Menu

ამ ფბ-ს წყალობით, ყველა „ცოტათი ჟურნალისტი“ გახდა, შეგიძლია, ინფორმაცია მიიღო და გაავრცელო კიდეც, მაგრამ ასევე შეგიძლია, მოისმინო ჭორი და შემდეგ მას გაუკეთო ტირაჟირება. მეტიც _ შეგიძლია, თავად გამოიგონო ჭორი და სოციალური ქსელის საშუალებით მოსდო ქვეყანას.
თუმცა, იქ, სადაც არსებობს ნაციონალური მოძრაობა თავისი განაყოფ-გამონაყოფებით, ჭორების გამოგონება-გავრცელება, ცხადია, პროფესიულ დონეზეა აყვანილი.
სიცრუის მუზეუმი რომ არსებობდეს, სააკაშვილის სახელობის იქნებოდა და რამდენიმე დარბაზი რ2-ს დაეთმობოდა. ყველაზე დიდ დარბაზში გელა გრიშჩენკოს ძეგლი დაიდგმებოდა.
თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ლირიკაა. რეალობა ის არის, სათითაოდ ძაან ჭკვიანებად რომ მოგვაქვს თავი, სინამდვილეში კი ძალიან იოლად ვეგებით ხოლმე ჭორების გავრცელების მანქანის შემოთავაზებულ სატყუარას. გრიშჩენკო გვახსოვს, ისიც გვახსოვს, ორსართულიანი მატარებელი გვირაბში რომ არ გაეტია და ახლაც იქ არის გაჩხერილი.
მანამდე იყო ,,მაპზე უკეთესი'' და დამარცხებულთა საყოველთაო ზეიმი შუა რუსთაველზე.
თუ ანალიზის უნარი არ გაქვს, ან, უბრალოდ, გეზარება, ამისათვის არსებობს მეთოდი. კერძოდ, რასაც ამბობენ ნუგზარწიკლაურები, სერგორატიანები, ბაჩუკიქარდავები, ირინასარიშვილები, შალვა ნათელაშვილები და სხვა წვრილი და მსხვილი ძირმაგარები, მოისმინე და გაიგე პირიქით.
ანუ, აჩვენა რ-2-მა, თუ როგორ ჩეხავს გელა გრიშჩენკო საკუთარ ვენახს, უნდა მიხვდე, რომ ეს არ არის გელას ვენახი, ეს არის გელას მეზობლის ვენახი, რომლის ადგილას ახალი ვენახი უნდა ჩაყრილიყო.
გითხრეს, რომ მატარებელი გვირაბში გაიჭედა? _ იგულისხმე, რომ მატარებელმა გვირაბი გაიარა, გამოიარა, მგზავრებმა უცქირეს ფილმებს, დალიეს ყავა, მიირთვეს სენდვიჩები და დანიშნულების ადგილს დანიშნულ დროს მიაღწევენ.
„მაპ-ზე უკეთესი“ კი იმას ნიშნავდა, რომ სანამ ხელისუფლებაში ნაცები იქნებოდნენ, ის კი არა, რომ ნატო-ში მიგვიღებდნენ, იქნებ ქართველი ახალშობილი გოგონებისთვის სახელი ,,ნატო''-ს დარქმევაც კი აეკრძალათ.
და რას ნიშნავდა ომში დამარცხების, ტერიტორიების დაკარგვის, ათიათასობით ახალი დევნილის გაჩენის, ყოველგვარი იმედის დაკარგვის შემდეგ რუსთაველზე მოწყობილი ტაშფანდურა და შემდეგ რუსებთან, ოკუპანტებთან ნაომარი ბიჭების დარბევა გმირთა მოედანზე?
ეს იყო პატაკი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩააბარა და იქნებ დეპეშაც კი გაგზავნა: „მოსკოვი. კრემლი. პუტინს, მედვედევს. კოდორისა და ახალგორის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს. ქართველი ხალხი დაშინებული და სასოწარკვეთილია. ველით შემდგომ ბრძანებას“.
