Menu
RSS

პიტერ შოუს, „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტის მამისა და სხვა გახმაურებული საქმეების X-ფაილი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 ათას ამერიკულ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს“...
„ლილოდან გატაცებული ბიზნესმენის თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფი 6 ადამიანისგან შედგებოდა და გამოძიება ამ წუთებში კიდევ ერთი პირის დაკავებაზე მუშაობს. ბიზნესმენისთვის მისი გატაცების მოტივი გაუგებარია. მისივე თქმით, გამტაცებლებიდან ვერცერთი ვერ ამოიცნო, ამიტომ ვარაუდობს, რომ ბრალდებულები გამოძალვის მიზნით დაესხნენ თავს. გამოძიებამ 5600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის შედეგად, ჯამში, 5 პირი დააკავა, მათ მძევლის ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან“ _ ყველაფერი ეს შორეული 90-იანი წლების კი არა, თანამედროვე საქართველოს არასრული კრიმინალური ქრონიკაა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უკან, წარსულში დავბრუნდით.
ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ გვინდა თუ არა, ფაქტია: „წილხვედრის“ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დეკადა საქართველოს უახლეს ისტორიაში მხოლოდ უშუქობით, უგაზობითა და სხვა ათასი სოციალური პრობლემით კი არა, სწორედ „გატაცებების კასკადით“ შევიდა _ დღე არ გავიდოდა, თბილისის შუაგულიდან ქართველი ან უცხოელი „ფულოსანი“ არ გაუჩინარებულიყო. გატაცებულთა მთავარი „ბეღელი“ პანკისის ხეობა იყო... მოკლედ, იმდროინდელ საქართველოში ადამიანებით ვაჭრობა ყვაოდა და, მიუხედავად იმისა, რომ „რკინის კაცად“ სახელდებული შს მინისტრი, ესე იგი, კახა თარგამაძე და სხვა ტოპძალოვნები განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ, ვითარებას ვაკონტროლებთო, საქართველო ნელ-ნელა სიცილიის კარიკატურას ემსგავსებოდა.
ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერ ამის გამო რიგითი მოქალაქეები დაზაფრულები ვიყავით, მაგრამ იმთავითვე არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ გატაცებები ორგანიზებულად ხდებოდა... გარდა იმისა, რომ გატაცებულებს ფულს სძალავდნენ და ამით ვიღაცები ხელს „მოშნად“ ითბობდნენ, ამ კრიმინალური „ქეისების“ უკან, როგორც ამბობდნენ, კონკრეტული ძალის პოლიტიკური ინტერესიც იდგა. პოლიტიკურმა დემონებმა უწყიან, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია: მსოფლიოს პოლიტბაზარზე 90-იანი წლების საქართველოს არასტაბილური და არამდგრადი ქვეყნის იმიჯი ჰქონდა, ქვეყნისა, სადაც ადამიანი შეიძლება, ჩიტივით, უფრო სწორად, ჭიანჭველასავით გაექროთ, მაგრამ ამისთვის არავინ დაისჯებოდა.
მოკლედ, დღე დღეს მისდევდა, თვე _ თვეს, წელიწადი _ წელიწადს. მოსახლეობა კრიმინალს თითქოს შეეგუა, მაგრამ ერთხელაც, ყველაფერი ეს მშიერმუცელა მოსახლეობას ყელში ამოუვიდა, რასაც არჩევნების გაყალბებაც დაერთო და... ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ასე მოხდა ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომელმაც ხელისუფლების სათავეში ექსმოქკავშირელები ანუ ისინი მოიყვანა, რომლებიც 2003 წლის ნოემბრის მოვლენებამდეც ხელისუფლებაში იყვნენ და, წესით, ყველაფერ იმაზე, რაც ზემოთ ვთქვით, პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ, მაგრამ რეფორმატორები, რომლებმაც მოგვიანებით თავს „ვარდოსნები“ უწოდეს, „ქვეშიდან გამოძვრნენ“ და ხალხი დააჯერეს, ჩვენ ნათელ მომავალზე ვოცნებობდით, მაგრამ შევარდნაძე და მისი რეტროგრადი ძმაკაც-დაქალები გასაქანს არ გვაძლევდნენ, ამიტომაც გავემიჯნეთ და აწი, ნახავთ, როგორ ბედნიერ ქვეყანაში გაცხოვრებთო.
ბედნიერებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მოქკავშირთან ერთად წარსულს არათუ უშუქობა, უგაზობა და პენსია-ხელფასების გაყინვა, არამედ, ადამიანთა გატაცებაც ჩაბარდა. ე.წ. პანკისის პრობლემაც უცებ მოგვარდა და ცივილურმა სამყარომ საქართველო ნელ-ნელა უსაფრთხო ქვეყნების რეესტრში შეიყვანა. ჰოდა, „გორდიას კვანძიც“ თითქოს გაიხსნა ანუ ნათელი გახდა, რომ ვიღაცები პოლიტიკურ ღმერთებსა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილ ანგელოზებთან, მაშასადამე, დემონებთან იყვნენ შეკრულნი და თუნდაც ადამიანთა გატაცებას ხელს იმიტომ უწყობდნენ, რომ საერთო-სახალხო მღელვარება გამოეწვიათ და „რევოლუციურ ლექს“ ხელისუფლებაში მოჰყოლოდნენ.
მოგეხსენებათ, მიზანი საშუალებას ამართლებს. ამიტომ, თუკი მსჯელობს სწორედ ამ „ფორმულის“ კონტექსტში გავაგრძელებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა ან თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც 90-იან წლებში ხდებოდა, „ვარდების რევოლუციის“ ერთგვარი პრელუდია იყო. დავუშვათ, მართლაც ასეა, მაგრამ ახლა, არ იკითხავთ, ყველაფერი ეს 2017 წლის მეორე კვარტალში რატომ გაგვახსენდა? ეს რომ გაიგოთ, გირჩევთ, წინამდებარე X-ფაილი გულდასმით წაიკითხოთ.
მაშ, ასე: თუკი სუსტი გული არ გაქვთ და დეტექტივებიც გიზიდავთ, მაშინ დრო აღარ დაკარგოთ, ადამიანთა გატაცების ანატომიას თვალი გადაავლეთ და ამასთან, შეეცადეთ, ძველ და ახალ, ასე ვთქვათ, ბიზნესრეკეტს შორის გარკვეული პარალელიც გაავლოთ!
პანკისის საიდუმლო
„უცხოელი ბიზნესმენების გატაცება პანკისის ხეობაში“ _ ასე ჰქვია წერილს, რომელსაც 2002 წლის 2 სექტემბერს, მაშასადამე, „ვარდების რევოლუციამდე“ ზუსტად ერთი წლით ადრე „დილის გაზეთი“ აქვეყნებს (ცნობისთვის: „დილის გაზეთი“ დღეს აღარ გამოიცემა). წერილში ნათქვამია:
„შს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ძებნილის დაკავების შესახებ. ეს გახლავთ ხვიჩა ჩოფანაშვილი. გვარით თუ ვიმსჯელებთ, ეთნიკური ჩეჩენი (ქისტი), წარმოშობით პანკისელი, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ჩეჩნურ სოფელში იმალებოდა. ამის თაობაზე არათუ საქართველოს სპეცსამსახურები, არამედ ახმეტის რაიონის პოლიციაც სრულ ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ იმ დროს პანკისის ხეობაში „ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა“. ამდენად, ხვიჩა ჩოფანაშვილი ისევე, როგორც მისი ნათესავი ვეფხია მარგოშვილი, გულარხეინად ცხოვრობდა პანკისში, სადაც რეალურად არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.
სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულნი არიან, რომ ორივე შედიოდა (მარგოშვილი, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა) იმ ბანდაში, რომელიც თბილისიდან „მსუყე ლუკმას“ იტაცებდა ანუ მძევლად აჰყავდა ადამიანები და ისინი პანკისში გადაჰყავდა. ვეფხია მარგოშვილი საკუთარ ეზოში ააფეთქეს.
ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ რაკი იგი ვერ მოიხელთეს, ეს ოპერაცია საქართველოს ძალისმიერმა სტრუქტურებმა განახორციელეს. სხვათა შორის, დედამიწაზე არსებული თვით არქიდემოკრატიული ქვეყნების სპეცსამსახურთა ლექსიკაში არსებობდა, არსებობს და ყოველთვის იარსებებს ტერმინი „ლიკვიდაცია“. გააჩნია ვისი, როგორ, სად და რისთვის.
ზოგიერთები ისე იქადნებოდნენ, მარგოშვილი ჩვენმა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს და ფაქტებსაც გამოვაქვეყნებთო, თითქოს ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ ქართულ სპეცსამსახურთა ავტორიტეტი (ამის გამო) ნულზე დავიდოდა და არა _ პირიქით. ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხის თვალში, გულგასიებულებს ღამით რომ ვეღარ დაეძინათ „ვეფხვოს“ ცნობილი ლანძღვა-მუქარის შემდეგ, მთელ საქართველოს დედას გიტირებთო. ამ კატეგორიის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ყველა გარეწარს, ვინც მთელ ერსა და ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებს, აუცილებლად უნდა ეშინოდეთ, ვაითუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურებს იმის შნო აღმოაჩნდეთ, საკუთარი ფეხის ადგილი თავზე დაამხონ (მარგოშვილი სწორედ საპირფარეშოში ააფეთქეს).
ასეა თუ ისე, პანკისში განხორციელებულ სპეცოპერაციას უკვე მოაქვს ხელშესახები შედეგი: ადამიანის გამტაცებელთა ბანდის დაპატიმრებით თანდათან იხსნება ის გორგალი, რომელიც სისხლითა და ფულით იბურდებოდა 3-4 წლის განმავლობაში. აქ ლაპარაკია ყველაზე მნიშვნელოვან, „შუალედურ რგოლზე“. საქმე ის გახლავთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მოქმედებს, დაახლოებით, 100-კაციანი ბანდა, რომელიც 3 ძირითადი სეგმენტისგან შედგება.
პირველი, ეს გახლავთ თბილისელი კრიმინალები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას გასატაცებელთა „კანდიდატურების“ შესახებ და შესაბამის გეგმას ამუშავებენ. მეორე ჯგუფი (ძირითადად, ქისტები) ატარებენ უშუალოდ ოპერაციას, ანუ იტაცებენ მძევალს და გადაჰყავთ პანკისში. მესამე ჯგუფი (ჩეჩნები) მძევალს „ინახავენ“, ანუ უზრუნველყოფენ მის დაცვას, აჭმევენ, აცმევენ, დარაჯობენ და ასე შემდეგ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ესპანელი ბიზნესმენების გათავისუფლებისთვის აღებული 350 ათასი დოლარი სამივე ჯგუფმა „პატიოსნად“ გაიყვეს, სხვაგვარად არც შეიძლება, ვინაიდან ეს ბანდა შავი სამყაროს უმოწყალო კანონებით მოქმედებს და სისხლით არის შესუდრული.
როგორც ჩანს, კრიმინალთა დაპატიმრებები გაგრძელდება და სპეცსამსახურები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაგნებენ პიტერ შოუსა და საცოდავი ქართველი მღვდლის - ბასილ მაჩიტაძის კვალს.
ბრიტანელი ბანკირის გათავისუფლება კი უკვე ძალიან სერიოზული წარმატება იქნება და პანკისში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას დაადასტურებს“.
