Menu
RSS

ბორითის ტრაგედიის 28-წლიანი საიდუმლო

...ზოგი „ერის სინდისს“ ეძახდა, ზოგიც „კუშტ მხედარს“, სიყრმის მეგობარმა და სულიერმა ძმამ, ზვიად გამსახურდიამ კი „ძე ქარიშხლისა“ უწოდა. დიახ, მისი ცხოვრება ნამდვილი ქარიშხალი იყო, ქარიშხალი, რომელმაც გარუსების პირას მყოფი ქვეყანა გამოაფხიზლა და დამოუკიდებლობის გემო გაახსენა. საერთოდ, დამოუკიდებლობა მისი ბედისწერა გახლდათ _ დედამიწაზე ზუსტად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოვიდა, ზეცად კი მაშინ წაბრძანდა, როცა ოცნების ასრულებამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი... ისე, ხშირად ამბობენ, რომ არა ბორითის ტრაგედია, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ჩარხი უკუღმა არ დატრიალდებოდა და მხოლოდ 1991-1992 წლების ძმათამკვლელ ომს კი არა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვასაც გადავურჩებოდითო. ახლა, ეს შეიძლება, „პოლიტიკური ქირომანტიაა“ და მეტი არაფერი, მაგრამ იმას, რაც 1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მოხდა, ჩვეულებრივ ავტოავარიას ვერ დავარქმევთ. აკი, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეროვნული მოძრაობის გამორჩეულად თვალსაჩინო ლიდერი მოკლეს! ავტოავარიის საბაბ-მიზეზი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ხბო გახდა და სწორედ ამის გათვალისწინებით, სკეპტიკოსები, ალბათ, იტყვიან, მკვლელობა რა შუაშია; რა, მკვლელობის დამგეგმავ- შემკვეთებმა პირუტყვი ისე „გაწვრთნეს“ და დაარიგეს, ბორითის ტრასაზე სწორედ მაშინ გახიდულიყო, როცა იქ „ნივა“ გამოჩნდებოდაო?! ეს არგუმენტი, ერთი შეხედვით, ულოგიკო არაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ: მართალია, სულს ღაფავდა, მაგრამ 1989 წელს, საბჭოთა კავშირი, ყოველ შემთხვევაში, მისი უშიშროების სამსახური ჯერ კიდევ „ერთმუშტად იყო შეკრული“. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ წითელმა მონსტრებმა ყველაფერი ისე მოაწყვეს, მომხდარს უბედური შემთხვევის ელფერი ჰქონოდა და არა შეკვეთილი მკვლელობის!
მოკლედ, როგორ დაიგეგმა 1989 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედია და რატომაა მერაბ კოსტავა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო? _ „ვერსია“, ტრადიციულად, პირად არქივსა და ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიის X-ფაილს ადგენს, ტრაგედიისას, რომლის საიდუმლოც 28 წელია, არ გაშიფრულა და რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია ყირაზე დააყენა!
,,კა-გე-ბეს'' გამქრალი არქივი
საერთოდ, მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არაერთი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა. საბჭოთა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ნადირობა ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე დაიწყეს და თავდაპირველად მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე მოიშორეს, მერე _ ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია... არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკური მკვლელობების გახსნა ანუ ნამდვილი შემკვეთის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია... პრინციპში, ასეცაა, რადგან ორ ათეულ წელზე მეტია, იგივე მერაბ კოსტავას გარდაცვალება ბურუსითაა მოცული... როგორ გეგმავს სპეცსამსახური მკვლელობებს? _ ეს კითხვა რამდენიმე წლის წინ სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელს დავუსვი და იქვე ჩავეკითხე, გჯერათ, რომ მერაბ კოსტავა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა-მეთქი? მახსოვს, თანამოსაუბრემ ორაზროვნად შემომხედა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, მომიგო:
„მერაბ კოსტავა ეროვნული მოძრაობის შემკვრელი და სულისჩამდგმელი იყო ანუ ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა და ასაკოვან თაობას ერთმანეთთან აკავშირებდა, ამიტომაც პირველად სწორედ მერაბი მოიცილეს.“
მერაბ კოსტავას მოცილების ვერსია მოგვიანებით ანუ მას შემდეგ უფრო გამყარდა, რაც ზვიად გამსახურდიაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ისე, მერაბისა და ზვიადის სიკვდილს შორის, შეიძლება, პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ ეს ორი ტრაგედია ერთმანეთს რაღაცით ჰგავს; ამიტომაც უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის ინტერვიუც ჩემს პირად არქივში ინახება, ბორითის ტრაგედიიდან პირდაპირ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე გადავიდა. ამასთან მახსოვს, საუბრისას რუსეთის აგენტებიც ახსენა, ლუსტრაციის კანონიც და ამ კონტექსტში ბევრი საინტერესო მინიშნება გააკეთა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გთავაზობთ სკანდალურ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:
„_ 1990 წლის მიწურულს, როცა კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა...
