Menu
RSS

საიდუმლო თათბირი შევარდნაძესთან და შინაგანი ჯარის გენერლის გამოუქვეყნებელი მემუარები _ აფხაზეთში ომის დაწყების სკანდალური X-ფაილი

ზუსტად 25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო... წლების განმავლობაში ამ ომს ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტს ვუწოდებდით, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ სამურზაყანოში ტყვია ერთმორწმუნე ,,ჩრდილოეთური დათვის'' წაფითილებით გავარდა. საერთოდ, რუსეთმა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა 90-იან წლებში კი არა, გაცილებით ადრე, კერძოდ, ორი საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა იმ ,,რუსულმანებს'', რომლებისთვისაც მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის, ამის აღიარება არ უნდათ. სიტყვამ მოიტანა და, ,,რუსულმანები'' სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიკონიდანაა. სალახანებმა ბატონ ჯანსუღს სწორედ ეს ეპითეტი ვერ აპატიეს და პასკვილი გამოუცხვეს, რასაც ქართული პოეზიის ბერმუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება მოჰყვა. იმედია, ჯანსუღ ჩარკვიანი განსაცდელს თავს დააღწევს და მრავალჭირნახულ ერს არაერთხელ შეუძახებს, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო.
დიახ, თავისუფლება მართლაც ლომთა ხვედრია და კრემლი წლებია სწორედ იმ ქართველი ლომების განადგურებას ცდილობს, რომლებიც მზისა და ვარდების მხარეს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ და იცავენ! ვაგლახ, ხანდახან ლაჩრებიც გამოგვერევიან ხოლმე, რომლებიც მტერს ,,ბაბაიას'' ეძახიან და პირადი გამორჩენისა თუ სხვა მერკანტილური მოსაზრებით, არც სამშობლოს ღალატზე ამბობენ უარს!
გახდა თუ არა აფხაზეთის დაკარგვის მიზეზი ღალატი? _ ეს მხოლოდ ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა იციან, თუმცა საარქივო მასალები, ასევე თვითმხილველთა მონათხრობი ირიბად მოწმობს, რომ ვიღაცებმა სული ლუციფერს მიჰყიდეს. ფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აფხაზეთი კრემლს ჩააბარეს, რასაც ცხინვალის რეგიონის ანექსია-ოკუპაციაც მოჰყვა...
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღევანდელი X-ფაილის წაკითხვა ბევრს მიძინებულ ჭრილობებს გაუღვიძებს, ზოგს კი ალბათ ომის წინაპერიოდის კულუარების გახსენება არ ესიამოვნება, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა, ისტორია, რომელსაც ვერც შევცვლით და ვერც დავმალავთ, რამეთუ შელამაზებულ და დამალულ ისტორიაზე ღირსეულ მომავალს ვერ ავაშენებთ!
მაშ ასე: ,,ვერსია'' 25 წლით უკან, 1992 წელში გაბრუნებთ და შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელ მემუარებზე დაყრდნობით, საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი ,,რუსულმანური'' შეთქმულების უცნობ დეტალებს გთავაზობთ. სხვათა შორის, გელა ლანჩავას ზემოხსენებული მემუარები ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება...
პირისპირ ურჩხულთან
,,...აფხაზეთის ომი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა იქ ყველაფერი რიგზე ვერ არის. იმხანად, აფხაზეთის უშიშროების მინისტრი ავთანდილ იოსელიანი იყო. იგი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ურთიერთობა გვქონდა, მით უმეტეს, რომ ამას საქმეც გვავალებდა. ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარზე ჩვენი 17 ,,ბმპ'' იყო განლაგებული. არძინბამ ეს, რა თქმა უნდა, იცოდა. საკმარისი იყო, თუნდაც ერთი საბრძოლო მანქანა დაძრულიყო ადგილიდან, მაშინვე პანიკაში ვარდებოდა, რეკავდა ავთანდილ იოსელიანთან და ეხვეწებოდა: ,,ავტო, პოპროსი სვოემუ დრუგუ, პუსტ უსპოკოეტსია''. თურმე, ავთოს უთქვამს საუბარში, შინაგანი ჯარების სარდალი გელა ლანჩავა ჩემი მეგობარიაო და ,,შუამავლად'' მას მიგზავნიდა ხოლმე...'' _ ესაა ამონარიდი გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან, რომელშიც აფხაზეთის ომის გარდა, საუბარი 1991-92 წლების ცნობილ მოვლენებზეცაა, თუმცა ვინაიდან აფხაზეთის ომის X-ფაილს ვადგენთ, ამჯერად ,,ვერსია'' ყურადღებას მხოლოდ სამურზაყანოში 25 წლის წინ მომხდარ სისხლიან ამბებზე გაამახვილებს.
...1992 წლის ზაფხულია...