ნაციონალური მოძრაობისა და მათი გამონაყოფების მიზანი იყო, არის და იქნება ქვეყნის დესტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა არის შულავერის კომიტეტი, მისთვის ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ინსტრუმენტია, საშუალება, რომ საქართველო საბოლოოდ და სამუდამოდ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ, მაგრამ ამის მიღწევას შეეცდება იმის მიუხედავად, ეყოლება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, გააკონტროლებს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორი გზით იქნება არჩეული პრეზიდენტი და იქნება თუ არა ეს პრეზიდენტი მათი ჯიბის, უბის თუ ხვანჩრის.
რა იყო „შულავერის კომიტეტი“? _ სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი და კიდევ რამდენიმე სხვა.
ახალი კომიტეტის შემადგენლობა კი ის არის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე _ ნათელაშვილები, სარიშვილები, რატიანები და ა.შ. მათ აქვთ ტელევიზიები, გაზეთები, ინტერნეტ-გამოცემები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყავთ საკუთარი მოსამართლეები, პროკურორები, „უფლებადამცველები“, პოლიციელები და, რა თქმა უნდა, ჰალსტუხისა და კაბინეტისთვის ყველაფერზე წამსვლელი კომკავშირელები. ანუ, მოკლედ, კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული „ჭორების გავრცელების სამსახური“.
თუმცა, ამ ყველაფრის ფასი გროში იქნებოდა, რომ არა ამდენი უსაქმური, ტუტუცი და უპასუხისმგებლო, რომლებმაც ჯერ გაავსეს და შემდეგ მთლიანად წალეკეს სოციალური ქსელები და სხვადასხვა ინტერნეტფორუმები, სადაც ერთი და იგივე ადამიანები სრული სერიოზულობით განიხილავენ საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის ასაკს, ვიღაც ტრანსგენდერის მოსალოდნელ ქორწილს და ნატოს ბირთვული დაგეგმარების პერსპექტივებს.
ალუჩის ფასი დამავიწყდა... და ცხონებული დათო მდივანის ფბ-სტატუსი გამახსენდა: „ნუ ცანცარებთ, ცოტა დასტოინად“.
ჰოდა, მოდით, ნუ ვიცანცარებთ, ჯერ მოვისმინოთ, მერე შევადაროთ, მერე დავფიქრდეთ, ასჯერ გავზომოთ და ისე დავწეროთ, ვთქვათ, ვიყვიროთ და ვიჩხავლოთ.
მატარებელი არ გაჭედილა, დასავლური კურსი უცვლელია, ქორწინება ჩაწერილია და ალუჩის ფასმაც ნორმალურ ნიშნულს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, არც მიწები გაიყიდება და ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი სამართლიანად გადაწყვიტოს.
ძალიანაც ნორმალური მგონია ის რეაქცია, რაც საზოგადოებაში ტყიბულის ტრაგედიამ გამოიწვია, მაგრამ მინდა ამ საზოგადოებას ვკითხო: განა არ ვიცოდით, რომ მაღაროელები აუტანელ პირობებში მუშაობდნენ, მათხოვრულ ანაზღაურებას იღებდნენ და მათი სიცოცხლე ყოველთვის ბეწვზე ეკიდა? აუცილებლად ტრაგედია უნდა მომხდარიყო, რომ დავფიქრებულიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა? და თუ დავფიქრდით, ის მაინც თუ მოვიფიქრეთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგედიები, რომლებიც მომავალში აუცილებლად კიდევ მოხდება? ვიფიქრეთ და უკვე მოვიფიქრეთ, თუ ჯერ კიდევ ალუჩის ფასის შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებით და შიშით ველით, საახალწლოდ რა ფასი დაედება გოჭს, ნიგოზს და ინდაურს?
სად იყო ამ დროს აუდიტორიის „კომსომოლ“ და პეტრიაშვილის „ვეცეესპეეს“?
მაღაროში ბაგირი ზუსტად იმ დროს ჩაწყდა, როდესაც სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ინტიმურ პერიპეტიებს განვიხილავდით, როცა ის ბიჭები სიკვდილს ებრძოდნენ, ჩვენ კვლავ მაკრონის ცოლის თეთრეული გვადარდებდა, როცა ის ბიჭები სიკვდილთან ბრძოლაში დამარცხდნენ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა პასუხი მთავარ კითხვაზე _ „ეგ ბებერი რამ მოაყვანინა!“
ერთი-ორ დღეში საბოლოოდ დავივიწყებთ ტყიბულის ტრაგედიას და ისევ საფრანგეთის პრეზიდენტის პირად ცხოვრებას დავუბრუნდებით. იმ დროისთვის ალბათ გამოქვეყნდება ტრანსგენდერის ქორწილის ფოტოები და ახალი საჭორაო თემაც გაჩნდება _ რატომ იყო პატარძალი გაუპარსავი.
