერნენკო იყო ჯანმრთელი და მეორე ბრეჟნევი... ხელწერილი გქონდათ დადებული, რომ ელიტის ჯანმრთელობაზე შინაც არაფერი უნდა გეთქვათ?
– საერთოდ, ლაპარაკი არ მიყვარს და ამდენიც არასოდეს მილაპარაკია, მაგრამ ვანო, თქვენთან რატომღაც ვლაპარაკობ!
– მადლობა!
– კონსულტაციას რომელიმე დიდი თანამდებობის პიროვნებას რომ გავუწევდი, ამის შესახებ მეუღლესაც არ ვეუბნებოდი. ეს კი არადა, ვცდილობდი, ის, რაც იმ დღეს ვნახე, მეც დამევიწყებინა. სამედიცინო საიდუმლო აღსარების საიდუმლოს ტოლფასია.
– ესე იგი, „კაგებე“ გაკონტროლებდათ.?
– არა, „კაგებე“ ამაში არ ერეოდა. „მეოთხე სამმართველოს“ ასეთი პრინციპი ჰქონდა: „ბევრს ილაპარაკებ, ცოტას იცხოვრებ!“ ერთ ზედმეტ სიტყვას იტყოდი და მეორედ არ დაგიძახებდნენ. ახლაც ასეა – პაციენტი რომ მოდის, ამის შესახებ არავისთან ვლაპარაკობ, თუმცა მოსკოვში ვინ აღარ მყავს ნანახი... რამდენიმე წლის წინ, თბილისში მაია პლისეცკაია ჩამოვიდა, თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონ მიცნო. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა.
– მოკლედ, საქართველოში რატომ დაბრუნდით?
– გინდათ, გითხრათ, ეს როგორ მოხდა?
– რა თქმა უნდა, მინდა და გულისყურით გისმენთ!
– ამაზე არასოდეს მომიყოლია... 9 აპრილის შემდეგ, ბატონი ედუარდის ერთ-ერთმა თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ შევარდნაძეს ჩემი ნახვა უნდოდა. მაშინ ბატონი ედუარდი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტბიუროს წევრი იყო. ვიფიქრე, ალბათ, რამე აწუხებს-მეთქი და საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი. ბატონი ედუარდი ე.წ. მოსასვენებელ ოთახში შემხვდა, თქვენზე ყველაფერი ვიციო და უცებ მკითხა, საქართველოში წასვლას ხომ არ აპირებთო. მივუგე, ზუგდიდში ახლახან ვიყავი, მშობლები ვნახე-მეთქი. არა, მაგას არ გეკითხებით, წასვლას საერთოდ ხომ არ აპირებთო. ვიუარე, მოსკოვში ბინა მაქვს, მეუღლე მუშაობს და ქალიშვილიც აქ სწავლობს-მეთქი. მართალია, სიტუაცია არეული იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა. ბატონმა ედუარდმა საუბარი გამიბა, მუდამ მინისტრი არ ვიქნები და საქართველოში, ალბათ, მეც დავბრუნდებიო. ისე დავშორდით, ვერ მივხვდი, რატომ დამიძახა და საქართველოში წამოსვლა რატომ შემომთავაზა, თან მაშინ აქ კომპიუტერული ტომოგრაფია არ არსებობდა... ამის მერე კიდევ დამიძახა, მაგრამ ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადამდგარი იყო და მითხრა, ახალი საქართველო და სხვანაირი ცხოვრება იქნებაო, თან შემომთავაზა, ამას და ამას დაელაპარაკეო. მოკლედ, თბილისში მთავრობის დადგენილებით გადმომიყვანეს და მითხრეს, ასე და ისე იქნებაო, მაგრამ ჩამოვედი და არაფერი დამხვდა.
– ანუ, მოგატყუეს?
– არა.
– აბა?
– საბჭოთა კავშირი დაიშალა, გამსახურდია მოვიდა და... ნელ-ნელა დავიწყე.
– გამსახურდიასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– კარგი...
– საქართველოში, როგორც იტყვიან, დაფუძნება არ გაგიჭირდათ, ფრიდონ ბატონო?
– იცით, რა მომენტი მქონდა? – ვფიქრობდი, უკან რომ დავბრუნდე, რუსები რას იტყვიან, თავისიანებმა არ მიიღეს და გამოაგდესო. ჰოდა, 21 ადამიანი ჩამოვედით, მაგრამ არეულობა რომ დაიწყო, თითქმის ყველა წავიდა და ორნიღა დავრჩით _მე და აკაკი ნადარეიშვილი, რომელიც დღესაც ჩემთან მუშაობს.
