Menu
RSS

სისხლიანი რებუსი _ პოლიტიკური გიორგობის X-ფაილი

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი... რუბლოვსკაიას გზატკეცილზე მიმავალ მამაკაცს სამი უცნობი მიუახლოვდება... მართალია, მამაკაცი გამოცდილი სპეცსამსახურელია, მაგრამ უცნობებს საეჭვოს ვერაფერს შეამჩნევს და, ცხადია, აზრადაც არ მოსდის, რომ რამდენიმე წამში მისი მზე ჩაესვენება... ცეცხლსასროლი იარაღის ხმა რუბლოვსკაიას ღრიანცელში ჩაიკარგება... მკვლელები შემთხვევის ადგილს მოტოციკლით დატოვებენ... მომხდარიდან ორი თვის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 3 ივლისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 21 მაისს მომხდარ მკვლელობას გახსნილად გამოაცხადებს და იტყვის, რომ დანაშაული დაქირავებულმა მკვლელებმა ჩაიდინეს. ამასთან, რუსი გამომძიებლები საზოგადოებას ამცნობენ, რომ სამივე ქილერი საქართველოდანაა. გაზეთი ,,იზვესტია'' კი იუწყება, რომ რუბლოვსკაიას გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის კვალი, შესაძლოა, ქართულ სპეცსამსახურებამდე მივიდეს. მოგვიანებით, მკვლელობის შემკვეთად ტარიელ ონიანის გარემოცვაც დასახელდება... ერთი სიტყვით, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილება და მკვლელობიდან ხუთი წლის შემდეგაც კი არ არსებობს დასაბუთებული ვერსია, რეალურად, ვინ დაგეგმა რუბლოვსკაიას ტრაგედია. ამ სისხლიანი დრამის ხილული თუ უხილავი დეტალები მხოლოდ პოლიტიკურმა წმინდანებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა იციან, მაგრამ მათ დუმილის აღთქმა აქვთ დადებული. ისე, ვინ იცის, პოლიტიკურმა ღმერთებმა და დემონებმა ოდესმე ეგებ, ცოდვების ,,ტარებას'' ვეღარ გაუძლონ და აღსარების განწყობაზე დადგნენ. აი, მაშინ ნათელი მხოლოდ რუბლოვსკაიას საიდუმლოს კი არა, იმ მოვლენასაც მოეფინება, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ,,აჭარის რევოლუციის'' სახელით შევიდა.
დიახ, 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში მომხდარი მკვლელობის გასაღები, დიდი ალბათობით, 2003 წლის 6 მაისია. რატომ? რატომ და, მარტივად: მამაკაცი, რომელიც რუბლოვსკაიაზე ქილერებმა მოკლეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის ნდობით აღჭურვილი პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე გახლდათ. ეს ის დუმბაძეა, რომელიც ,,ვაროდსნებმა'', მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული სიტყვები _ ,,ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!'' წარმოთქვა, სამშობლოს ღალატში ამხილეს და რომელზეც ძებნა გამოაცხადეს: გემახსოვრებათ, მთელ საქართველოში _ დასავლეთიდან დაწყებული აღმოსავლეთით დამთავრებული, ხე და ბოძი არ დარჩა, საგანგებო განცხადება რომ არ ყოფილიყო გამოკრული, იძებნება სამშობლოს მოღალატე გენერალი დუმბაძეო. ბოლოს, მიშას ხალხმა გენერალი იპოვა და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოვლენები უცნაურად განვითარდა _ ქართულმა მხარემ სამშობლოს ღალატში მხილებული დუმბაძე რუს გენერალ ბორისოვს ქართველ ტყვეებში გაუცვალა. 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა, თუმცა მოკლული გენერალი რუსეთში განსაკუთრებული პრივილეგიით არ სარგებლობდა ანუ როგორც ამბობენ, მოსკოვის ერთ-ერთ ძვირადღირებულ უბანში, ახლობლის ბინაში ცხოვრობდა და, პენსიის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მის ბიზნესზე არაფერია ცნობილი; მეტიც _ ბათუმში დღემდე ამბობენ, რომ გენერლის ოჯახს ძალიან უჭირდა...