„ესპანელები პანკისის მიწამ ჩაყლაპა?“ _ ესეც შავბნელი 90-იანების ერთ-ერთ ქართულ პერიოდულ გამოცემაში დასტამბული კიდევ ერთი წერილის სათაურია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ თბილისში რუსეთში დისლოცირებული ესპანეთის საელჩოს დელეგაცია ყოფილა ჩამოსული, რომელსაც ჩვენის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი ესპანელი ბიზნესმენის საქმეზე მოლაპარაკება გაუმართავს:
„რამდენიმე თვის წინ გატაცებული ანტონიო ტრენელიო და ხოსე როდრიგესი თითქოს ცამ და მიწამ ჩაყლაპეს, მათ გზა-კვალს ვერავინ მიაგნო, თუმცა სარწმუნო წყაროს ცნობით, ესპანელ ბიზნესმენთა ნათესავები, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვირტუალურ „მოლაპარაკებას“ აწარმოებდნენ გამტაცებლებთან, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც უშიშროების სამინისტრო, თავიდანვე უარყოფითად შეხვდა... გატაცება ძალიან უცნაურ გარემოებაში _ თბილისის გარეუბანში, თანაც იმ ვითარებაში მოხდა, როდესაც ბიზნესმენებს შეიარაღებული პოლიციელი აცილებდა... იმთავითვე გავრცელდა ჭორი ესპანელ ბიზნესმენების „საეჭვო“ საქმიანობის შესახებ, რაც საიუველირო ბიზნესს უკავშირდებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ქისტებს (თუ მართლაც ისინი არიან გამტაცებლები), რასაკვირველია, პანკისის ხეობაში არ დაესიზმრებოდათ, რომ ესპანელი ბიზნესმენები თბილისში იმყოფებოდნენ და სწორედ იმ დროს საქართველოდან გამგზავრებას აპირებდნენ. „აეროპორტის ტრასა“ საკმაოდ ახლოა კახეთის გზატკეცილთან, უფრო სწორად, მისი გაგრძელებაა, მაგრამ თავიდანვე კი იწვევდა გაოგნებას ერთი გარემოება: „ჩამოსმული“ პოლიციელი დაუყოვნებლივ შეატყობინებდა „ვისაც ჯერ არს“ გატაცების შესახებ, მაგრამ როგორღა ვერ შეძლეს, გზები გადაეკეტათ? თბილისიდან პანკისამდე ხომ 200 კილომეტრია. ან, იქნებ, სულაც არ წაუყვანიათ პანკისში? ხელწერა „ჩეჩნურ-ქისტურია“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყაჩაღურ ბანდას სადმე თბილისთან ახლოს არ ჰქონდეს ბაზა გამართული.
როგორც ჩანს, კონსპირაციას კარგად იცავენ და არც ისაა გამორიცხული, იმავე ბანდას ჰყავდეს „გაკოჭილი“ ლევან კალაძე და სხვა, ნაკლებად ცნობილი გატაცებულები.
თბილისთან ახლოს ასეთი, კარგად შენიღბული და მომარა 
გებული ბაზის აღმოჩენა არანაკლებ ძნელია, ვიდრე კახეთში. ან კიდევ ერთი ვარიანტი: ესპანელები ჯერ შორიახლო დამალეს და რამდენიმე დღის შემდეგ საურმე გზებით გადაიყვანეს პანკისში. სწორედ ასეთი გზებით მოძრაობდა (ვაითუ, ახლაც მოძრაობს) მაყუჩიანი ავტომატებით შეიარაღებული ბანდა თბილისსა და პანკისს შორის, რომელმაც ვაკის პარკთან დეპუტატი ცისკარიშვილი და მისი საცოლე გაიტაცა.
ესპანეთში კი „ტრენილიო-როდრიგესის საქმეს“ უდიდესი რეზონანსი აქვს: თითქმის ყოველდღე ცენტრალური ტელეარხები, ყველაზე პრესტიჟული და სოლიდური გაზეთები უდიდეს ადგილს უთმობენ ბიზნესმენების გატაცებას. ბევრმა ესპანელმა მხოლოდ ამ საქმის გამო მიაქცია ყურადღება საქართველოს. არადა, ესპანეთი, ევროპის სახელმწიფოებიდან (იტალიასთან ერთად), ყველაზე ცივად ეკიდება პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებთან ურთიერთობას.