– 21-ვე ქართველი იყავით?
– დიახ... სხვათა შორის, ისინი, ვერც რუსეთში დაბრუნდნენ, დღეს ნანობენ, რატომ წავედითო... მოკლედ, ასე დავიწყე ახალი ცხოვრება. ჯერ 200 კვადრატული მეტრი მქონდა, ნელ-ნელა, ნელ-ნელა და... ხედავთ, დღეს როგორი ინსტიტუტია. საერთოდ, მიზანს ყოველთვის ვაღწევ...
– საქართველოს საზოგადოებამ როგორ მიგიღოთ?
– კარგად და მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა! მართალია, ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ რუსული ბაღი და სკოლა დავამთავრე – ხომ იცით, მაშინ როგორ იყო: ინგლისური იმპერიალისტების ენად ითვლებოდა...
– ინგლისური საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე ხომ არ ისწავლეთ?
– დიახ, ვისწავლე. ისე, ფინანსებშიც ვერ ვერკვეოდი, მაგრამ გერმანიაში რომ წავედი, ბევრი რამ ვისწავლე, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენთან ამერიკელები რომ მოდიან, ვეკითხები ხოლმე, აშშ-ში თუ არის ინსტიტუტი, სადაც 5 მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. ჩვენს კლინიკაში კი არის-მეთქი. ეს დიდი გზაა. ჩემი გაზრდილი კადრები მეამაყება... ბევრი ოპერაცია კეთდება, სხივური თერაპიაც დაინერგა – ორი აპარატი გვაქვს და ეს 10-მილიონიანი ინვესტიციაა, მალე მესამეს ვიყიდით. საქართველოში ე.წ. პეტი ერთია, რის გამოც საზღვარგარეთ ბევრი გადის და მალე ესეც გვექნება.
– ბატონო ფრიდონ, ამბობენ, რომ ბოლო დროს ონკოლოგიური დაავადებები გახშირდა. როგორც პროფესიონალი, ამას რით ხსნით?
– ეკოლოგიაც შეიცვალა და პროდუქტიც – წინათ ყველაფერი შედარებით ხარისხიანი იყო, ახლა კი ვერ გაიგებ, ვინ რით ამზადებს... ბოლო დროს მთელ მსოფლიოსა და, საქართველოშიც სარძევე ჯირკვლისა და კანის კიბოს შემთხვევები ძალიან გაიზარდა...
– ინტერნეტში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, სიმსივნე ჩვეულებრივი საჭმელი სოდით იკურნება, მაგრამ ვინაიდან ე.წ. კიბოს მკურნალობა ინდუსტრიაა, ამიტომ სიმსივნის წამალი გასაიდუმლოებულიაო...
– მე ტრადიციული მედიცინა ანუ ის ვიცი, დიაგნოზი რომ დადგინდება, ავადმყოფს სხივური, ქიმიოთერაპია, ქირურგიული თუ კომბინირებული მკურნალობა როგორ უნდა ჩაუტარდეს. ეუბნებიან, აი, ეს და ეს კურნავსო, მაგრამ ეს ადამიანები როცა ჩვენთან მოდიან, სიმსივნის უკვე მეოთხე სტადია აქვთ და ვეღარაფერს ვშველით.
– კიბო განაჩენია?
– თუ მკურნალობა დროულია, განაჩენი, რა თქმა უნდა, არაა!
– სიმსივნის სიმპტომები რა არის, რომ ადამიანმა დროზე მოგმართოთ?
– მაგალითად, ავიღოთ სარძევე ჯირკვლის სკრინინგი. საერთოდ, სარძევე ჯირკვლის კიბო პირველ ადგილზეა, მაგრამ ქალბატონები თავის დროზე ანუ როგორც პატარა კვანძი გაჩნდება, ექიმთან არ მიდიან. არადა, პროფილაქტიკური გამოკვლევა უფასოა.
– გამოკვლევა თქვენს კლინიკაშიც უფასოა?
– დიახ, მთავარია, მოვიდნენ.
– თუკი გამოკვლევა უფასოა, აბა, რატომ არ მოდიან?
– ხალხი უნდა მივაჩვიოთ, რომ ექიმთან მაშინ კი არ მივიდეს, როცა უკვე ვერაფერი გაკეთდება, არამედ, მაშინ, როცა მკურნალობას აზრი აქვს. მაგალითად, საქართველოში ფილტვის პირველი და მეორე სტადიის კიბოს იშვიათად ნახავთ – ძირითადად, მესამე და მეოთხე სტადიაა გავრცელებული. ამ დროს შველა, პრაქტიკულად, აღარ შეიძლება.