გენერლის მკვლელობაზე, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ათასი ჭორ-მართალი გავრცელდა. ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ კი, აჭარლებზე დაყრდნობით, არც ის გამორიცხა, რომ დუმბაძის მკვლელობა შესაძლოა, თავად ,,ბატონმა'' შეუკვეთა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ბევრს აღიზიანებდა აბაშიძისადმი დუმბაძის, ერთი შეხედვით, ძაღლური ერთგულება, მიაჩნიათ, რომ ეს იყო არა მონური, არამედ იძულებითი ქმედება. როდესაც დუმბაძე აბაშიძის მითითებით სატელევიზიო ინტერვიუებს იძლეოდა, აჭარის დიქტატორის დაცვა მის ოჯახში იქამდე იჯდა, სანამ გენერალი დირექტივებს ზედმიწევნით არ შეასრულებდა. იმასაც ამბობენ, რომ რომან დუმბაძეს აბაშიძის ვალი ჰქონდა, შვილი მძიმე ავადმყოფი ჰყავდა და მის გადასარჩენად 150.000 დოლარი სწორედ ასლანმა მისცა, რის შემდეგაც ვალდებული იყო, მისი ერთგული ყოფილიყო, თუმცა ასლანმა სანაცვლოდ მონობა მოსთხოვა. ამიტომაც არსებობს ვარაუდი, რომ რომან დუმბაძე აბაშიძის მძევალი იყო, ამასთან, მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გაეთქვა, მაგრამ სავარაუდოდ, გენერალს ყელში ამოუვიდა დუმილი, ისიც, რომ მისი ოჯახი ბათუმში ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და აბაშიძისგან თავის დაღწევა სცადა, სანაცვლოდ კი სიკვდილი დაიმსახურა.
ისე, მას შემდეგ, რაც დუმბაძე ერის მოღალატედ შერაცხეს, არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ თავის დროზე აფხაზეთის ომში, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კონფლიქტში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, რომან დუმბაძემ 150 მეომრისგან შეკრიბა რაზმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩაერთო'', _ ნათქვამია ერთ-ერთი ქართული გამოცემის სტატიაში, რომელიც 2012 წლის 28 მაისით თარიღდება.
მოკლედ, ხვალ 6 მაისია, გიორგობა. მოგეხსენებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიმბოლოები უყვარს. ჰოდა, როგორც ამბობენ, მიშამ ასლანის დამხობაც გიორგობას სიმბოლურად დაამთხვია. შესაძლოა, ეს გადაჭარბებული წარმოდგენაა, მაგრამ ფაქტია: იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, ,,ვარდოსნები'' გიორგობაზე მეტი ზარ-ზეიმით აბაშიძისგან აჭარის გათავისუფლებას აღნიშნავდნენ... მაინც, რა მოხდა 13 წლის წინ, ვისი დავალებით ააფეთქეს ჩოლოქის ხიდი და ვინ გაინაწილა ასლან აბაშიძის ქონება? _ მაშ, ასე, ქალბატონებო და ბატონებო, ,,ვერსია'' ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და თვითმხილველთა ნაამბობზე, ასევე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებსა და პირად არქივზე დაყრდნობით, პოლიტიკური გიორგობის, ესე იგი, აჭარის რევოლუციის X-ფაილს ადგენს.
აჭარის კრიზისის ქრონოლოგია
2003 წლის 2 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და აჭარაში, ტრადიციულად, პირველ ადგილზე აბაშიძის ,,აღორძინება'' გადის... ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მასობრივი აქციებით იმუქრება. შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერებს ხვდება, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ მთავრდება და პრეზიდენტის ერთადერთ იმედად ასლან აბაშიძე რჩება, ამიტომ 10 ნოემბერს ამბროსის-ძე აჭარაში მიემგზავრება _ აბაშიძე შევარდნაძეს მხარდამჭერთა მიტინგით ხვდება. 20 ნოემბერს კი თბილისში, პარლამენტის წინ, აღორძინება პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერ აქციას იწყებს, რომლის ერთ-ერთი იდეოლოგი აბაშიძესთან ყველაზე დაახლოებული ჯემალ გოგიტიძეა. აღორძინების აქციები თბილისი 23 ნოემბრამდე ანუ ,,ვარდების რევოლუციამდე'' გრძელდება.
24 ნოემბერს ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 30-დღიან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, რაც საზღვრებზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ საზღვარზეც, ესე იგი, ჩილოქზე კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს. პარალელურად, ,,ბაბუ'', რომელსაც პოლიტიკურ წრეებში ,,მოკლე ფაშასაც'' ეძახიან, ,,ვარდების რევოლუციას'' გმობს და ირწმუნება, რომ ამით კონსტიტუციური წყობა დაირღვა.
