იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიაში უფროდაუფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე, პოსტფაშისტური ხელისუფლება. არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმები" (Fratelli d'Italia) ხმების დაახლოებით 26%-ით იმარჯვებს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული პარტია და მისი ლიდერი, ჯორჯა მელონი დიდად არ დისტანცირდებიან ფაშიზმისგან და ის ერთ-ერთ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩამოაყალიბებს უახლოეს ისტორიაში. მაინც ვინ არის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გამოიწვია ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ვნებათაღელვა?!
ჯორჯა მელონი 1977 წლის 15 იანვარს დაიბადა. გოგონა 11 წლის იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და კანარის კუნძულებზე გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამამისს ესპანეთის ციხეში 9 წელი მიუსაჯეს ნარკოტრაფიკინგის ბრალდებით.
1992 წელს, 15 წლის მელონი შეუერთდა ახალგაზრდულ ფრონტს - ნეოფაშისტური პარტიის, იტალიის სოციალური მოძრაობის, ახალგაზრდულ ფრთას. ამ პერიოდშივე მან დააარსა სტუდენტური მოძრაობა Gli Antenati (წინაპრები), რომელიც მონაწილეობდა საჯარო განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.
1996 წელს მელონიმ დაამთავრა ამერიგო ვესპუჩის ინსტიტუტი. მისი თქმით, აქ მან მიიღო უმაღლესი სკოლის დიპლომი ენების სპეციალობაში და უმაღლესი შეფასება აიღო. შემდეგ როგორც გაირკვა, ინსტიტუტი არ იყო უცხო ენების სპეციალიზირებული სასწავლებელი, შესაბამისად, არ ჰქონდა ენების დიპლომის გაცემის უფლება. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ხანგრძლივი კამათი მისი დიპლომის ნამდვილობის შესახებ
2006 წელს მელონი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრად აირჩიეს. ამავე დროს დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. 2008 წელს 31 წლის ჯორჯა მელონი პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნა, რის შედეგადაც ის იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მინისტრი გახდა.
2008 წლის აგვისტოში მან იტალიელი სპორტსმენებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისათვის, ჩინეთის მიერ ტიბეტის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გამო - ამის გამო სილვიო ბერლუსკონისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის კრიტიკა დაიმსხურა.
2009 წელს, მისი პარტია გაერთიანდა Forza Italia-სთან (FI), ხოლო მელონიმ დაიკავა გაერთიანებული პარტიის ახალგაზრდული განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა. იმავე წელს მან ხმა მისცა კანონს ევთანაზიის წინააღმდეგ.
2012 წლის დეკემბერში, ჯორჯა მელონიმ, ინიაციო ლა-რუსამ და გვიდო კროზეტომ დააარსეს ახალი პარტია „იტალიელი ძმები“, რომლის სახელიც მომდინარეობს ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტიდან. ის 2014 წლის მარტში გახდა პარტიის პრეზიდენტი. ამავე წლის აპრილში მელონი წარადგინეს იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნების კანდიდატად. პარტიამ მიიღო ხმების 3,7%, ვერ გადალახა 4 %-იანი ბარიერი და შესაბამისად მელონიც ვერ გახდა ევროპარლამენტის წევრი. მან სულ 348 700 ხმა მიიღო. 2018 წელს კი პარტიამ „იტალიის ძმები “ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მხოლოდ 4% მოაგროვა.
ამის შემდეგ ჯორჯა მელონიმ ოპოზიციაში გადაინაცვლა და ბევრი იმუშავა რიტორიკის შერბილებაზე. საგრძნობლად შეამცირა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე ომში უკრაინას უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დიქტატორ ბენიტო მუსოლინის ფაშისტების იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.
მელონიმ ამჟამინდელი საარჩევნო კამპანია დაიწყო პოპულისტური ლოზუნგით „იტალია და იტალიელები - უპირველეს ყოვლისა!" და განაცხადა, რომ პირველ რიგში ქალი, დედა, იტალიელი და ქრისტიანია. ამავე დროს, წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი მემარჯვენე კონსერვატიული შეხედულებები:
"დიახ - ტრადიციულ ოჯახს, არა - LGBTQ მოძრაობას, დიახ - სექსუალურ იდენტობას, არა - ისლამისტურ ძალადობას, დიახ - საზღვრების დაცვას, არა - მასიურ ემიგრაციას. არა - დიდ საერთაშორისო ფინანსებსა და არა - ბრიუსელის ბიუროკრატებს!“
2016 წლის 30 იანვარს, ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვების მიშვილებს ლეგალიზაციის წინააღმდეგ ჩატარებული მანიფესტაციის დროს, ჯორჯიამ სახალხოდ განაცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო. ბავშვის მამა მეგობარი ბიჭი ტელეწამყვანი ანდრეა ჯამბრუნოა. იმავე წლის 16 სექტემბერს წყვილს გოგონა ჯინევერა შეეძინა. ისინი დღესაც ერთად არიან, თუმცა, მათი თქმით, 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც, ქორწინებას არ ჩქარობენ.
2019 წელს მელონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მას სდევნიდა მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილის მამა იყო და ქალმა შვილი მოსტაცა. მამაკაცი მოგვიანებით დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
„რამხელა გავლენა ექნება მელონის? იტალია ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით პრობლემებს ალბათ არ შექმნის. რომმა ევროკავშირის კორონავირუსის ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა - 200 მილიარდ ევრომდე უნდა მიიღოს. ეს ფული ინფლაციისა და ენერგიის გაზრდილი ფასების ფონზე მართლაც ძალიან გამოადგებათ. მართალია მელონიმ თქვა, ამ თანხის მიღების პირობებზე ახალ შეთანხმებას მივაღწევო, მაგრამ ეს არ მოხდება - ევროკომისია მას მხოლოდ სიმბოლური ცვლილებების განხორციელების საშუალებას მისცემს.
მელონი ევროპის პოლიტიკაზე გავლენას სავარაუდოდ ყველაზე საკამათო სფეროებში იქონიებს, როგორებიცაა იმიგრაცია, აბორტი და ლგბტ უფლებები - ამ საკითხებზე მას აზრი არ შეუცვლია.“ - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკმა
„იტალია და იტალიელები - უპირველეს ყოვლისა!" - რა პრინციპებს ემყარება იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი