Menu

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილ მერ იური ლუჟკოვს ე.წ. შავ სიაში შეიყვანენ და საქართველოში ვეღარ შემოვა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ლუჟკოვმა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად, საქართველოში 5-დღიანი ,,პრაგულკა'' მოიწყო; ბუნებით, ქართული სამზარეულოთი დატკბა, სხვადასხვა ადგილი მოინახულა, მერე ქანდაში 13 ასურელი მამის ეკლესია მოილოცა, ჩვენ მოქალაქეებთან, მათ შორის ქანდის არქიმანდრიტ სერაფიმესთან მეგობრულ-მხიარული სელფები გადაიღო და ინტერნეტშიც ატვირთა. საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის ,,ტურისტულ ვიზიტს'' დიდი აჟიოტაჟი მოყვა. მიზეზი მარტივია _ მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას მხარი დაუჭირა; მეტიც, თავად მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ეღიარებინა, შემდეგ კი, ამ ტერიტორიებს, ოფიციალურ თბილისთან შეუთანხმებლად, არაერთხელ სტუმრობდა. მხოლოდ ეს როდი იკმარა საქართველოში ჩამოსულმა ლუჟკოვმა _ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაგვახია თავზე, იმ გმირების ხსოვნა შეგვიბღალა, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაიღუპა, ვინც დამოუკიდებლობის მოპოვებას თავი შეწირა; გვითხრა _ აფხაზეთი და სამაჩაბლო სულ სხვა ქვეყნებია, იქ სხვა ხალხია, საქართველო კი, ამ ტერიტორიების ჩამოშორების შემდეგ, ბევრად უკეთ იგრძნობს თავსო. ჰოდა რა გასაკვირია, ლუჟკოვის უტიფარ განცხადებებსა და საქართველოში გამოჩენას აჟიოტაჟი რომ მოჰყვა, თუმცა მე თუ მკითხავთ, რეაქცია ცოტა დაგვიანებული იყო. ზოგადად, ქართველებს გვიყვარს პოსტფაქტუმ რეაგირება. თავში ხელის მაშინ წაშენა, როცა მაღაროელები უკვე დაღუპულები არიან, როცა სიცივისგან მოხუცები ქუჩაში გაიყინნენ, როცა ქუჩის ბავშვები ქურდებად და ნარკომანებად იქცნენ, როცა სოციალურად დაუცველებს შიმშილით შვილი დაეღუპათ, როცა გამყოფ ხაზთან ე.წ. საზღვარი უკვე გადმოწეულია, როცა აფხაზეთში ქართული ენის სწავლება და ქართულად სიტყვის წარმოთქმაც კი აკრძალულია... ლუჟკოვის ჩამოსვლაზე აჟიოტაჟიც იმიტომაა დაგვიანებული, რომ მას საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, მაშინაც კი, როცა სოხუმში ამაყად აცხადებდა _ აფხაზეთი საქართველო არაა! რუსეთის იმედი გქონდეთო. დიახ, მოსკოვის ყოფილ მერს, ჩვენს ქვეყანაში საცეცები ჰქონდა, აქვს და ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც ექნება მიუხედავად იმისა, ,,შავ სიაში'' შევიყვანთ, პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადებთ თუ მტერსა და მოღალატეს ვუწოდებთ. ვინ არის სინამდვილეში იური მიხაილოვიჩ ლუჟკოვი, რა კონტაქტები და კომერციული გეგმები აქვს საქართველოში, რა ქონებას ფლობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აკრძალვის მიუხედავად, რა მიზნით აპირებს საქართველოში სექტემბერში ჩამოსვლას? _ ,,ვერსია'' მოსკოვის ყოფილი მერის სკანდალურ X-ფაილს გთავაზობთ.
ელცინის სიყვარულიდან პუტინის სიყვარულამდე
იური მიხეილის-ძე ლუჟკოვი მოსკოვში, 1936 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. ოჯახს ძალიან უჭირდა. მშობლები დღე და ღამ მუშაობდნენ. იური კონოტოპში, ბებიასთან გაგზავნეს, სადაც პირველი შვიდი კლასიც დაამთავრა და მოსკოვDAში 1953 წელს დაბრუნდა. გუბკინის სახელობის ინსტიტუტში ჩაირიცხა. ამ პერიოდში, მომავალი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პერიოდულად მეეზოვეობასა და რკინიგზის ვაგზალზე მტვირთავობას ითავსებდა.