2003 წლის 3 დეკემბერი _ აბაშიძე მოსკოვში მიფრინავს და იქიდან აცხადებს, რომ 2004 წლის 4 იანვრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. 8 დეკემბერს რუსეთი აჭარასთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აწესებს, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს. 10 დეკემბერს აჭარაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ჩადის და ცდილობს, აბაშიძეს არჩევნების ბოიკოტზე უარი ათქმევინოს. პარალელურად, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძის მიმართ მწვავე განცხადებას აკეთებს: ,,მზად ვარ, წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას თან ვერ წაიღებს. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება!''
2003 წლის 20 დეკემბერი _ ბათუმს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია სტუმრობს; 26 დეკემბერი _ აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეები სახალხო მოძრაობას _ ,,ჩვენი აჭარა'' აფუძნებენ. მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კობა ხაბაზია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,ჩვენ აჭარას'' ფინანსურად ფოთის პორტის უფროსი ჯემალ ინაიშვილი უზრუნველყოფს...
2004 წლის 6 იანვარი _ განსხვავებული აზრის გამოხატვის ბრალდებით, აჭარაში ახალგაზრდული მოძრაობა ,,კმარას'' ორ წევრსა და მათი ოჯახის წევრებს აკავებენ და სამთვიან წინასწარ პატიმრობას უფარდებენ, თუმცა 18 იანვარს ათავისუფლებენ; 7 იანვარი _ აბაშიძე ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობას ხელახლა აცხადებს. 11 იანვარს გონიოში ათასკაციანი მიტინგი იმართება, რომლის მონაწილენიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვენ. აქციას უცნობი პირები არბევენ.
18 იანვარი _ ბათუმის ცენტრში აჭარის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროს თემურ ინაიშვილს კლავენ. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური ლიდერები ირწმუნებიან, რომ ინაიშვილი მხარს ოპოზიციას უჭერდა და სწორედ ამის გამო მოკლეს.
20 იანვარი _ გონიოში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, რომლებიც აბაშიძის გადადგომას ითხოვენ, შეტაკება ხდება.
25 იანვარი ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე _ სააკაშვილი აჭარაში ჩადის და სამხედრო აღლუმს იბარებს. 27 იანვარი _ მოძრაობა ,,ჩვენი აჭარა'' პირველ ყრილობას მართავს და აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე საუბრობს.
27 იანვარი _ ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ აჭარაში სისხლიანი დაპირისპირებაა მოსალოდნელი. ამასთან, აქცენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სცენარზე აკეთებს...
20 თებერვალი _ ბათუმში ,,ჩვენი აჭარის'' ოფისს არბევენ, რასაც წინ აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება უძღვის. სწორედ ამ დღეს აჭარაში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი იმყოფება.
22 თებერვალს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერსა და ოპოზიციური მოძრაობა ,,ჩვენი აჭარის'' წევრს იტაცებენ და სასტიკად სცემენ. წინა დღეს, ანუ 21 თებერვალს კი ჩოლოქთან ასევე, სასტიკად სცემენ მოძრაობა ,,კმარას'' იმ ორ აქტივისტს, რომელსაც ბათუმში აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიაქვს.
27 თებერვალი _ აბაშიძე ბათუმის სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებულ შეჭრას გეგმავს.
2 მარტს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში რეპრესიების ყველა გამტარებელი უნდა დაისაჯოს. ამასთან, სააკაშვილი აბაშიძეს ათდღიან ვადას აძლევს და მოუწოდებს, კონკრეტულ დამნაშავეებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრას.
5 მარტი _ ,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტს, ვახტანგ კომახიძეს, რომელიც ბათუმიდან თბილისში ბრუნდება, ხელვაჩაურის რაიონში სცემენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ კობახიძეს თავს სპეცრაზმელები დაესხნენ.
7 მარტი _ ასლან აბაშიძე სააკაშვილს არ ემორჩილება და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უშიშროების სამინისტროს გაუქმებაზე უარს ამბობს. 12 მარტი _ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებს.
13 მარტს აჭარის სამართალდამცავები საქართველოს ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს აკავებენ, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში აჭარის მოსახლეობასთან შესახვედრად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა, თუმცა მალევე ათავისუფლებენ და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ატოვებინებენ. აჭარის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ნოღაიდელი აჭარაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით იმყოფებოდა.
14 მარტს აჭარაში პრეზიდენტ სააკაშვილს არ უშვებენ _ მის კორტეჟს ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შეიარაღებული პირები აჩერებენ. იმავე დღეს ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილს დაუდგენელი პირები არბევენ. თბილისში დაბრუნებული სააკაშვილი ტელევიზიით გამოდის და აჭარის ხელმძღვანელობას ,,სამხედრო გადატრიალების მცდელობაში'' ადანაშაულებს... ცენტრალური ხელისუფლება აჭარას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.