შესაძლოა, ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი ინფორმაციის მიღება იყოს. „პირდაპირმა მოლაპარაკებამ“ გამტაცებლებთან შედეგი არ გამოიღო. მიზეზი გასაგებია: ესპანეთის მთავრობა არავის დაანებებს გამოსასყიდის გადახდას ტერორისტების გასამრჯელოდ. ეს ამ ქვეყნის (ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყნის) პრინციპია: ესპანეთის სახელმწიფო არ თანამშრომლობს ტერორისტებთან და არ იხდის გამოსასყიდს“.
წარსულის, მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის გახსენება შეიძლება, არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ ხომ იცით, მხოლოდ აწმყო კი არა, მომავალიც წარსულზე დგას. ჰოდა, თუკი არ გვინდა, რომ უკან, წარსულში დავბრუნდეთ, ამიტომ მაშინდელი ამბებიც ხანდახან „საზეპიროსავით“ უნდა „გადავიმეოროთ'' ხოლმე. ერთ-ერთი ასეთ „საზეპიროდ“ კი შესაძლოა, 2001 წლის 10 აგვისტოს იგივე „დილის გაზეთში“ დასტამბული წერილიც გამოგვადგეს, რომელსაც „დაკარგული სამოთხე ანუ მტაცებელთა ქვეყანა“ ჰქვია.
„საქართველო უკან, შუა საუკუნეებისკენ გიგანტური ნაბიჯებით ბრუნდება. ადამიანების გატაცებამ იმდენად სისტემატური ხასიათი მიიღო, რომ ყოველი მორიგი ცნობა ამა თუ იმ ბიზნესმენის (ადგილობრივი, უცხოელი) გატაცების შესახებ, სენსაციად აღარ აღიქმება“, _ ასე იწყება ხსენებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია:
„ახლახან სოფელ პანტიანიდან რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტის, ვაგით შარიფოვის 78 წლის მამა გაიტაცეს; მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასევე, გატაცების მსხვერპლი გახდა ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორი ამირან ნაცვლიშვილი. ესპანელი ბიზნესმენების ანტონიო ტრევინიოს, ფრანსისკო როდრიგესისა და ევროკავშირის ექსპერტის, პიტერ შოუს გატაცებისა და „სასწაულებრივი“ გათავისუფლების ამბავი კი საქვეყნოდაა ცნობილი.
უკანასკნელი გახმაურებული გატაცებების წინ, საქართველოს უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ მისი უწყება ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობდა ესპანელი ბიზნესმენებისა და ინგლისელი ბანკირის გატაცებაში, ახალ „ოპერაციას“ გეგმავს. ხაბურძანიას თქმით, „გატაცებული აუცილებლად პიტერ შოუს დონის საზღვარგარეთელი ბიზნესმენი იქნება“
ვალერი ხაბურძანიას წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ახდა. „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტის მამა და ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორი (ერთად აღებული), გამოსასყიდის თვალსაზრისით, რომელიმე ევროპელი ბიზნესმენის რანგში ნამდვილად გადიან.
ალბათ, ამ წინასწარმეტყველების გამო იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 30 ნოემბერს, ქართული სპეცსამსახურის პროფესიონალურ დღესასწაულზე, უშიშროების სამინისტროს მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა: „უშიშროების სამინისტრომ ტოტალიტარული წყობის პერიოდიდან დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებამდე ურთულესი გზა გაიარა“. მოგვიანებით, პრეზიდენტმა რადიოინტერვიუში დაამატა: „სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს სპეცსამსახურების ქმედუნარიანობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა უშიშროების სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”.
უშიშროების სამინისტროს რომ ყამირი აქვს სატეხი, ეს უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილის, ირაკლი ალასანიას განცხადებიდანაც ჩანს. მისი თქმით, მინისტრი ხაბურძანია სულ სხვა ბიზნესმენებსა და სულ სხვა გამტაცებლებზე საუბრობდა.