აქტიური კომკავშირელი, მალე კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი, დიპლომის მიღებისთანავე კი, პლასტმასის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი გახდა, სადაც სხვადასხვა დროს ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილისა და ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციებსაც იკავებდა. 1964 წელს ქიმიკატების მართვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. 1971 წელს საბჭოთა კავშირის მრეწველობის სამინისტროს ქიმიის განყოფილების უფროსის სავარძელში მოკალათდა. 1974 წელს ქიმიური ,,ავტომატიკის'' ქვეგანყოფილების დირექტორი გახლდათ. 1975 წელს ბაბუშკინის რაიონიდან დეპუტატი გახდა. 1980 წელს _ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქიმავტომატიკის'' დირექტორი. 1986 წელს მრეწველობის სამინისტროს ქიმიური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 1987 წელს, მოსკოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. 1987-1990 წლებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ. ყოველთვის ბორის ელცინს უჭერდა მხარს, მაშინაც კი, როცა ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისი დაიწყო. ,,ელცინი მიყვარს ისე, როგორც სამშობლო, პარტია და ცოლი'' _ ლუჟკოვის ეს ცნობილი ფრაზა თავდაყირა მაშინ დადგა, როცა 1999 წელს ევგენი პრიმაკოვთან ერთად სათავეში ჩაუდგა პარტიას ,,როდინა'' და ყველასთვის მოულოდნელად, მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკა დაიწყო. მეტიც, განაცხადა, რომ ამ ადამიანმა რუსეთს ბევრი უბედურება, დიდი ზიანი მოუტანა და ელცინს გადადგომისკენაც მოუწოდა.
2001 წელს აირჩიეს პარტია ,,ედინნაია როსიას'' თანათავმჯდომარედ და ამის შემდეგ, მთელ მის მოღვაწეობას ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გასდევს ლაიტმოტივად.
,,მერია ცოცხალია''
,,ლუჟკოს'' (ეს მეტსახელი მას ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს შეარქვეს) სავიზიტო ბარათი მისი კეპია, რომლის გამოც მას ,,კეპკიან მერსაც'' უწოდებდნენ. ცნობილია ასევე მისი ინტერესი ჩოგბურთისადმი _ დედაქალაქის ერთ-ერთ სკვერში, ,,ტენისისტი მერის'' ქანდაკებაც დგას.
მოსკოვის მერის თანამდებობაზე, ელცინის ბრძანებით 1992 წელს დაინიშნა, შემდეგ მერად კიდევ 3-ჯერ აირჩიეს _ 1996, 1999 და 2003 წელს. კრემლთან დაახლოებული პირი, რუსეთის დედაქალაქს 18 წელი მართავდა. ,,მერია უკვდავია'' _ ამ ფრაზას ამ პერიოდის განმავლობაში, რუსი ჟურნალისტები ხშირად ახსენებდნენ.
ლუჟკოვს, როგორც მერს, არაერთგვაროვნად ახასიათებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ მის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად: გაიზარდა მეგაპოლისის სავაჭრო მოცულობა; სასტუმრო კომპლექსების რაოდენობა; აღდგა მრეწველობა; სამშენებლო და მცირე ბიზნესი განვითარდა; გაიხსნა სოციალურად დაუცველების დეპარტამენტი; ამოქმედდა პროგრამა ,,სოციალური იპოთეკა'', რომლის საშუალებითაც ბევრმა ღარიბმა შეძლო ბინის შეძენა; საბიუჯეტო ხარჯებით სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი კორპუსები დაემატა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა; მოხდა მაცხოვრისა და ყაზანის ტაძრების, იბერიული კარიბჭის რესტავრაცია.
მედლის მეორე მხარე უფრო მოცულობითი და მუქფერია _ ლუჟკოვის გამერებიდან 3 თვის თავზე, რუსული პრესა წერდა, რომ ბანდიტური მოსკოვი მიიღეს. წლების შემდეგ კი, 2008 წლის ბოლოს, მკვლელობების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე საშიში ქალაქების FორეიგნPოლიცყ-ის რეიტინგში, კარაკასოსთან, კეიპტაუნთან, ახალ ორლეანსა და პორტ-მორსბისთან ერთად მოსკოვიც მოხვდა.