შემდეგ, ისევ მოხდება ტრაგედია და ორი დღე ორთქლს გამოვუშვებთ, შევეცდებით დავადგინოთ, თუ ვინ არის დამნაშავე და არავის მოგვივა თავში აზრად, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად და სათითაოდ, ჩვენი დუმილით, უმოქმედობით, ნულოვანი სოლიდარობით და სიცანცარით, ამ დანაშაულის თანამონაწილეები ვართ.
შარშან ერთმა ბიჭმა 13 ივნისი დამაყვედრა _ ქალაქი ჩვენ დავასუფთავეთო...
შენი ქალაქი შენ უნდა დაასუფთავო, თუ არა და, მოვლენ ნაციონალები და მათგან გამონაყოფები, მოიყვანენ რუსს და, რას და როგორ დაასუფთავებენ, მაგასაც ვნახავთ. დათა თუთაშხიას კახელი თანამგზავრის თქმისა არ იყოს, მაღლა ავიხედავთ და დავინახავთ, რაც შეგვრჩება ხელში.
ხელში შეგვრჩება ორდიპლომიანი ტაქსისტების მთელი არმია, რომელთაგან ზოგს მართლაც აქვს ორი დიპლომი, ცოდნა და განათლება, მაგრამ თავისი ადგილი ვერ იპოვა, რადგან მისი ადგილი გაუნათლებლებმა, მაგრამ სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურებმა დაიკავეს. ზოგს, ასევე, მართლაც აქვს ორი დიპლომი, მაგრამ მთელი სტუდენტობა აუდიტორიის გარეთ ისე გაატარა, რომ რომელიმე აუდიტორიის წევრობა აზრადაც არ მოსვლია.
ადრე იტყოდნენ ხოლმე, გესწავლა და შენც გექნებოდა რაღაცო. ახლა ასეა _ გეაქტიურა და შენც იქნებოდი რაღაც. აი, ეს „რაღაც“ როგორ უნდა გავიგოთ, ეგ ვერ გავიგე, მაგრამ რასაც აქტიურობაში გულისხმობენ, უკვე ყველასათვის გასაგებია _ არა სწავლა, არა შრომა, არა ფიქრი, არა სიყვარული, თანადგომა, გულწრფელობა და ერთგულება, არამედ რაღაც სხვა. აი, „მე ტანკისტი ვიყავი... ომამდე“-ო და პასუხს რომ მიიღებს _ „შენ რომ ტანკისტი იყავი, მაშინ მეც ვიყავი რაღაც“.
გარკვევით ითქვა: „სასაფლაო არ გადაითხრება, მიცვალებულებს არავინ შეურაცხყოფს“. აჩვენეს რუკა, სქემა, პროექტი... მაგრამ შულავერის კომიტეტი რის შულავერის კომიტეტია, თუ თავისი საქმე შულავერისკომიტეტურად არ აკეთა?
სხვათა შორის, სასაფლაოს დაცვაზე ყველაზე მეტს ისინი ყვირიან, სვანეთში სასაფლაოები რომ გადათხარეს, და ენერგოდამოუკიდებლობასაც ისინი ეწინააღმდეგებიან, ნახევარი საქართველო „სუკის აგენტებად“ რომ გამოაცხადეს (1990-91), ხოლო ნახევარი საქართველო _ „პუტინის მონებად“ (2003 წლიდან დღემდე).
უკვე ორი დღეა, თითქმის აღარავინ განიხილავს ტყიბულის ტრაგედიას, ჯიხურზე დაყრილი ორი გვამი კი, კარგა ხანია, მხოლოდ ოჯახის წევრებს ახსოვთ.
და, ბოლო-ბოლო, შედგება საქართველო, როგორც სახელმწიფო თუ ჩვენც ვიქნებით რასღაც?
და ეს „რაღაც“ როგორ უნდა გავიგოთ?
გიგი მესვეტე

back to top