სპეცსამსახურის მაღალჩინოსნის ეს განცხადება დამკვირვებლებს იმის ვარაუდის საშუალებას აძლევს, რომ გატაცებათა სერია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტის მამით არ შეწყდება. ხოლო ის, თუ რატომ გაიტაცეს 78 წლის მოხუცი, ჯერჯერობით კვლავ მკითხაობის საგანს წარმოადგენს. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჩვეულებრივი რიგითი ყაჩაღობა (ოჯახში მივარდნა, ფულისა და ოქროულის მოთხოვნა) მოგვიანებით, გატაცებაში გადაიზარდა. არაა გამორიცხული, გამტაცებლებმა გატაცებულის შვილის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ
მეორე ვერსიით, გატაცება „ლუკოილის“ საქმიანობას უკავშირდება. ცნობისათვის: 2000 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში ამ კომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი კუკურა გაიტაცეს. ეს უკანასკნელი, მისივე მტკიცებით, გამტაცებლებმა ორ კვირაში გაათავისუფლეს. საქმე გახსნილი არაა. არც ბოროტმოქმედთა ვინაობაა დადგენილი. რუსი დამკვირვებლები პანტიანის გატაცებას ლონდონის ბირჟაზე „ლუკოილის“ აქციების „განთავსებას“ უკავშირებენ. მანამდე „ლუკოილმა“ უარი განაცხადა „აზერი-ჩირაგ-გიუნეშის“ პროექტში მონაწილეობაზე (ვიცე-პრეზიდენტის გატაცებაც ამ მიზანს ემსახურებოდა), რითაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის გულისწყრომა დაიმსახურა
ასეა თუ ისე, დამკვირვებლები ცდილობენ, შარიფოვის გატაცებას პოლიტიკური და ეკონომიკური სარჩული დაუდონ, თუმცა ქართული სინამდვილის გათვალისწინებით, ყველაზე ლოგიკურად მაინც გამოსასყიდის მოთხოვნით გატაცება მოჩანს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სადი შარიფოვი ერთხელ, 1993 წელს უკვე ჰყოლიათ გატაცებული. ასეც რომ არ იყოს, ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ყველა გატაცება, როგორც წესი, ფულის გამოძალვას უკავშირდებოდა.
ადამიანების გატაცებამ, იმიჯის დაცემის გარდა, შესაძლოა, საქართველოს გაცილებით სერიოზული პრობლემებიც შეუქმნას. საქმე ისაა, რომ ქვემო ქართლის მხარე, საიდანაც გატაცება მოხდა, უპირატესად ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული და აქვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა უნდა გაიაროს.
ბოლო პერიოდში გარდაბნის რაიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა: იმატა ყაჩაღურმა თავდასხმებმა, ძარცვამ, მკვლელობამ. განგაშის მომასწავებელი პირველი სიტყვები _ ეთნიკური ნიშნით ჩაგვრის შესახებ _ უკვე გაისმა.
ქვემოქართლელმა აზერბაიჯანელებმა საკუთარი გაჭირვების შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისს წერილობით აცნობეს. პასუხმაც არ დაახანა: ,,მილი მეჯლისი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ბედის გამო... და ასე შემდეგ”.
მართალია, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია ვერ ხედავს პირდაპირ კავშირს შარიფოვის გატაცებასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს შორის, მაგრამ ფაქტი სახეზეა: ქვემო ქართლში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დაძაბვით, პროექტის განხორციელებას სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი გამოუჩნდება...“
90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური ,,ქეისი'' ბრიტანელი ბანკირის, პიტერ შოუს გატაცება გახლავთ, რომელიც თავდაპირველად პანკისელ შოთა ჭიჭიაშვილს დაბრალდა, თუმცა მოგვიანებით ანუ ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, ჭიჭიაშვილს ეს ბრალდება მოუხსნეს.
2005 წლის 24 იანვარს ინტერნეტპორტალ ცივილ.გე-ზე გამოქვეყნებულ მოკლე ინფორმაციაში ვკითხულობთ:
,,ადამიანის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულ შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილს, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცების ბრალდება მოუხსნეს. ინფორმაცია ამის თაობაზე 24 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა.