არც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრიივი ხარჯვა, თანამდებობის ბოტორად გამოყენება და ბიზნესების ლობირება ყოფილა მოსკოვის ,,უცვლელი'' მერისთვის უცხო. კორუფცია კი, მისი მერობის პერიოდში, რომ იტყვიან, აყვავდა. შედეგად, 2007 წელს, გამოკითხვამ აჩვენა _ 34 ათასი მოსკოველიდან 42% აღიარებდა, რომ ჩინოვნიკისთვის ქრთამი ჰქონდა მიცემული. მოსკოვი მაშინ ქვეყნის ყველაზე კორუფციულ ქალაქად დასახელდა. ლუჟკოვმაც არ დააყოვნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭო შექმნა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში და რომელიც, ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან ,,ლუჟკოვი თავად იყო კორუფციის სათავე''.
ყველაზე მასშტაბური კრიტიკის ქარცეცხლში, 2010 წლის სექტემბერში გაეხვია, როცა ცისფერ ეკრანებზე ერთმანეთის მიყოლებით გავიდა ფილმები: ,,საქმე კეპკაში'' და ,,ბეზპრედელი. მოსკოვი _ რომელიც დავკარგეთ''. ფილმები კორუფციის კატასტროფულად გაზრდილ მაჩვენებელსა და ლუჟკოვის ოჯახის წევრების დაუჯერებლად სწრაფ გამდიდრებას ეხებოდა. მერი ეცადა, ნეგატივის ტალღა ჩაეხშო და სერგეი ნარიშკინის ხელით პირადი წერილი-მიმართვაც კი გაუგზავნა მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, მაგრამ პასუხი მწარე იყო: მედვედევმა ბრძანება გამოსცა, რომლის საფუძველზეც, ლუჟკოვი თანამდებობიდან გადააყენეს არგუმენტით: ,,ნდობის დაკარგვის გამო''.
გათავისუფლების შემდეგ, ერთბაშად დაკარგა ყველაფერი _ თანამდებობა, სტატუსი, ბიზნესაქტივების ნაწილი და იძულებული გახდა, პოლიტიკური თავშესაფარი საზღვარგარეთ ეძებნა. მთელი ქონება ლონდონში გადაიტანა და ოჯახის წევრებიც წაიყვანა. მოგვიანებით, ფერმერული საქმიანობა დაიწყო კალინინგრადის ოლქში. ,,დაღმასვლის დასასრული'' კი, 2016 წლის 21 სექტემბერს დადგა, როცა ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ლუჟკოვს გადაეცა ორდენი ,,სამშობლოს წინაშე წვლილისთვის''. თავად ექსმერის შეფასებით, 80 წლის იუბილეზე, ეს ნამდვილი საჩუქარი იყო. მაშინ ითქვა, რომ ლუჟკოვმა კრემლთან ურთიერთობების დალაგება მოახერხა, თუმცა... პუტინის სრული ნდობა ვერ მოიპოვა. მეტიც, ექსპერტები ამბობდნენ, რომ ის პუტინის კულისებსმიღმა ინტრიგებს შეეწირა, რადგან ვლადიმერ ვლადიმერის ძეზეც მოქმედებდა კომპრომატები, რომლებსაც ლუჟკოვს რუსული (და არა მარტო) მედია ხშირად უფრიალებდა. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ყველაზე მეტად პუტინი ლუჟკოვზე 2008 წელს განრისხდა, როცა ერთ-ერთ ჟურნალში ალექსანდრე ლებედევის ინტერვიუ დაიბეჭდა. ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის კითხვაზე, ვის შეიძლება გაევრცელებინა ჭორი პუტინის პირადი ცხოვრების, ოჯახის სავარაუდო დანგრევისა და ალინა კაბაევასთან სასიყვარულო კავშირის შესახებ, ლებედევმა უპასუხა _ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ი. მ. ლუჟკოვი. მაშინ ლუჟკოვმა ლებედევს სასამართლოშიც უჩივლა და პროცესი მოიგო, თუმცა ეს არავის გაკვირვებია _ ,,მაფიოზი მერი'', ზოგადად სასამართლო პროცესების მოგებაში, ნამდვილი ჩემპიონია. მან სხვადასხვა დროს, არაერთხელ მოუგო პროცესი სხვადასხვა გამოცემებსაც, რომლებიც მის ქონებაზე სტატიებს აქვეყნებდნენ. ამიტომაც ამბობდნენ რუსულ პოლიტიკურ კულუარებში, მერს სასამართლო ჯიბეში უზისო.