აფხაზეთის რკინიგზაზე აფეთქებები იწყება... ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარება ნელ-ნელა და მიზანმიმართულად იძაბება.
...შინაგანი ჯარის სარდალს ძილს ტელეფონის ზარი უფრთხობს. ყურმილს უხალისოდ სწვდება...
_ გელა, ხომ არ გაგაღვიძე? _ შევარდნაძის ხმის გაგონებაზე ლანჩავა უმალ გამოფხიზლდება.
_ გისმენთ, ბატონო ედუარდ!
_ იქნებ, სოხუმში ჩახვიდე, არძინბას შეხვდე და გაიგო, რა ხდება? _ სახელმწიფო მეთაური სვენებ-სვენებით ლაპარაკობს, _ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შინაგანი ჯარების შესვლის საკითხიც მოაგვარე...
მეორე დღეს გელა ლანჩავა და ვალერი ჩხეიძე აფხაზეთში მიფრინავენ. სოხუმის აეროპორტში მათ ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრი, გივი ლომინაძე ხვდება და პირდაპირ არძინბასთან მიდიან... არძინბას დაცვა სტუმრებს იარაღის ჩაბარებას არ სთხოვს. გენერალ ლანჩავას ,,სტეჩკინი'' აქვს... მერე, წლები რომ გავა, ლანჩავა ორაზროვნად იტყვის, რა ვიცოდი, არძინბას სახით რა ურჩხული იკრებდა ძალას, თორემ ალბათ ბევრს არ ვიფიქრებდიო...
ამონარიდი გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...არძინბამ თათბირი მოიწვია, რომელსაც ჩვენი მხრიდან მე, ვალერი ჩხეიძე და ავთო იოსელიანი ვესწრებოდით; აფხაზთა მხრიდან კი _ თავად არძინბა, ალექსანდრე ანქვაბი, პოლკოვნიკი კაკალია, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ აჩბა. მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა. არძინბამ სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა და კონიაკითაც გაგვიმასპინძლდა. არძინბა, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით შინაგანი ჯარების აფხაზეთში შესვლას დათანხმდა... იმავე დღეს მე აფხაზეთის ტელევიზიით გამოვედი და მოსახლეობას მივმართე: 1989 წლის მოვლენები აფხაზების მხრიდან უდიდესი შეცდომა იყო. ჩვენ, ქართველები და აფხაზები, ერთნი ვართ. არ შეიძლება და არც მოხდება ჩვენი გათიშვა და მტრად მოკიდება. ომი არ იქნება! ის, ვისაც ეს სურს, თავად არის ჩვენი მტერი-მეთქი!''
...არძინბასთან შეხვედრიდან სამი დღეა გასული. გელა ლანჩავას სოხუმიდან დემურ მიქაძე ურეკავს:
_ გელა, ექსპრეზიდენტის მომხრე ნუგზარ მოლოდინაშვილი დავაკავეთ, ჩამოდით და წაიყვანეთ.
ლანჩავა, სამი ჯარისკაცის თანხლებით, სოხუმში მიფრინავს, მაგრამ აეროპორტში მიქაძე არ ხვდება. გენერალი ქალაქში გასვლას დამოუკიდებლად ცდილობს, თუმცა ადგილობრივი მილიცია წინააღმდეგობას უწევს. ლანჩავა არძინბას ურეკავს.
_ ,,ესლი ეტო ლანჩავა, ვპუსტიტე ეგო ვ გოროდ'', _ არძინბას სიტყვები ლანჩავას მრავლისთქმელად ეჩვენება.
...აფხაზეთში რკინიგზის ლიანდაგებს პერმანენტულად აფეთქებენ. ედუარდ შევარდნაძე საგანგებო თათბირს მართავს, რომელსაც სახელმწიფო საბჭოს წევრების გარდა, რომან გვენცაძე, გია გულუა, რემი ვაშაკიძე და გელა ლანჩავაც ესწრებიან. რემი ვაშაკიძე აფხაზეთში სპეციალიზებული სარკინიგზო დაცვის 1500-კაციანი ბრიგადის გაშვებას ითხოვს... გადაწყდა: რკინიგზას შინაგანი ჯარი დაიცავს! გენერალი ლანჩავა აფხაზეთში მიდის.
...1992 წლის 12 აგვისტოა.