– ბატონო ფრიდონ, თქვენს კლინიკაში ყველა სახის კიბოს გამოკვლევა უფასოა?
– არა, მხოლოდ სკრინინგი, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავთვისებიანი პათოლოგიები მოსახლეობის იმ კატეგორიაშიც გამოვავლინოთ, რომელზეც სახელმწიფო პროგრამა არ ვრცელდება.
– ერთი სიტყვით, კიბო განკურნებადია?
– წლებია, ვამბობ: კიბო განკურნებადია, თუკი დაავადება დროულად იქნება გამოვლენილი.
– ...ფრიდონ ბატონო, ხელისუფლებების შეცვლისას ანუ გარდამავალ პერიოდში პრობლემები ხომ არ გექმნებათ ხოლმე?
– არა, პრობლემა რატომ უნდა შემექნას?
– „ოცნებამ“ ყურება ალმაცერად ხომ არ დაგიწყოთ?
– არა, პირიქით, ყველასთან ძალიან ახლოს ვარ.
– ბიძინა ივანიშვილთანაც?
– დიახ.
– „შუშის სასახლეში“ დადიხართ ხოლმე?
– არა.
– აბა, ახლოს როგორღა ხართ?
– ერთმანეთს სხვადასხვა მიღებასა და ღონისძიებაზე ვხვდებით. ჩემს მიმართ დადებითადაა განწყობილი. მერე რა, რომ პარლამენტში ვიყავი? პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ჩემს მოვალეობას ვასრულებდი – ზუგდიდში თვეში სამ-ოთხჯერ ჩავდიოდი და მოსახლეობას ვხვდებოდი, თითო ჩასვლაზე 50 ადამიანს მაინც ვიღებდი. საერთოდ, ვთვლი, რომ მაჟორიტარს რაიონთან მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს. ხალხს მხოლოდ სამედიცინო კუთხით არ ვეხმარებოდი, მაგალითად, შუამდგომლობებს ვუწერდი, ლტოლვილებს ვხვდებოდი, ბევრს ბინის საკითხი გადავუწყვიტე – ვიცე-სპიკერობა დიდი თანამდებობაა და შემეძლო, სადაც საჭირო იყო, იქ დამერეკა. სხვათა შორის, ერთი ეკლესიაც გადავარჩინეთ – ზვავის გამო კედელი ინგრეოდა და აღვადგინეთ, გზა და რამდენიმე ხიდი გავაკეთეთ. ზუგდიდი ჩემი ქალაქია და მიყვარს! ზუგდიდში ახლაც ხშირად ჩავდივარ, ქუჩაში, ბიჭებთან ვდგები და ვლაპარაკობ...
– ...დღეს ბიზნესი თავისუფალია?
– კი, თავისუფალია. საერთოდ, ასეთი პრობლემები არასოდეს მქონია.
– არც „მხედრიონი“ „გარეკეტებდათ“?
– არა – ალბათ, პატივს მცემდნენ და ვერ მიბედავდნენ. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს და ამით ვამაყობ!
– ბატონო ფრიდონ, სიტყვა ბანზე აღარ ამიგდოთ და პირდაპირ მითხარით: დასავლეთი გრყვნის?
– არა, რატომ?.. ჩემს შვილიშვილებს ვეუბნები ხოლმე, თუ ჩვენს ისტორიას დავივიწყებთ, მომავალი არ გვექნება-მეთქი. ცუდი ყველგანაა და დასავლეთიდან მაინცდამაინც ცუდი რატომ უნდა გადმოვიღოთ? ისე, გული მწყდება, რომ საქართველოდან ბევრი ახალგაზრდა მიდის.
– გულდასაწყვეტი რა არის? – მიდიან, ევროპულ განათლებას მიიღებენ და დაბრუნდებიან!
– დიახ, უნდა დაბრუნდნენ...
– რუსეთი ოკუპანტია?
– საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები არის...
– კიდევ ერთი ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ: ნატო თუ რუსეთი?
– ამის თქმის არ მეშინია: ევროინტეგრაცია აუცილებელია, მაგრამ როცა ამხელა მეზობელი გვყავს, ეკონომიკასა თუ მეცნიერებაში ურთიერთობა მასთანაც უნდა გვქონდეს. მართალია, რუსეთში 25 წელი ვიცხოვრე და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა!
– ისე, ბატონო ფრიდონ, დიდი კონტრასტი შევამჩნიე: კაბინეტში ე.წ. დისკიანი ტელეფონი გიდგათ და „სმარტფონიც“ გაქვთ...
– ეს 1932 წელს გამოშვებული „სიმენსის“ აპარატია და მიყვარს...
– როგორც ვიცი, ცხენებიც გიყვართ...
– დიახ, მიყვარს და ნაპოლეონის ბიუსტების კოლექციაც მაქვს...
– რა ამის პასუხია და, გინება იცით?
– (იცინის) ხომ გითხარით, რუსეთში 25 წელი ვცხოვრობდი-მეთქი...
– მაშინ იგინებით, როცა ბრაზდებით?
– ძალიან მომთხოვნი ვარ – თანამშრომელმა ის უნდა გააკეთოს, რაც ევალება.
– საკუთარ თავსაც ასე მკაცრად სთხოვთ?
– დიახ... საერთოდ, ექიმი გაპარსული და დავარცხნილი უნდა იყოს...
– ანუ, თქვენთან ლამბერსექსუალი ვერ იმუშავებს?
– თუ წვერს ატარებს, კი ბატონო, მაგრამ მოუწესრიგებელ ექიმთან მისვლა არავის უხარია!
...მჯერა, რომ საქართველო ბედნიერი ქვეყანა იქნება, მაგრამ საამისოდ დიდი შრომაა საჭირო!
– ბედნიერ საქართველოს მოვესწრებით?
– ვანო, ახალგაზრდა ხართ და თქვენ მოესწრებით! ჩემი შვილიშვილებიც ახალ, დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოში იცხოვრებენ!
– კარადაში თვალი ორდენებს მოვკარი...
– ბევრი ორდენი მაქვს მიღებული, მათ შორს, – ორი ღირსების, გორგასლის, პრეზიდენტის ბრწყინვალების, შვეიცერისა და ანდრია პირველწოდებულის ორდენები, საფრანგეთის სახელმწიფოს მადლიერების ორდენი, ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება. ბრიუსელის ბურგომისტრის უმაღლესი ჯილდო, საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო პრემიების ლაურეატიც ვარ...
– კარადაში ჩოხაც გიკიდიათ. ჩოხოსანი ხართ?
– არა, ჩოხა მაჩუქეს... სხვათა შორის, ბრიუსელის საპატიო მოქალაქე ვარ – 1999 წელს, კისინჯერთან და მსოფლიოს სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად, ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური ორდენი გადმომცეს. მალტის ორდენის კავალერიც ვარ...
– ბედნიერი ხართ?
– დიახ – ერთი ქალიშვილი და ორი ბრწყინვალე შვილიშვილი მყავს...
– გული ხომ არ გწყდებათ, რომ ვაჟი არ გყავთ?
– გული მწყდება, რომ ერთი შვილი მყავს და ეს ჩემი უდიდესი შეცდომაა...
– ჩვენი დიალოგით კმაყოფილი ხართ?
– (იცინის) გააჩნია, როგორ დაწერთ...
– რა ვიცი, ადრე ჩემ ნაწერები მოგწონდათ...
– ახლაც მომწონს და აქ ამიტომ ხართ, თორემ ამდენი არავისთან არასოდეს მილაპარაკია!
– ტრადიციულად, ბოლო კითხვა თქვენ უნდა დამისვათ, ბატონო ფრიდონ!
– ყვითელი პრესა არ მიყვარს...
ვაიმე, ყვითელი ვარ?
– არა, თქვენზე არ ვამბობ. განვიცდი, ტელევიზორში ერთმანეთს რომ აგინებენ და მერე, ისევ ერთად არიან... საერთოდ, სტრესი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ონკოლოგიური დაავადებებს იწვევს. ჰოდა, ქართველებო, ერთმანეთს მოვეფეროთ და გავმრავლდეთ!
– როგორ უნდა გავმრავლდეთ, ბატონო ფრიდონ, ვერ ხედავთ, ამ ქვეყანაში სექსი როგორი სირცხვილია?
– (იღიმება) სირცხვილი რატომაა? სექსი სირცხვილი კომუნისტების დროს იყო... ცხოვრებაში, ცხადია, სიძნელეებიც მქონია, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ საქართველოში დავბრუნდი! მოსკოვში რომ დავრჩენილიყავი, შეიძლება, მეტი რეგალია მქონოდა, მაგრამ დღეს ჩემს ხალხთან ვარ!
– ოცნება გიყვართ?
– ოცნებით ვცხოვრობ...
– ღმერთმა ოცნება და იმედი არ მოგვიშალოს, ბატონო ფრიდონ!
ვანო პავლიაშვილი

back to top