,,14 მარტის სატელეფონო საუბრისას ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო იფიქროს ჩემს პირობებზე. ვთხოვე მას შემიშვას მე და მთავრობის სხვა წევრები აჭარაში ამომრჩევლებთან შესახვედრად; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს'', _ აცხადებს სააკაშვილი.
24 მარტი _ საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაძლოა, შეყვანილი იქნას შეიარაღებული დაჯგუფებები. სააკაშვილის ამ გამოსვლას აბაშიძე უპასუხოდ არ ტოვებს და ირწმუნება, რომ ოფიციალური თბილისი აჭარაში შეჭრას გეგმავს. აბაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ამ გეგმას წინ აღუდგეს. 27 მარტი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი უარყოფს ინფორმაციას, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი ბოლო დროს ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. მისივე თქმით, იარაღი მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები.
28 მარტს, როგორც მთელ საქართველოში, აჭარაშიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ დღეს ბათუმში პრემიერი ჟვანია ჩადის. რამდენიმე დღეში ნათელი ხდება, რომ აღორძინებამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და შესაბამისად, პარლამენტში ვერ შევიდა. აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.
2 აპრილი _ თბილისი ბათუმს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს. იმავე დღეს, თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, დაუმორჩილებლობის მოტივით, თანამდებობიდან ათავისუფლებს ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურ რომან დუმბაძეს.
9 აპრილს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპყრობილეს ტოვებს თენგიზ ასანიძე, რომელიც თავს აბაშიძის პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამასთან, პრეზიდენტი სააკაშვილი იმუქრება, რომ თუკი ასლან აბაშიძე აჭარაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს არ განაიარაღებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს დაშლის და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ აბაშიძე განიარაღებაზე უარს ამბობს.
14 აპრილს ჩოლოქზე არ ატარებენ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილს.
16 აპრილს სააკაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა ცენტრსა და რეგიონს შორის კი არა, კრიმინალების ერთ ჯგუფთანაა, რომელიც სახელმწიფოში მოქმედ კანონებს არ ემორჩილება.
ამის შემდეგ არენაზე გენერალი რომან დუმბაძე გამოდის ანუ 2004 წლის 19 აპრილს 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის აწუკვე ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს: ,,მე ვემსახურები აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს და ჩემი დანიშვნა-გადაყენებაც მას ევალება. 25-ე ბრიგადაც არის ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში. მთავარსარდლად ასლან აბაშიძეს ვაღიარებ!'' 20 აპრილს გენერალური პროკურატურა დუმბაძეზე, სამშობლოს ღალატის მუხლით, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს.
23 აპრილი _ ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ვითარების მოგვარებას რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს სთხოვს. იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტი საგანგებო დადგენილებას იღებს, რომელშიც აბაშიძის ქმედებები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად ფასდება. ამასთან, დეპუტატები პრეზიდენტისგან, მთავრობისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისგან ითხოვენ, რომ აჭარაში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები განაიარაღონ. 24 აპრილს აჭარაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ცხადდება.
,,სისულელეა ასლან აბაშიძის მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს რეგიონში სამხედრო ტექნიკით შეჭრას ვგეგმავთ. ასლან აბაშიძეს თავად აჭარლები მიხედავენ და ამ პრობლემას თავად ისინი გადაწყვეტენ'', _ აცხადებს 26 აპრილს სააკაშვილი. მეორე დღეს კი ჩოლოქის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით შერვაშიძეს. 28 აპრილს აბაშიძის განკარგულებით, ავტონომიურ რესპუბლიკაში არმიის რეზერვისტების მობილიზება იწყება.
2003 წლის 2 მაისი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ორ _ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდს აფეთქებენ. 4 მაისი _ ბათუმში გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციას არბევენ. მეორე დღეს, ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით, 15-ათასამდე ადამიანი იკრიბება... ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც აჭარაში ოდესმე ჩატარებულა.
