Menu
RSS

სანამ ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტს განიხილავს, ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთო-ს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს წერილი გაუგზავნა. მიმართვას ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, პატრიოტთა ალიანსი, ტრადიციონალისტთა კავშირი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა. ოპოზიციური პარტიების წერილი ,,ვერსიამ'' ექსკლუზიურად მოიპოვა.
საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს მხარს მხოლოდ მმართველი პარტია უჭერს და მას გაემიჯნა ქვეყნის პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. პროექტზე მუშაობაში არ ყოფილა ჩართული არც ერთი საერთაშორისო ექსპერტი იურისტების გარდა, ეკონომისტები, ფინანსისტები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები და ა.შ, უმცირესობების წარმომადგენლები, კონსტიტუციური ცვლილებები კი თითქმის ყველა სფეროს შეეხო. კომისიის მუშაობაში ასევე არ ყოფილან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.
ოპოზიციონერების განმარტებით, პროექტის მიხედვით პარლამენტის წევრი აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს 1-ელ ადგილზე გასული პარტია. საარჩევნო ბარიერი 5% რჩება უცვლელი, ხოლო საარჩევნო ბლოკების შექმნა წინასაარჩევნოდ იკრძალება. მაღალი საარჩევნო ბარიერი ხელს უშლის ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ადეკვატურად ასახვას საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ქართულ რეალობაში საარჩევნო ბლოკი ხელისუფლების მშვიდობიანი ფორმით, არჩევნების გზით, შეცვლის ერთადერთი საშუალებაა: ,,საქართველოში ყველა სახელისუფლებო ცვლილება განახორციელეს სწორედ საარჩევნო ბლოკებმა. მათ შორის, დღევანდელი მმართველი პარტია 2012 წელს წარმოადგენდა 6 პარტიისგან შექმნილ კოალიციას. ბლოკების აკრძალვა, პრაქტიკულად, გამორიცხავს არა მხოლოდ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, არამედ, შესაძლებლობას, 5%-იანი ბარიერი გადალახოს არასატელიტმა, რეალურად ოპოზიციურმა პარტიებმა''.
ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებაზეც და განმარტავს, რომ პროექტით, პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი კოლეგია (150 პარლამენტარი და თვითმმართველობების 150 წარმომადგენელი). ამ ცვლილებას კი რამდენიმე გარემოების გამო მიზანშეუწონლად მიიჩნევს: ,,სადაც პირდაპირი არჩევნებია, არ ხდება არაპირდაპირი სისტემის შემოღება. საქართველოს პირობებში პრეზიდენტი არის უკანასკნელი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც არ ექვემდებარება მმართველ პარტიას. ევროპული ტრადიციის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არის ერთგვარი არბიტრი, რომლის კანდიდატურაც ხშირად წარმოადგენს ინტერპარტიული შეთანხმების საგანს''.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი პროექტი არ შეესაბამება პოლიტიკური მოწყობის არც ერთ კლასიკურ დემოკრატიულ სისტემას _ საპრეზიდენტოს, საპარლამენტოს და შერეულს. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია უგულებელყოფს მოთხოვნას, პროექტი გამოიტანონ რეფერენდუმზე ან პლებისციტზე.
წერილის დასკვნით ნაწილში ოპოზიცია აღნიშნავს: ,,პროექტის უცვლელად დამტკიცების შემთხვევაში მთავრობა ქვეყანას მიაქანებს ახალი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებას, როგორც წესი, მუდმივად უძღვის მასობრივი პროტესტი (ხავერდოვანი რევოლუცია), რაც ქვეყანას მუდმივად ტურბულენტურ ზონაში ამყოფებს. წარმოდგენილი პროექტი, პრაქტიკულად, არის ღია დეკლარირება, რომ საქართველოში მყარდება არაფორმალური მმართველობა, რომლის ოპონირებაც სისტემის შიგნიდან შეუძლებელი ხდება და გარდაუვლად გამოიწვევს ახალ მასობრივ პროტესტს და სამოქალაქო დაპირისპირებას. მივმართავთ თხოვნით საქართველოს მეგობრებს, ადეკვატური შეფასება მისცენ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ ანტიდემოკრატიულ ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ქართული დემოკრატიის დასაცავად''.
თათია გოჩაძე

back to top