Menu
RSS

როგორ დახოცა ერთ დღეში 400 ძაღლი თავშესაფრის მფლობელმა

პატიმრებს ერთი უცნაური თვისება აქვთ. იმის მიუხედავად, ვინ იყო თავისუფლებაზე _ მკვლელი, ქურდი თუ ყაჩაღი, გისოსებსმიღმა ყველა და ყველაფერი ებრალება. პატიმარი ზონაზე ისე დადის, ცდილობს, ჭიანჭველასაც კი არ დაადგას ფეხი, არადა შესაძლოა, ამ დროს სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის იხდიდეს. ზეიმია, თუ შემთხვევით ზონაში რომელიმე პატიმარს ხელში დაჭრილი ფრინველი ჩაუვარდა. მას მთელი ზონა მკურნალობს, უვლის, გამოაჯანმრთელებს და თავისუფლებაზე უშვებს... ერთადერთი გამონაკლისი ვირთხაა _ პატიმრები ვერც ოთხფეხა ,,კრისას'' იტანენ და ვერც ორფეხს...
 
,,ლადო, კაცურად, გვერდითა ოთახში გადი, ყარაბახა იკითხე და უთხარი, მაყურებლებს ბორჯომი უნდათ-თქო. გამოგატანს და მოარბენინე რა'', _ უთხრა ზონის მაყურებელმა ლადოს, რომელიც ზონაზე მხოლოდ ერთი კვირის მიყვანილი იყო და უკვე საქმეც უშოვეს _ დილიდან საღამომდე მაყურებლების კამერასთან იდგა და მათ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა.
,,ბიჭო, რა დააშავა ამან ასეთი, კულტურულად რომ გააშნირეთ?'' _ ჰკითხა მაყურებელს პატიმარმა #0578-მა, რომელიც იმას ვერ მიმხვდარიყო, რატომ არ იხდიდა სასჯელს ლადო ,,კაზიოლების'' კამერაში და რატომ იყო ,,კულტურული შნირი''.
,,ცუდი საქმისთვის ზის ეს. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო საქმისთვის, მაგრამ ისეთისთვის, რომელიც გადავწყვიტეთ, არ ეპატიოს'', _ აუხსნა მაყურებელმა.
,,და ,,კაზლიატნიკში'' რატომ არ გაუშვით?'' _ კითხვა შეუბრუნა #0578-მა.
,,ჰოოო... ეგ ცალკე თემაა. არ ვიცით, ამ საქციელის გულისთვის ,,კაზლიატნიკს'' იმსახურებს თუ არა, ხომ გითხარი, უპრეცედენტო საქმეა-თქო და აგერ, კი არ ,,შნირობს'', კაი ბიჭებს ეხმარება, რა'', _ გაუღიმა მაყურებელმა.
,,და რა არის ასეთი?'' _ გაოცებით იკითხა #0578-მა.
,,აგერ, მოდის უკვე, იმ ,,ბარიგასგან'' ერთი ყუთი მინერალური მოაქვს, დააჯინე და მოაყოლე. სხვა რა საქმე აქვს ან იმას ან შენ?'' _ გაეცინა მაყურებელს და ლადოს მოტანილ ბორჯომს დასწვდა. ერთი ბოთლი #0578-მაც აიღო, ხმაურით გახსნა და კართან ატუზულ ლადოს ანიშნა, ჭიქა მომაწოდეო.
