სასტიკი შურისძიება - სტუდქალაქში სტუდენტები სასიკვდილოდ მოწამლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური 

ავტორი : ბათო ჯაფარიძე

 

დღეს, საქართველოში, ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ყველა ცდილობს, გრანტით თუ უგრანტოდ სასწავლებელში მოხვდეს, უმაღლესი დაამთავროს, დიპლომი ჰქონდეს და ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ იწყება - ძალიან ცოტა ნახულობს პროფესიის შესაბამის სამსახურს და სწორედ სასწავლებლების სიმრავლე გვგგონია იმის მიზეზი, რომ დიდი კომპანიები ქვედა რგოლებში თანამშრომლებს ვერ პოულობენ. არადა, იყო დრო, როცა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების ჩამოსათვლელად ხელის თითები საკმარისი იყო და დიპლომიც ბევრად დაფასებული. ცალკე თემა იყო, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი ანუ სტუდქალაქი, სადაც რაიონებიდან და საქართველოს სხვა დიდი ქალაქებიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლის პერიოდში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, ჭირ-ვარამს იზიარებდნენ. ყველამ იცოდა, სად იხარშებოდა ლობიო, სად ცხვებოდა მჭადი და საერთო სამზარეულოც მართლა საერთო იყო. ნახევრად მშიერი სტუდენტი იშვიათობა არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრს ენატრება ის დრო და მეტიც, ყველაზე ტკბილად აგონდება. სწორედ თბილისურ სტუდქალაქში მოხდა შემთხვევა, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ.

 

ერთ-ერთი გოგონა დაბადების დღეს იხდიდა და, რაღა თქმა უნდა, სუფრა არ იყო მეფური. მეტიც, საკმაოდ ღარიბ სუფრას სალათი „შუბა“ ამშვენებდა, რომელიც საგულდაგულოდ, მაცივარში ჰქონდათ გოგონებს შენახული და საზეიმოდ გამოიტანეს, დაინაწილეს და... რამდენიმე წუთში, გოგონების ოთახში შესულმა სტუდენტმა ყვირილი დაიწყო - ყველა იატაკზე ეგდო და ყველას ქაფი მოსდიოდა პირიდან. სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მალე მივიდა და გოგონებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის ნიშნები აშკარა იყო, რის გამოც ადგილზე, სამართალდამცავები მივიდნენ.

„საავადმყოფოს გამცდილმა მედპერსონალმა გზაში დაგვაწია, რომ უდიდესი ალბათობით, საწამლავად „მიშიაკი“ იყო გამოყენებული. ისიც კი ვიფიქრეთ, საერთო საცხოვრებელში ბევრი თაგვი და ვირთხაა, ეგებ, ვინმემ არასწორ ადგილზე დაყარა-თქო, მაგრამ სტუდქალაქში მისულებს ეჭვი მაშინვე გაგვიქარწყლდა. როგორც აღმოჩნდა, „მიშიაკს“ იქ არავინ იყენებდა და ზოგადად, თაგვები და ვირთხები სტუდქალაქის მაცხოვრებლებს არ აწუხებდათ. ვერც იმას ხვდებოდა ვერავინ, ვისთვის შეიძლებოდა გოგონებს ისე ეწყენინებინათ, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინა? ქვაბში საწამლავი შემთხვევით რომ არ მოხვდებოდა, ადვილი მისახვედრი იყო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებს სტუდენტები არცთუ დიდი ხალისით ესაუბრებოდნენ, მაგრამ ცხადი იყო, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ვის შეიძლებოდა მოეწამლა გოგონები. თანაც, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სტუდქალაქში ისედაც ცუდი ამბავი მოხდა, ერთ-ერთ სტუდენტ გოგონას ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე მოკლა. მისი სურათი შესასვლელში ისევ ეკიდა, ორმოცის შემდეგ ჩამოვხსნითო, უთხრეს ძალოვნებს. ახლა მთავარი იყო, ექიმებს ყველაფერი გაეკეთებინათ, სასწაული მოეხდინათ და გოგონები გადაერჩინათ. ექსპერტიზაზე წაღებული ქვაბი შიგთავსით დეტალურად შეამოწმეს. შხამის დოზა საკმარისი იყო იმისთვის, რომ გოგონები მოეკლა, მაგრამ შემთხვევით შესულმა სტუდენტმა დროზე მიუსწრო და ახლა ყველაფერს წამები წყვეტდა.

„ერთ-ერთმა ოპერმა მთხოვა, სტუდქალაქში დავბრუნდები, რაღაც დამრჩაო და, რა თქმა უნდა, გავუშვი. ისიც მთხოვა, სამსახურეობრივი მანქანა გამაყოლე, რაც უნდა წამოვიღო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ ავიტანო. მივხვდი, რაღაც ისეთი ნახა, რასაც, თუნდაც მე, ყურადღება არ მივაქციე. ინტერესით ველოდი მის დაბრუნებას, გამყოფილებაში მოსვლისთანავე, მაგიდაზე 10 ქვაბი დამიდო და იქვე დააყოლა, ერთი ამდენი კიდევ იქ დავტოვეო. ქვაბებს დავხედე და ზუსტად ისეთი იყო, როგორშიც მოწამლული სალათი იყო მოთავსებული. გამიკვირდა, ამდენი ერთნაირი ქვაბი საიდან მოხვდა სტუდქალაქში-მეთქი და ოპერმა ამიხსნა - იქვე არის მაღაზია, სადაც ყველაზე იაფად, სწორედ ეს ქვაბები იყიდება და ყველა სტუდენტი მათ ყიდულობსო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

შესაბამისად, ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ვიღაცას ქვაბი შეეშალა და არა გოგონების, არამედ, სხვისი მოწამვლა სურდა. გამოდიოდა, რომ ძიებას ყველა სტუდენტი უნდა შეემოწმებინა, ყველას პირადი საქმე, კონფლიქტი ხომ არ ჰქონდა ვინმეს, სტუდქალაქში არცთუ იშვიათი იყო ბანქოს თამაშის შემთხვევები ფულზე, ხანდახან, დიდ ფულზეც კი. ყველაფერი ეს წარმოუდგენლად რთული, განუხორციელებელიც კი ჩანდა. ძალოვნებს ყველა საქმე უნდა გადაედოთ და მხოლოდ ამით უნდა დაკავებულიყვნენ. თანაც, ყველაფერი ეს, რამდენიმე წელიწადს გაგრძელდებოდა. საუბედუროდ, ამის გაკეთება საჭირო არ გახდა. ჰო, საუბედუროდ, რადგან მომხდარიდან მესამე დღეს, სტუდქალაქიდან ისევ დარეკეს, ამჯერად, ორი ბიჭი იყო მოწამლული და იმაზე მძიმედ, ვიდრე გოგონები. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას ერთი გარდაცვლილი დახვდა, მეორეს კი კუჭ-ნაწლავის რეცხვა-ხეხვა პირდაპირ სასწრაფოს მანქანაში დაუწყეს. ყველაფერი ეს გამოძიებას საქმეს უიოლებდა. ახლა ადვილი მისახვედრი იყო, ვინ გახლდნენ რეალური სამიზნეები. ბიჭების ოთახშიც ზუსტად ისეთი ქვაბი იდო, რომლიდანაც მათ წიწიბურა ჭამეს.

გამომძიებელთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მოწამლულ ბიჭებზეც ცუდი ძალიან ცოტამ თქვა. მათზე ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა - უცნაური ხუმრობა უყვარდათ, რაც ბევრს არ მოსწონდა. მაგალითად, ღამით ვინმეს ოთახის კარს შეაღებდნენ და მძინარეს ქვაბით წყალს ასხამდნენ, ჩუმად მიეპარებოდნენ და აშინებდნენ, საჭმელში ბევრ მარილს ან შაქარს უყრიდნენ. ამის გამო, სულ კამათი და უკმაყოფილება იყო, მაგრამ ასეთი რამის გამო, არავის კლავენ. ახლა გამომძიებლებს უნდა გაერკვიათ, ვის გაეხუმრნენ ბიჭები ისე, რომ მათ არ აპატიეს, მკვლელი გოგონების მოწამვლის შემდეგაც კი არ შეჩერდა და შური მაინც, თან ძალიან მალე იძია.

„ორმა სტუდენტმა საიდუმლოდ გვითხრა, რომ დაახლოებით, ორი კვირის წინ, ერთ-ერთ სტუდენტს ბიჭებთან სერიოზული კამათი მოუვიდა. რეალური მიზეზი არავინ იცოდა, მაგრამ საქმე მუშტი-კრივამდე მივიდა და ბიჭი მაგრად გაილახა, თუმცა დახმარება არავისთვის უთხოვია. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ეჭვმიტანილიც სწორედ ის გახდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბიჭი დაკითხვაზე წაიყვანეს. იმის მიუხედავად, რომ ორი კვირა იყო გასული, სახეზე სილურჯეები მაინც ეტყობოდა და გატეხილ ცხვირსაც უცნაური ფორმა ჰქონდა მიღებული. სანამ გამომძიებლები იმას ფიქრობდნენ, დაკითხვა როგორ დაეწყოთ, დაკავებულმა მშვიდად თქვა, ვწუხვარ, გოგონები რომ მოიწამლნენ, მიხარია, რომ გადარჩნენ და ვწუხვარ, რომ იმ ბიჭებიდან მხოლოდ ერთი მოკვდაო. ეს აღიარებითი ჩვენება იყო და სანამ გადაიფიქრებდა, გამომძიებელმა წინ ფურცელი და კალამი დაუდო.

„გოგონა, რომელიც ერთი თვის წინ, ავარიაში დაიღუპა, ჩემი საცოლე იყო. ამის შესახებ არავინ იცოდა, მხოლოდ მე და მან. ყოველ დღე, აბსოლუტურად ყოველ დღე, ვხვდებოდი გაჩერებაზე, რათა სახლში ერთად წავსულიყავით. სტუდქალაქთან ერთმანეთს ვშორდებოდით, არავის რომ არ ეჭორავა. იმ საბედისწერო დღეს სოფელში იყო, ვიცოდი, რომ ღამით ჩამოვიდოდა, მაგრამ ცოტა მაინც დამაგვიანდა. დავინახე, ავტობუსიდან რომ ჩამოვიდა, განათების ბოძთან გაჩერდა, მე მათვალიერებდა, მე კი მეორე მხარეს ვიდექი და მისით ვტკბებოდი, მიხაროდა, რომ ის ჩემი მომავალი ცოლი იყო. ამ დროს, მოულოდნელად, ის ბიჭები გამოხტნენ და არაადამიანურად იღრიალეს. ჩემს გოგოს შეეშინდა, გზისკენ გახტა, ბორდიურზე ფეხი აუცდა და ინერციით, პირდაპირ, გზის სავალ ნაწილზე დაეცა. სწორედ ამ დროს გაიარა მანქანამ და გასრისა. ის ბიჭები მაშინვე გაიქცნენ, ვერავინ დაინახა, ვერავინ... ჩემს გარდა. გასვენების შემდეგ, ამ ბიჭებთან მივედი და ვუთხარი, რომ თუ მილიციაში საკუთარი ფეხით არ წავიდოდნენ, მე წავიდოდი და ყველაფერს მოვყვებოდი. მცემეს და მითხრეს, შენ მაინც არავინ დაგიჯერებს, ჩვენ ორნი ვართ, შენ ერთიო. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ რეალურად იყო იმის შანსი, ჩემთვის არავის მოესმინა. ჯერ ერთი, იმას მკითხავდნენ, აქამდე სად იყავიო, არადა, მხოლოდ გარდაცვლილ საცოლეზე ვფიქრობდი და მეორეც, რატომ უნდა დაეჯერებინა ჩემთვის მოსამართლეს და არა - მათთვის?! ამიტომ, სამართლის აღსრულება თავად გადავწყვიტე“, - განაცხადა დაკავებულმა.

ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ პირადი შურისძიება არ დააფასა და დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თანაც, მოწამლული გოგონებიდან ერთ-ერთს რაღაც ისე დაუზიანდა, რომ მხედველობა დაკარგა, მეორეს კი მეტყველების პრობლემები შეექმნა და ვერ განიკურნა.