ამონარიდი გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...სამტრედიაში შეჩერება მოგვიხდა, რადგან თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი თათბირს ატარებდა და ჩემი დასწრება აუცილებელი იყო. თათბირზე გაირკვა, რომ ახალქალაქში დისლოცირებული რუსული არმიის ერთ-ერთ დივიზიას, საქართველოდან წასვლის წინ, ჩვენთვის მათ ხელთ არსებული მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაწილი გადმოუცია. ტექნიკა უკვე სამტრედიაში იყო ჩამოტანილი. მისი პლატფორმებიდან ჩამოღება, სენაკის შესასვლელთან (ხობის მხრიდან) გადაყვანა და მოწყობა მე დამევალა. დავალების შესრულებას ორი დღე მოვუნდით. დილის 5 საათზე იქ ჩამოვიდნენ თენგიზ კიტოვანი და ჯემალ ჭუმბურიძე. კიტოვანის ბრძანებით, მე ერთი ტანკით, ორი ,,ბეტეერითა'' და ორმოცდაათიოდე კაცით, 14 აგვისტოს, დილის 8 საათზე მდინარე ინგირზე გადავედი, ,,ტეკზე'' დავდექი და, როგორც გაფრთხილებული ვიყავი, თავდაცვის მინისტრის მოსვლას დაველოდე. იმავე დღეს ჩვენ შემოგვიერთდა ტარიელ აბუაშვილის სატანკო ნაწილი თავისი მძიმე ტექნიკით და დევი ჩაკვეტაძის საარტილერიო ნაწილი. ყველა ერთად ველით ბრძანებას. დაახლოებით, 10 საათზე სატვირთო მანქანების ხმა მოგვესმა. ეს სოხუმის ბატალიონი გამოდგა, სოსო ახალაიას მეთაურობით. მათ ,,ლაფეტებზე'' დაწყობილი ოთხი ტანკი და ორი ,,ბმპ'' მიჰყავდათ (საომრად მიმავალ კაცს საბრძოლო ტექნიკა ,,ლაფეტებით'' არ მიაქვს)... მოგვიანებით, აბუაშვილი და ჩაკვეტაძეც ახალაიას გზას გაუყვნენ...
სოხუმიდან არაფერი ისმის. შევფიქრიანდი. ამბის გასაგებად ბიჭები მანქანით გავგზავნე. მაინც ვერაფერი გავარკვიეთ... მეტი ცდა აღარ შეიძლებოდა. წავიყვანე ჩემი ხალხი და ოჩამჩირეში წავედი. გზაში თავზარდამცემი ამბავი შევიტყვეთ: სოსო ახალაიას ნაწილისთვის აფხაზებს ცეცხლი გაეხსნათ...
...მსუბუქი მანქანებით მოვიდა თბილისის ქალაქის პოლიციის სამმართველოს შემადგენლობა დავით ზეიკიძის მეთაურობით. მაშინვე ვუთხარი, _ დათო, რაღაც ფარსაგი გვჭირს და იქნებ, გაარკვიო, რა ხდება-მეთქი. ზეიკიძე წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შევიტყვეთ, რომ სოხუმის მისადგომებთან ხოცვა-ჟლეტა იყო დაწყებული და ჩვენიანებს დახმარება სჭირდებოდათ...''
გენერალი ლანჩავა ოპერატიული პოლკის მეთაურს, გუჯარ ყურაშვილს ზურგის გამაგრებას ანუ ტყვარჩელში შესვლის დავალებას აძლევს. თვითონ გია ყარყარაშვილის კოლონას უერთდება და გეზს სოხუმისკენ იღებს.
...1992 წლის 12 აგვისტო... ტამიში... აფხაზები ხიდს აფეთქებენ. ქართველთა მხრიდან რევაზ ჯაში და ვლადიმერ ოსიშვილი იღუპებიან. გია ყარყარაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩება...
13 აგვისტო. დილა... ქართველები შეტევაზე გადადიან... მსტოვრები იუწყებიან, არძინბა გაქცევას აპირებსო... მაშასადამე, ,,აფხაზური სეპარატიზმი'' მალე ამოიძირკვება, მაგრამ მოულოდნელად, თბილისიდან ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მოდის. მეომრები გაოგნებულნი არიან... გელა ლანჩავა წლების მერეც ვერ გაარკვევს, ცეცხლის შეწყვეტა ვინ და რატომ მოითხოვა.
დაღამდა...
ხვალ 14 აგვისტოა...
ხვალ აფხაზეთში ომი უნდა დაიწყოს!
ღალატი
...კვირაზე მეტია, შინაგანი ჯარი ტყვარჩელში დგას, ზურგს იცავს. ბიჭები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, ბრძანებებსაც უსიტყვოდ ასრულებენ... სოხუმიდან ხმა მოდის, ზოგიერთმა ქართულმა შენაერთმა ,,მოროდიორობა'' დაიწყოო. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტონომიის დედაქალაქში სიტუაციის მოწესრიგება შინაგან ჯარს ევალება. ტყვარჩელში კი სხვა ბატალიონი შედის...
დამარცხებისათვის განწირული საქართველო პირველ შეცდომას უშვებს.
ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...შინაგანი ჯარის ნაცვლად ზურგის დასაცავად გაგზავნილი ბატალიონი შიგ ტყვარჩელში კი არ შევიდა, არამედ მოშორებით დასცა ბანაკი, ამით მტერს ქალაქის დაკავების შანსი მისცა. ეს შესაძლებლობა აფხაზებმა კარგად გამოიყენეს... გარდა იმისა, რომ ტყვარჩელი გეოგრაფიულად მიუდგომელია, საქმეს ისიც ართულებდა, რომ აფხაზებმა ,,ძოტების'' აგება მოასწრეს. მათ კარგად გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომის დროს აგებული ,,ძოტებიც'' და ტყვარჩელის დაბრუნების ყველა ცდა კრახით დასრულდა...''
...კრემლი ინიციატივით გამოდის, 3 სექტემბერს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში მოლაპარაკებები გაიმართოს. ჩრდილოეთში გამგზავრებამდე ედუარდ შევარდნაძე გელა ლანჩავასა და გია ყარყარაშვილს ახალი ათონის აღებას ავალებს. ქართველების სტრატეგია ასეთია: ფრონტის მარჯვენა ფლანგს გია ყარყარაშვილის შენაერთი გაამაგრებს, მარცხნიდან გელა ლანჩავა შეუტევს, ცენტრს ტარიელ აბუაშვილი უხელმძღვანელებს...
მაშ ასე, ქართველები შეტევაზე გადადიან!
ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...ყარყარაშვილმა ამოცანას თავი კარგად გაართვა, მაგრამ ცენტრმა... ცენტრში რა მოხდა, ჩემთვის დღესაც გაუგებარია. არ ვიცი, ტაქტიკა არ უვარგოდათ თუ არაორგანიზებულობის ბრალი იყო, ფაქტი ერთია: მძიმე ბრძოლაში 27 კაცი დაიღუპა. დიდი იყო მძიმე ტექნიკის ზარალიც. აფხაზთა გააფთრებული წინააღმდეგობამ, რომელიც შემდეგ შეტევაში გადაიზარდა, გვაიძულა, უკან დაგვეხია. სწორედ ამ ბრძოლაში დადასტურდა ეჭვი რუსების მიერ აფხაზთა მხარდაჭერის თაობაზე. რუსები ლაბორატორიიდან საოცარი სიმძლავრის ჭურვებს გვიშენდნენ და სწორედ მათ აგვიფეთქეს რამდენიმე ტანკი. ამ შეტევის მარცხი იმანაც განაპირობა, რომ ჩვენს მფრინავებს, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ და არაერთხელ გამოიჩინეს გმირობა, საბრძოლო გამოცდილება აკლდათ...''
...3 სექტემბერია. სახელმწიფო მეთაური მოსკოვში მიფრინავს. ედუარდ შევარდნაძე და ვლადისლავ არძინბა ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არაოფიციალურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ორივე მხრიდან, იარაღი უნდა ჩააბარონ და თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ. შეთანხმებაში ისიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აფხაზეთს ავტონომია შეუნარჩუნდება. ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, ომი მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ... სწორედ ამ დროს აფხაზთა დასახმარებლად სოხუმში ადიღელები, ჩეჩნები და კაზაკები ჩადიან. პარალელურად, აფხაზები გენერალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონს აყალიბებენ, რომელსაც იარაღითა და მძიმე ტექნიკით რუსეთი ამარაგებს...
ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...ამასობაში, ნოემბერი დადგა. აფხაზები უკვე ზურგიდან გვიტევენ, პარტიზანულად მოქმედებენ და დივერსიებს აწყობენ. ძალიან გვიჭირს. აშკარად გვჯაბნიან... განსაკუთრებით ტამიშის მისადგომებთან გაგვიჭირდა. იქ თბილისიდან სახელმწიფო მეთაურის ბრძანებით ჩაყვანილი შინაგანი ჯარების 1200 ჯარისკაცი იბრძოდა. სწორედ იქ მომიკლეს ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური ვახტანგ შანავა, რომელიც რუსეთში სპეციალურად მომზადებულ ასეულს (ასეთ რაზმს ,,ღამურა'' ჰქვია) ხელმძღვანელობდა... ოჩამჩირესთან ერთ-ერთ ბრძოლაში დავიჭერი და თბილისში გადმომიყვანეს. ორ კვირას ვმკურნალობდი...''
1993 წლის 25 თებერვალს გელა ლანჩავას გენერალ-მაიორის წოდებას მიანიჭებენ. ზუსტად ერთი თვის შემდეგ სოხუმის დაცემის პირველი საფრთხე გაჩნდება. იმ დღეს ლანჩავას დილაუთენია დაურეკავენ და შეატყობინებენ, რომ 8 საათზე ედუარდ შევარდნაძესთან უნდა იყოს.
_ აფხაზებმა სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს და საპასუხო ზომები თუ არ მივიღეთ, შეიძლება, ქალაქი დავკარგოთ, _ სახელმწიფო მეთაური მღელვარებას არ იმჩნევს.
_ ბატონო ედუარდ, თუ ნებას დამრთავთ, ჩემი 1600 კაცით ორსაათნახევარში სოხუმში ვიქნები და ქალაქის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ! _ გელა ლანჩავას ყველა გაოცებული უყურებს. მართლაც დაუჯერებელია, ასეთ მცირე დროში გენერალმა 1600 კაცის მობილიზება შეძლოს... შინაგან ჯარს აფხაზეთში შს მინისტრი თემურ ხაჩიშვილი გააცილებს და აღფრთოვანებული იტყვის, ახლა დავრწმუნდი, რომ საქართველოს არმია მართლა ჰყავსო.
...სოხუმსა და მის შემოგარენში გააფთრებული ბრძოლებია. ფრონტის წინა ხაზზე ედუარდ შევარდნაძე ჩადის.
ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...სახელმწიფო მეთაურმა გამომიძახა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზეგანის დაკარგვა მაცნობა. ყველაფერი გასაგები იყო... იმ მაღლობის ასაღებად, დაახლოებით, 100 კაცი გავუშვი, რომელსაც ჩემი ადიუტანტი, წლოვანებით პატარა ლეიტენანტი ფრიდონ ლომიძე ჩავუყენე სათავეში. ფრიდონმა იმედი ასი პროცენტით გამიმართლა _ მან არამარტო უდანაკარგოდ აიღო ზეგანი, არამედ მას ერთი კვირის განმავლობაში იცავდა კიდეც. მაშინ აფხაზებმა დიდი ზარალი ნახეს... სოხუმი დაცემას გადარჩა, თუმცა ქართულმა მხარემ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა: იმის მაგივრად, კონტრშეტევაზე გადავსულიყავით, მხოლოდ შენარჩუნებული პოზიციების გამაგრებაზე ვზრუნავდით. არ ვიცი, ვინ გასცა ასეთი ბრძანება. ნუთუ არავის ესმოდა, რომ შეტევის მოგერიების შემდეგ, მით უმეტეს, რომ გაგრა უკვე დაკარგული იყო, აუცილებლად კონტრშეტევაზე უნდა გადავსულიყავით? არ მგონია, ეს შეცდომა საქმის უცოდინრობით, უვიცობით ყოფილიყო გამოწვეული...
სოხუმში ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ბატალიონების დაკომპლექტება დაიწყო. შეიქმნა ბრიგადა, რომელსაც სათავეში გენო ადამია ჩაუდგა. ეს იყო ძალზე ჭკვიანური და სწორი ნაბიჯი... რუსებმა უკვე დაუფარავად დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება. ტამიშზე, ოჩამჩირის მხრიდან, მათი სადესანტო ბატალიონი, ,,კატრანი'' გადმოვიდა. მას არნახული წინააღმდეგობა გაუწია დუშეთის ბატალიონმა. ამ ბრძოლაში ბატალიონის 80 წევრი დაიღუპა. სასწრაფოდ უნდა მივშველებოდით. მათ დასახმარებლად კინდღში მყოფი ჩემი ასეული გავუშვი. ასეულმა უმაგალითოდ იბრძოლა. დახმარება კი, რომელსაც ახალი კინდღიდან ველოდით, არ ჩანდა. ასეულიდან მხოლოდ 37 კაცი გადარჩა...
ასეთი მცირე ძალებით რუსების გამკლავება შეუძლებელი იყო, მაგრამ ის 37 კაცი, ალბათ, არ დათმობდა პოზიციებს, ტყვიაწამალი რომ ჰქონოდა. ალყაში მოქცეულებმა ხერხს მიმართეს: საფარიდან ხელყუმბარების ნაცვლად ახლოს მომდგარ მტერს ქვები დაუშინეს. რუსებმა იფიქრეს, ყუმბარებიაო, მაგრამ რომ არ აფეთქდა, უცებ მოეგნენ გონს და იყვირეს: ,,უ ნიხ გრანატი კონჩილის'' და შეტევაზე გადმოვიდნენ. მაშინ ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილი ოთხად-ოთხი ყუმბარა ისროლეს და ზუსტად მტრის შუაგულში ააფეთქეს. ამან მტერს არამარტო საგრძნობი ზიანი მიაყენა, არამედ არევ-დარევაც შეიტანა მის რაზმში და ქართველებს ალყის გარღვევისა და ცოცხლად გამოღწევის საშუალება მიეცათ.
