Menu
RSS

არჩევნების მაჟორიტარული სისტემის კორუფციული ხვრელები და გაპოლიტიკოსებულ ფულოსანთა X-ფაილი
სად ძველი ბერძნული მითოლოგია და სად თანამედროვე ქართული პოლიტიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა, ესე იგი, დემონებმა ინებეს, თავისი ტროას ცხენი ბედკრულ „წილხვედრსაც“ „ჰქონდეს“. ახლა, არ იკითხავთ, ჩვენი „ტროას ცხენი“ რა არის? რა, თქვენი გულისა და, არჩევნების მაჟორიტარული სისტემა. გაგეცინათ? ნება თქვენია, მაგრამ ვიდრე თქვენ იცინით, იმის გამო, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარები ისევ უნდა იყვნენ თუ არა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უფრო კონკრეტულად, უმრავლესობაში, ლამის ერთმანეთს ხოცავენ.
' რაც შეეხება მოსახლეობას, ესე იგი, ამომრჩეველს, ზოგი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, ისედაც წყალწაღებული რაიონები, დაბები, ქალაქები თუ მუნიციპალიტეტები უფრო დიდ პოლიტიკურ მორევში აღმოჩნდებიან, რამეთუ ხალხის ნაწილის რწმენით, სწორედ მაჟორიტარია უკეთესი ცხოვრების ერთადერთი გარანტი. ყოველ შემთხვევაში, მშიერმუცელა ადამიანებს სჯერათ ან, უფრო სწორად, უნდათ, სჯეროდეთ, რომ ცალკეული პერსონები გამაჟორიტარებისთის თავს მხოლოდ იმიტომ იკლავენ და ათასებს, ასიათასებსა თუ მილიონებს იმიტომ ხარჯავენ, რომ ელექტორატს უგზოობა, უწყლობა, უფულობა და ათასი სხვა ის პრობლემა მოუგვარონ, რომელიც „უ“-ზე იწყება, მაგრამ როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, იქამდე არაფერი გვეტკინოს, ვიდრე ეგ „ფულოსნები“ ჩვენს პრობლემებს მოაგვარებენ.
მოკლედ, უნდა გვყავდეს თუ არა მაჟორიტარები და რატომაა არჩევნების მაჟორიტარული სისტემა შეფარული კორუფცია? _ „ვერსია“ შეეცდება, წინამდებარე X-ფაილით სწორედ ამ მარადიულ კითხვებს უპასუხოს.
ისტორიული ექსკურსი
შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ მაჟორიტარობა წმინდა ქართული მოვლენა არაა ანუ უფრო გასაგებად რომ გითხრათ, არჩევნების ამ ფორმის საფუძველი ფრანგული სიტყვა Mაჯორიტეე გახდა, რაც იოანე ზოსიმეს, მაშასადამე, ქართულ ენაზე უმრავლესობას ნიშნავს. შესაბამისად, მაჟორიტარული სისტემის საფუძველში უმრავლესობის პრინციპი დევს _ არჩეულად ის კანდიდატი მიიჩნევა, რომელიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
მაჟორიტარული სისტემა, როგორც ინტერნეტპორტალ აურა.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, მარტივი, თუმცა ხშირად უსამართლოა, რადგან გამარჯვებული კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ხმები იკარგება.
ამავე სტატიის თანახმად, სამი სახის _ შედარებითი (ფარდობითი), აბსოლუტური და კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არსებობს.
ამონარიდი ზემოხსენებული სტატიიდან:
„შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს, არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელმაც იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე თითოეულმა მისმა მოწინააღმდეგემ ცალ-ცალკე. მაგალითად, აშშ-სა და ინგლისში მაჟორიტარობის კანდიდატს მხარი შესაძლოა, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა დაუჭიროს, მაგრამ ვინაიდან, ჯამში, თითოეულ კონკურენტზე მეტი ხმა ექნება, გამარჯვებულად ცხადდება.
ამ სისტემის დადებითი მხარე ისაა, რომ მძიმე და ძვირადღირებულ მეორე ტურს გამორიცხავს და იმ შემთხვევაში, როცა მეტოქე-კანდიდატების რაოდენობა მხოლოდ ორია, არცთუ ცუდ შედეგს იძლევა, მაგრამ თუ კანდიდატი ბევრია და ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა მათზე ნაწილდება, ამ შემთხვევაში, ეს სისტემა ამომრჩეველთა კორპუსის ნებას საფუძველშივე ეწინააღმდეგება და ამახინჯებს.
