Menu
RSS

რეალური ბრძოლა მიწისთვის თუ სპეცსამსახურული პროვოკაცია

წლევანდელი 17 მაისი მშვიდობიანად დამთავრდა. სამაგიეროდ, აყალმაყალი საკონსტიტუციო ცვლილებების თბილისურ განხილვას მოჰყვა _ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. ამ დებოშის დროს განსაკუთრებით ახალგაზრდების ჯგუფი აქტიურობდა, რომელიც მიწების უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებდა.
მიწა კარტოფილი ან სულაც, კომბოსტო არაა, რომ ყველამ ისე გაყიდოს, როგორც მოუნდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი მუშტი-კრივით კონსენსუსი არ მიიღწევა. მეტიც, ფილარმონიაში განვითარებულმა მოვლენებმა არაპირდაპირ ნათელყო, რომ იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებს ვიღაც პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებს.
ისე, ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს „ვიღაც“ არ შეიძლება, ხელისუფლება იყოს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ვის, ვის და, სწორედ სამთავრობო გუნდს არ აწყობს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. აბა, მაშინ ვინ ცდილობს სიტუაციის ესკალაციას? ამ კითხვაზე მეტ-ნაკლებად დასაბუთებული პასუხი რომ გავცეთ, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.
პირველი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების თბილისური განხილვისას ნებისმიერს თვალში მოხვდა, ის იყო, რომ სცენაზე გიგა ბოკერია იჯდა. არადა, ვიცით, რომ ნაცმოძრაობისგან გამიჯნულმა ბოკერიას ფრთამ თავიდანვე განაცხადა, ეს განხილვა ფარსია და ჯობია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მინიმუმ, პლებისციტი ჩატარდესო. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა _ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა რატომ გადაწყვიტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების იმ სახალხო განხილვაში მიეღო მონაწილეობა, რომელიც დედაქალში იმართებოდა?
 
ახლა, „ვერსია“ იმას არ ამტკიცებს, რომ დებოშის კვალი შესაძლოა ბოკერიამდე მივიდეს, მაგრამ თავისთავად ნიშანდობლივია, რომ პროტესტანტები ყველაზე ხშირად მის გვარს ახსენებდნენ და „ოცნებას“ მიმართავდნენ, გიგა თქვენს გვერდით კი არა, ციხეში უნდა იჯდესო.
ზოგადად, ცნობილია: იმისთვის, რომ დაძაბულობა შეიქმნას, ორი მხარეა საჭირო ანუ თუ არ იქნება ობიექტი, ვისაც თავს დაესხმებიან, კონფლიქტი არ წარმოიშვება. ამ შემთხვევაშიც, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ასე მოხდა _ პროტესტანტებმა თვალი გიგა ბოკერიას მოჰკრეს და კონფლიქტიც გაჩაღდა. ადამიანები, რომლებიც პიარტექნოლოგოებსა და პოლიტიკის ქვედინებებში კარგად ერკვევიან, „ვერსიასთან“ ტეტ-ა-ტეტ საუბრისას აღნიშნავენ, რომ ნაციონალების ექსსახე საკონსტიტუციო ცვლილებების თბილისურ განხილვაზე შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით მივიდა.
იმის გაგება კი, რომ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი განხილვაში მონაწილეობას აპირებდა, რთული სულაც არ იყო _ წინა დღეს, პროტესტანტებმა სოციალურ ქსელში „დაპოსტეს“, ხვალ ქუდზე კაცი გამოვიდეთ და უცხოელებზე მიწის გაყიდვის დაკანონება არ დავუშვათო.
„მიზანმა საშუალება გამართლა, _ აღნიშნავს „ვერსიის“ კონფიდენტი და დასძენს, _ დიდი ხანია, გვესმის იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები თუ ჯგუფები არეულობის, მინიმუმ, იმიტაციას ცდილობენ. თავს ვერ დავდებ, რომ ის, რასაც ახლა ვიტყვი, ასპროცენტიანი სიმართლეა, მაგრამ პირადად მე, გამიჩნდა განცდა, რომ ახალგაზრდების გულწრფელი აღშფოთების, გნებავთ, პროტესტის გამოყენებას ვიღაც სათავისოდ ცდილობს. ეს „ვიღაც“, არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა იყოს, მაგრამ იმის ალბათობასაც ვუშვებ, რომ ყველაფერ ამით არაქართულმა უშიშროებამ ისარგებლოს.
საერთოდ, ნებისმიერმა ასეთმა მინიარეულობამ შესაძლოა, ნაპერწკლის ფუნქცია შეასრულოს და დიდი ცეცხლი გაჩაღდეს, თან ხომ ხედავთ, რომ მოსახლეობას ნერვები „აწეწილი“ აქვს _ დაპირებული სამართლიანობის აღდგენაზე რომ აღარაფერი ვთქვა, სოციალური ფონიც მძიმეა. მართალია, ქართველი შიმშილის გამო ქუჩაში არ გავა, მაგრამ როცა საქმე ისეთ სენსიტიურ თემას ეხება, როგორიც მაგალითად, მიწაა, ხალხი უკან არაფერზე დაიხევს. ზოგადად, ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ქართლის ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, მიწის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა. ამიტომაც გეუბნებით, რომ ყველაფერ იმას, რაც ფილარმონიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა, შესაძლოა, გაგრძელება ჰქონდეს, თან მაქვს გარკვეული დაუსაბუთებელი ცნობა იმის თაობაზე, რომ მიწის დაცვის საბაბით დაწყებულმა პროტესტმა შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაიწერება, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა არ შეიძლება.
დავუშვათ, ხელისუფლება ამ დათმობაზე წავიდა, მაგრამ ამის შემდეგ თავს სხვა პრობლემა იჩენს, კერძოდ, დიდი ალბათობით ინვესტიციები იკლებს. ასე რომ, ხელისუფლება, როგორც იტყვიან, ორ წყალს შუაა“, _ ამბობს „ვერსიის“ კონფიდენტი, რომელიც ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ანუ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ,,სტუმრობას'' იხსენებს და მიანიშნებს, რომ მოსახლეობის ე.წ. ლიბერალური სეგმენტისთვის ამ სტუმრობამ შესაძლოა, ,,წითელი ნაჭრის'' ფუნქცია შეასრულოს.
,,მოდით, შევთანხმდეთ, რომ ლიბერალები მიწის უცხოელებზე მიყიდვაში პრობლემას ვერ ხედავენ, შესაბამისად, მათი ამ მიზეზით ქუჩაში გამოსვლა წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ,,ლიბერალები'', რომლებიც ავტომატურად პროდასავლურებიც არიან, ოკუპაციის კანონის დარღვევას არ მოითმენენ და არც იმას შეეგუებიან, რომ რუსული პოლიტიკური ელიტის ძველი თუ ახალი სახეები საქართველოს ხანგამოშვებით ესტუმრონ.
მოკლედ, ყველაფერ ამით იმის თქმა მინდა, რომ თითქმის არ არსებობს ფენა, რომელიც რამეს არ აპროტესტებს. ჰოდა, თუ ქუჩის გამოსვლები დაიწყება, უკვე ძნელი იქნება იმის გარჩევა, ვინ რატომ გავიდა აქციაზე.
საერთოდ, რეკომენდაციების გაცემა ყველაზე უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, მგონია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებიც თავიანთ განცხადებებში შედარებით მოზომილები უნდა იყვნენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართველებს ერთი ბრძნული გამონათქვამი გვაქვს, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა ყველასა თქმა უნდაო?! კი ბატონო, ბუნებით კომუნისტი შეიძლება, ბევრია და ბევრიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირი რომ ხარ, ცოტა მეტი დიპლომატია უნდა გამოიჩინო და ხალხის თუნდაც მცირე ნაწილის გაღიზიანებას მოერიდო'', _ აღნიშნავს ,,ვერსიის'' კონფიდენტი.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, დიპლომატიის გამოჩენა მხოლოდ ჩინოსნებს კი არა, რიგით ადამიანებსა და იგივე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც გვმართებს, რადგან ქვეყნის განვითარებასა და ბედზე პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება, თორემ 90-იან წლებში, როცა პასუხისმგებლობისგან ,,გავთავისუფლდით'' და პროცესები ,,თვითდინებაზე'' მივუშვით, გვახსოვს, რაც დაგვემართა _ რუსთაველი გადავწვით და მთელი ქვეყანა ძმათა სასაკლაოდ ვაქციეთ.
მოკლედ, ,,ვერსიის'' კონფიდენტის სიტყვებით რომ ვთქ¬ვათ, ახლაც ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და ეს ,,ხიდი'' ისე უნდა გავიაროთ, რომ მსოფლიომ აღარ გვითხრას, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო. კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, ცხადია, კარგია, მაგრამ ვინძლო, ისე არ ვქნათ, რომ ეს კამათი ისევ ურთიერთდაპირისპირებასა და ცემა-ტყეპაში გადავზარდოთ.
ბოლოს და ბოლოს, ეს ქვეყანა, ქალბატონებო და ბატონებო, თითოეული ჩვენგანისაა, პატრიოტიზმში ჩემპიონატ-მარათონის გამართვა კი, მინიმუმ, უხერხულია!
ნინო დოლიძე

back to top