ცოტა ხნის წინ ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ჭიჭიაშვილი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი ესპანელი ბიზნესმენის და ქართველი პარლამენტარის გატაცებაში, პიტერ შოუს გატაცებაშიც მონაწილეობდა.
,,თავდაპირველად შოთა ჭიჭიაშვილს მართლაც ედებოდა ბრალი პიტერ შოუს გატაცებაში, თუმცა მოგვიანებით ეს ბრალდება მოეხსნა“, _ განუცხადა ,,სივილ ჯორჯიას'' გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ხათუნა ცხვედაძემ 24 იანვარს.
მისი თქმით, პიტერ შოუს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, თუმცა ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ.
23 იანვარს BBC იტყობინებოდა, რომ პიტერ შოუ თავადაც გააკვირვა ქართული მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მისი გამტაცებელი დააკავეს, რადგანაც იგი თავად აპირებდა საქართველოში ჩასვლას ჩვენების მისაცემად.
,,ვცდილობ გავარკვიო, რა ხდება. მე ურთიერთობა მაქვს ჩემს საკონტაქტო პირებთან საქართველოში და იმედი მაქვს მალე გავარკვევ რა ხდება ... ყველაფერი ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება“, _ აცხადებს BBC პიტერ შოუს სიტყვებზე დაყრდნობით.
პიტერ შოუ, რომელიც საქართველოს ,,აგრობიზნესბანკის“ თანათავმჯდომარე იყო, 2002 წლის 18 ივნისს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა 7-მა პიროვნებამ მისი სახლის ეზოდან გაიტაცა. მან ტყვეობას 2002 წლის 6 ნოემბერს, ბურუსითმოცულ ვითარებაში დააღწია თავი''.
მუხთარლის საქმე
ისინი, ვინც პოლიტიკის ანა-ბანაში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ ამ სფეროში გადამწყვეტი მნიშვნელობა პარალელებს აქვს. შეიძლება, ასეცაა, მით უმეტეს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან ბევრი თუ არა, ბევრი პარალელის გავლების საშუალებას იძლევა.
ასე, მაგალითად, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ე.წ. ლუკოილის საქმეში, რომელზეც ორი წუთის წინ გესაუბრეთ და რომელიც ლამის ორი ათეული წინ წინ მოხდა, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ფიგურირებს. აზერბაიჯანის „გამოისობით“, საქართველო სკანდალში ახლაც გაეხვია _ დაახლოებით, ორი კვირის წინ, თბილისიდან აზერი ჟურნალისტი გაქრა.
საერთოდ, აფგან მუხთარლის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ეს „ქეისი“ განსჯა-განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება. ცხადია, იმას არავინ ამბობს, რომ ყველაფერი ეს ვითარებას ქვეყნის შიგნით „ააყირავებს“, მაგრამ ამის გამო დასავლეთიდან თითი უკვე დაგვიქნიეს. ვიღაცები კი ამბობენ, ევროპარლამენტარები მუხთარლის საქმეზე ქართველი ლობისტების წაფითილებით გააქტიურდნენო. ვინ იცის, იქნებ, არც უამისობაა.
ასე და ამგვარად, თუკი ამ დეტალებს შევაკოწიწებთ ანუ ადამიანთა გატაცებას, ასევე, ცალკეულ ბიზნესმენებზე ფულის გამოძალვით განხორციელებულ მუქარებს ერთ კონტექსტში განვიხილავთ, შესაძლოა, დიდი „შეთქმულება“ გავხსნათ, რომლის მთავარი მიზანიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს არასტაბილური სახელმწიფოდ წარმოჩენაა, სადაც მხოლოდ ქურდობა, ყაჩაღობა და სხვა მსგავსი კრიმინალი კი არა, ისეთი მძიმე დანაშაული ყვავის, როგორიც ადამიანებით ვაჭრობაა.
შეთქმულების ლოგიკა იმის გარკვევასაც გვკარნახობს, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ „შეთქმულების ინსცენირების“ უკან.