ამ სისტემის დროს, ჩვეულებრივ, არაა განსაზღვრული არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აუცილებელი მინიმუმი.
აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს, კანდიდატის ასარჩევად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიცემული ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ანუ 50-ს+1 ხმაა აუცილებელი.
ამ სისტემას, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ქვედა ზღვარი დგინდება, იგივე საფრანგეთში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მეორე ტურს ითვალისწინებს, რომლის ორი ვარიანტიც არსებობს: პირველი _ როცა განმეორებით არჩევნებში (მეორე ტური) ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომელმაც ხმათა უმრავლესობა მოიპოვა; მეორე _ მეორე ტურში ყველა ის კანდიდატი მონაწილეობს, რომელმაც კანონით დადგენილ ხმათა რაოდენობის პროცენტული ზღვარი გადალახა. ორივე შემთხვევაში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარული სარჩევნო სისტემის დროს, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა კვალიფიციურ უმრავლესობას (აბსოლუტურზე მეტი, მაგალითად 2/3, 3/4 და ა.შ), რომელიც კანონით წინასწარაა დადგენილი.
მაგალითად, ჩილეში ასეთი საარჩევნო სისტემის დროს, ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებელი ხმის მიმცემ ამომრჩეველთა კი არა, ყველა დარეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვით დგინდება.
ამ სამი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გარდა, სხვა ტიპის მაჟორიტარული სისტემებიც არსებობს, მაგალითად:
ერთადერთი გადაუცემადი ხმის სისტემა (ნახევრად პროპორციული) _ ამ დროს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს და არა _ კანდიდატთა სიას (იაპონია). შესაბამისად, არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც მოაგროვებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმებს ანუ მოქმედებს შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პრინციპი.
კუმულატიური ვოტუმის მაჟორიტარული სისტემის (Accumulatio ლათინური სიტყვაა და ქართულად დაგროვებას ნიშნავს) დროს, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, თითოეულ კანდიდატს იმდენი ხმა აქვს, რამდენი კანდიდატის არჩევაცაა საჭირო. ამასთან, ამომრჩეველს შეუძლია, საკუთარი ხმა კანდიდატებს შორის ისე გაანაწილოს, როგორც სურს. ვთქვათ, შეუძლია, ხმა ერთდროულად რამდენიმე ან მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს (ბავარია).
თუ კანონი საშუალებას იძლევა, ამომრჩეველს შეუძლია გამოიყენოს პანაშირება (Panacher ფრანგული სიტყვაა და ქარუთლად ერთმანეთში არევას ნიშავს) _ ამომრჩეველს შეუძლია, ხმა მისცეს კანდიდატებს სხვადასხვა პარტიული სიიდან ანუ ორიენტირი აიღოს და დაეყრდნოს არა ამა თუ იმ კადიდატის პარტიულ კუთვნილებას, არამედ, მის ღირსებასა და პიროვნულ თვისებებს. ამ შემთხვევაშიც შედეგი დგინდება შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პრინციპით“.
მაჟორიტარისტები და ანტიმაჟორიტარისტები
რომელი ზემოხსენებული სისტემით ტარდება საქართველოში მაჟორიტარული არჩევნები? _ ამის გასარკვევად „ვერსია“ ველოსიპედს არ გამოიგონებს და რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს შემოგთავაზებთ ISFED-ის ბლოგიდან:
„საქართველო განეკუთვნება ე.წ. შერეული სისტემის მქონე სახელმწიფოს, სადაც ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 77 (პარტიული სიების საფუძველზე წარდგენილი კანდიდატები) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის 73 წევრისგან.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მანდატების გადანაწილება ხდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 5%-ს+1 მაინც. რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ისა.
უარყოფითი მხარეები, რაც საქართველოში მოქმედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ახასიათებს:
ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხე _ თეორიულად შესაძლებელია, რომ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად გამოცხადდეს კანდიდატი, რომელმაც დააგროვა საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ზე მეტი, თუმცა მის წინააღმდეგ მიღებული ხმების ჯამი გამარჯვებულის მიერ მიღებულ ხმებზე საგრძნობლად მეტი აღმოჩნდეს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის არჩევნების მონაცემებით, ხარაგაულის საარჩევნო ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატის მიერ მიღებული ხმათა საერთო რაოდენობა 47%-მდე იყო, არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების ჯამი კი 52.16% შეადგენდა. მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე სიღნაღის საარჩევნო ოლქში, სადაც ერთ-ერთმა კანდიდატმა დააგროვა ხმათა 49,01%, თუმცა არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატთა
მიერ მიღებული ხმების ჯამი 50.98% იყო.
აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში არსებობს ხმების დაკარგვის საფრთხე, რაც ამ სისტემის ერთ-ერთ უარყოფით მხარედ უნდა განვიხილოთ. ამასთან, არსებული 30%-იანი ზღვარი, რომელიც კანდიდატებმა უნდა გადალახონ, დაბალია და ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატების მაღალი ლეგიტიმაციით არჩევას.
ამომრჩეველსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა _ რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად დარღვეულია კავშირი მაჟორიტარ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორის, რაც გამოიხატება მაჟორიტარი დეპუტატების პასიურობაში ამომრჩეველთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას მოსახლეობასთან შეხვედრები არ აქვს ან ეს იშვიათ ხასიათს ატარებს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა მხოლოდ 31%-მა იცოდა, ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. არადა, საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებულია მაჟორიტარი დეპუტატების ვალდებულებები ამომრჩეველთა წინაშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები შეხვდნენ ამომრჩევლებს და მათ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. მიუხედავად აღნიშნულისა, რეალობა ცხადყოფს, რომ მათი მხრიდან აღნიშნული ვალდებულებების შესრულება მეტწილად არაჯეროვნად ხდება.
მაჟორიტარის ინსტიტუტის არამართებული გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე _ აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს რეალობაში მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი, მისი ინტერაქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან არასწორი პრაქტიკით დაინერგა. არის შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარი კანდიდატები ცდილობენ, გავლენა მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, ხშირად საკადრო ცვლილებებშიც ერევიან და საკუთარი პოლიტიკური ნებას უხეში ფორმებით ამკვიდრებენ“.
ყოველივე ზემოთქმულის გარდა, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, თავად მაჟორიტარებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა. ასე, მაგალითად, 2015 წლის აპრილის მიწურულს, „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში _ „თავისუფალი სივრცე თქვენი პუბლიკაციებისთვის“, რომელიც, როგორც წესი, რიგით მოქალაქეებს ეთმობა ხოლმე, მერაბ ცომაიას სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ის არგუმენტებია მოყვანილი, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს „მზისა და ვარდების მხარეში“ არჩევნების მაჟორიტარული სისტემა:
„მაჟორიტარული სისტემის უპირატესობად ის მიმაჩნია, რომ ამომრჩეველი კანდიდატს ირჩევს არა პარტიული კუთვნილების, არამედ პიროვნული ღირსებების და დამსახურების მიხედვით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად მცირდება პარტიის სახელს ამოფარებული უღირსი ადამიანების მოხვედრის ალბათობა პარლამენტში, რაც საქართველოს რეალობაში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა; ეს სისტემა საშუალებას აძლევს პატარა პარტიებსა და უპარტიო კანდიდატებს, დაამარცხონ დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარტიების კანდიდატები; ხელისუფლების წყარო ხდება ამომრჩეველი და არა პოლიტიკური პარტია, რაც ნამდვილი დემოკრატიის გამოვლინებაა... საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები განპირობებულია არა თავად ამ სისტემის უვარგისობით, არამედ ქართული საზოგადოების დაბალი საარჩევნო, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურით. ვფიქრობ, ჩემი მოსაზრების
ჭეშმარიტი დასტურია აღნიშნული სისტემის წარმატებული ფუნქციონირება აშშ-სა თუ ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეებს ერთგვარად შევადარებდი იმ ყოვლად დაუსაბუთებელ და გაუმართლებელ მოთხოვნას, რომ აუცილებელია შეწყდეს ავტომობილების წარმოება იმის გამო, რომ ყოველწლიურად ავტოავარიების მსხვერპლი ხდება მილიონობით ადამიანი. ერთი სიტყვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოში მოითხოვს სათანადო ბაზის შექმნით ანუ მაღალი საარჩევნო კულტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საფუძველზე შემდგომ სრულყოფას, დახვეწას და არა გაუქმებას!“
ფუჭი დაპირება
მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში „ბნელი და უკუნი იდგა“ ანუ როცა ქვეყანას ნაცელიტა განაგებდა, მაშინდელი ოპოზიცია ლამის ვენებს იჭრიდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალ, იმ თუ არა, მეორე დღესვე მაჟორიტარებს სეკვესტრში მოვაყოლებო, მაგრამ ხომ იცით, პოლიტიკოსები „ლაყაფისტები“ არიან ანუ მხოლოდ ლაპარაკი და დაპირებების გაცემა უყვართ. აი, მაშინ კი, როცა საქმე საქმეზე მიდგება და ნათქვამი რეალობად უნდა აქციონ, სრული ან ნაწილობრივი ამნეზია ემართებათ ხოლმე და მეხსიერების აღმდგენი საშუალებები სულ ბღუჯა-ბღუჯა რომ ყლაპონ, არცთუ დიდი ხნის წინ ნათქვამს მაინც ვერ იხსენებ.