რუსული ნარატივი
იმ ღამეს ბათუმში მოვლენები დრამატულად განვითარდება: ქუჩებში, რიგით ადამიანებთან ერთად, აბაშიძის შეიარაღებული მხარდამჭერებიც გამოვლენ... ცოტაც და, ალბათ, სისხლი დაიღვრება, მაგრამ... მოულოდნელად, ავტონომიის დედაქალაქში რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის თვითმფრინავი ეშვება, რომელსაც ასლან აბაშიძე მოსკოვში მიჰყავს. აბაშიძის გაქცევიდან მეორე-მესამე დღეს, ერთ-ერთი ქართული გაზეთი სტატიას _ ,,როგორ გაიქცა ასლან აბაშიძე'' გამოაქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ: ,,ბათუმში ყველა იმაზე საუბრობს, როგორ გაიქცა ასლან აბაშიძე, ვინ გაჰყვა მას და ვინ არა. ერთი ვერსიით, იგორ ივანოვის თვითმფრინავს ასლანი და მისი ვაჟი გაჰყვნენ, მეორე თვითმფრინავს კი _ უშიშროების მინისტრი სოსო გოგიტიძე და ასლანის გარემოცვის კიდევ 50-მდე წევრი, თუმცა მათი ვინაობა არ დასახელებულა. მათ ვინაობას ვერც პრეზიდენტის მიერ დანიშნული საკოორდინაციო საბჭოს წევრები აზუსტებენ. ყოფილი ოპოზიციონერის, გურამ სალაძის ინფორმაციით, 6 მაისს, ღამით, მოსკოვში გაფრინდნენ ასლან აბაშიძე, მისი ვაჟი გიორგი, აბაშიძის ცოლისძმა და აჭარის უშიშროების მინისტრი სოსო გოგიტიძე, მეუღლით და ქალ-ვაჟით. ამ თვითმფრინავში იყო დავით ხალვაში, აბაშიძის დაცვის უფროსი, მეტსახელად ,,ქელფეთა'', ისიც მეუღლით და ორი ქალიშვილით. ასევე ,,ქელფეთას'' დაცვის წევრები _ ტყუპი ძმები მჟავანაძეები და გიორგი აბაშიძის რამდენიმე მეგობარი... როდესაც ასლან აბაშიძის თვითმფრინავი ასაფრენად გამზადებულა და ჩასხდომა დაწყებულა, აღმოჩენილა, რომ ასლანთან ერთად გაქცევის მსურველი ბევრი ყოფილა, თვითმფრინავში კი საკმარისი ადგილი არ იყო. ზუსტად ვერავინ ამბობს, რა ეწყო თვითმფრინავის სალონში, მაგრამ ფაქტია, გაქცევის ბევრი მსურველი იძულებით დარჩენილა ბათუმში. მათ შორის ყოფილან ასლანის დაცვის წევრები _ სულიკო ვასაძე და იური მჟავანაძე, ასევე გიორგი აბაშიძის დაცვის წევრები _ თამაზ ლომიძე და მურთაზ კიკნაძე. ეს ის ხალხია, ვინც ასლან აბაშიძეს ბოლომდე გვერდში ედგა...''
ასე და ამგვარად: მიხეილის თქმისა არ იყოს, ასლანი ,,გაიქცა'' და... აჭარა არათუ გათავისუფლდა, არამედ მომიტინგეებმა ,,ბაბუს'' ქონებაზე მოილხინეს _ გავეშებული ადამიანები აბაშიძის კაბინეტში შეიჭრნენ, იქაურობა მიანგრ-მოანგრიეს, განსაკუთრებული სისასტიკე კი იმ სკამის მიმართ გამოიჩინეს, რომელზეც მემედ აბაშიძის შვილიშვილი 13 წელი იჯდა _ ნაკუწებად აქციეს. დამტვრეული სავარძლის დეტალები ზოგმა, ნიშნად იმისა, რომ აჭარელი დიქტატორის დამხობაში მონაწილეობდა, შინ რელიქვიად წაიღო. უფრო ფასეული ქონება კი ,,ვარდოსნებმა'' გაიყვეს. ყოველ შემთხვევაში, მაშინვე ითქვა, რომ მაგალითად, ,,ჰამერები'' თბილისში წამოიღეს და ამ ავტოებით გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და სააკაშვილის მაშინდელი სხვა ძმადნაფიცების ოჯახის წევრები დანავარდობდნენ.
2004 წლის 6 მაისის შემდეგ ქართული მედია დაწერს: ,,გავრცელებული ინფორმაციით, აბაშიძის კუთვნილ საზღვაო ბანკში ერთი თეთრიც არ აღმოჩნდა. დაუზუსტებელია იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ასლან აბაშიძემ მოსკოვში წაიღო. გადამოწმებული ინფორმაციით, საზღვაო ბანკი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ მუშაობდა და ბოლო დღეებში ბანკიდან არაფერი გაუტანიათ (ცოცხალ თანხას ვგულისხმობთ). თუ რამე გასატანი იყო, მას ერთი კვირის წინ ჰქონია გატანილი. უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ორი კეისი, რომელიც აბაშიძემ მოსკოვში გაიყოლია, სავსე ყოფილა სხვადასხვა სახის ძვირფასეულობით, მაგრამ ყველაფრის წაღება აბაშიძემ და მისმა გარემოცვამ ვერ მოახერხა... სოსო გოგიტიძის ბინაში აღმოჩენილია აჭარის სხვადასხვა ეკლესიიდან წაღებული უძვირფასესი ხატები, რომლებიც იმავე ეკლესიებს გადაეცემათ, საიდანაც დაიტაცეს''.