საბოლოოდ, მისი მერობის ყველაზე გავრცელებული შეფასება ასეთია: ,,მან დაამყარა ქალაქში ,,განსაკუთრებული წესრიგი''. წესრიგი, რომლის დამსახურებითაც, მდიდრები უფრო მდიდრულად ცხოვრობდნენ, ღარიბები კი უფრო გაღარიბდნენ. წესრიგი, რომლის დროსაც, არავის შეუძლია ობიექტურად განსაზღვროს მერის ქონების, წილებისა და ზოგადად, ფინანსური შესაძლებლობების ჭეშმარიტი მასშტაბი''.
ამბობენ, რომ მას პრეზიდენტობის ამბიციაც ჰქონდა, მაგრამ სურვილი მაშინ დასამარდა, როცა ელცინის გადადგომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ პირველი პირის სავარძელში პუტინი მოკალათდებოდა. აი, პუტინს კი ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა, ,,რატომ არ აღძრავენ საქმეს ლუჟკოვის წინააღმდეგ? ,,ჯერ ადრეა... და თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ მასზე არაფერია? _ საპასუხო კითხვით მიანიშნა პუტინმა, რომ ლუჟკოვის წინააღმდეგ კრემლს არაერთი ხელჩასაჭიდი კომპრომატი ჰქონდა, რომელსაც მაშინ გამოიყენებდნენ, თუ ის მითითებებს აღარ შეასრულებდა და ამის დრო დადგებოდა.
ბატურინა _ ლუჟკოვის მთავარი კომპრომატი
მედიაში ლუჟკოვის ერთ-ერთ ,,ლაით'' კომპრომატად, წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის გაყალბებას ასახელებენ _ ამბობენ, რომ ებრაელია, მისი ნამდვილი სახელი და გვარი მოიშა კაცია და მალავს. ლუჟკოვი და მისი ნათესავები ამ ინფორმაციაზე ხან ცხარობენ, ხან ხალისობენ, ყოველ შემთხვევაში, მის ოჯახს ეს ,,ჭორი'' კომპრომატად არ მიაჩნია.
პირველი ცოლი ალევტინა ლუჟკოვა, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიცნო. საერთო შვილები არ ჰყავთ. თავად ქორწინებაც ხანმოკლე იყო. მეორე ცოლს, მარინა ბაშილოვას, უნივერსიტეტში შეხვდა. ის ღვინის მეწარმის, მიხაილ ბაშილოვის შვილი გახლდათ. მეგობრებს უკვირდათ, როცა მდიდარი ოჯახის შვილმა არჩევანი იურაზე შეაჩერა, მაგრამ ამბობდნენ, რომ მათ ერთმანეთი გულწრფელად უყვარდათ. გულწრფელი სიყვარულის გარდა, ლუჟკოვმა ბაშილოვასგან უზრუნველყოფილი მომავალი, კარიერაც მიიღო და მთავარი სიმდიდრეც _ ვაჟები, ალექსანდრე და მიხეილი. ბიზნესით იყო დაკავებული თავად ქალბატონი მარინაც, რომელიც ,,ფორბსის'' წარმატებული და მდიდარი ქალების რეიტინგის სათავეშიც არაერთხელ მოექცა. სამწუხაროდ, ბაშილოვა 54 წლის ასაკში ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, ლუჟკოვმა კი ცხოვრება განაგრძო და 1991 წელს ელენა ბატურინაზე იქორწინა. ამ უკანასკნელთან ორი ქალიშვილი ჰყავს: ელენა და ოლგა.
ელენა ბატურინა, რომელიც ქმრის საქმიანი პარტნიორიც გახდა, ლუჟკოვის ,,მთავარ კომპრომატად'' დიდი ხნის წინ მონათლეს. ყველა იმ ქონებისა და ბიზნესის დიდი ნაწილი, რომელსაც ლუჟკოვი კანონიერად თუ ,,შემოვლითი გზით'' იგდებდა ხელთ, ბატურინაზე ფორმდებოდა.
ბატურინა, ძმასთან ერთად ,,ინტეკოს'' თანამფლობელია, რომლის კონტროლის ქვეშაა მოსკოვის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მის საკუთრებაშია ასევე რამდენიმე ფირმა, მათ შორის სამშენებლო კომპანიები. ის ფლობს ბინებს მოს
კოვში, მიწის ნაკვეთებს კურსკის ოლქში, 6 ძვირადღირებულ ავტომობილს. მათ შორის, ისეთი იშვიათი გამოშვებაცაა, როგორიცაა 1934 წლის ტალბოტ-95. ყოფილი მერი ,,უფაორგსინთეზის'' დირექტორთა საბჭოს წევრია, რომელმაც 2013 წელს, ,,ვეედერნის'' (წიწიბურასა და სოკოს მწარმოებელი კომპანია) 87%-იანი აქციებიც შეიძინა. 2004 წლის მაისში ჟურნალმა ,,ფორბსი'' ბატურინას ქონება 1,1 მილიარდ დოლარად შეაფასა და ყველაზე მდიდარი რუსების სიაში 35 ადგილი მიაკუთვნა.
2002 წელს ლუჟკოვის წლიური შემოსავალი 9 მილიონ 148 ათას 150 რუბლი იყო. მის საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი კალუჟსკის ოლქში საცხოვრებელი სახლით, ასევე ავტომობილი გაზ-69 და მისაბმელი. 2007 წლის დეკლარაციაში ლუჟკოვს მითითებული ჰქონდა მიწის ოთხი ნაკვეთი კალუჟსკის ოლქში. ასევე, ამავე ოლქში საცხოვრებელი სახლი 62 კვ.მ და 150 კვ.მ ბინა მოსკოვში. ანგარიშზე ჰქონდა 31 მილიონი რუბლი, გარდა ამისა, იყო ,,ნორნიკელის'', ,,ლუკოილის'', ,,რაო ეს რუსეთის'', ,,გაზპრომის'', ,,ტატნეფტისა'' და ,,სბერბანკის'' აქციების მფლობელი. მის საკუთრებაშია ასევე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი მოსკოვში და ბინა ელიტურ უბანში, სადაც კვ/ მეტრის ღირებულება 6000 დოლარს აღემატება.
2008 წლის თებერვალში ჟურნალმა ,,ფინანსი'' გამოაქვეყნა მილიარდერების მომდევნო რეიტინგი, სადაც ბატურინა რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალად დასახელდა. გამოცემის მტკიცებით, მისი ქონება, ერთ წელში, 6 მილიარდი დოლარიდან, 7 მიალიარდამდე გაიზარდა. 2009 წელს ,,ფორბსის'' ინფორმაციით, მერის ცოლმა რუსეთსა და უკრაინაში პროექტების ნაწილი ,,გაყინა''. ამავე წელს, ბატურინამ ისევ გამოაქვეყნა შემოსავლები, რომელთა მიხედვით, ოჯახის ქონება 7 მილიარდი დოლარი იყო, რაც მერის შემოსავლებს, 1183-ჯერ აღემატებოდა.
უცხოური მედიის მტკიცებით, ლუჟკოვს ქონება აქვს საზღვარგარეთაც. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მისი ოჯახი ფლობს ბინებს ლონდონში, მათგან ერთ-ერთი, 90-ოთახიანი, ბუკინგემის სასახლის მერე, მეორე ადგილზეა. ,,დეილიმეილის'' მტკიცებით, ეს სახლი, მოსკოვის ყოფილმა მერმა 2008 წელს 100 მილიონ დოლარად შეიძინა. მის ქონებაზე პერიოდულად წერდნენ გერმანელი ჟურნალისტებიც. ჯერ კიდევ 1999 წელს, ლუჟკოვმა განაცხადა, რომ უჩივლებდა გერმანულ გაზეთ ,,ბილდის'' რომელიც ამტკიცებდა, რომ მას გერმანიაში ქონებაც ჰქონდა და ერთ-ერთი ვიზიტისას, 150 000 გერმანულ მარკად, იშვიათი ჯიშის ცხენები იყიდა.
ეს ლუჟკოვი-ბატურინას ქონების არასრული და ალბათ ძალიან მწირი ჩამონათვალია. რეალურად რას ფლობენ ისინი, ამბობენ, რომ მხოლოდ მათ და სპეცსამსახურებმა იციან. ამბობენ იმასაც, რომ ქონების მოხვეჭისა და კეთილდღეობისთვის, ლუჟკოვი-ბატურინა ყველაფერზე მიდიოდნენ, მათ შორის ახლობელი ადამიანების გაწირვაზეც. ამის მაგალითი, ლუჟკოვის ბავშვობის მეგობრის, ამჟამად კი მისი დაუძინებელი მტრის ,,საქმეა'' _ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი იური გეხტი ისრაელში უბრალო პენსიონერი და ინტეროპილის მიერ ძებნილი, სწორედ ბატურინას ინტრიგების გამოა. იყო დრო, ის მათ ოჯახის წევრად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით მათი ბიზნესინტერესები გადაიკვეთა _ ელენამ მოსკოვის ცენტრში ის ტერიტორია მოინდომა, სადაც გეხტი სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა და დიდი ინვესტიციაც უკვე ჩადებული ჰქონდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გეხტის მტკიცებით, მის წინააღმდეგ საქმე შეიკერა _ ბატურინას ორგანიზებით, ადამიანის გატაცება დაიგეგმა, რომელიც ლუჟკოვის მეგობარს შეტენეს და ისიც იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეყულიყო. რა თქმა უნდა _ ქონება დაათმობინეს. ისრაელში მყოფი გეხტი მისი საქმის დეტალებზე ხშირადაც საუბრობდა და ზოგადად ბატურინა-ლუჟკოვის ურთიერთობის დეტალებსაც ამხელდა. ამბობდა, რომ ცოლი ლუჟკოვს პარტნიორების თანდასწრებით ლანძღავდა, მათ თვალწინ ჩუსტითაც უცემია, ოფიციალურ შეხვედრებზეც არცხვენდა, ბრიტანეთის დედოფალთან ვიზიტისას კი, როცა დაგვიანებით მოსულს ლუჟკოვმა დელეგაციის თანდასწრებით უთხრა, ლენა, სად ხარ, დედოფალი გველოდებაო, უხეშად უპასუხა, არა უშავს, დამელოდოსო. ბოლოს კი, ვახშამზე შესვლა საერთოდ გადაიფიქრა. ,,ასეთ კორუფციონერ და ყველაფრის მკადრებელ კაცად, იური ბატურინამ აქცია'', _ ასეთია ლუჟკოვის ბავშვობის მეგობრის შეფასება.
საცეცები საქართველოში და ლუჟკოვის ორჯონიკიძე
,,ვერავინ დამიშლის, დავტკბე ჩემი საყვარელი საქართველოთი. მე თბილისის საპატიო მოქალაქე ვარ, რადგან თბილისის ომის შემდეგ, #1 სკოლა აღვადგინე. ქართველებს ვუყვარვარ. აქ ჩამოსვლას სექტემბერში ვაპირებ. მეგობარი მეპატიჟება შვილიშვილის ქორწილში. ოჯახის წევრებს მინდა ვაჩვენო, როგორია ნამდვილი ქართული ქორწილი. იქნებ დაბადების დღეც აქ გადავიხადო'', _ ეს განცხადება ლუჟკოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება მის შავ სიაში შეყვანას აპირებდა. ვისი შვილიშვილის ქორწილშია მოპატიჟებული, ჯერ უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია მისი რამდენიმე ქართველი მეგობრის ვინაობა. მათგან ყველაზე ახლობელი ასლან აბაშიძეა, რომელსაც ლუჟკოვი, ,,აჭარის რევოლუციის'' დროს გვერდით დაუდგა _ ბათუმში მოულოდნელად ჩამოვიდა და განაცხადა, ვითარება თბილისიდან მიზანმიმართულად იძაბება, აჭარის ლიდერი არაფერ შუაშიაო. ისიც დააყოლა, საქართველოს საქმეებში კი არ ვერევი, უბრალოდ, აბაშიძის უახლოესი ადამიანი ვარო. მოგვიანებით, სწორედ ის დახვდა გაქცეულ აბაშიძესა და მის შვილს, ,,ვნუკოვოს'' აეროპორტში.
2004 წლის 17 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ლუჟკოვის ინიციატივას საქართველოსა და აჭარის (?!) ხელისუფლებებს შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ლავროვის თქმით, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, ლუჟკოვი მიეღო და ამაზე თანხმობა მიიღო (?!).
კიდევ ერთი მეგობარი, იოსებ ორჯონიკიძეა, რომელიც მერობის დროს მისი მოადგილე გახლდათ. სოსო ორჯონიკიძის სახელი მოსკოვში ბავშვმაც იცის. ამბობენ, რომ ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია, თუმცა მისი რეალური ქონების შესახებ ცოტამ თუ იცის. რუსული პრესა მას ოფიციალურ მილიონერებს შორის ასახელებს, ქართულმა მედიამ კი რამდენიმე წლის წინ მისი ქონება 1 მილიარდ დოლარად შეაფასა. ორჯონიკიძის ქონება ალბათ რუსეთში ნაშოვნი მილიარდების ,,ტრადიციული ისტორიის'' ნაწილია, რომლის მთავარი დეტალები როგორც წესი, უცნობია. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბიზნესმენს ნამდვილი დონ კორლეონეც უწოდა. სოსო ორჯონიკიძე 1948 წელს ბორჯომში დაიბადა. სკოლაც ბორჯომში, თბილისში კი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაამთავრა და ინჟინერ-მექანიკოსის დიპლომი აიღო. პირველი სამსახური თბილისის ავიამშენებელი ქარხანა იყო, სადაც სულ მალე კომკავშირის განყოფილების თავმჯდომარე გახდა. მოგვიანებით, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის რეკომენდაციით მოსკოვში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. შემდეგ თბილისში დააბრუნეს და კომკავშირული კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს. მოსკოვში საცხოვრებლად 80-იანი წლების დასაწყისში გადავიდა. ,,პერესტროიკის'' შემდეგ მოსკოვის მერიაში დაიწყო მუშაობა, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურაში ეკავა მაღალი თანამდებობები. სწორედ ამ დროს დაუახლოვდა იური ლუჟკოვს და ამბობენ, რომ მისი ბიზნესპარტნიორიცაა. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ სწორედ ორჯონიკიძე გაედო ლუჟკოვს ხიდად, საქართველოში ბიზნესის წამოსაწყებად. მათ შორის _ სამშენებლო, რომლის ფარგლებიც, ერთ-ერთი ჭორის თანახმად, ისინი თბილისში, საბურთალოზე, უზარმაზარ კორპუსებს აშენებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ლუჟკოვს ფარული ვნებები აქვს ტარიელ ონიანთანაც. 2014 წელს, მოსკოვში დიდი კრიმინალური გარჩევები დრო დადგა _ 100-ზე მეტი შეკვეთილი მკვლელობა მოხდა და ,,დედ ჰასანსაც'' დაესხნენ თავს. ეს ამბავი მაშინ ონიანის კლანს დაუკავშირეს და ისიც თქვეს, რომ ამ ყველაფრის უკან, შესაძლოა ლუჟკოვი მდგარიყო. თქვეს ისიც, რომ კრიმინალებს შორის დაპირისპირების მიზეზი, სოჭის ოლიმპიადისას, აფხაზეთში, გავლენების მოპოვება იყო.
გავლენა აფხაზეთში ლუჟკოვს დიდი ხანია აქვს. ის ერთ-ერთი პირველი რუსი პოლიტიკოსია, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველო არაა და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ის დამოუკიდებელ ქვეყნად ეღიარებინა. აფხაზეთს ის არაერთხელ სტუმრობდა. ცხადია, თბილისთან შეუთანხმებდად.
2006 წელს 20 ივნისს, ლუჟკოვმა სოხურში სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი ურთიერთობებს დაალაგებს მასთან, როგორც დამოუკდიებელ სახელმწიფოსთან, მიუხედავად იმისა, როგორი პოზიცია აქვს თბილისს. 2007 წლის 8 ნოემბერს კი, კონფერენციაზე ,,რუსეთი და აფხაზეთი: ერთიანი ეკონომიკური სივრცე'' თქვა: ,,მხარს ვუჭერთ აფხაზეთის სურვილს, ააშენოს სუვერენული სახელმწიფო, რადგან აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ და მივიღოთ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის გადაწყვეტილება''.
ოკუპირებულ აფხაზეთში ლუჟკოვს ფესვები მყარად აქვს გადგმული და ქონებასაც ფლობს. ცნობილია, რომ მის მფლობელობაშია გაგრაში სტალინის აგარაკი, სანატორიუმი ,,ამრა'', პანსიონატები, გაგრის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, სოხუმში რამდენიმე სასტუმრო, ასევე ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთი. 2006 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, მისთვის აფხაზეთში ქონება ჩამოერთმიათ, თუმცა როგორც ამბობენ, ლუჟკოვმა ,,ყველაფერი მოაგვარა''.
რა უნდოდა საქართველოში ლუჟკოვს, რომლის მერობის დროსაც, ქართველების მასობრივი და დაუნდობელი დეპორტაცია მოხდა? _ ამ კითხვაზე ექსპერტებს ორი ვერსია აქვთ. პირველი მისი კომერციული, ბიზნესინტერესია. მეორე კი _ კრემლის მორიგი დავალება, ვითარების დაზვერვის მიზნით. ამ ორიდან, რომელი ვერსიია ჭეშმარიტება, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ისინი ერთმანეთს არც გამორიცხავს _ არც ლუჟკოვის ბიზნესინტერესი უკვირს ვინმეს საქართველოში და არც ის, რომ კრემლს ჩვენს ქვეყანაში თავისი, იმპერიალისტური მიზნები აქვს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთდა, მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და დაუძინებელი მტერი შეუშვესო. არადა, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, საქართველოში ლუჟკოვის საცეცების რაოდენობამ იმატა _ აბაშიძის გაქცევის შემდეგ, მოსკოვის მერმა ბათუმში, ზღვის სანაპიროზე უზარმაზარი კომპლექსების მშენებლობა დაიწყო.
საზღვარზე გადმოკვეთისას, იურიდიულად, ლუჟკოვის დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდაო, ამბობს ხელისუფლება. სააკაშვილი კი ამტკიცებს, ის პერსონა ნონგრატად ჯერ კიდევ აჭარის რევოლუციის შემდეგ გამოვაცხადეთო. თუ ასეა, გამოდის, ესეც ისეთივე ფასადური იყო, როგორც ბევრი რამ იმ დროს და როგორც აჭარაში ლუჟკოვის ბიზნესის აყვავების ფონზე, მისი მტრად გამოცხადება.
დიახ, ლუჟკოვის დაპატიმრების იურიდიული საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ რატომ აღმოგვაჩნდა იმის საფუძველი, მას _ მოყვრად მოსულ მტერს, მეგობრულად დავხვედროდით, სიყვარულით გვემასპინძლა და მასთან სელფებიც გადადგვეღო? არქიმანდრიტი სერაფიმე ამბობს, ეკლესიაში კაცი მოვიდა, თუნდაც მოღალატე იყოს, რა უფლება მქონდა, კარი მიმეხურაო. სელფის არგადაღების უფლება ხომ გვქონდა? ვინმე შემედავება, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სელფსო... სელფს არა, ბატონებო, გადამწყვეტი და საბედისწერო მნიშვნელობა ჩვენს დამოკიდებულებას აქვს; იმის გააზრებას, რომ მტერი ერისთვისაც და ბერისთვისაც მტერია, ორმაგი სტანდარტი კი _ დამღუპველი. საბედისწერო მნიშვნელობა იმ სავალალო რეალობასაც აქვს, რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერაფერმა შეცვალა _ სანამ სრულიად ერი არ გაიაზრებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია, რუსეთი ოკუპანტია, სანამ ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდება ჩვენს ქვეყანაში, ვინც ლუჟკოვისნაირ სტუმარს ხინკალს მოუხვევს და მრავალჟამიერს უმღერებს, სანამ ერთი ,,ორჯონიკიძე'' მაინც გვეყოლება გენში, მტერი, ერთ არამშვენიერ დღეს, ჯაყოსავით რომ მოგვადგება, არ უნდა გაგვიკვირდეს და აღარც რეალური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზია უნდა გვქონდეს!
ნინო ლურსმანაშვილი

back to top