_ ესეც ,,კა-გე-ბეს'' გეგმა იყო... როგორ გგონიათ, საბჭოთა კავშირი ,,კა-გე-ბეს'' გარეშე დაიშალა? სხვათა შორის, გახრწნის პროცესი სწორედ საბჭოთა უშიშროებაში დაიწყო.
_ ეს როგორ?
_ როგორც კი ეროვნული მოძრაობები გააქტიურდა, ეროვნული მოტივები „კა-გე-ბეს'' თანამშრომლებშიც გაჩნდა. ამიტომ, სისტემა ისეთი მძლავრი აღარ იყო, რომ საბჭოთა კავშირის იდეოლოგია უზრუნველეყო!..
საერთოდ, საბჭოთა კავშირი ნაციონალური სახელმწიფოების ნაკრები იყო, რომლის ნაციონალური პოლიტიკაც სტალინს ებარა. სხვათა შორის, ლენინმა თავის დროზე თქვა, რუსი ბიუროკრატი ,,პადლეცია'' და ,,ნასედკაო''... მოკლედ, მართალია, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა, რომ კავშირიდან გასვლის უფლება ნებისმიერ რესპუბლიკას ჰქონდა, მაგრამ ეს კონსტიტუცია ე. წ. საბჭოთა ერების უფლებებს არ იცავდა. საბჭოთა კავშირი ძალადობრივ დიქტატურაზე დამყარებული სახელმწიფო იყო, რომლის იდეოლოგიაც სტალინის რეჟიმმა განამტკიცა. ყველაფერ ამის სულისჩამდგმელი, სამწუხაროდ, ქართველი, უფრო სწორად, ბოროტი ქართველი იყო _ იმაზე დიდი ბოროტება რაღა უნდა იყოს, რომ 1921 წელს საქართველოს მენშევიკური მთავრობა სწორედ ქართველებმა დაამხეს და რუსულ მე-11 არმიას საქართველოში შემოუძღვნენ?! სამწუხაროდ, ისტორიას ხშირად არ ვიხსენებთ...
ისიც, რაც საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, გარკვეულწილად რენეგატი ქართველების ორგანიზებული იყო... 200 წელია, რუსულ იმპერიას თავი ვერა და ვერ დავაღწიეთ...
_ თუ იცით, ე.წ. ბორითის ოპერაციაში ანუ მერაბ კოსტავას ლიკვიდაციაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა?
_ არ ვიცი, რადგან მაშინ უშიშროებაში არ ვმუშაობდი.
_ შეიძლება, მაგრამ სპეცსამსახურში არქივები ხომ დაგხვდათ?
_ არქივში ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, არ ინახება, თან არქივის დიდი ნაწილი საქართველოდან მანამ გაიტანეს, ვიდრე დამოუკიდებლობა აღდგებოდა.
_ ანუ, კომუნისტებმა თადარიგი დაიჭირეს და არქივი ხელისუფლებაში ,,მრგვალი მაგიდის'' მოსვლამდე გადამალეს?
_ დიახ, ,,მრგვალ მაგიდას'' უშიშროებაში, პრაქტიკულად, ცარიელი ადგილები დახვდა. რუსებმა, პირველ რიგში, აგენტურული და პირადი საქმეები გაიტანეს. ის მცირეოდენი კართოთეკა კი, რაც დატოვეს, მათ ხელში აღმოჩნდა, ვინც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა.
_ ვის გულისხმობთ?
_ ,,მრგვალი მაგიდის'' გარკვეულ წარმომადგენლებს.
_ კონკრეტულად?
_ ვერ დავასახელებ... ჩემი ინფორმაციით, ყველაფერ ამაზე ელიზბარ ჯაველიძემ უნდა იცოდეს... ისე, ,,კა-გე-ბე''-ს არქივები საქართველოდან ორმა ქართველმა გაიტანა, აქედან ერთი გარდაცვლილია... არქივი სმოლენსკში წაიღეს... საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება შეუძლებელი სწორედ იმიტომაა, რომ არქივი აღარ არსებობს _ თუ დოკუმენტები არ არსებობს, მხოლოდ ლუსტრაციის კანონით საბჭოთა აგენტურის გამოვლენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია...
_ ისე, ხალხში ამა თუ იმ ადამიანზე გარკვეული ეჭვი მუსირებს. მეტიც, მათი ,,კლიჩკებიც'' კი ცნობილია... მართალია, ზვიად გამსახურდია მუდმივად აგენტებზე საუბრობდა, მაგრამ მის გვერდით ,,კაგებეშნიკობაში'' არაერთი ეჭვმიტანილი იდგა...
_ ეს ადამიანები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას კი არა, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის გარშემოც იყვნენ. მაგალითად, სააკაშვილის ერთ-ერთი მრჩეველი საბჭოთა ,,კა-გე-ბეს'' ოფიციალური თანამშრომელი იყო. მეტიც, სააკაშვილის დროს სახელმწიფო კანცელარია, შს და თავდაცვის სამინისტრო სწორედ ,,კა-გე-ბეს'' ძველი კადრებით იყო უზრუნველყოფილი, რასაც ახალი აგენტებიც დაემატნენ...
რუსეთი მილიტარისტული ქვეყანაა და საბჭოთა კავშირის დროსაც კი, სამხედრო აგენტურა რესპუბლიკური უშიშროების დაქვემდებარებაში არ იყო, ამიტომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის ანუ ,,გე-რე-უს'' აგენტურის ლუსტრაცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათი გამოვლენის ერთადერთი საშუალება კომისარიატებში არსებული ,,0100'' და ,,0400 ,,კამანდაა'', სადაც ის ხალხი იყო აღრიცხული, ვისაც ,,გე-რე-უსა'' და ,,ასობი ადელთან'' ჰქონდა ურთიერთობა. საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის შემდეგ, რუსებმა კართოთეკებიც წაიღეს, თუმცა რამდენიმე კომისარიატში დოკუმენტაცია დარჩა და ჩვენმა კონტრდაზვერვამ მოიპოვა... 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც ვიცი, ნაციონალებმა მხოლოდ ეს კი არა, სხვა დოკუმენტებიც გაანადგურეს.
_ რატომ?
_ ამას ვერ გეტყვით. შეიძლება, შეეშინდათ, რომ რუსებს ეს დოკუმენტაცია ხელში არ ჩაეგდოთ, ან იმ მიზეზით გაანადგურეს, რომ ვიღაც-ვიღაცებზე ინფორმაციას არ გაეჟონა.
_ ანუ კვალი დაფარეს?
_ შეიძლება, თუმცა სხვა მიზეზიც არაა გამორიცხული.
_ მაინც რა მიზეზი?
_ ნაციონალები, როგორც ჩანს, ხელისუფლების ცვლილებას ელოდნენ და არ უნდოდათ, მათ მიერ შექმნილი არქივი სხვის ხელში აღმოჩენილიყო...
_ ,,კა-გე-ბე'' ადამიანებს როგორ ,,ავერბოვკებდა''?
_ საერთოდ, გადაბირების სამი საფუძველი არსებობს _ იდეურ-პოლიტიკური, მატერიალური და კომპრომატები. გადაბირებულ პირზე იქმნებოდა ე.წ. სამუშაო და პირადი საქმეები, რომლებიც სუკ-ის შესაბამის განყოფილებაში ინახებოდა და ,,დავერბოვკებულის'' სიკვდილის შემდეგაც არ ნადგურდებოდა. ამასთან, საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკის უშიშროების არქივი ცენტრში, ანუ მოსკოვში იყო დუბლირებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ზოგიერთმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ,,კა-გე-ბეს'' არქივების შენარჩუნება მოახერხა, რის საფუძველზეც ლუსტრაციის კანონი უპრობლემოდ მიიღო. ამ მხრივ აღსანიშნავია ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ლუსტრაციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადალახეს. ეს კი, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის უსაფრთხოების უმთავრესი, ნომერ პირველი ამოცანა იყო.
_ ლუსტრაციის კანონის არმიღებით საქართველომ რა დაკარგა?
