Menu

უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივა, უმრავლესობაში დაპირისპირების იზეზად იქცევა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს _ კახა ოქრიაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ენზელ მკოიანმა, გია ჟორჟოლიანმა, ედიშერ თოლორაიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და შოთა შალელაშვილმა პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს. მაჟორიტარი დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი, კახა ოქრიაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, გუნდის წინააღმდეგ არ წავლენ, კონსენსუსს მიაღწევენ და ეცდებიან, თავიანთი პოზიციის სისწორეში გუნდის წევრები დაარწმუნონ. იმის გასარკვევად, რა არგუმენტები აქვთ, ,,ვერსია'' რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.
მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მაჟორიტარული წესის გაუქმებას და იმედოვნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს თავად დაარწმუნებს არჩევნების არსებული წესის დატოვების აუცილებლობაში. მოსაზრებას კი, რომ საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატები თავისი ოლქების მოსახლეობის პრობლემებს პარლამენტში ადეკვატურად არ გამოხატავენ, მესტიის დეპუტატი მცდარად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ამას მოსახლეობა წყვეტს და არა ერთკაციანი პარტიები: „ასე რომ იყოს, მესამედ არ ამირჩევდ¬ნენ. სამი სკოლის გაკეთებას ვიწყებთ ახლა მესტიაში, ასევე მთის კანონის ერთ-ერთი ინიციატორი ვარ. ისე, დავუშვათ, მე ცუდი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული სისტემაა ცუდი?! ვინც მაჟორიტარული წესის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, გამოვიდნენ და მოიგონ არჩევნები! მაინტერესებს, პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატები ბოლოს როდის შეხვდნენ მესტიის მოსახლეობას?! ახლახან სვანეთში ძლიერი წვიმის გამო პრობლემა რომ შეიქმნა, მივაწოდე ინფორმაცია გზების დეპარტამენტს, რომ ღამე საშიში იყო დაზიანებული გზის გაწმენდა და საფრთხე არსებობდა. აბა, მესტიელებს ჰკითხეთ, თუ ვარ მოწყვეტილი იქაურობას?!“
ვიქტორ ჯაფარიძე გაუგებრობად მიიჩნევს ფაქტს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი გაერთიანებულია, ამიტომ მაჟორიტარი დეპუტატი აუცილებლად უნდა ჰყავდეს კუთხეს: „ავია თუ კარგი, ყველა მაჟორიტარი თავის კუთხეზე ზრუნავს და პრობლემების მოგვარებას ცდილობს. არჩევანს რატომ ართმევთ ხალხს?!დახვეწილი დემოკრატიის ქვეყანაში არ ვართ, რომ პროპორციულმა სისტემამ გაამართლოს. ჩავალ ჩემს კუთხეში, შევხვდები ხალხს და თუ მეტყვიან, მივცემ ხმას ამ ცვლილებას, თუ არა და _ არა. სვანეთში ამ სისტემის გაუქმებას ყველა ეწინააღმდეგება. დღეს დგას კრიტიკული მომენტი, როცა კუთხემ უნდა დაკარგოს თავის წარმომადგენელი!“.
დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას რამდენიმე მიზეზის გამო აკრიტიკებს: „როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არც ერთ პარტიაში არაა გაერთიანებული. თუ პარტიები ხელში ჩაიგდებენ არჩევნებში მონაწილეობის მონოპოლიურ უფლებას, უპარტიო, თავისუფალი მოქალაქეები დაკარგავენ შესაძლებლობას, ხალხის წარმომადგენლები გახდნენ. მოქალაქეები იძულებული გახდებიან, რომელიმე პარტიის იდეოლოგია გაიზიარონ, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. დღეს ჩვენ მოქალაქეს ორი თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება აქვს _ პარტიის და მაჟორიტარის არჩევის სახით, სადაც ეს უკანასკნელი პირდაპირ და უშუალო ბმაშია კონკრეტულ დასახლებებსა და იქ მცხოვრებ ამომრჩეველთან“.