,,მაოიცა, მოვიტან'', _ თქვა ლადომ და კამერაში გავარდა.
,,გაგიწვრთნიათ, არ მოკიდა მაყურებლების ჭიქას ხელი'', _ გაეღიმა #0578-ს.
,,ერთხელ მოკიდა და თავზე დაეფშვნა. ისწავლა მას მერე'', _ სიცილით უთხრა მაყურებელმა.
ლადო მალე დაბრუნდა, ბოთლს ჭიქა შეუშვირა და წყალი ხარბად დალია. #0578-მა აცადა, სანამ სულს მოითქვამდა და მეორე ჭიქა დაუსხა. ლადომ ცოტა შიშნარევად მიუშვირა ჭიქა და როცა ისიც აუვსეს, ისევ ხარბად გადაჰკრა, მერე გატრიალდა, ჭიქა ისევ კამერაში წაიღო, დაბრუნდა და #0578-ს ყურადღებით დააკვირდა.
,,შემოდი, დაჯექი'', _ შესთავაზა #0578-მა. ლადო შემოვიდა, მაგრამ არ დაჯდა. პატიმრებს გაეღიმათ, ახალმა მაყურებლების კამერაში მოქცევის წესი ზედმიწევნით იცოდა.
,,დაბნეულია ეს ხალხი, ჩემო ლადო. ჩემო რა, ჩვენო ლადო... ისეთი მუხლით არის გასამართლებული, არ ვიცით, რა ვუყოთო და შენს გაზრდა-გახარებას, მომიყევი ერთი, რის გამო გვაქვს შენი ხილვის ბედნიერება'', _ გაუღიმა #0578-მა. ლადომ ჯერ მაყურებლებს გახედა და როცა მათგან უსიტყვო ნებართვა აიღო, მოყოლა დაიწყო:
,,ჩვენს სოფელში რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რაიონშიც... დადიოდნენ ეს ძაღლები, მოსახლეობას აწუხებდნენ და...''
,,მოიცადე, რომელი ძაღლები?'' _ დაუკონკრეტა #0578-მა.
,,ოთხფეხა, ჩვეულებრივი ,,დვარნიაშკები'' რა'', _ დააზუსტა ლადომ და განაგრძო, _ ,,ჰოდა, აწუხებდნენ მოსახლეობას, ხან ქალი დაკბინეს, ხან ბავშვები. რამდენიმე აქციაც გაიმართა და გამგეობამ გადაწყვიტა, ტენდერი გამოეცხადებინა ძაღლების განადგურებაზე. 20 ათას ლარს იხდიდნენ და ყველა ამბობდა, ცოტააო. მე მიკვირდა, ცოტა როგორ არის 20 ათასი ლარი-მეთქი. მეზობელს ვთხოვე და ამიხსნა, ტენდერში მონაწილეობა როგორ მიმეღო და 19 500 ლარად მოვიგე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრად გვიჭირდა სახლში და ეს ფული ამოგვასუნთქებდა. ტენდერი რომ მოვიგე, მერე გავეცანი პირობებს და იქ ეწერა, რომ ძაღლები უნდა დამეჭირა, თავშესაფარი მომეწყო, სამი წელი მყოლოდა და თუ ვერ გავაჩუქებდი, მერე დამეხოცა, ოღონდ თოფით კი არა, ისე უნდა მომეკლა, მშვიდად...''
 