_ რა და, საბჭოთა ,,კა-გე-ბეს'' ე.წ. ოპერატიულმა წყაროებმა ხელისუფლების ყველა ეშელონში შეაღწიეს, გავლენის აგენტები გახდნენ და რუსეთის ფედერაციის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ...
ლუსტრაციაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის რისკჯგუფები, რომლებზეც ოპერატიული მეთვალყურეობა დღესაც უნდა წარმოებდეს. ასეთი აგენტურა, შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: 1. ყოფილი საბჭოთა კავშირის სუკ-ის მესამე მთავარი სამმართველოსა (,,ასობი ადელი'') და ,,გე-რე-უს'' აგენტურული აპარატი. 2. ყოფილი საბჭოთა კავშირის სუკ-ის პირველი სამმართველოს (დაზვერვა) და ე.წ. პე-გე-უ-ს აგენტურული აპარატი, რომელიც როგორც წესი, საზღვარგარეთ საბჭოთა მოქალაქეების გამგზავრებისას გამოიყენებოდა. 3. ,,კა-გე-ბეს'' მიერ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდგომ გადაბირებულები. 4. სამეცნიერო წრეებიდან გადაბირებული აგენტურული აპარატი. 5. საბჭოთა სუკ-ის ე.წ. მე-5 სამმართველოს ანუ იდეოლოგიური კონტრდაზვერვის აგენტურული აპარატი. ამასთან, მნიშვნელოვანია საბჭოთა მენტალიტეტის მატარებელი რისკ-ჯგუფებიც _ ,,კა-გე-ბეს'' ყოფილი თანამშრომლები, პარტიული და საბჭოთა ნომენკლატურა, ე.წ. საბჭოთა ინტელიგენცია... პირველი რისკჯგუფის გამოვლენა შეუძლებელია, სხვა ჯგუფების ლუსტრირება კი, ნაწილობრივაა შესაძლებელი. ამასთან, ქართული ძალოვანი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდნენ ,,კა-გე-ბეს'' ოფიცრებისგან...
რუსეთის დღევანდელი სპეცსამსახურების, კერძოდ, იდეოლოგიური კონტრდაზვერვის ყურადღების ცენტრში მუდამ იქნება საბჭოთა მენტალიტეტის რისკჯგუფი, ანუ ე.წ. საბჭოთა ინტელიგენცია, რომლითაც საქართველოში რუსული იდეოლოგიის შენარჩუნებას ცდილობენ.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი საქართველოდან გატანილ უშიშროების არქივებს არ დააბრუნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლუსტრაციის კანონის მიღება ისტორიული აუცილებლობაა. სხვათა შორის, ლუსტრაცია ერთჯერადი აქტი არაა, ის მუდმივი პროცესია, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობაზეა დამოკიდებული...
_ ...შეიძლება, გულუბრყვილო კითხვას ვსვამ, მაგრამ იცით, ვინ დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა?
_ ეს გამოძიებამ უნდა თქვას... ამ მიმართულებით კონსტანტინე გამსახურდიამ ბევრი იშრომა, რასაც ვაფასებ. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ჩატარებულ მოკვლევის საფუძველზე, სადაც ბევრი გვარი ამოტივტივდა, სრულყოფილი გამოძიების ჩატარება შეიძლება. მაგალითად, ბატონი კონსტანტინე ვინმე ბასილაშვილს ეძებდა, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ეს პიროვნება ბასილაშვილი კი არა, ანზორ გრიგოლის-ძე ბასიაშვილია, რომელიც იგორ გიორგაძის სპეცრაზმ ,,ალფას'' უფროსის მოადგილე იყო. იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობის დროს, სპეცდანიშნულების რაზმებს ავთანდილ იოსელიანი კურირებდა. სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციას სწორედ ეს სპეცდანიშნულების რაზმი აწარმოებდა... ანზორ გრიგოლის- ძე ბასიაშვილი იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი გახლდათ...
_ ესე იგი, არ გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტს სწორედ ამ ბასიაშვილმა ესროლა?
_ დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და ეს მაშინ დადასტურდება, როცა ის პიროვნებები გამოიკვეთებიან, ვინც გამსახურდიას დევნის ოპერაციის შესახებ იცოდნენ.
_ ზვიად გამსახურდიაზე დევნის ოპერაცია ოფიციალურად ანუ წერილობით იყო გამოცხადებული?
_ ეს არ ვიცი... მაშინ სამხედრო კონტრდაზვერვაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და სენაკში გაგვაგზავნეს...