რით დაიმსახურა თავის დროზე ხულიგნობაში ეჭვმიტანილმა, ნასამართლევმა და კომუნისტმა ასლან აბაშიძემ ზვიად გამსახურდიას პატივისცემა და მხარდაჭერა? _ აბაშიძის 13-წლიანი მმართველობის დამხობის დღეებში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა იქნება. ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში დღემდე ინახება კონფიდენციალური წყაროს მონათხრობი, რომლის თანახმადაც, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, აბაშიძის გამო, თურმე, უახლოეს გარემოცვასაც დაუპირისპირდა...
სხვათა შორის, აბაშიძის გაქცევისთანავე ზოგიერთმა ,,ვარდოსანმა'', მაგალითად, კობა დავითაშვილმა სიტყვა აჭარის ავტონომიის გაუქმებაზე ჩამოაგდო, თუმცა მისი ინიციატივა, რომ ამ თემაზე პლებისციტი ჩატარებულიყო, ახალადარჩეულმა პარლამენტმა ჩააგდო. მახსოვს, მაშინ ერთმა კონფიდენტმა მითხრა, დავითაშვილის ეს ინიციატივა დიდი პოლიტიკა კი არა, უფრო სამთავრობო ინტრიგაა, რომლის მიზანიც პრემიერ ჟვანიას ,,ჩაძირვააო''.
საინტერესო დეტალი: ასლან აბაშიძემ საქართველო ისე დატოვა, გადადგომაზე არც წერილობით განცხადება გაუკეთებია და არც სიტყვიერი. მოსკოვში გაფრენამდე კი უზენაესი საბჭოს წინ მიმდინარე მიტინგზე გამოვიდა, მომხრეებს მადლობა გადაუხადა და, მოსალოდნელი დარბევის თავიდან აცილების მიზნით, შინ წასვლა ურჩია. მაშინდელ სახელისუფლო კულუარებში აბაშიძის მოსკოვში წასვლას ასე ახსნიან: ,,ალბათ, ფიქრობს, რომ კრემლის დახმარებით, უკან ტრიუმფით დაბრუნდება, დაკარგული თანამდებობა-პრივილეგიებს აღიდგენს და იტყვის, რომ მოსკოვში საქმიანი ვიზიტით წავიდა'', მაგრამ პოლიტიკური ღმერთები და დემონები ,,ბაბუს'' აღარ სწყალობენ ანუ მოვლენები ამ სცენარით არ ვითარდება, თან ცენტრალური ხელისუფლება თავს იზღვევს და ავტონომიის მეთაურის პოსტს აუქმებს. მაშასადამე, აბაშიძეს რევანშით დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს უკლავს...