ასე მოხდა 2012 წლის არჩევნების შემდეგაც. კერძოდ, მართალია, „ოცნება“ მიშას ეპოქაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პირობას დებდა, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისე მოვიდა და წავიდა, ძველი დაპირება არც გახსენებია. მეტიც, ისეთი პირი უჩანს, მაჟორიტარული სისტემა შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც შენარჩუნდეს.
„ნეტგაზეთის“ მიერ გასული წლის დეკემბრის შუახანებში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია:
„ის, რომ მაჟორიტარული სისტემა არ არის გაუქმებული, „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის „დამსახურებაა“. მერვე მოწვევის პარლამენტში ორივე პარტიას ჰქონდა ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ხელისუფლების ვარიანტის მიხედვით, ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს უქმდებოდა, ხოლო ოპოზიციის ვარიანტით, 2016 წლის არჩევნებისთვის, თუმცა პარტიები რომელიმე ერთის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდნენ და ორივე კანონპროექტი თაროზე შემოიდო.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ცვლილებებზე მსჯელობაა საჭირო:
„ერთად დავსხდებით და განვიხილავთ. ეს იქნება ძალიან ფართო კონსენსუსის შედეგი საზოგადოებასთან და სხვა პარტიებთან ერთად. ეს არ იქნება ერთპიროვნული, ერთი გუნდის გადაწყვეტილება''.
„ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ ერთმანდატიანი მარჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. პარლამენტში მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ხოლო თუ მასზე მსჯელობა არ დაიწყება, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას“, _ მიიჩნევენ პატრიოტთა ალიანსში.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. ამავე პროექტით, ეს ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება“.
2020 წლამდე სამწელიწადნახევარია დარჩენილი. ეს დრო შეიძლება, დიდი ჩვენთვის, ადამიანებისთვისაა, თორემ პოლიტიკური ღმერთებისა და დემონებისთვის ერთი ამოსუნთქვაა. ჰოდა, 2020 წელი კარს შეიძლება, ისე მოგვადგეს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ან ვერ გაუქმდეს.
ამასთან, როგორც კულუარებიდან მიღებული ცნობები მოწმობს, მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმება „ოცნებაში“ შიდაომისა და ბატალიების საბაბი ხდება. ყოველ შემთხვევაში, ამ სისტემის გაუქმებას მხოლოდ მოქმედი მაჟორიტარები კი არა, პროპორციული სიით არჩეული ზოგიერთი დეპუტატიც ეწინააღმდეგება.
რატომ? _ ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა თუკი დროის მანქანით წარსულში ერთგვარ მინიექსკურსიას მოვაწყობთ, ყველაფერი ადვილად გასაგები გახდება და საჭირო აღარც ზედმეტი ახსნა-განმარტება იქნება.
მაჟორიტარული ბეგრაუნდი
მოგეხსენებათ, საქართველოში არჩევნები 70 წლის განმავლობაში, მაშასადამე, კომუნისტურ ეპოქაშიც ტარდებოდა, მაგრამ მაშინ ხმის მიცემის პროცედურა ჩვეულებრივი ფორმალობა იყო და მეტი არაფერი. ახლა, ბოლომდე დემოკრატიულად არჩევნები არც დღესაა, მაგრამ ახლანდელი და კომუნისტური არჩევნები ერთმანეთისგან მაინც ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.
დემოკრატიულ არჩევნებს საფუძველი კი საქართველოში მე- 20 საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა. ამ მხრივ ათვლის წერტილად შესაძლოა, 1995 წლის კენჭისყრა მივიჩნიოთ, რომელშიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ცხონებული ედუარდ შევარდნაძის მოქკავშირმა გაიმარჯვა და შესაბამისად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე მეტი მაჟორიტარი, ე.წ. პარტიული დეპუტატებისა არ იყოს, სწორედ მან გაიყვანა. აქედან დაიწყო, რაც დაიწყო _ მაჟორიტარები ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ძალად იქცნენ, რასაც ისიც მოწმობს, რომ იმ დღიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პარლამენტში მაჟორიტართა ფრაქცია არსებობდა, რომელიც თითქოს დამოუკიდებელი იყო, მაგრამ სინამდვილეში, ხელისუფლებას ემორჩილებოდა.