_ თქვენც პრეზიდენტის დევნის ოპერაციაში მონაწილეობდით?
_ არა, სენაკში სხვა საქმეზე ვიმყოფებოდით და სწორედ იქ შევიტყვე, რომ გამსახურდიას დევნის ოპერაციაში თბილისის სამმართველოს რეალიზაციის ჯგუფი მონაწილეობდა. სხვათა შორის, ამას წინათ, ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამაც განაცხადა. იმხანად ქალაქის სამმართველოს რეალიზაციის ჯგუფს გოჩა დანიელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მერე, შსს_ში გადაიყვანეს და მგონი, დღესაც იქ მუშაობს. გოჩა დანიელაშვილი ,,გრიცკოს'' უშუალო ხელმძღვანელი იყო...
_ გიორგი სანაიას მკვლელობისთვის გასამართლებულ ,,გრიცკოზე'' ლაპარაკობთ?
_ დიახ, დიახ...“
მკვლელი ხბო თუ საბურავი?
„გრიცკოზე“, უფრო სწორად, ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარ მკვლელობებს შორის პარალელის გავლების მცდელობა შორს წაგვიყვანს. ამიტომ, ჯობია, X-ფაილის დღევანდელ თემას დავუბრუნდეთ და შევეცადოთ, ის სისხლიანი ალგორითმი ამოვხსნათ, რასაც ბორითის ტრაგედია ჰქვია. მოკლედ, თუკი სიღრმეში წავალთ, გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები მერაბ კოსტავას იმთავითვე „გამორჩეულად“ ვერ იტანდნენ. ცხადია, „ვერსია“ იმას არ ამბობს, რომ ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებს წითელი მმართველობა ხელისგულზე ერბოკვერცხს უწვავდა, მაგრამ კომუნისტებმა მხოლოდ მერაბ კოსტავა და ირაკლი წერეთელი გააციმბირეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ როგორც ჩანს, ლენინის სულიერი შვილები იმედოვნებდნენ, რომ კოსტავა ციმბირის კლიმატს ვერ გაუძლებდა და სულს განუტევებდა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაბადებული ეროვნული გმირი სისხლისფერ დემონებს არ დანებდა და, მართალია, ჯანმრთელობაშერყეული, მაგრამ სამშობლოში მაინც დაბრუნდა. საერთოდ, ისინი, ვისაც 70-80-იანი წლების ეროვნული მოძრაობა კარგად ახსოვს, მინიმუმ, პირად საუბრებში არ მალავენ, რომ მერაბ კოსტავა კლასიკოსის ვაჟს აბალანსებდა. არადა, იმისთვის, რომ ეროვნულ მოძრაობას სახელი გასტეხოდა, ექსცენტრულობა იყო საჭირო. მაშასადამე, პოლიტიკური ღმერთები და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზები ხვდებოდნენ, რომ სანამ კოსტავა ცოცხალი იქნებოდა, მიზანი საშუალებას ვერ გაამართლებდა ანუ ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია ვერ მოხერხდებოდა. აქედან გამომდინარე, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ ის, რაც 1989 წლის 13 ოქტომბერს ბორითში მოხდა, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ამ ვერსიას, პირდაპირ თუ ირიბად, თამარ ჩხეიძეც იზიარებს. სხვათა შორის, 1989 წლის 13 ოქტომბერს, ესე იგი, ტრაგედიის დღეს, ავტომანქანას სწორედ თამარ ჩხეიძე მართავდა. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც 2013 წლით თარიღდება, ნათქვამია:
„თამარ ჩხეიძის აზრით, რაღაც ეტაპზე მერაბ კოსტავა ხელის შემშლელ ფიგურად იქცა იმ სცენარის განხორციელებისთვის, რაც დაგეგმილი იყო. სცენარი კი სწორედ ისე დაგეგმეს, რაც შემდგომში განხორციელდა _ ქართული პოლიტიკის სრულიად არასწორი მიმართულებით წარმართვა, ჩვენი ერის კონფლიქტებში ჩათრევა, ქართული საზოგადოების შიგნით სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, პროცესების არარეალისტურად წარმართვა. ამას კი განსაკუთრებით ორი ადამიანი უშლიდა ხელს _ მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე (ბორითის ტრაგედიის შედეგად, 1989 წლის დეკემბერში, ზურაბ ჭავჭავაძეც გარდაიცვალა, _ ვ.პ.).