ქუცნაშვილი ხაზს ანგარიშვალდებულების საკითხსაც უსვამს და განმარტავს, რომ პარტიული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი არ არის დაკავშირებული რომელიმე ტერიტორიულ ერთეულთან, ამიტომაც მისი პასუხისმგებლობის იდენტიფიცირება რომელიმე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ამომრჩევლის პრობლემასთან რთულდება. დეპუტატის თქმით კი, ყველას პერობლემაზე ზრუნვა საბოლოოდ არავის პრობლემაზე ზრუნვას ნიშნავს.
დეპუტატი მორიგ არგუმენტად საქართველოს უმთავრეს მიზანს _ დეოკუპაციასაც ასახელებს. მისი განმარტებით, კონსტიტუცია კრძალავს რეგიონული ნიშნით პარტიების შექმნას. დეოკუპაციის მიღწევის შემთხვევაშიც აფხაზეთისა და ცხინვალის მასშტაბით პარტიები ვერ შეიქმნება და აქვე სვამს კითხვას: ,,მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში როგორ მოახდენენ ჩვენი ძმები) აფხაზები და ოსები საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებაში ინტეგრირებას?“
მაჟორიტარი იმასაც აღნიშნავს, რომ პროპორციული სისტემა არჩევნების მეორე ტურს გამორიცხავს, რაც ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვებისთვის მეორე შანსს უკარგავს. მაჟორიტარული სისტემა თავისი სამართლიანი 51% ბარიერით გამორიცხავს პირველ ტურში დაბალი პროცენტით ვინმეს გამარჯვებას და ყველას აძლევს მეორე ტურში მონაწილეობით გამარჯვების მეორე შანსს.
ქუცნაშვილი განმარტავს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს, მაჟორიტარი დეპუტატები სათანადოდ არ წარმოადგენენ თავისი კუთხის პრობლემებს: „მაგალითად, ხანდოს ხეობაში შექმნილი პრობლემის შესახებ ზედმიწევნით ინფორმირებული ვარ. ხანდოლები/მთიელები არ ეწინააღმდეგებიან ამ ეროვნული მასშტაბის პროექტს და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ მთა არ ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებას. თუმცა, ადგილობრივებს რამდენიმე ობიექტური სამდურავიც აქვთ, რის შესახებაც ინფორმაციას სრულად ვფლობ და ვაწვდი ენერგეტიკის სამინისტროს“.
დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც მაჟორიტარული სისტემის მომხრეა. მიიჩნევს, რომ ღარიბ ქვეყნებში პროპორციული სისტემა არ მუშაობს: „საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს და ვის რა აწყობს, ხელისუფლებასაც ოპოზიციური სპექტრი აიძულებს, ეს გადაწყვეტილება მიიღონ. მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ და კუთხურობა გვახასიათებს, ამიტომ მომავალში ეთნიკური ნიშნით პარტიების ჩამოყალიბების რისკი არსებობს. კონსტიტუცია კი კრძალავს მსგავსი პარტიების შექმნას, მაგრამ ქაღალდზე დაწერილი ერთია, რეალობა _ მეორე“. ოქრიაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ პროპორციული სისტემა შემზღუდველია და მას ბევრი ხარვეზი აქვს: „დამოუკიდებლად, პარტიისგან წარდგენის გარეშე, ადამიანებს ეკრძალებათ არჩევნების მონაწილეობა, რაც მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას ნიშნავს. ხშირად პარტიის ლიდერი სიაში წერს არა იმ ადამიანს, ვინც ნამდვილად იმსახურებს და პოტენციურად ძლიერია, არამედ პირადი ლოიალობის ჭრილში იხილავს ამა თუ იმ კანდიდატს, ამიტომაც ვერ განვითარდა ნორმალურად ვერც ერთი პარტია საქართველოში. მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე და მიმაჩნია, კონსენსუსს მივაღწევთ იმ საკითხზე, რომ მაჟორიტარული სისტემა დავტოვოთ. იმედი მაქვს, გადავარწმუნებ უმრავლესობას“, _ აცხადებს კახა ოქრიაშვილი, რომელიც მეოთხედ არის არჩეული მაჟორიტარ დეპუტატად დმანისიდან. ფაქტი, რომ ამ წლების განმავლობაში შეუცვლელად მხოლოდ ის წარმოადგენს თავის კუთხეს, დემოკრატიულად მიაჩნია და ამის დასადასტურებლად ამერიკის სენატორი ჯონ მაკკეინი მოჰყავს: „პარლამენტში მხოლოდ ჩემი მუნიციპალიტეტების აზრს კი არა, მთელი საქართველოს მოსახლეობის განწყობას გამოვხატავ და მიმაჩნია, რომ ძალიან აქტიური პარლამენტარი ვარ!“.