რატომ იზრუნა იგორ ივანოვმა საქართველოდან აბაშიძის წაყვანაზე? _ ამ კითხვაზე პასუხი თითქოს ნათელია. კერძოდ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დიდების ოლიმპოზე იდგა, აბაშიძეს კრემლმა გენერალ-მაიორის ჩინი უბოძა. სწორედ იმხანად ითქვა, რომ ასლანი ზვიად გამსახურდიას კრემლმა ,,შეუგდო'', თუმცა ადამიანმა, რომელსაც გამსახურდიას მთავრობაში ერთ-ერთი გავლენიანი პოსტი ეჭირა, თავის დროზე მახსოვს, მითხრა: ,,თემურ ქორიძემ, რომელსაც გამსახურდიას პარლამენტში დიდი გავლენა ჰქონდა, აბაშიძე საყოფაცხოვრებო სამინისტროში გაიცნო _ იმხანად აბაშიძე საყოფაცხოვრებო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა... ამის შემდეგ ასლანი ზვიადთან მიიყვანა და უთხრა, რომ მემედ აბაშიძის შვილიშვილი იყო. კონსტანტინე გამსახურდია და მემედი, თურმე, მეგობრობდნენ... ამასობაში მრგვალმა მაგიდამ არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა. არავინ ელოდა, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ გამსახურდია აბაშიძის კანდიდატურას წარადგენდა. ამ თანამდებობის დაკავების ყველაზე მორალური უფლება ნოდარ იმნაძეს ჰქონდა. იგი ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო, აბაშიძე კი _ კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენელი. წესით, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე უზენაესი საბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო. აბაშიძე უზენაესის წევრი არ იყო, მაგრამ მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე მაინც დავაყენეთ. ეს, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევა იყო. უზენაესი საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჯონი ხეცურიანი ატარებდა, გამსახურდიაც ესწრებოდა. დეპუტატები აბაშიძეს უნდობლობას უცხადებდნენ. ვიცოდით, რომ ფარულ კენჭისყრაში აბაშიძე ვერ გაიმარჯვებდა. ამიტომ ვცდილობდით, რომ ღია კენჭისყრა ჩატარებულიყო. თავიდან დეპუტატებმა ღია კენჭისყრის საკითხიც ჩააგდეს, შესვენება გამოცხადდა და დიდი აყალმაყალი ატყდა. აბაშიძის წინააღმდეგ ყველაზე მეტად დავით ბერძენიშვილი და თამაზ დიასამიძე აქტიურობდნენ... ერთ-ერთ დეპუტატს, თუ არ ვცდები, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვთხოვე, რომ ხმა აბაშიძისთვის მიეცა... ასე გახდა ასლანი აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავიდან ზვიად გამსახურდიას მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა. მერე კი სარფის საბაჟოს გაკონტროლება დაიწყო და... აჭარაში ,,ვლასტი'' ნელ-ნელა აიღო. მეტიც, ზვიად გამსახურდია ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღჭურვა დაავალა... ამ იარაღის ნაწილი აჭარის მოსახლეობის ხელში მოხვდა, ნაწილი _ ,,მხედრიონის''.
ჯაბა იოსელიანი თავის წიგნში _ ,,მესამე განზომილება'', წერს: ,,ღამის გასათევად ბათუმში გადავდივარ. ბარემ ასლანს მოვინახულებ, მადლობასაც გადავუხდი. ამას წინათ დიდად დამასაჩუქრა: 400 ახალთახალი რუმინული ავტომატი და 20 ყუმბარმტყორცნი თავისი ყუმბარებით _ დღეს ეს პირდაპირ ფანტასტიკაა. მხედრიონის მთავარი ბირთვი შეიარაღებული მყავს...''
რატომ უღალატა აბაშიძემ ზვიად გამსახურდიას? _ ამ საიდუმლოს ამოხსნა, ალბათ, მხოლოდ აბაშიძეს შეუძლია. ასევე, უცნობია, თბილისიდან გაქცეულმა პრეზიდენტმა თავი სომხეთს რატომ შეაფარა და არა, ვთქვათ _ ბათუმს. საერთოდ, გამსახურდია-აბაშიძის ურთიერთობაში ბევრი რამაა გაურკვეველი. სხვა თუ არაფერი, საინტერესოა, აბაშიძემ ,,ზვიადისტთა'' ნაწილი მაინცდამაინც გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ რატომ ,,შეიფარა''...
ცნობისთვის: ასლან აბაშიძემ კარიერა ბათუმის მუსიკალური სასწავლებლიდან დაიწყო, სადაც ინგლისურს ასწავლიდა. 46 წლის ასაკში კი სახალხო მეურნეობის დაგეგმარების ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა, მაგრამ მას, როგორც დაკვირვება ცხადყოფს, ,,სახალხო მეურნეობის'' კი არა, ,,კლანური რეჟიმის'' დაგეგმარება უფრო ეხერხებოდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავისი 13-წლიანი კარიერის განმავლობაში 131 ხიდი ააგო და მხოლოდ ორი დაანგრია, უფრო სწორად, ააფეთქა!
საინტერესო დეტალი: აჭარის რევოლუციის დღეებში ხმა გავარდება, რომ ,,ვარდოსნები'' ასლანთან თითქოს ფარულ მოლაპარაკებას მართავენ და სთავაზობენ, რომ გადადგეს და მემკვიდრედ ვაჟი, გიორგი აბაშიძე დატოვოს, თუმცა წლების მერე კობა ხაბაზი, რომელიც აჭარის რევოლუციის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და იტყვის: ,,აბსურდია! ხელისუფლებას ასეთი ოფიციალური პოზიცია არ ჰქონია. თუ ვინმე საკუთარი ინიციატივით ცდილობდა გიორგის გამოყენებას, არ ვიცი...''