ამასთან, თამარ ჩხეიძე ფიქრობს, რომ რა ეტაპზეც ზვიად გამსახურდიამ მათ მიერ გათვალისწინებული სცენარისთვის საკუთარი თავი ამოწურა, ისიც მოკლეს.
მართალია, მერაბ კოსტავას დაღუპვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე გამოძიების დონეზე არ არის გარკვეული, იმ ტრაგიკულ გზაზე საბურავი გამოვარდა თუ ხბომ გადაირბინა, მაგრამ თამარ ჩხეიძის თქმით, საამისო ფოტომასალაც არსებობს, რომ საეჭვო საგანი სწორედ შავი საბურავი იყო, რამაც ავარია გამოიწვია.
„სავსებით შეეძლოთ, სამუხრუჭე სისტემა ხელოვნურად გაეფუჭებინათ, რათა მანქანა ვერ შემეჩერებინა. მანამდე ჩვენ ქუთაისის ერთ-ერთ შენობაში ვიყავით შესულნი და იმ დროს ეს თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ. სხვათა შორის, მერაბი ელოდა მსგავს სცენარს იმპერიული ძალისგან, მუდმივად ჰქონდა შეგრძნება, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა, ნემსის გაკეთებასაც ამიტომ უწევდა წინააღმდეგობას. ლაპარაკის საშუალება აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას სწევდა. ზურაბ ჭავჭავაძეც თავისით არ დაიღუპა, ის უკვე გამოჯანმრთელების გზაზე იყო და სრულიად ხელოვნურად შეყარეს ჰეპატიტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სწორედ სისხლით გადადის“, _ აცხადებს თამარ ჩხეიძე.
ადამიანები დაბადების თარიღებს არ ვირჩევთ, ყველაფერი იქ, ღმერთთან წყდება. ჰოდა, ღმერთმა ინება, რომ მერაბ კოსტავა სწორედ 26 მაისს დაბადებულიყო ანუ უნდოდა თუ არა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაბადებისთანავე იყო განწირული, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ებრძოლა. არადა, პროფესიით მუსიკათმცოდნე გახლდათ, ლექსებსაც წერდა... მერაბის მშობლები _ ოლღა დემურია და ვანო კოსტავა, როგორც ქართული „ვიკიპედია“ იუწყება, კულტურული და განათლებული ოჯახებიდან იყვნენ. საქართველოს ეროვნული გმირი იმერელი კოსტავების შთამომავალი გახლდათ _ მისი წინაპრები მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში ცნობილი მეღვინეები ყოფილან. მეღვინეობას მერაბის ბაბუა, ქრისტეფორეც მისდევდა.
„მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოჯახის წევრებმა: ბებია კატო ნუცუბიძემ და ბაბუის ძმამ, იაკობ კოსტავამ, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ანტიკომუნისტურ განწყობას ღიად გამოხატავდა. იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. იაკობს ხშირად მერაბიც სტურმობდა... მერაბზე დიდი გავლენა მამის ძმამ, გრიგოლმაც მოახდინა, რომელიც ცნობილი მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო _ პირველად 1924 წლის აჯანყების დროს დააპატიმრეს, 1945 წელს კი დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასიკვდილო განაჩენი მალევე 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. გადასახლებული იყო მერაბის მამა, ვანო კოსტავაც, რომელიც 1964 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ინსულტით გარდაიცვალა. მერაბის დედა, ოლღა დემურია, 1967 წლამდე ჰიდროპროექტში დამპროექტებლად მუშაობდა. ის 2003 წელს გარდაიცვალა.
მერაბი, ძირითადად, ბებია-ბაბუასთან, ვლადიმერ დემურიასა და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა, ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო... დედისერთა მერაბი თავიდაპირველად თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში სწავლობდა, შემდეგ _ პირველში. 1946 წელს კი თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) შეიყვანეს. სწორედ ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. მეგობრების ზნეობრივ ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა კონსტანტინე გამსახურდიამ მოახდინა.
მოგვიანებით, მერაბ კოსტავა სწავლას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში იწყებს, რომელსაც 1958 წელს ამთავრებს და სწავლას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში აგრძელებს. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ერთხანს მუსიკის მასწავლებლად მუშაობს...
მერაბ კოსტავა ბოლო გადასახლებიდან 1987 წელს ბრუნდება და, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობს.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი _ დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემია... 2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ კოსტავას, რომელიც მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა“, _ ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაში“.
ისე, ჭაბუკობისას, რაკიღა ტაძარში დადიოდა, გარშემომყოფები არანორმალურად მიიჩნევდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ხმის გავრცელებაშიც საბჭოთა სუკ-ის ხელი ერია. სინამდვილეში, როგორი იყო მერაბ კოსტავა? _ გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი სტატიიდან, რომელშიც მერაბ კოსტავას ნათესავი და ამასთან, მისი მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი ციცინო მაღლაფერიძე ეროვნულ გმირზე საინტერესო და უცნობ ფაქტებს იხსენებს:
„დედაჩემი, არიადნა და მერაბის დედა, ოლღა ბიძაშვილები იყვნენ. დეიდა ოლიკო დედაჩემთან იმდენად ახლოს გახლდათ, რომ დას ეძახდა. ამიტომ, მერაბს ყველგან ისე ვიხსენიებ, როგორც დეიდაშვილს. სინამდვილეში დედაჩემის ბიძაშვილისშვილი იყო. ერთხელ ვუთხარი, ჩემი ძალიან შორეული ნათესავი გამოდიხარ-მეთქი და მომიგო, ციცი, სულიერ ნათესაობას ყოველთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე _ სისხლისმიერს, სულიერი სისხლისმიერს გადაწონისო... მერაბი უცნაურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან იმ პერიოდში გამეფებული ცხოვრების წესიდან ამოვარდნილი იყო _ გარდა იმისა, რომ ტაძარში დადიოდა, ძალიან ბევრს კითხულობდა (ძირითადად ეკლესიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურას), განსაკუთრებით, ღამის საათებში.…იმავდროულად, ძალიან უშუალო იყო.. იმჟამად სკოლაში საქართველოს ისტორია, როგორც საგანი, არ ისწავლებოდა. პირველად მერაბისგან გავიგე 100 000 მოწამის შესახებ. დარეჯან დედოფლის სასახლეც პირველად მან მაჩვენა.... საბჭოთა პერიოდში ცენზურაგავლილი ფილმები მერაბმა სრულიად სხვა კუთხით შემომიტრიალა...
მერაბისგან ერთი ასეთი გაკვეთილი მივიღე: აღდგომა დღე იყო, 1976 ან 1977 წელი. ზვიად გამსახურდიამ მანქანით ჩამოიარა, ჩავსხედით მე, მერაბი, ზვიადი და რუსთაველზე წავედით, რომ გვენახა ეკლესიებში რა ხდებოდა. ქაშვეთში ხალხი კანტი-კუნტად იყო. მოხუცი ქალბატონები გალობდნენ, ტაძარში ცოტა ხნით გავჩერდით. უცებ, 3 ახალგაზრდა შემოვიდა, იქაურობა მიათვალიერ–მოათვალიერა. მგონი, ზვიადი იცნეს. ერთ-ერთი მათგანი ღვთისმშობლის ხატთან ცინიკური გამომეტყველებით მივიდა და პირჯვარი გადაიწერა, რაზეც სამივეს სიცილი აუტყდა. ისინი კომკავშირლები იყვნენ. ეს რომ მერაბმა დაინახა, გაფითრდა; მერაბ, არ გინდა-მეთქი, – ვთხოვე, როცა შევნიშნე, რომ რაღაცის გაკეთებას აპირებდა. აბა, ერთი რამე მითხრანო, _ მომიგო, ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, დემონსტრაციულად დაიჩოქა და პირჯვარი გადაისახა. მართლა ვერაფერი უთხრეს...
მერაბს მუსიკა ძალიან უყვარდა, მაგრამ არასდროს გვისაუბრია, მუსიკოსობა რატომ აირჩია. ფორტეპიანოზე შესანიშნავად ასრულებდა შოპენის ნოქტიურნებს, მოცარტს, ბეთჰოვენს. მოგვიანებით, დეიდა ოლიკოს უსაყვედურა, რატომ არ მირჩიე ფილოლოგიურზე ჩაბარებაო, მაგრამ თავისი პროფესიით მაინც კმაყოფილი იყო. ლექსებს რომ წერდა, ვიცოდით, მაგრამ ნანახი არ მქონდა. მერაბის ლექსები პირველად მაშინ წავიკითხე, როცა ციმბირიდან რუსულ ენაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი გამოგზავნა. იქიდან წერილების გამოგზავნა ქართულად ეკრძალებოდა და ამიტომ, წერილებსაც და ლექსებსაც რუსულად წერდა. ერთ-ერთ წერილში ამბობს, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლექსს რუსულად დავწერდიო“.
ტრაგედია უგმიროდ
1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს. პატიმრობის სამი წელი მერაბმა პერმში გაატარა... გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს და, როგორც „ხულიგანი“ ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს... სწორედ ამ დროს, 1985 წელს, მერაბ კოსტავას ვაჟი, 25 წლის ირაკლი საეჭვო ვითარებაში იღუპება. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წელს თავისუფლდება. მის საქართველოში დაბრუნებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვება.
„1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, დედაენასთან დაკავშირებით ახალგაზრდობა რომ გამოვიდა, პირველად მაშინ დავინახე პლაკატი _ „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას!“ ხალხი კითხულობდა, ვინ არის მერაბ კოსტავა, რატომ თავისუფლება, დაპატიმრებულია?“ მოგვიანებით გავიგე, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ხეზე ავიდნენ და ეს პლაკატი ისე აღმართეს. 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში მერაბი თავისუფალი, ლაღი დაბრუნდა. ეტყობოდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ყველაფერ იმაზე, რაზეც მანამდეც წერდა. გარშემომყოფებს არასდროს ახვევდა ვაჟიშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს“, _ იხსენებს ციცინო მაღლაფერიძე...
სხვათა შორის, 1987 წელს, გადასახლებიდან ახლადდაბრუნებული მერაბ კოსტავას ინიციატივით, თბილისში, ახალგაზრდების ჯგუფმა 26 მაისი ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მერე, წლები რომ გავა, ციცინო მაღლაფერიძე ამ დღეს ასე გაიხსენებს: „ჯავახიშვილის #1-ში (ამჟამად, ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში 30-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მცირერიცხოვანი, მაგრამ პირველი მიტინგი ჩატარდა. ჩვენთვის ეს მაშინ სიახლე იყო. მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა. დაახლოებით, საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა, ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართულიო. ამის შემდეგ მერაბმა თქვა, სიონისკენ წავიდეთო და რუსთაველს გავუყევით, ჩვეულებრივად, ტროტუარზე მივდიოდით. მერაბს უკვე ცნობდნენ და გზადაგზა ახალგაზრდები გვიერთდებოდნენ. ლესელიძის ქუჩასთან მილიციის კორდონი დაგვხვდა, სიონისკენ ჩასვლის საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ კორდონი გავარღვიეთ და გზა გავაგრძელეთ. სიონთან ახლოს, სანაპიროზე გაჩერების საშუალება არ მოგვცეს, რადგან უკვე 500-მდე ვიყავით და იცოდნენ, რომ იქ ხალხი შემოგვემატებოდა. გვითხრეს, „ბერიკონში“ შედით და მიტინგი იქ ჩაატარეთო... იმ საღამოს სუფრა ვაჟა ადამიას სახლში გაიშალა და მერაბის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს“.
26 მაისი _ საქართველოს დამოუკიდებლობისა და საკუთარი დაბადების დღე მერაბ კოსტავამ ბოლოს 1989 წელს აღნიშნა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ დღეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მანამდე კი, მერაბს ნარიყალაზე სამფეროვანი დროშა აუტანია.
1989 წლის 26 მაისს მერაბ კოსტავა 50 წლის გახდა... იმ დღეს მერაბმა ერთი უცნაური საჩუქარი მიიღო _ ხის გადაჭრილი ტოტი, რომელზეც 50 სანთელი ენთო... იმ სანთლებთან ერთად მერაბ კოსტავას სიცოცხლეც ჩაიწვა...
და მაინც, რა მოხდა 1989 წლის 13 ოქტომბერს ბორითთან? _ ესაა კითხვა, რომელსაც პასუხი ტრაგედიიდან 28 წლის მერეც არ გასცემია... ისე, ამ 28 წლის განმავლობაში საქართველომ ათასი უბედურება გადაიტანა... რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ... სამწუხაროდ, ერთსაც არ მოსვლია აზრად, რომ ბორითის ტრაგედია ხელახლა გამოეძიებინა.
რატომ? _ ალბათ, იმიტომ, რომ ბორითის საიდუმლოს გაშიფვრა ბევრ რამეს ყირაზე დააყენებს...'
ვანო პავლიაშვილი

back to top