კოლეგების პოზიციას იზიარებს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. განმარტავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი პირველ რიგში პასუხისმგებელია იმ ხალხის წინაშე, ვინც ხმას აძლევს მას. პროპორციული სისტემით შერჩეული დეპუტატი კი იმის წინაშე უფროა ვალდებული, ვინც იგი სიით წარადგინა. სხვათა შორის, ხუნდაძე მაჟორიტარული სისტემის ძალაში დატოვებას ქვეყნის სტაბილურობისთვისაც უმჯობესად მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ პარლამენტში უნდა არსებობდნენ დეპუტატები, ვინც ამომრჩევლის მიერ პირდაპირი წესით არიან არჩეულები, რაც პოლიტიკაში, საზოგადოების მეტ ჩართულობას განაპირობებს. მცხეთის დეპუტატი მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევას დემოკრატიის მაღალ მაჩვენებელს მიაწერს, თუმცა აქვე განმარტავს _ შესაძლებელია, პრობლემები მართლაც იყოს იმ თვალსაზრისით, რომ მაჟორიტარი დეპუტატები სათანადოდ ვერ გამოხატავენ საკუთარი მოსახლეობის პრობლემებს. გამოსავლად კი, სისტემის გაუქმება არ მიაჩნია: „სისტემა კი არ უნდა გააუქმო, უნდა გააჯანსაღო. ამისთვის, პირველ რიგში, სწორად უნდა შეირჩნენ მაჟორიტარები. პრეტენზია, რომ მაჟორიტარების ჩართულობა საკანონმდებლო საქმიანობაში დაბალია, შესაძლოა, მართალიცაა, მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს მაჟორიტარები საერთოდ არ მონაწილეობენ ამ ტიპის მუშაობაში. მაგალითად, ჩემი ავტორობით რამდენიმე ათეული კანონია მიღებული; ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მცხეთაში დიდი პროექტები უშუალოდ ჩემი ჩართულობით განხორციელდა. ათზე მეტი საბავშვო ბაღი და ოთხი სკოლა აშენდა მცხეთის რაიონში და კიდევ არაერთის დასახელება შემიძლია“. „ვერსიის“ კითხვაზე _ მიაღწევს თუ არა ხელისუფლების ძირითადი ბირთვი მასთან კონსენსუსს და „გადაიბირებენ“ თუ არა არჩევნების წესის შეცვლასთან დაკავშირებით დეპუტატს, ხუნდაძე პასუხობს, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაც დემოკრატიის მაჩვენებელია: „არ არის სწორი შეფასება, თითქოს გუნდში განხეთქილებაა. ეჭვს ის უფრო იწვევს, როცა ყველა დეპუტატი ერთსა და იმავე აზრზეა. გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, ერთიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება წინააღმდეგობრივი გუნდთან, თუმცა ვიზრუნებ, გავამყარო ჩემი არგუმენტაცია, რათა მაჟორიტარული სისტემა ამ ეტაპზე არ გაუქმდეს. საერთოდ კი გაუქმებას ვუჭერ მხარს მაშინ, როცა თვითმმართველობა გაძლიერდება და გამგებელი შეძლებს იმ ფუნქციების ბოლომდე აღებას, რასაც მას არჩევითობა ანიჭებს“.
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემით არჩევის შემთხვევაში, შეიძლება, ამომრჩეველს ხელში შერჩეს დეპუტატი, რომელსაც პიროვნულად „დაბალი ფასი“ აქვს.
თათია გოჩაძე

back to top