სისხლიანი რებუსი
დღე დღეს მისდევს, თვე _ თვეს, წელიწადი _ წელიწადს... ყვავილოვანი ხელისუფლება გიორგობას, პრაქტიკულად, დაივიწყებს და, 9 წლის განმავლობაში, 6 მაისს ასლანის გაქცევას წლისთავებს ზარ-ზეიმით აღნიშნავს. ამასობაში 2012 წლის 21 მაისიც დადგება და... იქ, შორეულ ჩრდილოეთში ქილერები ქართველ გენერალს მოკლავენ. რა საიდუმლო წაიღო საფლავში რომან დუმბაძემ? _ ეს რიტორიკული კითხვაა. არადა, ფაქტია, დუმბაძე ვიღაცისთვის ან, სულაც, ვიღაცებისთვის მიუღებელი გახდა. ეს სისხლიანი პოლიტიკური რებუსი, ალბათ, მაშინ ამოიხსნება, თუკი ოდესმე გავიგებთ, რატომ გაუცვალეს ნაციონალებმა სამშობლოს ღალატით გასამართლებული გენერალი რუსებს ქართველ სამხედრო ტყვეებში.
ამონარიდი რადიო ,,თავისუფლების'' სტატიიდან, რომელიც დუმბაძის მკვლელობამდე გამოქვეყნდა: ,,...გაურკვეველია, როგორ იქცა აფხაზეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალი _ მოღალატედ... დუმბაძე ჟურნალისტებთან საუბარს გაურბის. ცხადია, რატომაც: როცა მოღალატედ გაცხადებენ, ჟურნალისტის ყოველი შეკითხვა გამომძიებლის დაკითხვას ემსგავსება, თუმცა რადიო ,,თავისუფლებას'' გენერალი დუმბაძე დაუკავშირდა საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად: ,,როცა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჯარი გაიყვანაო და ასე შემდეგ, მე დავუკავშირდი შტაბს თბილისში და ვინც მირეკავდა, ვაცნობე, რომ არავითარი ჯარის გაყვანა არ არის და ჯარი ადგილზეა-მეთქი. ჰოდა, პრეზიდენტს ვინ აძლევდა ინფორმაციას, მე არ ვიცი. საიდან ღებულობდა პრეზიდენტი ინფორმაციას, რომ მე ჯარი მყავდა გაყვანილი... მანდ ხომ არიან ის ადამიანები, ვინც მიმატოვა და წამოვიდა. აი, ალაპარაკონ ისინი და ვინმე თუ იტყვის, რომ მე ჯარისკაცები გავიყვანე, მე ვაღიარებ თავს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, მართლა სამშობლოს მოყვარული კაცი მოღალატედ გამომაცხადონ''.
ხვალ 6 მაისია, გიორგობა... მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ,,ოცნება'' მოვიდა, ამ დღეს აჭარის რევოლუციას, როგორც იტყვიან, ვიწრო წრეში ნაციონალები და ექსნაციონალებიღა აღნიშნავენ...
ჩრდილოეთში მოკლული გენერალი თითქმის აღარავის ახსოვს...
საზოგადოება თავს არც ასლან აბაშიძის გახსენებით იწუხებს, თუმცა ამას წინათ, ითქვა, რომ 78 წლის ასაკში, აჭარის ყოფილ ,,ლომს'' მესამე შვილი შეეძინა...
ასეა თუ ისე, ფაქტია: 2004 წლის 6 მაისი საქართველოს უახლესი ისტორიაა, რომელსაც ვერ დავივიწყებთ: ამ დღეს ასლანი გაიქცა...
აჭარა გათავისუფლა? _ ძნელი სათქმელია, რამეთუ მოარულ ხმას თუ დავუჯერებთ, აჭარაში აბაშიძის რეჟიმი ვარშალომიძის დიქტატმა ჩაანაცვლა. ისე, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ლევან ვარშალომიძის მამა თავის დროზე ასლანის ,,აპეკუნი'' იყო, მაგრამ... წაგებისთვის განწირულების გვერდით დგომა არავის უყვარს. ჰოდა, ვარშალომიძეებმაც, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო, ფერი უმალ იცვალეს და მართლმორწმუნე ნაციონალები გახდნენ.
ლევან ვარშალომიძე დღესაც მიშისტია...
არადა, სააკაშვილიც, ასლანისა არ იყოს, გაქცეულია.
აჭარა თავისუფალია?! _ ეს მხოლოდ პოლიტიკურმა ღმერთებმა და დემონებმა უწყიან...
ვანო პავლიაშვილი

back to top