გარდა ამისა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაჟორიტარები უმეტესად ,,ფულოსნები'', მაშასადამე, ის ადამიანები ხდებოდნენ და ხდებიან, რომელთაც ქონება სხვადასხვა მაქინაციით დააგროვეს. ალბათ, ამიტომაც, მოსახლეობაში არსებობს შეხედულება, რომ მდიდრებს მაჟორიტარი დეპუტატობა საკუთარი ბიზნესის ლობირებისა და „კრიშობისთვის“ უნდათ.
ამ მოსაზრებას მთლად ულოგიკო არ ეთქმის. შეიძლება, ზოგს ხალხზე გული მართლაც შესტკივა, მაგრამ უბრალოდ გაუგებარია, ადამიანმა, რომელსაც წარმატებული ბიზნესი აქვს, დეპუტატობა რატომ უნდა მოისურვოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა დეპუტატს, მართალია, რიგით მოსახლეზე ათჯერ მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ თუნდაც 2000 ლარი ფუფუნებასმიჩვეულ გადეპუტატებულ ბიზნესმენს რესტორანში ერთი „ფართის“ მოსაწყობადაც არ ეყოფა?!
ჰოდა, ამიტომაც ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მაჟორიტარობა ჩვეულებრივი „სახურავია“. ეს სახურავი კი, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, „ოთუზბირი“ ღირს; ასევე, ბოროტი ენების თქმით, „ტიპს“ გამაჟორიტარება შესაძლოა, მილიონიც კი დაუჯდეს.
მოგეხსენებათ, ყველა ბიზნესმენის ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი ანუ „დელეცი“ ფულს ისე არაფერში დახარჯავს და დააბანდებს, თუკი შესაბამისი მოგების იმედი არ აქვს.
ესე იგი, რა გამოდის? რა და, „ტიპი“ მაჟორიტარობისკენ იმიტომ მიილტვის, რომ ქონება, მინიმუმ, გაიორმაგოს.
ეს „ფინანსური პოლიტიკა“ ნებისმიერი ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელია, რამეთუ მაჟორიტარები, როგორც წესი, ყურებით ჰყავს ხოლმე დაჭერილი და იმ შემთხვევაში, როცა მაგალითად, პარლამენტში რომელიმე სახელისუფლებო ინიციატივას საფრთხე დაემუქრება, ექსბიზნესმენთა კასტა „ერთ მუშტად“ იკვრება და მმართველ გუნდს განსაცდელისგან იხსნის.
ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასეთი პრაქტიკა მოქმედებდა, თუმცა როგორც „ვერსიისთვის“ ხდება ცნობილი, მე-9 მოწვევის პარლამენტში რაღაცები გადათამაშდა, რაც ნიშნავს, რომ მაჟორიტარების ნაწილი მმართველი გუნდის „დაკრულზე ცეკვას“ აღარ აპირებს და, დიდი ალბათობით, ახალ ფრაქციასაც შექმნის, რომელიც უმრავლესობის იურისდიქციიდან გავა.
ამასთან, ცნობილია, რომ „ოცნებელთა“ ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ღიად აპროტესტებს. ასე, მაგალითად, ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხრანში უმრავლესობის დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო სისტემაზე იმსჯელეს. ამაზე ცალკეულმა მედიასაშაულებებმა შემდეგი სახის „ნიუსი“ გაავრცელეს:
„პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი, ჟურნალისტებთან მუხრანში გამართულ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ დებატები ყველაზე დიდხანს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში გაიზარდა იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც მხარს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას უჭერენ და მომხრენი არიან, ქვეყანა არ გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე.
„დღეს უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს უმრავლესობაში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, ვიდრე ჰყავს პროპორციულ სისტემას მომხრეები. მაჟორიტარების წილი უფრო დიდია, ვიდრე პროპორციულის მომხრეების“, _ განაცხადა კახა ოქრიაშვილმა
„არაერთხელ განმიცხადებია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე არ იქნება სწორი, ამიტომ მხარს ვუჭერდი და ახლაც მხარს ვუჭერ, რომ დღეს არსებული შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა შენარჩუნდეს. თავიდან აზრთა მოზიარე იყო არცთუ მცირე, მაგრამ დღეს ისინი უფრო მეტნი არიან“, _ ამბობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამაც, რომელმაც თქვა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი უსამართლოა. ნუკრი ქანთარიას აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით სუსტია“.
როცა არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე, უფრო სწორად, მაჟორიტარებზე, როგორც ხელისუფლების ბეღელზე ვსაუბრობთ, გვინდა თუ არა, „ვარდების რევოლუცია“ გვახსენდება:
მოგეხსენებათ, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების მთავარი მაპროვოცირებელი არჩევნების გაყალბება გახდა ანუ მაშინდელი ოპოზიცია _ ნაციონალები და ჟვანიას გუნდი, რომელსაც ბურჯანაძეც იყო მიკედლებული, ასევე არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქუჩაში იმ საბაბით გამოვიდა, რომ შევარდნაძის გარემოცვამ ხალხის ხმები მოიპარა.
დავუშვათ, მართლაც ასე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში რევოლუციონერები მოვიდნენ, ჰოი, საოცრებავ და, მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგები გააუქმეს, მაჟორიტარებს კი „მწვანე“ აუნთეს.
ეს ბევრისთვის გაუგებარი სვლა იყო, მაგრამ პოლიტიკაში ჩახედულები იმთავითვე ყველაფერს მიხვდნენ. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ კი ყველაფერი, როგორც იტყვიან, ხელისგულზე დადო _ ისინი, ვისაც მაჟორიტარობა ლამის პროფესიად ექცა, შევარდნაძის ნავიდან სრულიად გააზრებულად და ხმაშეწყობილად, სააკაშვილის ნავში აღმოჩნდნენ.
2012 წლის არჩევნების შემდეგაც ყველაფერი ძველი სცენარით მოხდა ანუ ერთ დროს შევარდნაძისტი მაჟორიტარები, რომლებიც მთელი 9 წელი „პოლიქრონიონს“ მიშას უმღეროდნენ, თვალსა და ხელსშუა „გაქოცდნენ“ და დღეს მართლმორწმუნე „ოცნებელები“ არიან, თუმცა თუკი ნახავენ, რომ პოლიტიკური ამინდი იცვლება, ცხადია, არ გაუჭირდებათ, „პლასტინკა“ ისევ „ამოატრიალონ“ და ფეხქვეშ მას გაეგონ, ვისაც „გახელისუფლების“ რეალური შანსი გაუჩნდება.
ამ აზრს ექსპერტი გია ხუხაშვილიც იზიარებს, რომელიც ამბობს:
,,ქართველი მაჟორიტარები არიან მიგრაციული დეპუტატები, კოჰორტა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში ბარგდებიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. მათ უნდათ საკუთარი ადგილის შენარჩუნება მზის ქვეშ''.
სწორედ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ალბათ, უპრიანი იქნება, არჩევნების მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს ან, მინიმუმ, კანონში ჩაიწეროს, ,,ფულოსანს'' უფლება არ აქვს, კენჭი მაჟორიტარად იყაროსო.
ეს დეფინიცია შესაძლოა, დისკრიმინაციულად ჟღერს, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორია ნათელყოფს, რომ მაჟორიტარების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკას ისე უყურებს, როგორც მომგებიან ბიზნესს ანუ თავისი პატივცემული გვამის დეპუტატის სავარძელში ჩასვენება მხოლოდ საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის უნდა. ჰოდა, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან დეტალს _ მის აღმატებულება პირად ინტერესებს ეხება, აბა, მითხარით, მშირემუცელა ხალხი და მისი ინტერესები რა მოსატანია?
აი, ასე: ყოველივე ზემოთქმულიდან, მგონი, აზრის გამოტანა არცთუ რთულია ანუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ლაპარაკი პოლიტიკურ ძალებს მხოლოდ ხალხის გულისმოსაგებად სჭირდებათ, თორემ სინამდვილეში, ყველა დროისა და ყველა ყაიდის ხელისუფლებას მაჟორიტარები ისევე სჭირდება, როგორც თევზს წყალი.
არ გჯერათ? თქვენი ნებაა, მაგრამ ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო. ჰოდა, აგერ, 2020 წელიც მოვა და აბა, ვნახავთ, თუ მაჟორიტარობის კანდიდატები ისევ არ გვეყოლებიან!
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში