Menu

ჩაშლილი შეხვედრა ფილარმონიაში, დაპირისპირება მხარეებს შორის და ხელისუფლების საპასუხო გადაწყვეტილება

16 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაგრძელდება საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში. ასევე გაიმართება შეხვედრები უნივერსიტეტებში აკადემიური სექტორსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 15 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა. კობახიძემ განაცხადა, რომ ამ პროვოკაციის შესახებ ხელისუფლება წინასწარ იყო ინფორმირებული: ,,ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამ პროვოკაციაზე, თუმცა გადავწყვიტეთ, არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა. უზრუნველვყოფთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და საზოგადოებას გავაცნოთ ცვლილებები''.
ფილარმონიაში, 12 საათზე დაანონსებულ შეხვედრას ,,ვერსიაც'' ესწრებოდა. აქვე იყვნენ ,,ოცნების'' აქტივისტები, პოლიტიკოსები _ გუბაზ სანიკიძე, გიორგი ახვლედიანი, გოჩა ჯოჯუა, სანდრო ბრეგაძე... საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები _ გია კორკოტაშვილი, ცოტნე გამსახურდია... და რა თქმა უნდა _ სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115''-ისა და პროფკავშირების წარმომადგენლები. მათ ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აქცია ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე ფილარმონიაში ხელისუფლებას ცვლილებების განხილვაში ხმაურით ხელი შეუშალეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტობრივად სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, დარბაზში გამაყრუებელი სტვენა და შეძახილები გაისმა. კობახიძემ ახალგაზრდებს დაძაბული ტონით მიმართა _ ილიას ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის, ცოდნის გზით იარეთო. ,,ოცნების'' წევრებმა სახელდახელო თათბირი მოაწყვეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს _ აღტყინებულ ჯგუფს მიკროფონები ჩაურთეს. აქტივისტებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ. პოლიტიკოსები, გუბაზ სანიკიძე, სანდრო ბრეგაძე და სხვები მიწის უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებდნენ და კონსტიტუციაში ითხოვდნენ ჩანაწერს _ ქართული მიწის გაყიდვა უცხოელზე აიკრძალოს. სტუდენტები და პროფკავშირები კი შრომის კოდექსის მოწესრიგებასა და შრომის ინსპექციის ქმედითობას ითხოვდნენ. ახალგაზრდები უწყვეტად სკანდირებდნენ ფრაზით: ,,კონსტიტუცია ხალხს!'' მათ საპასუხოდ კი, ,,ოცნების'' მხარდამჭერი თანატოლები ყვიროდნენ: ,,ვივა რევოლუცია! ვივა კუბა!''...
ინციდენტს შეხლა-შემოხლის გარეშე არ ჩაუვლია. სანდრო ბრეგაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა _ მიწას არ გაგაყიდინებთ, ადამიანებს უცოდინრებს ნუ უწოდებთ და კომუნისტობას ნუ გვაკადრებთო!... სიტყვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმაც ითხოვა. 42 წლის იოსებ ციცქიშვილმა, რომელიც საწარმოოდ ტრავმირებული და II ჯგუფის ინვალიდი აღმოჩნდა, სახელმწიფოს მოუწოდა, მუშებს საშემოსავლო გადასახადი მოუხსნას და უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
ექსნაციონალები, ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერები გიგა ბოკერია და ოთარ კახიძე მაყურებლებად სცენაზევე იქცნენ _ ვითარებას ცინიკურად და უსიტყვოდ აკვირდებოდნენ. დარბაზიდან ერთმა ახალგაზრდამ იყვირა, ბოკერია ციხეში უნდა იჯდესო!
არაერთი თხოვნისა თუ მოწოდების მიუხედავად, დარბაზში ყიჟინა და სტვენა არ ცხრებოდა. დაძაბულობას უფრო მასშტაბური სახე რომ არ მიეღო, ხელისუფლებამ განხილვა დროებით გადადო.
მდგომარეობის შედარებით განმუხტვის შემდეგ მამუკა მდინარაძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა: ,,რა თქმა უნდა, ეს იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია მიმართული პროგრესული პროცესის დისკრედიტაციისაკენ. ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია. მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით დღევანდელ კონსტიტუციაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, ჩვენ მიერ მიღებულ პროექტში კი პრინციპულად გაუმჯობესებულია ეს საკითხი. პროცესის ჩაშლით ისევ ძველი რეგულაცია დაგვრჩება. შრომის უფლებები კონსტიტუციით არის განმტკიცებული, მათ კი ამის გაგება არ უნდათ. ამ ინციდენტით პროცესი არ დასრულებულა, რადგან გვაქვს ცუდი, ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია, რომელიც აუცილებლად შეიცვლება''.
მამუკა მდინარაძემ ,,ვერსიის'' რამდენიმე კითხვასაც უპასუხა. მიწის უცხოელებზე გაყიდვის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ოპოზიციურ მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,რეფერენდუმი საქართველოში ვერ ჩატარდება. თუ საუბარია პლებისციტზე, ამის ნეგატიური გამოცდილება გვაქვს და მაშინ რა დააშავა სხვა მრავალმა საკითხმა?! არსებობს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აღიარებული საყოველთაო სახალხო განხილვა, რაც შესაძლებელია, განხორციელდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შევეცდებით, მაქსიმალურად ვიკონტაქტოთ ადამიანებთან''.
პროცესმა ფილარმონიიდან ქუჩაში გადაინაცვლა. საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა და ,,აუდიტორია 115''-მა დემონსტრაცია ლოზუნგებით _ ,,სოლიდარობა მუშებს!'', ,,სიცოცხლე უნდათ მუშებს, ესმოდეს თბილისის ქუჩებს!'' უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მსვლელობით ჩაატარეს. აქციის მონაწილეებმა გზის მხოლოდ ერთი ნაწილი გადაკეტეს. დროდადრო იყო დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის, რათა გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეც არ დაკავებულიყო, თუმცა არავინ დაუკავებიათ. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა აქციაზე მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაუქმება მოითხოვა: ,,ასევე, მოვითხოვთ შრომის ინსპექციაში პროფკავშირების ჩართვას, რადგან ნდობა სახელმწიფოს ინსტიტუციისა და ჩინოვნიკების მიმართ გვაქვს ნული. კონსტიტუცია უნდა იქმნებოდეს მოქალაქეებისთვის, სტუდენტობა ამ ქვეყნის მომავალია! სტუდენტების, დასაქმებულების და დაუსაქმებლების გარეშე იმ სპექტაკლის დადგმა, თითქოს უმთავრესი დოკუმენტი საზოგადოებასთან შეთანხმებულია, არის ფარსი''.
თათია გოჩაძე

back to top