არ მინდა, დავასახელო იმ ადამიანთა გვარები, რომლებსაც ჩემი ასეულის დასახმარებლად წამოსვლა ევალათ და ადგილიდან არ დაიძრნენ. ალბათ, წაიკითხავენ ამ სიტყვებს და საკუთარ გულში ჩაიხედავენ. მათ სინდისზეა იმათი სიცოცხლე, ვინ იმ უშეღავათო ბრძოლაში დაიღუპა! მოგვიანებით შევიტყვე, ახალ კინდღში მდგომი ერთ-ერთი ნაწილის მეთაურს ჩემი ასეულის დასახმარებლად ტანკში ჩამსხდარი ხალხი უკან დაუბრუნებია, სადღა მიდიხართ, ისინი უკვე ცოცხლები აღარ იქნებიანო! წამოსულიყვნენ, იქნებ მოესწროთ?!.. ომის დამთავრების შემდეგ არაერთხელ ითქვა, აფხაზეთი გაიყიდაო. აფხაზეთი კი არ გაიყიდა, არამედ თავად დავკარგეთ. დავკარგეთ ჩვენი უთაურობით და უგნურებით!..''
დაცემა
...1993 წელი. აფხაზეთში ომი მძვინვარებს...
საქართველოს ტელევიზიის ეთერში ფრონტის წინახაზიდან მიღებულ ცნობებს ტურისტული ბიუროების რეკლამა ცვლის... თბილისის აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს. ერთი თვითმფრინავიდან აფხაზეთში დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭები ჩამოჰყავთ, მეორედან დუბაიში ნაყიდი ,,ტავარი'' ჩამოაქვთ...
სოხუმი მალე დაეცემა!..
...შინაგანი ჯარის დანაყოფმა, გენერალ ლანჩავას მეთაურობით, გუმისთასთან ერთ-ერთ სკოლას ალყა შემოარტყა... ტყვიამფრქვევი არ ჩერდება, მტერი დანებებას არ აპირებს... ქართველებმა მაინც ივაჟკაცეს, შენობაში შევიდნენ და... გახევდნენ: სკოლაში, თურმე, სულ ოთხი ჩეჩენი ყოფილა. ოთხივე მკვდარი იყო. ერთ ჩეჩენს, თანამებრძოლები რომ დაღუპვია და ტყვიებიც გასთავებია, ფეხზე გაუხდია და ცერი ავტომატის სასხლეტისთვის გამოუკრავს, თურმე... ქართველები მისთვის მტრები იყვნენ. მტერს კი ცოცხალი არ ჩაბარდა და ბოლო ტყვიით თავი მოიკლა!..
ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...აფხაზეთის ომში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის რაღაცნაირი გულმოწყალე დამოკიდებულება იყო. ისეც ხდებოდა, ქართველები ტყვედჩავარდნილ ჩეჩენებს იარაღს აყრიდნენ და შინ უშვებდნენ. იქითა მხრიდანაც იყო ამის მაგალითები...''
...ტამიშს აფხაზები აკონტროლებენ. ეს კი, პრაქტიკულად, სოხუმის დაკარგვას ნიშნავს. მაშ ასე, საჭიროა ტამიშის დაბრუნება!.. 1993 წლის ივნისში შინაგანი ჯარი საბრძოლო ტექნიკის ოჩამჩირეში გადაყვანასთან დაკავშირებით ბრძანებას მიიღებს. მოგვიანებით, გელა ლანჩავას ნაწილს ლოთი ქობალიას, ,,მხედრიონისა'' და 24-ე ბრიგადის მეომრები შეუერთდებიან. საგანგებო თათბირზე გელა ლანჩავას, ზაურ უჩაძისა და შინაგანი ჯარის პირველი ბრიგადის მეთაურის გუჯარ ყურაშვილის გეგმას განიხილავენ, რომლის თანახმადაც, ჯარის გადაჯგუფება და შეტევითი ოპერაციების მომზადება უნდა მოხდეს.
ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...კარგად გვესმოდა, რა მნიშვნელოვან საქმეს ვიყავით შეჭიდებული და ძალ-ღონის უკიდურესი დაძაბვით, თავდაუზოგავად ვიშრომეთ. შეტევაში, შინაგანი ჯარის გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღო ,,მხედრიონს'', გვარდიას, ჯემალ ჭუმბურიძის მეთაურობით და ლოთი ქობალიას ნაწილებს. ეს უკანასკნელი ზღვის სანაპირო ზოლიდან უნდა მოგვხმარებოდა. სიმართლე გითხრათ, ქობალიას იმედი არ მქონდა. თუ რატომ, ამასაც მოგახსენებთ: ტამიშის შესასვლელთან ,,პიტომნიკი'' იყო, სადაც აფხაზები იყვნენ განლაგებულნი. მძიმე ტექნიკის დასაცავად ცოცხალი ძალა არ გვყოფნიდა. ქობალიამ 70 კაცით დახმარება აღგვითქვა, მეტი არ მყავსო. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, 250 კაცზე მეტი ჰყავდა... ,,პიტომნიკის'' კედლები პირველმა ჭუმბურიძის ტანკებმა შეანგრიეს და ამით ჩემს ნაწილებს გაუხსნეს გზა. ძალზე ივაჟკაცა ,,მხედრიონმაც''. რაც შეეხება შინაგან ჯარს. მის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ თქვა, ეს კარგად ორგანიზებული, ჭეშმარიტი მეომრებით და სერიოზული ხალხით დაკომპლექტებული ჯარიაო... ასე რომ, ტამიში დავიბრუნეთ...''