ამ მხრივ არჩევანი დიდი არაა და მხოლოდ ორი ვერსიის განხილვა შეიძლება.
ვერსია პირველი: რომელიმე ადგილობრივი პოლიტიკური ძალა ან ძველი დიდების დაბრუნებას ან, სულაც, რეიტინგის გაზრდას ქვეყნის იმიჯის გაცამტვერებით ცდილობს;
ვერსია მეორე: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოს 90-იანების ჭაობისკენ მიზანმიმართულად მიათრევენ.
ამ შემთხვევაში, ეჭვი რომელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურზე უნდა მივიტანოთ? X-ფაილში სხვა დროსაც გვითქვამს, რომ შეიძლება, არსებობდეს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური. შესაბამისად, იგივე კრიმინოგენული ვითარების დაძაბვის გეგმა შესაძლოა, ნებისმიერი ქვეყნის უშიშროებამ შეადგინა, მაგრამ ამ მხრივ აქცენტი ალბათ, მაინც, ჩრდილოეთელ „ძმაზე“ უნდა გავაკეთოთ, რომელიც ,,ერთმორწმუნეობის'' მიუხედავად, ორ საუკუნეზე მეტია, მორიელივით გვექცევა და შანსს არ უშვებს, სისხლი არ გამოგვწოვოს.
საერთოდ, ადამიანის შანტაჟის ან, სულაც, ფულის გამოძალვის მიზნით გატაცება მთელ მსოფლიოშია აპრობირებული, მაგრამ კრიმინალის ეს ფორმა მაინც ჩრდილოეთური, ასე ვთქვათ, „ნარატივია“. ყოველ შემთხვევაში, იგივე 90-იან წლებში ხალხის გატაცება მთელ რუსეთში იყო გავრცელებული და ჩვენმა კრიმინალებმაც ამ კუთხით „ტრენინგი“, ალბათ, სწორედ „ჩრდილოეთელ კოლეგებთან“ გაიარეს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ თავის დროზე, როგორც აღვნიშნეთ, გამტაცებლების დისლოცირების ადგილი პანკისის ხეობა იყო. მართალია, ეს საქართველოს ძირძველი მხარეა, მაგრამ დასამალი არაა, რომ ხეობაში კრემლისტებს დიდი გავლენა ჰქონდათ...
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, თუნდაც ვერსიის დონეზე რატომ უნდა დავუშვათ, რომ იგივე ე.წ. მუხთარლის ოპერაციის კვალიც ჩრდილოეთამდე მივიდეს?
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, თბილისის ცენტრიდან გატაცებულ ბიზნესმენს დაპირისპირება იმ კონკურენტთან ჰქონდა, რომლის მფლობელიც რუსეთში დაფასებული ადამიანია. სხვათა შორის, ამ ე.წ. გატაცებაზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია დომინირებს. ყოველ შემთხვევაში, ზოგი ამბობს, რომ „გატაცებას“ ადგილი არ ჰქონია და ბიზნესმენს მევალეები, უბრალოდ, კუთვნილი თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ. მართლა ასე იყო თუ არა, ამას, რასაკვირველია, გამოძიება გაარკვევს, მაგრამ შეთქმულების თეორია ბევრი ვარიაციის საშუალებას იძლევა. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცამ შესაძლოა, იფიქროს, რომ მომხდარში რაღაც ფორმით ჩრდილოეთია გარეული, თუმცა სიმართლე მხოლოდ პოლიტიკურმა ეშმაკებმა და დემონებმა უწყიან...
ასეა თუ ისე, ფაქტია: თუკი ადამიანთა გატაცება ან გატაცების მცდელობა მეტ-ნაკლებად ინტენსიურ სახეს მიიღებს, ეს საქართველოს, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია არცთუ დიდი ხნის წინ მიიღო, ევროატლანტიკურ გზაზე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. იქნებ, კრიმინალის „გააქტიურების“ მთავარი მიზანიც ესაა.
ვინ იცის...
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში