Menu
RSS

სპეცსამსახურის თანამშრომელი 2013 წლის 17 მაისის სკანდალურ დეტალებს ყვება

ზუსტად 4 წლის წინ, 2013 წლის 17 მაისს საქართველოს დედაქალაქის მთავარი გამზირი ბრძოლის ველს ჰგავდა _ რუსთაველზე „ტაბურეტკებით“ შეიარაღებულმა წვეროსნებმა და სასულიერო პირებმა ისეთი ყიჟინა დასცეს, გეგონებოდათ, ერი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეიკრა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობსო. არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო _ ლგბტ თემის რამდენიმე აქტივისტი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა და მთელი თუ არა, ლამის ნახევარი ქვეყანაც ამ რამდენიმე აქტივისტის წინააღმდეგ საბრძოლველად დაირაზმა. ზოგადად, იმის შესახებ, რეალურად რა მოხდა 2013 წლის 17 მაისს, ბევრი ითქვა და დაიწერა და, შესაბამისად, დეტალებში შესვლას, ალბათ, აზრი არც აქვს, მაგრამ მოდით, ამთავითვე ვთქვათ, რომ ყველაფერს, რაც მაშინ მოხდა, პროვოკაციის ელფერი დაჰკრავდა.
ვინ მოაწყო ან ვის აწყობდა პროვოკაცია? _ ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ კულუარებში არიან ჩახედულები და პოლიტიკურ თამაშებშიც ერკვევიან, დღემდე ირწმუნებიან, უფრო სწორად, ეჭვობენ, რომ 17 მაისის მოვლენების კვალი, შესაძლოა, რომელიმე მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურამდე მივიდეს. რაკი მსჯელობაში სპეცსამსახური შემოვიტანეთ, აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მხოლოდ მეზობელ „ერთმორწმუნე“ რუსეთს კი არა, სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ. ამასთან, გამოცდილი სპეცსამსახურელები ამბობენ, რომ შეიძლება, არსებობდეს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური. ერთი სიტყვით, თუ გავყვებით ვერსიას, რომ 2013 წლის 17 მაისი უცხო ქვეყნის უშიშროების ორგანოს კისერზეა, მაშინ ნებისმიერ უცხო ქვეყანას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, თუმცა მოდით, გამორიცხვის მეთოდი გამოვიყენოთ და ვთქვათ, ვის აწყობდა და აწყობს საქართველოში არეულობა-დესტაბილიზაცია? ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს, იცის, რომ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, „მზისა და ვარდების მხარის“ გადაყლაპვას ჩრდილოეთი ლამობს. ახლა, შეიძლება, ვინმე შემოგვედავოს, ყველაფერს რუსეთს რატომ აბრალებთო, მაგრამ ქალბატონებო და ბატონებო, კი არ ვაბრალებთ, უბრალოდ, ფაქტებით, ამასთან, იმ კულუარული ინფორმაციით ვმსჯელობთ, რომელიც „ვერსიას“ ჯერ კიდევ 2013 წელს მოაწოდეს. ჩვენი გამოცემის ერთ-ერთი კონფიდენტის მიერ მოწოდებული ცნობა კი ასეთია:
„პუტინი არც მალავს, რომ მისი მიზანია, რუსეთს საბჭოთა კავშირის კი არა, ცარიზმისდროინდელი დიდება დაუბრუნოს. ამიტომაც, ყველაფერზე მიდის. ამასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძემ, რომელიც „კა-გე-ბეს'' ტიპური პროდუქტია, კარგად იცის, რომ ბოლშევიკების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე მეორე მსოფლიო ომის დროს, რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე გერმანიას ფარულად იმიტომ გულშემატკივრობდა, რომ ეგონა, თუ კომუნისტები დამარცხდებოდნენ, ფაშისტები, მინიმუმ, თავისუფლად ლოცვის უფლებას მისცემდნენ. მართალია, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილია, მაგრამ საბჭოთა უშიშროების არქივებს თუ კარგად გაეცნობით, მიხვდებით, მაგალითად, მითი იმის თაობაზე, მოსკოვის ალყის დროს სტალინს თითქოს ღვთისმშობელი გამოეცხადა, სპეციალურად პარტიულ ორგანოებში შეიქმნა და ხალხშიც პარტმუშაკებმა გაავრცელეს. ზოგადად, საბჭოთა მითები ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ ამაზე საუბრით სიტყვა გამიგრძელდება, ამიტომ კონკრეტულად 17 მაისზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მარტო საქართველოში კი არა, თითქმის ყველა ყოფილ ე.წ. მოძმე რესპუბლიკაში, უხეშად რომ ვთქვა, რელიგიის ბუმი დაიწყო, მაგრამ იმისთვის, რომ ხალხში რწმენა შენარჩუნდეს, გარკვეული გამაღიზიანებელია საჭირო. ერთ-ერთ ასეთ გამაღიზიანებლად ლგბტ თემი იქცა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ეს დემონიზაცია თავისით არ მომხდარა და ყველაფერ ამაში უშიშროების ხელი უნდა ერიოს.
ისე, მგონი, ადრეც გითხარით, რომ მოსკოვში დღესაც მუშაობს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, რომლის რეკომენდაციებსაც კრემლთან ერთად, „ეფ-ეს-ბე“ და იგივე გრუ-ც არამცთუ ითვალისწინებს, არამედ, ზედმიწევნით ასრულებს. ჰოდა, რატომღაც მგონია, რომ ზემოხსენებული თემით აპელირების სცენარიც სწორედ ამ სტრატეგიულმა კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა. ამ ეჭვს ისიც მიძლიერებს, რომ მოსკოვში ქართველების ეთნო-ფსიქოლოგიური ასპექტები კარგად აქვთ შესწავლილი.“
კონფიდენტის მონათხრობში სიმართლის მარცვალი არის _ დიახ, საქართველო იმთავითვე ტრადიციების პატივისმცემელი ქვეყანაა და შესაბამისად, თბილისის მთავარ გამზირზე თუნდაც რამდენიმე ლგბტ აქტივისტის მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსს მოსახლეობის უმეტესობა, როგორი ლიბერალიც უნდა იყოს, არ შეეგუება.
„მე თუ მკითხავთ, ქუჩაში გამოსვლა შესაძლოა, არც ამ აქტივისტებს უნდოდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, ისე მოქცეულიყვნენ, როგორც უბრძანეს. ამასთან, პირადად არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ძალადობას ადგილი მრევლისა და ეკლესიის წარმომადგენლების მიმართაც ჰქონოდა. ყოველ შემთხვევაში, მაქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ 17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, კონკრეტული „ტიპი“ ეკლესიის რამდენიმე მსახურთან მივიდა და დაემუქრა, თუ 17 მაისს ქუჩაში არ გახვალთ და დებოშს არ მოაწყობთ, რაც დაგემართებათ, თქვენს თავს დააბრალეთო. ეს ინფორმაცია თავის დროზე შემოგდებული მეგონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დაიჭირეს, 2013 წლის მოვლენები კიდევ ერთხელ გავაანალიზე და რატომღაც მგონია, რომ 17 მაისი და „ციანიდის საქმე“ ერთი ჯაჭვია ანუ იმის თქმა მინდა, რომ 17-მა მაისმა, როცა რუსთაველზე „ტაბურეტკებიანი“ მღვდლები დარბოდნენ, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის იმიჯი დააზარალა. „ციანიდის საქმეც“, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეკლესიას „ურტყამს“. სხვათა შორის, როგორც მითხრეს, მას მერე, რაც დეკანოზი დააკავეს, თბილისში, ეკლესიების შემოწირულობა საგრძნობლად შემცირდა, მაგალითად, სამების საკათედრო ტაძრის ყოველთვიურმა შემოწირულობამ 25-30 პროცენტით იკლო'', _ ამბობს „ვერსიის“ ინფორმატორი და აქვე, აქცენტს კიდევ ერთ ნიუანსზე აკეთებს, _ ,,ცოლ-შვილი მეც მყავს და იმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნებოდეს, მაგრამ მე, როგორც სპეცსამსახურელი, ამას უსაფრთხოების ჭრილში განვიხილავ ანუ იმის თქმა მინდა, რომ ოჯახის სიწმინდის დღედ მაინცდამაინც 17 მაისის გამოცხადება ერთგვარი პროვოკაცია მგონია. კერძოდ, იმის თქმა მინდა, რომ ყოველ წელს იარსებებს არეულობის საბაბი: მრევლი ოჯახის დღეს აღნიშნავს, ლგბტ თემის წარმომადგენლები კი საკუთარი უფლებების დაცვას მოინდომებენ და შესაძლოა, იმ მასშტაბით არა, მაგრამ 2013 წლის მოვლენების რეინკარნაცია მოხდეს. ზოგადად, ნებისმიერმა საშუალო დონის სპეცსამსახურელმაც კი იცის, იმისთვის, რომ კონფლიქტი გაჩნდეს, ორი დაპირისპირებული მხარეა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, ეს დაპირისპირებული მხარეები სახეზეა და ზუსტად ამიტომ მგონია, რომ 2013 წლის 17 მაისის კვალი, პირდაპირ თუ ირიბად, უცხო ქვეყნის უშიშროების ორგანოებამდე მიდის“, _ აღნიშნავს „ვერსიასთან“ საუბრისას წყარო, რომელიც თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვინაობას არ ასაჯაროებს.
სხვათა შორის, 2013 წლის 17 მაისის მოვლენები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე სერიოზულად აისახა, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზალიბერალიზაცია მაინც მივიღეთ. იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე რუსთაველზე „ტაბურეტკების ომს“ კიდევ ვიხილავთ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციას გადახედოს. ამ შემთხვევაში კი, საქართველოს „ხსნად და იმედად“ მარტო რუსეთიღა დარჩება. ყოველივე აქედან გამომდინარე, უმჯობესია, საზოგადოების ნებისმიერი ფენისა და ჯგუფის წარმომადგენელმა წინდახედულება გამოიჩინოს და საკუთარ უფლებებთან ერთად, ქვეყნის მომავალზეც იფიქროს!
ნინო დოლიძე

back to top