...ქალაქში შესული ქართველები საშინელი სურათის მოწმენი გახდებიან: ქუჩებში სისხლის გუბეები დგას, მიწა გვამებითაა დაფარული. დახოცილთა უმრავლესობა ქართველია... უდავოა, ქართველებმა უშეღავათო ბრძოლა გადაიტანეს!.. ერთ-ერთ ,,ბლინდაჟში'' ლანჩავა თვალს ზიჩისეულ ,,ტარიელისა და ვეფხის ბრძოლას'' მოჰკრავს.
_ ნეტავ, ეს ნახატი ბიჭებს ვინ მისცა? _ გაიფიქრებს გენერალი და გული სიამაყით აევსება.
ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:
,,...შეტევის წინ ერთი საოცრება მოხდა: ჯარისკაცებთან ერთად, ქუჩაში, შიშველ მიწაზე მეძინა. დილით, თვალი რომ გავახილე, პირველი, რაც დავინახე, ეს იყო ხის ფოთლებში მზის სხივებით ,,მოქარგული'' ჯვარი, უზარმაზარი, ცეცხლისფერი ჯვარი. Gგავოგნდი. ღვთის მიერ მოვლენილ სასწაულად მივიჩნიე. მაშინვე ვიდეოკამერით გადავაღებინე. არ ვიცი, შემთხვევითობა იყო ეს თუ მართლაც სასწაული, მაგრამ ფაქტი ერთია: იმ დღეს ტამიშის ბრძოლაში ჩემი არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა!''
...ტამიშის ბრძოლისთვის გელა ლანჩავას ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი მიენიჭება. 1993 წლის ივლისის ბოლოს გენერალი თბილისში დაბრუნდება... 8 აგვისტოს, დილის 4 საათზე ლანჩავას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით მგელაძე სამთავრობო ტელეფონით დაურეკავს და აცნობებს, რომ 8 საათზე შევარდნაძესთან უნდა იყოს. საგანგებო თათბირზე, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ ხაჩიშვილი და დავით მგელაძეც ესწრებიან, შევარდნაძე ლანჩავას შს მინისტრის მოადგილის პოსტს შესთავაზებს. იმავე დღეს შინაგანი ჯარის სარდლად გენერალ-მაიორი ჩიქოვანი დაინიშნება. მერე, წლები რომ გავა, გელა ლანჩავა მემუარებში დაწერს:
,,...გულსატკენია, როცა ვინმე პირადი მტრობის საფუძველზე საქვეყნო საქმეს აფუჭებს. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: 1992 წლის ოქტომბერი იდგა. აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. მთავრობაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. შუა თათბირზე ძალზე გაჯავრებულმა ბატონმა ედუარდმა რაღაც ფურცელი გამომისრიალა მაგიდაზე და დააყოლა, გელა, ამ ამბებს ბოლო აღარ უნდა მოეღოს? ფურცელს დავხედე. ეს იყო ცილისმწამებლური, იოტისოდენა სიმართლეს მოკლებული დასმენის ბარათი, რომელშიც ეწერა: ,,შინაგან ჯარში კვლავაც არიან ექსპრეზიდენტის მომხრეები. ისინი, სამხედრო გადატრიალების მიზნით, უფროსი ლეიტენანტის ვლადიმერ ოსიშვილისა და ლეიტენანტის, გია კუხიანიძის ხელმძღვანელობით, აყალიბებენ დაჯგუფებას''. საოცრად გავბრაზდი და ასე გაფიცხებულმა სახელმწიფო მეთაურს ვუთხარი: ამის დამწერი ან პროვოკატორია ან უცოდინარი, რადგან აქ დასახელებული ორივე პიროვნება 16 აგვისტოს, ომის დაწყებისთანავე დაიღუპა-მეთქი. ბატონ ედუარდს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩაიცინა...''
...1993 წლის 27 აგვისტო. ამ დღეს სოხუმი დაეცემა!..
გელა ლანჩავას მემუარებში სოხუმის ბრძოლებზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, გენერალი აფხაზეთის ომის წაგებად, პირდაპირ თუ ირიბად, ღალატს მიიჩნევს. მემუარებში ბატონი ლანჩავა ომის გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს:
,,...ერთ-ერთი ვერსიით, ომი პროვოკაციამ გამოიწვია. არძინბამ შინაგან ჯარს, ჩემი მეთაურობით, რკინიგზებისა და ავტომაგისტრალების დაცვის მიზნით, აფხაზეთში შესვლის ნებართვა მისცა. ამის შესახებ, რაღა თქმა უნდა, ყველამ, მათ შორის, ექსპრეზიდენტის მომხრეთა იმ დიდმა ნაწილმაც შეიტყო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა და დივერსიულ აქტებს აწყობდა. მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ იქნებ, მართლაც, ისევ ჩვენმა გაბოროტებულმა სისხლმა და ხორცმა ააგიზგიზა ომის ცეცხლი? მით უმეტეს, რომ აფხაზეთის მკვიდრმა ერთმა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც სოფელ ოხურეისთან შევხვდით, გვითხრა: რატომ ესვრით, შვილო, ერთმანეთს, იქითაც ხომ ქართველები არიანო. იგივე გაიმეორა პირველი ბრძოლის მონაწილე რამდენიმე რიგითმა ჯარისკაცმა და ოფიცერმაც. მე კი მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც საკუთარი თვალით ვიხილე: ცხინვალში დისლოცირებული სოხუმის ბატალიონი, სოსო ახალაიას მეთაურობით, სოხუმში, თავისი დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. სოფელ ოხურეისთან მათ აფხაზმა ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და ამან გამოიწვია ომი, ომი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო!''
მერე, წლები რომ გავა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრყ, გია ყარყარაშვილი იტყვის: ,,აღმოვჩნდით მიამიტები, ვერ გავითვალისწინეთ, რომ ომისთვის, ბრძოლის გარდა, დამახასიათებელია მზაკვრობა, სიტყვის გატეხა, ხელშეკრულების დარღვევა... სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდით...''
მივხვდით? _ ეს რიტორიკული კითხვაა. ისე, მხოლოდ აფხაზეთის ომში კი არა, მთელი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ძირს სწორედ მოღალატეები და მტერთან ,,მოკურკურე'' ქართველები უთხრიდნენ. სამწუხაროდ, დღესაც ასეა... არადა, დიდი კონსტანტინესი არ იყოს, სიმთვრალეში კარგი რიტორები ვართ... დიახ, ბატონებო, ჩვენში მხოლოდ ე.წ. სუფრის კი არა, პათეტიკური პატრიოტიზმიც სჭარბობს. ასე, მაგალითად, შეგვიძლია, დიდგორის ,,ძლევაი საკვირველი'' რამდენიმე ასეული წლის მერეც ზარ-ზეიმით აღვნიშნოთ. იმ 13-თვიან ომზე კი, რომელიც ახლახან იყო და 30 ათასი ეთნიკური ქართველი შეიწირა, ხოლო 250 000 დევნილად აქცია, თვალი დავხუჭოთ. მეტიც, ჩვენში ისეთებიც არიან, რომლებიც ოკუპანტი რუსეთის ქება-დიდებაში აღამ-ათენებენ და პოლიქრონიონს უმღერიან!
რას ვიზამთ, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ...
დღეს 14 აგვისტოა...
დღეს აფხაზეთში ომი უნდა დაიწყოს, ომი, რომელიც ათიათასობით ქართველს სიცოცხლეს გამოასალმებს და ომი, რომელიც საქართველოს თავის ძირძველ მიწა-წყალს ჩამოაცილებს...
დიდება გმირებს!..
1992 წლის 14 აგვისტოს პირველი გმირები კი, ომარ ფურცელაძე და პაატა ნათენაძე არიან. ომარი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ახალი გაწვეული იყო _ შინაგან ჯარში მსახურობდა. ეს ის დროა, როცა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, სამეგრელოს ზვიად გამსახურდიას მომხრეები აკონტროლებენ... ხმა გავარდება, ,,ზვიადისტებმა'' სამხედრო საბჭოს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაატყვევესო. ჰოდა, შინაგანი ჯარის სწორედ იმ შენაერთს, რომელშიც ომარ ფურცელაძე მსახურობს, დასავლეთში გადაისვრიან... პირტიტველა ჯარისკაცებს აზრადაც არ მოსდით, რომ თბილისში ვეღარ დაბრუნდებიან...
მოულოდნელად ჯარს გეზს აფხაზეთისკენ ააღებინებენ...
აგუძერა...
სიმინდის ყანები...
აფხაზი ,,სნაიპერები'' სადღაც, აქვე არიან _ ქართველებზე ნადირობენ...
ომარი დაჭრილი მეგობრის სამშვიდობოს გამოყვანას შეეცდება...
სწორედ ამ დროს ისვრის აფხაზი ,,სნაიპერი''...
ომარ ფურცელაძეს, სიკვდილის შემდეგ, საბრძოლო მამაცობისთვის ორდენით დააჯილდოებენ...
ომარ ფურცელაძე ღიმილის ბიჭად დარჩება...
დღეს 14 აგვისტოა...
ქალბატონებო და ბატონებო, პატივი მივაგოთ ღიმილის ბიჭების ხსოვნას!
ვანო პავლიაშვილი

back to top