,,მშვიდად სიკვდილი რას ჰქვია?'' _ გაუკვირდა მაყურებელს, რომელიც ლადოს ყურადღებით უსმენდა.
,,უნდა დამეძინებინა, სპეციალური წამალია'', _ სხაპასხუპით უპასუხა ლადომ, კამერას თვალი მოავლო და გააგრძელა.
,,სოფლის ბოლოში მიტოვებული ფერმა იყო, ჭიშკარი ჩამოვარდნილი ჰქონდა. მივედი, იმ ჭიშკრის ადგილზე ,,სეტკა'' გავჭიმე და ძაღლებზე ნადირობა დავიწყე. მე და ჩემი ძმა ვიჭერდით და მოგვყავდა. ოთხასზე მეტი მოვაგროვეთ ერთ თვეში. იქცა ფერმა საძაღლედ და მთელი სოფელი ამიჯანყდა, ღამე ყეფა და ყმუილი არავის აძინებდა. აბა, იმათი საჭმელი სად მქონდა და ვუთხარი გამგეობას, ცოტა ფული ჩამირიცხეთ, რომ ვაჭამო-მეთქი. ნახევარი ჩამირიცხეს და ძვლები ვიყიდე, კამაზით ჩავუტანე და ჩავუყარე. ეყოთ ორი თუ სამი დღე და მე ის კამაზი და ძვლები სამას ლარზე მეტი დამიჯდა. მივხვდი, სამი წელი ძაღლებს ვერ შევინახავდი და როგორმე უნდა მომეშორებინა. სხვა რაიონში ოთხას ძაღლს ვერ გავუშვებდი, ვერც ჩვენთან და გადავწყვიტე, დამეხოცა. ტენდერის პირობებში ხომ იყო, თოფით მოკვლა არ შეიძლებაო და შევიტანე რკინის ,,სეტკა'', დავყარე იმაზე პური და ძაღლები რომ შედგნენ, დენი ჩავურთე. ასე დავხოცე ოთხასი ძაღლი. მერე, ისევ ვიქირავე კამაზი, წავიყვანე ეს ძაღლები, ტრაქტორს დიდი ორმო ამოვათხრევინე და იქ ჩავფალი. დავისვენეთ მეც და სოფელმაც''.
,,და თუ დაისვენეთ, აქ როგორ მოხვდი?'' _ ჰკითხა #0578-მა.
,,გამგეობაში ვიღაც არასამთავრობო მოვიდა და იმათ მოიკითხეს, ის კაცი სად ვნახოთ, ძაღლებს რომ უვლის, ჰუმანიტარული დახმარება უნდა გადავცეთ ძაღლებისთვის, სპეციალური საკვებიაო. გამოუშვეს ჩემთან. მოვიდნენ, ორი ტომარა რაღაც საკვები მოიტანეს. მადლობა-მეთქი, გამოვართვი და ძაღლები გვანახეო. უარი ვუთხარი, უცხოებს ვერ ვანახებ, ისედაც აგრესიულები არიან-მეთქი და აგრესიულები რატომ, ცოფზე ხომ უნდა აგეცრა და არ აცერიო? კი, ავცერი-მეთქი, მაგრამ მაინც აგრესიულები არიან-თქო. შემიჭამეს ტვინი, გვანახეო და უარი რომ მიიღეს, მეორე დღეს უკვე რამდენიმე არასამთავრობო ამოვიდა, გამგეობის წარმომადგენელიც ახლდა და ერთად მოითხოვეს, ძაღლსაშენი გვანახეო. რაღას ვიზამდი, გამგებლის წარმომადგენელმა კი არა, მთელმა რაიონმა იცოდა, რომ ძაღლები დავხოცე, მაგრამ არასამთავრობოებთან მაგას ხომ არ იტყოდა? წავიყვანე ფერმაში და... გაქცეულან-მეთქი. აღძრეს საქმე და 5000 ლარიიან ჯარიმასთან ერთად, ოთხი წელი ციხეც მომცეს'', _ დაასრულა ისტორია ლადომ.
,,ბიჭო, 400 ძაღლი მოკალი ერთ დღეში?'' _ გაუკვირდა #0578-ს.
,,ჰო'', _ თავი ჩაღუნა ლადომ.
,,მდა.... მერე რომ მარხავდი, ჩინელებისთვის მაინც მიგეცა, გაუხარდებოდათ უფასო საკვები'', _ გაეღიმა #0578-ს.
,,შენ ღადაობ და ახლა მითხარი, რა ვუყოთ? ზოგადად, ცხოველების დახოცვა და თან ამდენის, ცუდია, თან ძაღლები დახოცა... ამიტომ არის ჩვენთან და...'' _ აღარ გააგრძელა მაყურებელმა.
,,არ ვიცი, ძმაო, მაგრამ ერთი კი შემიძლია გითხრა _ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ძაღლების საერთო სასაფლაო გვაქვს...'', _ მხრები აიჩეჩა #0578-მა.
პატიმარი #0578

back to top